განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/971-19
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს------------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: კ-------------–------–---–--- და ფაქტობრივად მცხოვრები : თბილისი, ტ--------------------.
ადვოკატი - ლ-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით;
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ბრალის ახალი ფორმულირება)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ს------------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ე---------------–----------------ში მდებარე ა----------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ს------------------მა ა----------------ეს მარჯვენა ხელზე იდაყვსა და მაჯის სახსარს შორის იდაყვათან ახლოს, ე.წ. ,,ბრიტვით“ მიაყენა ერთი ნაკვეთ-ნაფლეთოვანი სისხლმდენი ჭრილობა, რის შემდეგაც დატოვა მიმდებარე ტერიტორია.
ს------------------მა აღნიშნული ქმედებით ა----------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
ე.ი. ს------------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა. დაკითხულ იქნა დაზარალებული ა---------------ე.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მიჩნეულ ყოფილიყო უდავოდ, ვინაიდან ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას და დაცვის მხარეს აღარ სურდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოითხოვა რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს, რასაც ასევე დაეთანხმა ბრალდების მხარე. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით - დაზარალებულ ა---------------ის ჩვენების თანახმად, მან და ს------------------მა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი და ჰქონდათ მიმოწერა. 3 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში რის შემდეგაც ს------ ახლოს გაიცნო და ხშირად ურთიერთობდნენ. ოჯახებშიც მიდიოდნენ ერთმანეთთან და ამ ყველაფრის გამო გარკვეული დროის შემდეგ ს------მ სურვილი გამოთქვა, ეს ურთიერთობა უფრო სერიოზული გამხდარიყო, რაზეც არ დაეთანხმა. ამის შემდეგ ისინი ხშირად კამათობდნენ. ერთხელ, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, 29 ან 30 იანვარი იქნებოდა, ს------ მას დაემუქრა კიდეც. მთელი დღით იყო გამოკეტილი ოთახში. რადგან ს------ ხმაურობდა დედამის დაურეკა და სთხოვა წაეყვანა, მაგრამ მანაც ვერ შეძლო ბრალდებულის წაყვანა. არ უნდოდა პოლიციისთვის დაერეკა, რადგან ს------------------ი ახალი გამოსული იყო ციხიდან. მეორე დღეს ს------ ისევ მივიდა მასთან სახლში, ს------მ დეტალების გარკვევა მოსთხოვა, რაზედაც იკამათეს. გაბრაზებულმა ს------------------მა გამოიტანა დანა, რომელიც წაართვა და დაუმალა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით გავიდა ეზოში მდგარ საპირფარეშოში, სადაც დაჰყო 20-25 წუთი. როდესაც გამოვიდა საპირფარეშოდან, ისევ ჭიშკართან იდგა ს------------------ი. შემდეგ გადაწყვიტა ეზოში სარეცხის ჩამოხსნა, ხელები ჰქონდა აწეული, რა დროსაც მიუახლოვდა ს------------------ი, რომელმაც დაუსვა რაღაც საგანი, რა არ დაუნახავს და გააფრთხილა რომ ცივი წყლით არ დაებანა. ამის შემდგომ წამოუვიდა სისხლი, იგრძნო ტკივილი და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაადეს ოთხი ნაკერი.
თავად ბრალდებულმა ს------------------მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოხატა სინანული მომხდარის გამო.
ბრალდებულ ს------------------ის ბრალეულ ქმედებას ადასტურებს ასევე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობა: ნ-----------–-–---–ის, ნ-----------–---–ის, გ---------------–-–---–ის, ზ--------------–---–ის, ბ----–--–-–---–ისა და ნ--------------–---–ის, რ-----------------–იას, ბრალდებულ ს------------------ის გამოკითხვის ოქმები, ს------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ს------------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ს------------------ის ტანსაცმელის ამოღების ოქმი და ამოღებული მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ტანსაცმელი, დანა, მოწითალო ფერის სისხლისამგავრი ლაქების ნიმუშები, ანაწმენდები, 2019 წლის 7 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულება (დაზარალებულის ჩვენება) ადასტურებენ ს------------------ის მიერ ა---------------ის მიმართ ძალადობრივი ქმედების ჩადენას. დაზარალებულ ა---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას ს------------------მა მიაყენა ჭრილობა, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული დადასტურებულია ასევე 2019 წლის 7 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N---------, რომლის თანახმადაც, ,,თ---–----------–-–-------------–------------------------------–------------------------–----“-ის პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჩანაწერების მიხედვით მოქ. ა---------------ე კლინიკაში მიყვანილია 31.01.2019 წელს 18:55 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით წინა მხრის ღია ჭრილობა. მოქ. ა---------------ის სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა წინა მხრის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა გაკერილი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ს-------------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ს------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ქმედებაში (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში); ბ) შედეგში (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ს------------------მა ა---------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც ს------------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
მოცემულ შემთხვევაში თავად ბრალდებულ ს------------------ის აღაირებით, დაზარალებულის და მოწმეების ჩვენებებით, აგრეთვე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, თბილისში, ე---------------–----------------ში მდებარე ა----------------ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, ს------------------მა ა----------------ეს მარჯვენა ხელზე იდაყვსა და მაჯის სახსარს შორის იდაყვათან ახლოს, ე.წ. ,,ბრიტვით“ მიაყენა ერთი ნაკვეთ-ნაფლეთოვანი სისხლმდენი ჭრილობა, რის შემდეგაც დატოვა მიმდებარე ტერიტორია. ს------------------მა აღნიშნული ქმედებით ა----------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
შესაბამისად საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ს------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოება არის მისი ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ს------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ს------------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს 6 თვემდე ვადით, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ს------------------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი განიცდის მომხდარ ფაქტს და ინანიებს.
იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ს------------------ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ს------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და მას დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ს------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ს------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 იანვრიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი დანა ქარქაშით, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად, დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ბრალდებულ ს------------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ბრალდებულ ს------------------ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუში დალუქული 1(ერთ) პაკეტად, ა---------------ისგან აღებული სისხლის ნიმუში დალუქული 1(ერთ) პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ქალის შარვალი, ქალის პლედი, მაისური და სვიტერი, ბრალდებულ ს------------------ისგან ამოღებული ტანსაცმელი (უსახელო ჟილეტი, ღია მოყავისფრო სვიტერი და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, 1(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, 1(ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც დალუქული სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე