განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003068830
საქმე №1/517-19 (№076050419001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ივლისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ვ--------------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ზ---------------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: წ---–--------------------------–----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი;
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზაზე „ჰონდა აკორდის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით R-------- ავტომობილის მართვისას ზ---------------მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად („მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ, ან გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით“) და მარჯვნიდან მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულების დროს აღნიშნული წესის დარღვევის შედეგად მის ავტომობილს შეეჯახა დ---------–---- მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლი სარეგისტრაციო ნომრით A------. შეჯახების შედეგად დ---------–---- თავის ტვინის შერყევის, ხერხემლის კისრის დაძაბულობისა და დაჭიმულობის, ნეკნების მოტეხილობისა და ფილტვის სხვა ტრავმების სახით მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ზ---------------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ დ---------–---- გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ზ---------------- და ე--------------–--- გამოკითხვის ოქმები, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა, ფოტო ტაბულა, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა N0-------- ზ---------------- მიმართ, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დ---------–---- მიმართ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დ---------–---- მიმართ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---------------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი;
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ---------------- შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------------ს უნდა განესაზღვროს - ჯარიმა. ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ეკონომიურ მდგომარეობას, ასევე მის პოზიციას და გამომდინარე აქედან, ზ---------------- მიმართ ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ზ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
ზ---------------- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
მოტოციკლი, სახელმწიფო ნომრით A------ და „ჰონდა აკორდის“ მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით R-------- - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური