განაჩენი

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
330100117002207212
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5116-17

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – მ-----– ს-------ის

ბრალდებულ _ გ-------- ა------ს

ადვოკატების - დ----- ს----------ის და გ----------------–---–ის

თარჯიმან - ვ-----–- მ----------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ-------- გ------ის ძე ა------ს, დაბადებულის 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ---------ს რაიონის სოფელი მ-------–--, მ---------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------- ა-----მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

გ-------- ა------ს მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

შპს „ვ-----–-------–-“ (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია 2010 წლის 28 ივნისს. საწარმოს იურიდიული მისამართია გ---------ს რაიონი, სოფელი ს---------–ა, ხოლო ფაქტობრივი - ქ. თბილისი, ლ--–-----------–--ა, ე.წ. „ლ--–--------------ს“ მიმდებარე ტერიტორია. შპს „ვ-----–-------–-“ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 24 იანვარს. შპს-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სპორტული ფეხსაცმლით საბითუმო-საცალო ვაჭრობა.

გ-------- ა-----ს, როგორც შპს „ვ-----–-------–-“ დირექტორსა და ფაქტობრივ მმართველს, ევალებოდა გადაეხადა საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან განზრახ აარიდა თავი დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას, რაც გამოიხატა შემდეგში:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 18 ივლისის №----- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა შპს „ვ-----–-------–-“-ს საქმიანობის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ივლისამდე პერიოდი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით. შპს „ვ-----–-------–-“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 197.467 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი -129.891 ლარი, ჯარიმა - 67.576 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს გამოცემულ იქნა №----- ბრძანება, რის მიხედვითაც, შპს „ვ-----–-------–-“-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 197.465 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129.889 ლარი, ჯარიმა - 67.576 ლარი.

შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 6 დეკემბერს გამოცემული იქნა №------ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, შპს „ვ-----–-------–-“-ს გადასახდელად დაერიცხა სულ 279.806,23 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 140.710, 75 ლარი. 2016 წლის 7 დეკემბერს აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად.

შპს „ვ-----–-------–-ს“ დირექტორის და პასუხისმგებელი პირის - გ-------- ა------ს მიერ საგადასახადო მოთხოვნის ან/და ბრძანების გასაჩივრება არ მომხდარა. ამასთან, გ-------- ა-----მა კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება. მან განზრახ აარიდა თავი დიდი ოდენობით გადასახადის - 129.891 ლარის გადახდას.

ე.ი. გ-------- ა-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ-------- ა------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ-------- ა------ს აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის შემოწმების აქტს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 6 დეკემბრის #----- ბრძანებას და 2016 წლის 6 დეკემბრის #------ საგადასახადო მოთხოვნას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილებს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ-------- ა------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში მართალია, გ-------- ა------ აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსათვის მიყენებული სოლიდური ზიანი დღემდე არ არის ანაზღაურებული (არც სრულად და არც ნაწილობრივ) და ბრალდებული არც მომავალში აპირებს მის ანაზღაურებას თუნდაც ნაწილობრივ მაინც, სასამართლოს მხრიდანაც მისთვის საკმაოდ ხანგრძლივი დრო იქნა მიცემული ზიანის თუნდაც მინიმალური ოდენობით ასანაზღაურებლად, თუმცა უშედეგოდ. ასეთ პირობებში მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია. ბრალდებულის განმარტებით, ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების გამო მისი მატერიალური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, რის გამოც ფაქტობრივად გადახდისუუნაროა და ოჯახის რჩენაც კი უჭირს, რის გამოც ვერ აანაზღაურა და ვერც მომავალში აანაზღაურებს სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს და არ არის ნასამართლევი, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაუთვალოს პირობითად. ამასთან სასამართლოს მართებულად არ მიაჩნია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რადგან ბრალდებულის განმარტებით, მას არა აქვს არანაირი მატერიალური შესაძლებლობა გადაიხადოს არათუ მიყენებული ზიანის პირობებში ჯარიმის გონივრული ოდენობა, არამედ მინიმალური ოდენობაც კი. მისი მოთხოვნაა განესაზღვროს მხოლოდ პირობითი მსჯავრი, რასაც სასამართლო მიყენებული ზიანის ოდენობიდან გამომდინარე არაადეკვატურად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------- ა-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ გ-------- ა-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 15 ივლისიდან.

3. მსჯავრდებულ გ-------- ა------ს ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ-------- ა-----ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით გ-------- ა------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 10.000 (ათი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით ნურალი ორუჯოვის საკუთრებაში არსებულ გ---------ს რაიონის სოფელ მ-------–--ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 8-.1-.0-.4--- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი