განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1446-19
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-------------–--ე,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა---------------ნი (დაბადებული - 1----–-–------------------------------–----------–-----------------------------–-------------------–-------------------------------------------------------–-----------------------------ში),ადვოკატი - ფ---------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;
დისპოზიცია: 1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა---------------ნის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2016 წლიდან დღემდე ა---------------ნი ცდილობს ყოფილ მეუღლესთან - ა----------სთან შერიგებას და ცოლქმრული ურთიერთობების აღდგენას. პერიოდულად, თვეების და კვირების განმავლობაში ა---------------ნი ცდილობს არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ა----------სთან. კერძოდ: ურეკავს მობილურ ტელეფონზე, წერს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთხოვს მასთან შერიგებას. ასევე ცდილობს მის გაკონტროლებას, აკითხავს საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში გ-–-------------------------------------------------------ში, სამსახურში, უთვალთვალებს, აშანტაჟებს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს და ემუქრება, რის შედეგადაც ა---------- განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. აღნიშნული ქმედებების გამო ა---------- იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი მისამართი. გარდა ამისა, ა---------------ი ყოფილ მეუღლეს ა----------ს მიმართ ადევნებას ახორციელებს გენდერული ნიშნით, რაც გამოიხატება მასში, რომ ა----------ს აღიქვამს, როგორც მის საკუთრებას, ნივთს და ემუქრება, რომ მას არ აქვს მარტო ცხოვრების უფლება, ვინაიდან ის არის ქალი და ვალდებულია მამაკაცის მოთხოვნებს დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავს დაასახიჩრებს. ა---------------ნის ქმედებებით ა----------ს მიადგა მორალური სახის ზიანი.
1.2. 2018 წლის ოქტომბრის თვის შუა რიცხვებში, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ში ა---------------ნმა ყოფილ მეუღლეს - ა----------ს, დაარტყა ტანსაცმლის საკიდი ორივე ხელის მაჯაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა---------------ნის ქმედებით ა----------ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
ა---------------ნის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ა---------------ნი ცდილობდა ყოფილ მეუღლესთან - ა----------სთან შერიგებას და ცოლქმრული ურთიერთობების აღდგენას. პერიოდულად, თვეების და კვირების განმავლობაში ა---------------ნი ცდილობდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ა----------სთან, კერძოდ, ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთხოვდა მასთან შერიგებას. ასევე ცდილობდა მის გაკონტროლებას, აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში გ-–-------------------------------------------------------ში, სამსახურში, უთვალთვალებდა, აშანტაჟებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რის შედეგადაც ა---------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და აიძულებდა მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას, უქმნიდა მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას.
2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, 2018 წლის ოქტომბერში, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა---------------ნის მიერ ა----------ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).
3.3. ა---------------ის მიერ ა----------ს მიმართ განხორციელებული ადევნებისა და ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ა----------ს, მოწმეების - ზ-------–---–-----ის, ნ-------–--–--ას, ი-------------–---ს, ხ---------------–---–ისა და დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 3 აპრილის ამოღების ოქმი, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმი. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ა---------------ნის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა---------------ნის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის სასამართლოსათვის წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით (დაზარალებულ ა----------ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ი-------------–---ს, ხ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით ამოღების ოქმებითა და დათვალიერების ოქმებით) შეასრულა მისი მოვალეობა და უტყუარად დაადასტურა ა---------------ნის მიერ ა----------ს მიმართ ადევნების ფაქტები 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 3 მარტამდე. დაზარალებულ ა----------ს გამოკითხვის ოქმით, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის იანვრიდან ა---------------ნი პერიოდულად ცდილობდა არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ა----------სთან, ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთხოვდა მასთან შერიგებას, ასევე ცდილობდა მის გაკონტროლებას, აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე, სამსახურში, უთვალთვალებდა, აშანტაჟებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას რის შედეგადაც ა---------- განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. კომუნიკაციის ფაქტს არ უარყოფს ბრალდებული ა---------------ნიც მის გამოკითხვის ოქმში, რომელიც ასევე უდავო მტკიცებულების სახით იქნა მიღებული საქმის არსებითად განხილვის დროს. 2019 წლის იანვრამდე პერიოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი), ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება თუნდაც შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა, რომლითაც დადასტურდებოდა დაზარალებულთან არასასურველი და ინტენსიური კომუნიკაცია, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება ა---------------ნის მხრიდან ა----------ს მიმართ 2018 წლის ოქტომბრის თვეში სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - დაზარალებულ ა----------ს ჩვენება, რომელიც არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, არ იძლევა აღნიშნული ფაქტის უტყუარად დადგენის შესაძლებლობას და არ შეესაბამება კონსტიტუციურ სტანდარტს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის სავალდებულოდ არსებობის თაობაზე. ა----------ს ოჯახის წევრების ჩვენებები ამ მიმართებით და მათ შორის ადევნების კონტექსტშიც არის ირიბი ჩვენებები (არცერთი არ შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს), შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვარის გადაწყვეტილების (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53) შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, მათ საფუძველზე უტყუარად დადგინდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ ა----------ს არ ჩატარებია სამედიცინო ექპერტიზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალის არსებობა დაზარალებულის სხეულზე. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ა----------სგან დამოუკიდებლად დაადასტურებდა მასზე რაიმე ფორმის ძალადობას, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ გახდა ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც არ ადასტურებს ა----------ს მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ფაქტობრივად სახეზეა ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის სახით, რომელსაც ეწინააღმდეგება მეორე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც უარყოფილია ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი ერთი მხრივ არ არის საკმარისი ფაქტების უტყუარად დასადგენად, ხოლო მეორე მხრივ იმ პირობებში როდესაც ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით (მიღებულია უდავო მტკიცებულების სახით) უარყოფილია დაზარალებულის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს ართმევს მინიმალურ სამართლებრივ შესაძლებლობასაც კი, უტყუარად დაადგინოს ბრალდებულის მხრიდან რაიმე ფორმით დაზარალებულზე განხორციელებული შესაძლო ძალადობა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად არ არის დადასტურებული ა---------------ნის მხრიდან ა----------ს მიმართ 2018 წლის ოქტომბრის თვეში განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მხოლოდ დაზარალებულ ა----------ს პირდაპირი ხასიათის ჩვენება, რომელიც უარყოფილია ბრალდებულის უდავოდ გამხდარი გამოკითხვის ოქმით, არ არის საკმარისი ძალადობის ფაქტის უტყუარად დასადგენად. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ დაფიქსირებულ ზოგად და ბუნდოვან პოზიციას აღიარების შესახებ (რომლიდანაც ერთმნიშვნელოვნად არ ირკვევა რომელ ქმედებას აღიარებს და რომელს არა ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასამართლო აღნიშნავს, რომ არ წარმოდგენას მტკიცებულებას, რომელიც გადაწონის საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ ბრალდებულის უდავოდ გამხდარ გამოკითხვის ოქმში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს დანაშაულებრივი ქმედების განუხორციელებლობის შესახებ.
3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------------ნის მხრიდან ა----------ს მიმართ გენდერული მოტივით განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებზე საუბრობს მხოლოდ დაზარალებული თავისი გამოკითხვის ოქმში, სადაც უთითებს, რომ ა---------------ნი მასზე ეჭვიანობს, აღიქვამს, როგორც მის საკუთრებას და მას არ აქვს უფლება იცხოვროს მის გარეშე, რადგან არის ქალი - მისი ცოლი და იგი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს - როგორც კაცს. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით მოწმეების - ი-------------–---ს, ნ-------–--–--ას და ხ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად არ დასტურდება ა---------------ნის მხრიდან ყოფილი მეუღლის - ა----------ს მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები. აღნიშნულს უდავოდ გამხდარ გამოკითხვის ოქმში არ ადასტურებს არც ბრალდებული ა---------------ნი. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით (დაზარალებულ ა----------ს ჩვენებით, მოწმეების ი-------------–---სა და ხ---------------–---–ის ჩვენებებით, ამოღების და დათვალიერების ოქმებით) უტყუარად დასტურდება, ა---------------ნის მხრიდან ა----------ს მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტები 2019 წლის იანვრიდან, თუმცა მის მიერ აღნიშნული ქმედებების განხორციელება დისკრიმინაციული მოტივით, არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით. გენდერულ დისკრიმინაციაზე ასევე არ უთითებენ მოწმეები - ი-------------–---, ნ-------–--–--ა და ხ---------------–---–ი. მოწმეებს გამოკითხვისას მკაფიოდ არ უსაუბრიათ ა---------------ნის მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებზე. მათი ჩვენებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებები, კერძოდ: ,,ა---------------ი ყოფილ მეუღლეს ა----------ს მიმართ ადევნებას ახორციელებს გენდერული ნიშნით, რაც გამოიხატება მასში, რომ ა----------ს აღიქვამს, როგორც მის საკუთრებას, ნივთს და ემუქრება, რომ მას არ აქვს მარტო ცხოვრების უფლება, ვინაიდან ის არის ქალი და ვალდებულია მამაკაცის მოთხოვნებს დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავს დაასახიჩრებს“. ამდენად, სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
3.7. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ერთი პირდაპირი ჩვენების არასაკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, როდესაც იგი არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, განპირობებულია იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ სასამართლოს ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების სანდოობა შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებასთან კავშირში, დარწმუნდეს დასახელებული ფაქტების რეალურობაში. იმ შემთხვევაში თუ, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (მათ შორის ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე), აღნიშნულით დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და შეიქმნება მაღალი რისკი უდანაშაულო პირის მსჯავრდების, ვინაიდან მოწმის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, მისი ჩვენების გადამოწმება და შედარება ვერ მოხდება სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან.
3.8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
3.9. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
3.11. მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
3.12. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა თავისი მოვალეობა და ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით’’ დაადასტურა ა---------------ნის მხრიდან ა----------ს მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტები 2019 წლის იანვრიდან 3 მარტამდე პერიოდში, ხოლო რაც შეეხება ა---------------ნის მხრიდან ა----------ს მიმართ 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, უტყუარად არ დასტურდება და მხოლოდ დაზარალებულ ა----------ს პირდაპირი ხასიათის ჩვენება (მათ შორის არ დასტურდება სხვა არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით) არ არის საკმარისი ამ ფაქტის უტყუარად დასადგენად.
3.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ადევნებისათვის, რაც გულისხმობს არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ადევნება იყოს სისტემატური და იწვევდეს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა---------------ნი - ყოფილ მეუღლესთან - ა----------სთან 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 3 მარტამდე სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა მობილურ ტელეფონზე, წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და სთხოვადა მასთან შერიგებას, ასევე ცდილობდა მის გაკონტროლებას, აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე, რის შედეგადაც ა---------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ბრალდებულის ქმედებები აიძულებდა დაზარალებულს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას და უქმნიდა ცხოვრების წესის შეცვლის მნიშვნელოვან საჭიროებას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ე.ი. უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად და ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა---------------ნმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა ა---------------ნის მიერ ა----------ზე 2018 წლის ოქტომბერში განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------------ნი ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5.4. განაჩენის 5.1.-5.3. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე. იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ა---------------ნის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------------ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მტკიცებულებები გახადა უდავო და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
5.7. სასამართლო სასჯელის დანიშნვისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ქალის, ყოფილი მეუღლის მიმართ ჩაიდინა დანაშაული, რაც ოჯახური დანაშაულის გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა---------------ნი ა----------სთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას), ა---------------ნის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულისათვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, არის დასაქმებული), იმ გარემოებას, რომ იგი შეურიგდა დაზარალებულს და ამჟამად მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია, ა---------------ნის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა---------------ნს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
5.8. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
5.9. ამდენად, განაჩენის 5.6.-5.8. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა---------------ნს საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ა---------------ნის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
5.10. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. ამდენად, ა---------------ნს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 3 მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს (შეუმსუბუქდეს) დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------------ნი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261- ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ა---------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ა---------------ნს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 3 მარტიდან 2019 წლის 11 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული ჯარიმა და საბოლოოდ განესაზღვროს ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით.
3. ა---------------ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი