განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
330100119002800745
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/128-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ--–----–---–--------–-----------ე (პ/№0----------), დაბადებული 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა--------------------------–---------ი.

 

ადვოკატი - გ--–--------–--–---–ი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ--–-----------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თბილისში, გ-–--------------------------ში, ა-------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ--–-----------ემ იმის გამო, რომ მისი თანხმობის გარეშე უღებდა ვიდეოს ტელეფონით, თ--------------ეს ხელი ორჯერ გაარტყა სახეში, რითაც თ--------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ--–-----------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ლ--–-----------ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. დაზარალებულმა თ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ტელეკომპანია ,--------–--ში, ,,ბ-------------------------–--“-ს ჟურნალისტად. 2018 წლის 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩენების მეორე ტურის დღეს, გამოვიდა სახლიდან და სანამ სამსახურში წავიდოდა, წავიდა გ-–---------------------–-------ე საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად. წინა დღეს ცესკო-მ მას მისცა ბეიჯი, რომლის საშუალებითაც შეეძლო ემუშავა, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში გადაეღო ტელეფონით და მიემართა ცესკო-სთვის. სახლიდან გამოსვლისას მან ა-------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც გადაადგილდებოდნენ წარწერიანი მაისურებით ,,არა ნაციზმს“. იგი მივიდა მათთან, გადაიღო ისინი ტელეფონით და ვიდეო ატვირთა ფეისბუქ-გვერდზე. ამ დროს რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. შემდეგ წავიდა ხმის მისაცემად. როდესაც დაბრუნდა, ის ადამიანები აღარ იყვნენ იმ მაისურებში, თუმცა სხვა ხალხი იყო, რომლებიც ჯგუფურად დადიოდნენ და ეჭირათ ფურცლები.

როგორც წესი, საარჩევნო უბანთან 100 მეტრის რადიუსის სიახლოვეს არ უნდა იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და არ უნდა აკვირდებოდნენ ხალხის ნაკადს, თუ ვინ აძლევს ხმას. ეს ადამიანები ძალიან დიდხანს იდგნენ და ელოდებოდნენ თუ ვინ მივიდოდა და ვინ წავიდოდა. ისინი დაახლოებით 50-60 მეტრში იდგნენ საარჩევნო უბანთან. იგი მივიდა მათთან, რა დროსაც ბეიჯი ხელში ეჭირა (მკერდზე არ არ ჰქონდა დაკიდებული), გაეცნო მათ და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაუწყო. რამდენიმე მათგანმა მას უთხრა, რომ შეკრებილები იყვნენ ,,ნაციონალების ამოსაძირკვად“. იქვე იყო ერთი ქალბატონი, რომელიც მანამდეც შენიშნა, რომ იქ იდგა. ამ ფაქტმა იგი დააეჭვა და ჰკითხა, თუ რატომ იდგა იქ, რაზეც თავიდან უპასუხა, რომ მისი საქმე არ იყო, შემდეგ კი უთხრა, რომ ,,ნაციონალების ამოსაძირკვად“ იყო მისული. მოწმე პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე ჩაეკითხა, თუ ვისი დავალებით იყო მისული, რაზეც ქალბატონმა უპასუხა, რომ ტელეფონს წაართმევდა, ან შემოუტრიალებდა კამერას. ამ დროს მეორე ქალბატონი - ლ--–-----------ე მივიდა მასთან და აგრესიულად ჰკითხა თუ ვინ იყო და რა უფლებით უღებდა მათ ვიდეოს, ასევე უზრდელი უწოდა და უთხრა, რომ წაართმევდა ტელეფონს, შემდეგ კი მარცხენა ხელი ძლიერად ორჯერ ჩაარტყა სახის მარჯვენა არეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი ლოყისა და თვალის არეში. თ--------------ემ ვიდეო გათიშა, რადგან ფაქტობრივად მას ცემა დაუწყო შუა ქუჩაში და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. ინციდენტის დასრულებისთანავე მან დარეკა პოლიციაში, ასევე შეატყობინა თავის პროდიუსერებს. მან პირდაპირ ეთერშიც ისაუბრა მომხდარ ინციდენტზე, შემდეგ კი გამომძიებლებთან წავიდა პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე, სადაც წარადგინა გადაღებული ვიდეოები. მეორე დღეს მიიღო მონაწილეობა ამოცნობაში, რა დროსაც მარტივად ამოიცნო ლ--–-----------ე. სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე თავად განაცხადა უარი, რადგან დარტყმიდან 30-40 წუთში ტკივილს აღარ გრძნობდა, თუმცა სიწითლე ეტყობოდა.

 

3.2. მოწმე დ--–---–---–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს იმყოფებოდა ა-------–-----------ის წინ შვილთან - თ-----------------–-–---–თან, სიძესთან - შ-----------------თან, დასთან - ლ--–-----------ესთან და დისშვილთან - ლ-–-------------თან ერთად. ისინი ა------ის რაიონში ბრუნდებოდნენ და წასვლამდე გაჩერდნენ გ-–----ში, რომ მარკეტში ეყიდათ პროდუქტები. მარკეტ ,,ო---------ში“ შევიდნენ მისი სიძე, შვილი და დისშვილი. ცოტა რომ დააგვიანდათ, გადაწყვიტა თვითონაც წასულიყო მათთან. მანქანიდან რომ გადმოვიდა, მასთან მივიდა უცნობი ქალი, რომელიც წინ გადაუდგა და ჰკითხა, თუ რატომ იყო იქ და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაუწყო. მან ორჯერ გაუმეორა, რომ ბავშვს ელოდებოდა და წასვლას აპირებდა. მას არჩევნებთან დაკავშირებით არაფერი უკითხავს. თქვა, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ ბეიჯი არ კეთებია და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. მოწმემ ვერ აღიქვა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. შემდეგ მანქანას დაუწყო ტელეფონით ვიდეოს გადაღება. ლ--–-----------ე, რომელიც ავტომანქანაში მარტო იჯდა, გადმოვიდა და მას მოუწოდა, არ გადაეღო მათთვის და ხელით ტელეფონი გააწევინა. ამ დროს ქალბატონს ტელეფონი მოხვდა თუ არა სადმე, არ დაუნახავს. ამ მოქმედებით მას არაფერი არ ეტკინებოდა. ხსენებულ ქალბატონს ლ--–-----------ისთვის არ განუმარტავს, რომ ჟურნალისტი იყო. იგი მის დას დაემუქრა, ,,შენ რას გიზამ, მოიცადეო!“. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ რაიონისკენ. გზაში მათ დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს პოლიციაში გამოცხადებულიყვნენ. ისინი პოლიციაში მეორე დღეს გამოცხადდნენ.

 

3.3. მოწმე თ-----------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ლ--–-----------ე არის დეიდამისი. იგი 2018 წლის 28 ნოემბერს თბილისიდან ა------ში უნდა დაბრუნებულიყო დედასთან - დ--–---–---–----ესთან, დეიდასთან - ლ--–-----------ესთან, დეიდის მეუღლე -შ-----------------თან და დეიდაშვილ - ლ-–-------------თან ერთად. დილის საათებში, გამგზავრებამდე გ-–----ის ერთ-ერთ სუპერმარკეტში წავიდა, ხოლო ბიძამისის ავტომანქანაში დარჩნენ დედამისი და დეიდამისი. დაახლოებით 20-30 წუთში იგი დაბრუნდა, ავტომანქანაში ჩაალაგა ნაყიდი პროდუქტები და წავიდნენ ა------ში. გზაში დედამისს და დეიდამისს არაფერი უხსენებიათ მანქანის გაჩერებისას მომხდარ რაიმე ინციდენტთან დაკავშირებით. შემდეგ პოლიციამ დაურეკა ლ--–-----------ის მეუღლეს და უთხრა, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ თბილისში. ისინი გამოცხადდნენ პოლიციაში. მან ამის შემდეგ გაიგო, რომ გ-–----ში, სანამ მაღაზიაში იყო გადასული, მაგ დროს დეიდამისმა ერთ პიროვნებას მობილურის ეკრანზე ააფარა ხელი, რადგან იგი არ ეშვებიდა და ვიდეოს უღებდა.

 

3.4. მოწმე შ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ლ--–-----------ის მეუღლე. 2018 წლის 28 ნოემბერს, თავისი მანქანით თბილისიდან ბრუნდებოდა ა------ში თავის მეუღლესთან, მეუღლის დასთან - დ--–---–---–----ესთან, მეუღლის დისშვილთან - თ-----------------–-–---–თან და თავის ვაჟთან ლ-–-------------თან ერთად. წასვლამდე, გ-–----ში, მაღაზია ,,ო---------ში“ შევიდა პროდუქტების საყიდლად, სადაც დაახლოებით 15-20 წუთი დაჰყო. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ ა------ში. ა---––---ში შესვლისას მას დაურეკეს გ-–----ის პოლიციიდან და უთხრეს, რომ ,,ა-------–-----------ის“ მეტროსთან მისი მანქანა იყო დაფიქსირებული და იბარებდნენ პოლიციის განყოფილებაში. მან თავის მგზავრებს ჰკითხა, რამე საეჭვო ხომ არ დაუნახავთ და რაში იყო საქმე. მათ უპასუხეს, რომ მათთან ვიღაც გოგო იყო მისული, რომელიც კამერით იღებდა მათ და ეკითხებოდა, თუ ვინ იყვნენ, რატომ იდგნენ და რას აკეთებდნენ. ამ დროს ლ--–-----------ე გადავიდა მანქანიდან და უთხრა, რომ თავი დაენებებინა მათთვის და ნუ უღებდა, რის შემდეგაც ხელით გააწევინა ტელეფონი. ხსენებული გოგო წავიდა მუქარით, რომ პოლიციაში იჩივლებდა. მოწმემ პოლიციის დარეკვამდე არ იცოდა მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 

3.5. გამომძიებლებმა გ--------–-----–იამ და რ-------–---ამ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 

3.6. შეტყობინების #------- ოქმის მიხედვით, 2018 წლის 28 ნოემბერს, 10:35 საათზე თ--------------ემ 112-ს შეატყობინა, რომ მას გ-–----ში, ა-------–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2).

 

3.7. 2018 წლის 29 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ თ--------------ემ ამოიცნო ლ--–-----------ე (ს.ფ. 36-40).

 

3.8. სასამართლო სხდომაზე ასევე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა დაზარალებულ თ--------------ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს, რომ ვიდეოს გადამღები ქუჩაში მყოფ პიროვნებებს ეკითხება თუ რატომ და ვისი დავალებით არიან შეკრებილები. მათგან ერთ-ერთი, დ--–-----------აძე მას პასუხობს, ,,აგერ ველოდები, მანქანით მივდივარ... რომ ამოვძირკო ნაციონალები“. ,,ნაციონალების ამოსაძირკვად დგახართ აქ?“ - ეკითხება თ--------------ე. ,,დიახ, დიახ“, - პასუხობს დ--–-----------აძე და ზურგშექცევით მიდის იქვე მდგარ ავტომანქანისკენ. ,,ვინ დაგავალათ?“ - ეკითხება ჩ-------ე და უკან მიჰყვება მას. დ--–-----------აძე ტრიალდება ჩ-------ისკენ, მის ტელეფონს ხელით ეხება და ეუბნება, ,,ეხლა ამ ტელეფონს ავიღებ და ასე მოგიბრუნებ კარგად“. შემდეგ ხსენებულ ავტომანქანასთან მყოფი ლ--–-----------ე მოდის ვიდეოს გადამღებისკენ და იძახის, ,,რატომ იღებ? რატომ იღებ? უზრდელი ხარ! გაუზრდელი ხარ! სად გაიზარდე! რატომ იღებ? ნუ იღებ!“ - რა დროსაც იწევს ჩ-------ისკენ და მის ტელეფონს მარცხენა ხელს ურტყამს ორჯერ. ტელეფონზე ხელის მოხვედრის ფაქტი ასევე დასტურდება ტელეფონის მიკროფონზე ხელის მოხვედრით. ამ დროს თ--------------ე მას პასუხობს, ,,ხელი ქალბატონო! ხელი! მე ჟურნალისტი ვარ. რატომ მეჩხუბებით?! ეხლა პოლიციას გამოვიძახებ და...“

 

3.9. ბრალდებულმა ლ--–-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2018 წლის 28 ნოემბერს, დილით გამოვიდა სახლიდან და მიდიოდა ა------ში, თავის მეუღლესთან - შ-----------------თან, შვილთან ლ-–-------------თან, დასთან - დ--–-----------აძესთან და დისშვილთან - თ-------------------–---–თან ერთად. მან მეუღლეს სთხოვა, რომ საჭმელი ეყიდათ გზაში. მათ მანქანა გააჩერეს გ-–----ში, ა-------–-----------თან. მანქანიდან გადმოვიდნენ მისი მეუღლე, შვილი და დისშვილი და წავიდნენ მაღაზია ,,ო---------ში“, რომელიც იყო გზის მეორე მხარეს. თვითონ და მისი და დარჩნენ მანქანაში. ცოტა ხანში დ--–-----------აძე გადავიდა მანქანიდან და წავიდა მაღაზიისკენ, შვილს ვეტყვი, რომ თანხა ჩამირიცხოსო. მან დ--–-ს უთხრა, რომ მალე დაბრუნებულიყო. ცოტა ხანში დაინახა, რომ ჩ-------ე გადაუდგა მის დას და ტელეფონით უღებდა ვიდეოს და ეკითხებოდა, აქ რატომ დგახართო. დ--–-----------აძე მას პასუხობდა, რომ სიძეს ელოდებოდა. ბრალდებულმა თავის დას დაუძახა, რომ მალე დაბრუნებულიყო მანქანაში. მისი ხმის გაგონებაზე ჩ-------ე მას მიუტრიალდა და დაუწყო გადაღება. თავიდან იფიქრა, რომ პატრულის თანამშრომელი იყო, რადგან მის მეუღლეს ცუდად ჰყავდა მანქანა გაჩერებული. დ--–- რომ წამოვიდა, ჩ-------ეს გამოეკიდა ვიდეოს გადაღებით. ამ დროს გადმოვიდა თვითონ მანქანიდან და ჩ-------ეს ჰკითხა, რა უნდოდა და რატომ უღებდა ვიდეოს. ჩ-------ემ მასაც დაუწყო ტელეფონით გადაღება, კამერა სახესთან ახლოს მიუტანა და რამდენჯერმე ჰკითხა, ვის ელოდებოდა და რატომ იდგა იქ. მ--------ემ უთხრა, რომ გაეწია ტელეფონი, შემდეგ ორი თითი შეახო მის ტელეფონს და უთხრა გაეწია ტელეფონი, მაგრამ დაზარალებულმა კვლავ გააგრძელა ვიდეოს და სურათების გადაღება. ამის გამო მ--------ემ მას უზრდელი და თავხედი უწოდა და მარცხენა ხელით გააწევინა ტელეფონი. მან დაზარალებულის ტელეფონს მიარტყა ხელი, ხოლო უშუალოდ დაზარალებულისთვის სახეში არ დაურტყამს. ჩ-------ემ ტელეფონი ყურთან მიიდო და ირონიული სიცილით დაემუქრა, ,,ახლა შენ ნახე რას გიზამ, პატრულში დავრეკავო“. შემდეგ მ--------ე თავის ახლობლებთან ერთად წავიდა ა------ში, სადაც იგი არჩევნებზეც უნდა წასულიყო. გზაში მის მეუღლეს დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ დაბრუნებულიყვნენ თბილისში. ისინი იმავე საღამოს დაბრუნდნენ თბილისში და გამოცხადდნენ პოლიციაში.

 

3.10. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ--–-----------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ლ--–-----------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ლ--–-----------ის მიერ ცემის განხორციელების ფაქტს, დაზარალებულ თ--------------ის გარდა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, ის ვერ ჩაითვლება ლ--–-----------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან აღნიშნულ ჩანაწერში მართალია ჩანს ბრალდებულის მიერ თ--------------ის მიმართულებით ხელის ორჯერ ჩარტყმის ფაქტი (რაც შესაძლოა მორალურად გასაკიცხი ქმედება იყოს), თუმცა არ დასტურდება, რომ ჩარტყმები განხორციელდა დაზარალებულის სახეზე და, რომლის შედეგადაც მან ტკივილი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ ცემა (სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი) ბრალის ფორმის მიხედვით განზრახი დანაშაულია და შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით. პირდაპირი განზრახვის დროს პირს გაცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების (ცემის) მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს ამ ქმედების შედეგს (დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს) და სურს ეს შედეგი, ანდა გაცნობიერებული აქვს მისი დადგომის გარდუვალობა. არაპირდაპირი განზრახვის დროს პირს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და, მართალია, არ სურს ეს შედეგი (ფიზიკური ტკივილის მიყენება), მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოებათა ერთობლიობა, მათ შორის ქმედების ჩადენის ხერხი და საშუალება, მიყენებული ტკივილის ხასიათი და ლოკაცია, ასევე ქმედების ჩადენამდე და მისი ჩადენის შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა და მათი ურთიერთობა.

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დადასტურდა, რომ დარტყმამდე და დარტყმების დროსაც ლ--–-----------ე თ--------------ეს ეუბნება, რომ ნუ უღებს მას ვიდეოს. იგი მარცხენა ხელს ჩ-------ის ტელეფონის ეკრანისკენ იქნევს, ხოლო მოქნეული ხელი ხვდება თუ არა დაზარალებულს სახეში, აღნიშნული არ ჩანს.

გარდა ამისა, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია ქმედების შედეგად დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის გამოწვევა. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ლ--–-----------ის მიერ მარცხენა ხელის ორჯერ მოქნევის შემდეგ დაზარალებული გამოხატავს არა ტკივილის განცდას, არამედ იგი ბრალდებულს ეუბნება: ,,ხელი ქალბატონო! ხელი! მე ჟურნალისტი ვარ. რატომ მეჩხუბებით?! ეხლა პოლიციას გამოვიძახებ და...“. ანუ, იგი ბრალდებულის ქმედებაში აპროტესტებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და არა ტკივილის გამოწვევას, რის გამოც აფრთხილებს პოლიციის გამოძახებით.

რაც შეეხებათ სხვა მტკიცებულებებს, 112-სთვის შეტყობინების ოქმს და თ--------------ის მიერ ბრალდებულ ლ--–-----------ის ამოცნობის ოქმს, მათ სასამართლო დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ შეაფასებს, რადგან აქაც ინფორმაციის წყარო არის დაზარალებული თ--------------ე. სხვა მტკიცებულებები ლ--–-----------ის ბრალეულობაზე არ მიუთითებენ.

ამდენად, ჰქონდა თუ არა ლ--–-----------ეს თ--------------ისთვის ტკივილის მიყენების პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა და თ--------------ემ განიცადა თუ არა ტკივილი მისი ქმედების შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ხოლო მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ--–-----------ის მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.13. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ლ--–-----------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ლ--–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ლ--–-----------ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულ თ--------------ის გარდა.

 

4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ლ--–-----------ემ ჩაიდინა ცემა თ--------------ის მიმართ.

 

4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ლ--–-----------ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ--–-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ--–-----------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ--–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ლ--–-----------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ორი ცალი კომპაქტ-დისკი (რომელიც ინახება გ-–----ი-ნ----–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე