განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
080100119002936178
დავის ტიპი
297 1
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/285-19 (№046200219002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი 2019 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ.... ს--–-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ა---------–- გ-------–-- ძე კ-------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი გ----------

 

ადვოკატი: კ------- გ--–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: მიწის გაუვარგისება სამეწარმეო და სხვაგვარი საქმიანობისას;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ტყიბულის რაიონის სოფელ მ--–------–- მდებარე შპს ,,გ-------–------’’-ის ბენზინ გასამართი სადგურის მფლობელმა ა---------– კ-------მ 2018 წლის დეკემბრის თვეში განახორციელა ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ტერიტორიის 1548,54 კვ. ფართობზე 774,27 კუბ.მ სამშენებლო და ინერტული ნარჩენების დაყრა, რითაც ჩაიდინა მიწის გაუვარგისება და გარემოს მიაყენა 11 614,05 ლარის ზიანი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გარემოს მიადგა 11 614,05 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ა---------–- კ-------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, გარემოსდაცვითი სამსახურიდან შემოსულ მასალებს და ინფორმაციას ზიანის შესახებ, მოწმეების თ---------- მ---------, ი----- ს-----–----, ა------ შ----–---ს, გ--- კ--------, ფ------ მ------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- გ-------- გამოკითხვის ოქმს, ა---------– კ-------- გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სასამართლო სხდომაზე გარდა გარემოსდაცვითი სამსახურიდან შემოსული მასალებისა, მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------–- კ-------მ ჩაიდინა მიწის გაუვარგისება სამეწარმეო და სხვაგვარი საქმიანობისას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---------–- კ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---------–- კ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------–- კ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც არის ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---------–- კ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ა---------–- კ-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს ა---------–- კ-------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური