განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100118002456385
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2275-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-------------–ი;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ------------------ე (პ/№-----------), დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–-------------–------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ----–---------------.

 

ადვოკატი - ს--–------------–---–ი;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ნ------------------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 29 აპრილს ღამის საათებში, ქ. თბილისი, მ-----------------------–---------------ზე მდებარე ღამის კლუბ „მ-------ში“ ნ------------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე კლუბში მყოფ ნ---------------–---–ს. აღნიშნული ქმედებით ნ---------------–---–ს აღენიშნებოდა თითების და იდაყვის დაჟეჟილობა, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ------------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ნ------------------ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. დაზარალებულმა მ-------------–--მა (იგივე ნ---------------–---–მა) სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ღამის კლუბში „მ-------ზე“. კლუბის საპირფარეშოს ტერიტორიაზე დახვდა რიგი და ელოდებოდა თავის რიგს. ამ დროს საპირფარეშოში შევიდა ნ------------------ეც, რომელიც დადგა კაბინის კარების წინ. მან და რიგში მდგომმა სხვა პირებმა ნ------------------ეს მიუთითეს რიგში ჩადგომისკენ. ბრალდებულმა გადახედა რიგს, სადაც იგი და კიდევ 2-3 მამაკაცი იდგა და მას უთხრა, რომ ეს ბიჭების ტუალეტი იყო და იქ არ უნდა მდგარიყო. იგრძნო, რომ ბრალდებული უახლოვდებოდა მას შელაპარაკებისთვის, ამიტომ ხელი აწია 112-ში დასარეკად. ნ------------------ე ამ დროს მას სწვდა თმაში, ძირს დააგდო და ფეხების დარტყმა და გინება დაუწყო. თან ეუბნებოდა, რომ ეს მამაკაცების ტუალეტი იყო, ფეხების დარტყმით მიიყვანა კარის ზღურბლზე, სადაც ზედ ურტყამდა კარს. ირგვლივ მყოფები ამ ფაქტს უმოქმედოდ უყურებდნენ. ამ დროს საპირფარეშოში შედიოდნენ გოგო და ბიჭი, რომლებმაც დაინახეს აღნიშნული ფაქტი, ბიჭი შეეცადა შეეჩერებინა ნ------------------ე, კარები დაიჭირა და გააკავა ნ------------------ე, ხოლო გოგო დაეხმარა მას წამოდგომაში. ფაქტი დაახლოებით 10 წამს გრძელდებოდა. ამის შემდეგ იგი წავიდა დაცვისკენ, გასასვლელში, რომლებსაც მოახსენა აღნიშნული და სთხოვა დაერეკათ პატრულში, დაცვის თანამშრომლებმა გამოიყვანეს გარეთ ნ------------------ე, ასევე კლუბის ტერიტორიაზე შევიდა კრიმინალური პოლიცია. ნ------------------ე დესტრუქციულ ქცევას განაგრძობდა. მას სურდა ბრალდებული მხოლოდ ხელწერილის საფუძველზე არ გაეშვათ. ამ მომენტში მასთან იმყოფებოდნენ ის გოგო და ბიჭი, რომლებიც დაეხმარნენ მას ძალადობის დროს. იგი პოლიციას მიუთითებდა ნ------------------ეზე, რომელმაც იგი სცემა, ანახებდა დასისხლიანებულ თითებს და ითხოვდა მის პასუხისგებაში მიცემას. ამავე დროს კლუბიდან გამოვიდა ბრალდებულის მეგობარი, რომელიც იყო შსს თანამშრომელი და პოლიციას მოუწოდა, რომ ბრალდებულისათვის ხელი გაეშვათ. ასევე პოლიციასთან მივიდა რამდენიმე ქალი, რომლებიც იძახდნენ, რომ მას რეალურად კარში მოჰყვა თითი და მის მიმართ ძალადობა არავის განუხორციელებია. როგორც შემდგომ გაირკვა, ერთ-ერთი ქალბატონი ბრალდებულის მეუღლე იყო. მის გვერდით იდგნენ კლუბის მენეჯერი და მეპატრონე, რომლებმაც განარიდეს სიტუაციას და შეიყვანეს კლუბში, სადაც მეპატრონემ უთხრა, რომ ნ------------------ე მის მიმართაც აგრესიული იყო და იგი ამჟამად გადაყვანილი ჰყავდათ პოლიციის განყოფილებაში. მეორე დღეს იგი ადვოკატთან ერთად მივიდა განყოფილებაში, სადაც მას რამდენჯერმე დააწერინეს ოქმი.

 

3.2. მოწმე ი-----–------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ ნ------------------ე არის მისი ახლო მეგობარი, დაახლოებით 12 წელია რაც იცნობენ ერთმანეთს. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა კლუბ „მ-------ზე“ ლ--------------–----თან, ლ------ მეუღლესთან, შ---------------–---–თან, ნ------------------ესთან და ნ-------ის მეუღლესთან ერთად. კლუბში დაახლოებით ერთ საათს გაჩერდნენ. კლუბიდან წამოსვლისას ნ------------------ე წავიდა საპირფარეშოში, რომელიც მდებარეობს გასასვლელთან მარცხენა მხარეს. ისინი დაახლოებით სამი მეტრის მოშორებით ელოდებოდნენ ნ-------ს. ნ------------------ე უნდა შესულიყო საპირფარეშოში, მიაწვა კარს, ნახევარი ტანით შევიდა კაბინაში, მაგრამ მალევე გამობრუნდა აფორიაქებული, იგი უწმაწურ სიტყვებს ხმარობდა. საპირფარეშოს კარი გაიღო და დაინახა უცნობი გოგო, რომელიც იყო არაფხიზელი და გამოთქვამდა პრეტენზიას ნ-------ის მიერ კარის უხეშად გაღების გამო. ხსენებული გოგო წაიქცა, რასაც მას და ნ------------------ეს შორის მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. აღნიშნულის შემდგომ ისინი წამოვიდნენ კლუბიდან.

 

3.3. მოწმე ნ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ არის კლუბ „მ-------ზე“-ს დირექტორი. 2017 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაინახა, რომ კლუბის დაცვასთან ალიაქოთი იყო. იგი გავიდა სიტუაციის გასაგებად, სადაც დახვდნენ, პოლიციის თანამშრომლები, ნ------------------ე, მისი მეგობრები და დაზარალებული. ადგილზე მისულმა იკითხა თუ რა ხდებოდა, რაზედაც ნ------------------ემ აგრესიით მიმართა. დაზარალებული ნ---------------–---–ი (იგივე მ-------------–--ი) განმარტავდა, რომ ნ------------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო ნ------------------ის მეგობრები (ქალბატონები) აცხადებდნენ, რომ თავად ნ---------------–---–ი იყო მტყუანი, რომელიც ნ------------------ეს აბრალებდა.

 

3.4. მოწმე ზ---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ღამის კლუბ „მ-------ზე“-ს შინაგანი წესის უსაფრთხოების თანამშრომელი. 2017 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, როდესაც დაცვის თანამშრომელმა გამოიყვანა გოგონა კლუბის ტერიტორიიდან, რომელიც განმარტავდა, რომ ბიჭმა მას თმებზე მოქაჩა და ითხოვდა მის გამოყვანას კლუბიდან. აღნიშნულის გამო გოგონასთან მივიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იქ მორიგეობდნენ და შეეცადნენ დაპირისპირებულ პიროვნებებს შორის სიტუაციის განმუხტვას.

 

3.5. გამომძიებლებმა გ-----------------–მა, ე-----------------–---–მა და ვ----–------–---ამ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 

3.6. 2017 წლის 1 მაისის განცხადების მიხედვით, ნ---------------–---–მა მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის უფროსს, რომელსაც მოახსენა, რომ 2017 წლის 29 აპრილს, გამთენიისას მას ნ------------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ. 2).

 

3.7. 2017 წლის 3 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ნ---------------–---–მა (იგივე მ-------------–--მა) გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც 2017 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 საათისთვის, მისთვის უცნობი პიროვნება წვდა თმებში, დააგდო იატაკზე, რა დროსაც მიაყენა როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. წაქცეულზე რამდენიმეჯერ ჩაარტყა ფეხი როგორც მუცლის, ასევე ფეხების მიდამოში, რის შემდეგაც კარის მთელი ძალით მირტყმის შედეგად დაუზიანდა მარცხენა ხელის შუა თითი. პიროვნებამ რომელმაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნ------------------ეა (ს.ფ. 32-40).

 

3.8. 2018 წლის 27 მარის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ---------------–---–მა (იგივე მ-------------–--მა) ამოიცნო ნ------------------ე (ს.ფ. 121-128).

 

3.9. 2018 წლის 2 აპრილის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ნ---------------–---–მა (იგივე მ-------------–--მა) ამოიცნო ნ------------------ე (ს.ფ. 138-143).

 

3.10. 2017 წლის 13 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის მიხედვით, შპს ,,K--”-ის სტაციონარული პაციენტის სამედიიცნო ბარათი №---------ის ქსეროასლის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №-----ის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ნ---------------–---–ს კლინიკისთვის მიუმართავს 2017 წლის 1 მაისს, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: თითების დაჟეჟილობა (მარცხენა ხელის მე-3-4 თითი), იდაყვის დაჟეჟილობა (მარცხენა ხელის).

ნ---------------–---–ის, შემოწმებისას ორივე ზემო კიდურის მიდამოში აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, მუცლის და მარჯვენა ბარძაყის მიდამოში-სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

3.11. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.12. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.13. მოწმე ვ-–-----------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს მეუღლესთან შ---------------–---–თან, ნ------------------ესთან, ნ-------ის მეუღლეს - ა-----–----ესთან და ი-----–------–--ესთან ერთად იმყოფებოდა ღამის კლუბ „მ-------ზე“. გაზაფხულის პერიოდში, ღამით, დაახლოებით ნახევარი საათით მივიდნენ ხსენებულ კლუბში, სადაც ცოტა დალიეს, რის შემდეგაც გადაწყვიტეს წამოსვლა. წამოსვლისას ნ------------------ეს მოუნდა ტუალეტში შესვლა, რომელიც არის გასასვლელამდე მარჯვნივ. ტუალეტი არის საერთო, სადაც არ არის გამოყოფილი მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ყველანი გაჩერდნენ და ელოდებოდნენ ნ------------------ეს, რა დროსაც შემოესმათ უცენზურო სიტყვები. იგი შევიდა ტუალეტის ტერიტორიაზე და დაინახა თუ როგორ აყენებდნენ ერთმანეთს შეურაცხყოფას ვიღაც გოგო და ნ------------------ე. მათ შორის არანაირი ფიზიკური შეხება და შეურაცხყოფა არ მომხდარა. შემდეგ, როდესაც გამოვიდნენ კლუბის ტერიტორიიდან, გარეთ დახვდათ იგივე გოგონა, რომელიც მისთვის უცნობ პირებს ესაუბრებოდა, ამ დროს ერთი-ორი უცენზურო გადაძახილიც იყო. პოლიციელები დაინტერესდნენ თუ რა ხდებოდა, რაზედაც უპასუხეს, რომ მშვიდობა იყო და წამოვიდნენ.

 

3.14. მოწმე ა-----–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის მაისის თვეში, ის, მისი მეუღლე - ნ------------------ე, ვ-–-------- (-–------ კ-------–--ე, შ---------------–---–ი და ი-----–------–--ე მივიდნენ კლუბ „მ-------ზე“, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერდნენ, რის შემდეგაც დააპირეს წამოსვლა. გასასვლელში ნ------------------ეს მოუნდა საპირფარეშოში შესვლა, რომელიც საერთოა ქალებისა და მამაკაცებისთვის. ნ------------------ე შეეცადა საპირფარეშოს კარის გაღებას და ვერ გააღო, ნ-------მა კვლავ სცადა საპირფარეშოში შესვლა და შეაღო კარი, რა დროსაც დაინახა მისთვის უცნობი გოგო, რომელმაც დაუწყო მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ნ------------------ემაც საპასუხოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. როდესაც გამოვიდნენ კლუბის ტერიტორიიდან, გოგონა კვლავ აგრძელებდა ნ------------------ის სიტყვიერ შეურაცხყოფას. გოგონამ მას უთხრა, რომ ნ------------------ემ კარში მოაყოლა თითი, რის გამოც ლანძღავდა მას. გოგონა იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს, რის გამოც წამოვიდნენ.

 

3.15. მოწმე შ---------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან - ნ------------------ესთან, ა-----–----ესთან, ვ-–-----------------–--ესთან და ი-----–------–--ესთან ერთად იმყოფებოდა ღამის კლუბ „მ-------ზე“. კლუბში მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გადაწყვიტეს წამოსვლა, რა დროსაც, ნ------------------ე კლუბის საპირფარეშოში წავიდა. საპირფარეშოდან დაახლოებით ორი ნაბიჯის მოშორებით ელოდებოდნენ, როდესაც მან დაინახა თუ როგორ ცდილობდა ნ------------------ე საპირფარეშოს კარების გაღებას, შემდგომ კი დაინახა თუ როგორ წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი საპირფარეშოში მყოფ გოგონასა და ნ------------------ეს შორის. მათ შორის მიდიოდა არასასიამოვნო საუბარი, ნ------------------ე აღელვებული იყო და ხმამაღლა საუბრობდა, შემდეგ გამოვიდნენ კლუბის ტერიტორიიდან, სადაც ნ------------------ე ცდილობდა მათთვის აეხსნა თუ რა მოხდა და განმარტავდა, რომ საპირფარეშოს კარს ვერ აღებდა, რადგან კარის უკან იყო ხელისშემშლელი გარემოება, კარს აწვებოდა და ვერ აღებდა, რის ფონზეც გოგონასთან მოუვიდა შელაპარაკება. კლუბიდან გამოსვლისას კვლავ მოუვიდა ნ------------------ეს შელაპარაკება გოგონასთან, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, გაერკვნენ სიტუაციაში და ურჩიეს სახლში წასვლა. აღნიშნულის შემდეგ ისინი სახლში წავიდნენ.

 

3.16. ბრალდებულმა ნ------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2017 წლის 29 აპრილს იმყოფებოდა ღამის კლუბში ვ-–-----------------–--ესთან, ა-----–----ესთან, შ---------------–---–თან და ი-----–------–--ესთან ერთად. დაახლოებით ნახევარ საათში მათ გადაწყვიტეს კლუბიდან წამოსულიყვნენ. წამოსვლის წინ იგი საპირფარეშოში გავიდა. კლუბის გამოსასვლელიდან 3 ნაბიჯში მივიდა საერთო ტუალეტთან, სადაც ხალხი არ იდგა და კარი ჩაკეტილი არ იყო. იგი მიაწვა კარს, თუმცა მეორე მხრიდანაც მიაწვნენ კარს, მისი ვარაუდით, კარს ზურგით აწვებოდნენ. მოწოლის დროს მას მოხვდა კარი. ეგონა, რომ ბიჭი იყო და ძალიან გაბრაზდა და მიაწვა კარს, რა დროსაც თითი ეტკინა ნ---------------–---–ს. აღნიშნულის შემდეგ ნ---------------–---–ი გამოვიდა და დაუწყო მას ლანძღვა. იგი არაადექვატურად იქცეოდა და იგინებოდა, ხოლო ირგვლივ მყოფი პირები მივიდნენ მასთან და ამშვიდებდნენ. გამოსვლისას მათთან მივიდა პოლიცია, რომელმაც უთხრა, რომ დამშვიდებულიყო, მაგრამ ნ---------------–---–ი განაგრძობდა მის შეურაცხყოფას. ასევე თვითონაც პასუხობდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ ნ---------------–---–ის დამშვიდებას. შემდგომ პოლიციამ მოუწოდა მათ, რომ დაშლილიყვნენ, რის გამოც წავიდნენ სახლში.

 

3.17. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ნ------------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ნ------------------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. კერძოდ:

დაზარალებულ მ-------------–--ის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი, თუნდაც ერთი მტკიცებულებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და ამოცნობის ოქმებს სასამართლო დამოუკიდებელ მტკიცებულებად ვერ შეაფასებს, რადგან ინფორმაციის წყარო არის დაზარალებული მ-------------–--ი.

 

3.19. შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველი მოწმეები ვ-–-----------------–--ე, ი-----–------–--ე, ა-----–----ე და შ---------------–---–ი სასამართლოს მიუთითებენ, რომ ნ------------------ეს მ-------------–--ისთვის ფიზიკური შეუაცხყოფა არ მიუყენებია და ისინი ერთმანეთს მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

3.20. საქმეზე დაკითხული მოწმეები გ-----------------–ი, ე-----------------–---–ი და ვ----–------–---ა არიან საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირები, ისინი ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას, მათ მიერ შედგენილი ოქმების სისწორეს, მაგრამ უშუალოდ ცემის ფაქტთან დაკავშირებით მათი მონათხრობი დამყარებულია მ-------------–--ის ჩვენებაზე, ე.ი ამ ნაწილში (საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით) მათი ჩვენებები ირიბია, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთობლიობაში.

 

3.21. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით დასტურდება სხეულის რა ხარისხის დაზიანება მიიღო მ-------------–--მა, რაც ფაქტობრივად, მხარეთა შორის არ წარმოადგენს სადაო გარემოებას, თუმცა მიზეზობრივი კავშირი, რომ ხსენებული დაზიანებები ბრალდებულის ქმედების შედეგად იქნა მიყენებული, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება.

 

3.22. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღწერილი მტკიცებულებები არასაკმარისია ცემის ჩადენაში ნ------------------ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

3.23. ნ------------------ის მხრიდან მ-------------–--ის ცემის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულება - მ-------------–--ის ჩვენება (ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება) არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მ-------------–--ის სხეულის დაზიანების ფაქტი მხარეთა მიერ სადაოდ არ გამხდარა; ბრალდებულმა ნ------------------ემ აღნიშნა, რომ მან დაზარალებულს სავარაუდოდ შემთხვევით მოაყოლა თითი საპირფარეშოს კარში, რასაც მოჰყვა ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2.24. ერთი მხრივ სახეზეა დაზარალებულ მ-------------–--ის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (თუნდაც ერთი), ხოლო მეორე მხრივ სახეზეა ბრალდებულ ნ------------------ის და მოწმეების ვ-–-----------------–--ის, ი-----–------–--ის, ა-----–----ისა და შ---------------–---–ის ჩვენებები, რომლებიც ცემის ფაქტს გამორიცხავენ, რაც აჩენს ეჭვს - ნამდვლად მიაყენა თუ არა ნ------------------ემ მ-------------–--ს დაზიანება, ან რა ფორმით მიაყენა - კარში თითის მოყოლებით, თუ ცემის შედეგად.

 

3.25. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლალი მოდებაძის მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.26. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ნ------------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ნ------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ნ------------------ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულ ნ---------------–---–ის (იგივე მ-------------–--ი) გარდა.

 

4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ნ------------------ემ ჩაიდინა ცემა მ-------------–--ის მიმართ.

 

4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნ------------------ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ზოგადად იყენებს - გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს. ასეთი მტკიცება უნდა მომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებულ დასკვნათა ერთობლიობიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი ინფორმაციებიდან. (იხ. The Irland V. UK, 1978 18 january. No. 25, pp, 64-65, paragraph 161)

 

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.11. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.13. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ნ------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ------------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნ------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ნ------------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ორი ცალი CD დისკი დალუქული ორ პაკეტად (რომელიც ერთვის სისხლის სამრთლის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე