განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
010100115001030140
დავის ტიპი
240 1
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100115001030140

საქმე N1-811/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - პ------–-–--–---

ადვოკატი - ნუგზარ გრძელიძე

 

ბრალდებული: მ----------------

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 13.10.1-----–--–-

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: თ--------------------–-----------–---

რეგისტრირებული მისამართი: თ--------------------–------------------

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2013 წლის 23 მაისს, ქ. ბათუმში, შ-----------------–-------------–- მდებარე მშენებარე ობიექტზე ბურღვითი სამუშაოების წარმოების ადგილას, სამუშაოთა მწარმოებელმა მ----------------მ ვერ უზრუნველყო შრომის უსაფრთხოების წესების სათანადო დაცვა, კერძოდ, არ განახორციელა სათანადო კონტროლი სამუშაოების წარმოებისას და სათანადოდ არ მოაწყო სამუშაო ადგილი, რის გამოც იქ მომუშავე რ----–--------------- მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

1.2 მ----------------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

1.3 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, რ----–--------------- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2013 წელს მუშაობდა სამშენებლო კომპანია „------------------–-- მუშად. აღნიშნული კომპანია ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე აშენებდა სასტუმროს, სადაც იყო დასაქმებული. 2013 წლის 23 მაისს, ჩვეულებრივად იმყოფებოდა სამუშაოზე. შუადღისას, სადილის შემდეგ გამოვიდა სასადილოდან. ტანზე ეცვა სამუშაო ფორმა. მშენებლობაზე მიმდინარეობდა ფუნდამენტის მბურღავი სამუშაოები. ოპერატორმა უბრძანა გადაეხსნა საბურღი მილის ტრუბები, რომლითაც ბეტონს ასხამდა შიგნით და ბეტონი არ გადიოდა იქეთ აქეთ. იყო 5 მეტრიანი ტრუბები და ემაგრებოდა კიდევ 5 მეტრიანი ტრუბა, რომელიც მათი დაუდევრობით იყო ჩაჟანგული იყო და შუაში არ იხსნებოდა. ოპერატორმა უბრძანა გადაეხსნა ეს ტრუბები და გაეთავისუფლებია ტექნიკა. ოპერატორმა ყურადღება აღარ მიაქცია და ასწია 29 ტონა. რომ წაიღო, ამ დროს იდგა ტროსს და ამწეს შუაში და რომ მიხვდა რაღაც მოხდებოდა, ეცადა ტანი გაეწია, რაც მოასწრო, მაგრამ მარჯვენა ფეხი დარჩა. ატყდა ყვირილი, თუმცა ოპერატორმა ვეღარც პულტით და ვეღარც ისე ვერ შეძლო გაჩერება და მოიმწყვდია ფეხი. დაცული ფეხსაცმელი ეცვა, მაგრამ რკინამ არ გაუძლო. უბრძანეს ოპერატორს, რომ აეწია ამწე. ასწია, მაგრამ რკინამ ფეხის ქუსლი მოაჭრა. იქვე დაკარგა გონება, აზრზე მოვიდა გზაზე რომ გაიყვანეს, სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, მაგრამ უფროსებმა არ ჩასვეს სასწრაფო სამსახურის მანქანაში, ასე გაიძახოდნენ პოლიცია მოვა ობიექტზე, ყველაფერს შეამოწმებენო და წაიყვანეს იოსებ ვარშანიძის მანქანით. ისევ დაკარგა გონება. აზრზე რომ მოიყვანეს რეფერალურ სავადმყოფოსთან იყვნენ. იქ არ შეიყვანეს და ,,მედინაში’’ წაიყვანეს. აზრზე რომ მოვიდა უკვე ოპერაცია ქონდა გაკეთებული. სანამ აზრზე მოვიდოდა, მის ძმას უთხრეს, რომ ექიმებისთვის ეთქვა თითქოს თავისი დაუდევრობით მოუვიდა ეს დაზიანება. ანქანის საბურავი დაეცა ფეხზე და არ ეთქვა სიმართლე. რცა ექიმი შევიდა ისტორიის შესავსებად, მისმა ძმამ მისწერა ტელეფონზე, რომ მისი უფროსები გარეთ იყვნენ, ეპატრონებოდნენ და გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდნენ, თუ კი იტყოდა რომ თავისი დაუდევრობით მოხდა ყველაფერი. ასეც მოიქცა. მკურნალობდა და კასტილებით დადიოდა. 2 თვის გასვლის შემდეგ სამუშაოზე დაუძახეს. ექიმების მიერ აკრძალული ქონდა მუშაობა, მაგრამ მაინც გავიდა, მოსთხოვეს ტრაქტორზე დამჯდარიყო და ბეტონით სავსე მანქანები დაეცალა. დაიწყო მუშაობა. საღამოს ფეხი გაუსივდა, ფეხსაცმელი ვერ გააძვრეს. აღმოჩნდა, რომ ინფექცია შეეჭრა. შემდეგ თურქეთში წაიყვანეს სამკურნალოდ. იქ იმკურნალა. ინფექცია ჩაცხრა. ექიმები კიდევ დარჩენას და მკურნალობის გაგრძელებას ითხოვდნენ, მაგრამ უფროსებმა არ დატოვეს, რადგან მკურნალობა ძვირი ჯდებოდა. საქართველოში რეფერალურ საავადმყოფოში დადიოდა თავის ექიმთან. საბოლოოდ გამოჯანმრთელება ვერ შეძლო. ფულად დახმარებას აძლევდნენ ყოველთვიურად. შემდეგ ისიც შეუწყვიტეს. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არ აძლევს მუშაობის საშუალებას. სარჩენი ჰყავს ოჯახი და ითხოვს მ----------------საგან და კომპანიისაგან ზიანის ანაზღაურებას.

 

1.4 მოწმე ო------------- (სასტუმროს მშენებლობაზე უსაფრთხოების უფროსი) ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 23 მაისს, ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობაზე ბურღვითი სამუშაოების წარმოების ადგილას, სამუშაოთა მწარმოებელი და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი იყო მ----------------.

 

1.5 მოწმე ი----------–------ (მუშაობდა მუშად რ----–------------------- ერთად სასტუმროს მშენებლობაზე) ჩვენებით დასტურდება, რომ სამუშაოთა მწარმოებელი, ბრიგადირი იყო მ----------------.

 

1.6 სამედიცინო ექსპერტიზის 2014 წლის 16 აპრილის N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით, რ----–--------------- 2013 წლის 23 მაისს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მიმართა შპს ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის მრავლობითი ჭრილობები, მე-5 მეტატარზალური ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა. არსებული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, ღ----------------–---–---

 

1.7 საინჟინრო ექსპერტიზის 2014 წლის 05 მაისის N--------- დასკვნის თანახმად, 2013 წლის მაისის თვეში, როცა დაზარალებულმა რ----–--------------- ქ. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე შპს ,,----------------------- მშენებარე ობიექტზე მიწის სამუშაოების მბურღავ ტრაქტორზე მუშაობისას მიიღო სხეულის დაზიანება, დარღვეული იყო ნორმატივის „СБОРНИК ТИПОВЫХ ИНСТРУКЦЙЙ по охране труда в строительстве - ის ИНСТРУКЦЙЙ N15 ПО ОХРАНЕ ТРУДА ПРИ БУРЕНИИ СКВАЖИН - ის N31 პუნქტის მოთხოვნები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ როცა საბურღი დანადგარის ოპერატორმა რ----–--------------- დაავალა მილის მოხსნა, არა თუ გათიშა დანადგარი, არამედ ასწია ბურღი, რა დროსაც დაზარალებულმა რ----–--------------- მიიღო ფეხის ტრამვა, ასევე დარღვეული იყო N15 ინსტრუქციის N15 პუნქტის მოთხოვნა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რუსლან სურმანიძე მილის მოხსნას აწარმოებდა არა ფენილზე დგომით, რომელიც საერთოდ არ იყო მოწყობილი, არამედ საბურღი დანადგარის მოძრავ ელემენტზე დგომით, რამაც განაპირობა მისი სხეულის დაზიანება, ვინაიდან ოპერატორმა არ გათიშა საბურღი დანადგარი.

სამუშაოთა მწარმოებელს სამშენებლო სამუშაოებზე უნდა გაეწია ხელმძღვანელობა მის უბანზე და უნდა შეექმნა სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოების პირობები. თვით დაზარალებულ რ----–--------------- სამუშაო უნდა ეწარმოებინა სამუშაოთა მწარმოებლის დავალებით.

 

უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაში СНИП III-4-80-ის N1 დანართის N3 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, ზოგადი ხელმძღვანელობა უსაფრთხოების ტექნიკაში მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ევალება უფროსს. ამავე დანართის N4 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, მთავარ ინჟინერს ევალება უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის ორგანიზაცია. ამავე დანართის N12 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალოდ კონტროლი ევალება სამუშაოთა მწარმოებელს, ოსტატს (ბრიგადის ოსტატს) მასზედ განპიროვნებული უბნის ფარგლებში.

 

1.8 სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ექსპერტ გ-------–-–----–------ დაკითხვის ოქმი, რომელიც განმარტავს, რომ სამუშაოთა მწარმოებელი მასზე განპიროვნებულ უბანში ვალდებული იყო პირადად ეხელმძღვანელა შესასრულებულ სამუშაოებზე და გაეკონტროლებინა ყველა სამუშაოს შემსრულებელი პირი ანუ მუშა და სამუშაო შეესრულებინა უსაფრთხოების წესების დაცვით.

 

თუ სამუშაოთა მწარმოებელი მშენებარე ობიექტიდან გავიდოდა სამუშაოთა წარმოების მიმდინარეობის დროს, მაშინ მოვალეობა შესასრულებელ სამუშაოებზე შეეძლო დაეკისრებია ოსტატისათვის ან ოსტატ ბრიგადირისათვის, თუ ასეთი ირიცხებოდა მის სამუშაო უბანში. ოსტატი ან ოსტატ ბრიგადირი უნდა ყოფილიყო გაცნობილი შესასრულებელ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებს. თუ ასეთი პირი არ ჰყავდა, მაშინ სათანადო განათლების არმქონე პირისათვის არ შეეძლო დაევალებინა სამუშაოების შესრულება.

 

სამუშაოთა მწარმოებელი თავისი თანამდებობრივი მოვალეობით ვალდებულია პირადად უხელმძღვანელოს სამშენებლო სამუშაოებს და კონტროლი გაუწიოს მუშების მხრივ სამუშაოთა უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, რ----–--------------- სამუშაო უნდა შეესრულებინა სამუშაოთა მწარმოებლის ან ოსტატ-ბრიგადირის დავალებით. მბურღავ-ოპერატორს არ უნდა დაევალებინა რ----–---------------ათვის მბურღავი აპარატის ელემენტის მოხსნა, არამედ მას უნდა მიემართა სამუშაოთა მწარმოებლისათვის, ოსტატისათვის ან ოსტატ-ბრიგადირისათვის მბურღავ დანადგარის ელემენტის მოხსნისათვის, ხოლო ყველა შემთხვევაში, როცა რუსლან სურმანიძე შეუდგებოდა მბურღავი დანადგარის ელემენტის მოხსნას, მაშინ ოპერატორს აუცილებლად უნდა გაეთიშა მბურღავი დანადგარი.

 

იმ შემთხვევაში, როცა საქმის მწარმოებელი იმყოფება სამშენებლო ანუ მშენებარე ობიექტზე, ის ვალდებულია პირადად უხელმძღვანელოს ყველა სამუშაოს და გააკონტროლოს, რომ მუშებმა სამუშაოები შეასრულონ უსაფრთხოების წესების დაცვით და ამისათვის საქმის მწარმოებელს არავის მითითება არ ესაჭიროება და არც დავალება. აღნიშნულზე ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი.

 

2. სამართლებრივი შეფასება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე მდგომარეობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ან მძიმე დაზიანება.

 

სამშენებლო სამუშაოთა წარმოება გულისხმობს შენობა-ნაგებობათა აღმართვას და რემონტს. სამშენებლო სამუშაო - ეს არის საქმიანობა დაკავშირებული ნაგებობათა აგებასთან, რეკონსტრუქციასთან, რემონტთან, აგრეთვე, საამშენებლო მანქანებისა და მექნიზმების, სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობის ექსპლუატაციასთან.

 

საქართველოში მოქმედებს 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეც არის საქართველო.

 

2.2 დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენს პირი, ვინც თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით ან პროფესიული ფუნქციით მოვალეა დაიცვას უსაფრთხოების სპეციალური წესები სამუშაოთა წარმოებისას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბურღვითი სამუშაოების წარმოების ადგილას, სამუშაოთა მწარმოებელი მ---------------- ვალდებული იყო მასზე განპიროვნებული უბნის ფარგლებში პირადად ეხელმძღვანელა სამუშაოსათვის და გაეკონტროლებინა, რომ მუშებს სამუშაოები შეესრულებინათ უსაფრთხოების წესების დაცვით. თუ იგი მშენებარე ობიექტიდან გავიდოდა სამუშაოთა წარმოების მიმდინარეობის დროს, მაშინ მოვალეობა შესასრულებელ სამუშაოებზე უნდა დაეკისრებია ოსტატისათვის ან ოსტატ ბრიგადირისათვის, თუ ასეთი ირიცხებოდა მის სამუშაო უბანში. ოსტატი ან ოსტატ ბრიგადირი უნდა ყოფილიყო გაცნობილი შესასრულებელ სამუშაოთა უსაფრთხოდ ჩატარების მეთოდებს. თუ ასეთი პირი არ ჰყავდა, მაშინ სათანადო განათლების არმქონე პირისათვის არ შეეძლო დაევალებინა სამუშაოების შესრულება.

 

ამდენად, სამუშაოთა მწარმოებელმა მ------------------ გამოიჩინა ნორამატიულად დადგენილი სამსახურებრივი ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბურღვითი სამუშაოების წარმოების ადგილას, მასზე განპიროვნებული უბნის ტერიტორიზე, არც თვითონ იმყოფებოდა და არც მოვალეობის შესრულება დაუკისრებია უფლებამოსილი პირისათვის. მ----------------ს ვალდებულება (უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დაცვაზე უშუალო კონტროლი), რომ შეესრულებინა (ან უფლებამოსილი პირისათვის დაევალებინა აღნიშნული), მისი პასუხისმგებლობა გამოირიცხებოდა.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

3.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

3.2 მ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ მ----------------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასაჯელი - ჯარიმა.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე- 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

3. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან გელოვანი