განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100119003006756
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2293-19

№0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ივლისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - რ--------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ---------–-------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 0----------), ნასამართლობის არ მქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე (სტუდენტი), რეგისტრირებული და მცხოვრები: თბილისი, თ--------------------------------------------------------

 

ადვოკატი: ზ-------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 26 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ---------–-------ი იმყოფებოდა თბილისში, ვ-–----–----–------ში მდებარე სამშენებლო კომპანია შპს „ბ-–------------ის“ შესასვლელში, რა დროსაც, შურისძიების მოტივით, განზრახ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა თ------------–--ეს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულმა დაზიანებამ თ------------–--ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლოს დასკვნა თ---------–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ თ---------–-------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, მოწმეების რ-----------------–---–ის, თ------------–--ის, ნ-------–--------–---–ის, ზ---------–-------ისა და ა--------–--ის გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ თ---------–-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რამაც თავის მხრივ, უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების არ არსებობის შემთხვევაში სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ---------–-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 26 ნოემბერს, საღამოს საათებში თ---------–-------ი იმყოფებოდა თბილისში, ვ-–----–----–------ში მდებარე სამშენებლო კომპანია შპს „ბ-–------------ის“ შესასვლელში, რა დროსაც, შურისძიების მოტივით, განზრახ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა თ------------–--ეს, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულმა დაზიანებამ თ------------–--ის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია თ---------–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, თ---------–-------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგ, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თ---------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თ---------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც თ---------–-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, გამასწორებლ სამუშაოს 18 თვემდე ვადით, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ თ---------–-------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მისი ქმედება გამოწვეული იყო მამამისის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ უნდოდა დაზარალებულისთვის ასეთი მძიმე დაზიანების მიყენება, აღარ განმეორდება მსგავსი ფაქტი. დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ბრალდებული არის სტუდენტი, მის კმაყოფაზე იმყოფება ავადმყოფი დედა.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, თ---------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არის სტუდენტი, კმაყოფაზე ჰყავს დედა, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და რაიმე დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მას დაუნიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ---------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

თ---------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ თ---------–-------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ თ---------–-------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ნ------–----------–------–--------–----------------------------–-----დან გადმოგზავნილი CD დისკი - დაულუქავი სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე