განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2019
საქმის ნომერი
160140019003078151
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/245-19

160140019003078151

(გამოძიების №031300619001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა-------------–--ე;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - აბ------------ი (დაბადებული - 1984 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №280-----733, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ და--------------ში);

 

ადვოკატი - ავ--------–---------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

თარჯიმანი: სუ-------------–--ლი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ და--------------ში მდებარე რახანგიულ ხა-------ას და აბ------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, აბ------------მა მუშტის მარჯვენა მკლავში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - რა--------–---------ვას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. აბ------------ის მიერ რა--------–---------ვას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი - ფი-–------------ვა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. აბ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებისა ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - რა--------–---------ვას, მოწმეების - გუ-–---არ და–----------ას, აგაბალა სა-------ის, ფი-–------------ვას, ოთ---------ის და გი------------ძის გამოკითხვის ოქმებს, ვიზუალური დათვალიერების ოქმს და ფოტოსურათებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2 ივნისის ექსპერტის №004518019 დასკვნას და ასევე 11 ივლისის №004805419 დასკვნას, ასევე ბრალდებულ აბ------------ის აღიარებას.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ აბ------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის (პირის, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი) თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აბ------------მა, 2019 წლის 30 ივნისს, მის მეუღლეს - რა--------–---------ვას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამასთან, უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ აბ------------ის მიერ მეუღლის - რა--------–---------ვას მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა დაზარალებულისა და ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილი ფი-–------------ვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი და მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აბ------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 2-ლი ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რომლითაც აბ------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს აბ------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას აბ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და სინანულს, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, აბ------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - ოჯახში ძალადობა, რაც მისი გავრცელების მასშტაბების და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს აბ------------მა მის მეუღლეს მუშტი დაარტყა მკლავში), აბ------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის დასაქმებული, ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი), აბ------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულის პოზიციას, რომელიც შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები აბ------------ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, აბ------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

4.6. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აბ------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და აბ------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

4.8. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4.9. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ აბ------------ის მიერ ჩადენილია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ასევე განაჩენის 4.5. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ აბ------------ისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.

 

4.10. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. სასამართლოს აბ------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად მიაჩნია გამოსაცდელი ვადის მინიმალური ოდენობით გამოყენება. მას გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 2 წელი, რომლის განმავლობაშიც მის ყოფა-ქცევაზე კონტროლს განახორციელებს პრობაციის ბიურო და აბ------------ს ექნება შესაძლებლობა მისი ყოფა-ქცევით დაამტკიცოს გამოსწორება.

 

4.11. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის დროს, თუ არსებობს საამისო საფუძველი, სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება: პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ მოინახულოს განსაზღვრული ადგილი, მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს, გაიაროს ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, ტოქსიკომანიის ან ვენერიული სენის მკურნალობის კურსი, ხოლო თუ მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია − ასევე ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლოს შეუძლია დააკისროს მსჯავრდებულს სხვა მოვალეობაც, რომელიც ხელს შეუწყობს მის გამოსწორებას.

 

4.12. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან აბ------------მა ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, მისი პიროვნებისა და დაზარალებულისადმი მის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისროს მოვალება გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანიშნულ სასჯელთან ერთად დამატებითი ვალდებულების სახით ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა გაზრდის სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას და შეამცირებს აბ------------ის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) საფრთხეს, ასევე ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. მსჯავრდებულს მიეცემა შესაძლებლობა გაიაზროს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, გააკეთოს სათანადო დასკვნები და საზოგადოებაში დაიმკვიდროს ადგილი გამოსწორებული/კანონმორჩილი მოქალაქის სტატუსით. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულ აბ------------ის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

4.13. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-401 მუხლის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისათვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარდა, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე აგრეთვე შეიძლება განახორციელოს სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა. ამავე კანონის 443-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

 

4.14. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონტროლი მსჯავრდებულის ყოფა-ქცევაზე და დახმარება, მათ შორის აბ------------ისთვის დაკისრებული ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება და კონტროლი უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აბ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.

 

2. აბ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 30 ივნისიდან 2019 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

3. აბ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობები: გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი; პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი