გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2019
საქმის ნომერი
140310019003154646
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003154646

საქმე № 3/210-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: ნ------- ნ---------–---–ი

 

მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენლები: ზ------ კ------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 22 აპრილის № 205 განკარგულების ბათილად ცნობა.

 

1.2. კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში 1852 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ------- ნ---------–---–ის საკუთრებაში აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, ნ------- ნ---------–---–ის (პირ. № 0----------) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში 2007 წლამდე ფლობდა და სარგებლობდა 1852 მ2 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთით, რასაც დღემდე ფლობს, როგორც საკუთარს; მან მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ამ ფართის რეგისტრაცია, თუმცა, ვინაიდან არ გააჩნდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მასალები გადაიგზავნა კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში, რომელმაც უარი უთხრა ამ უფლების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილ ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებველი დანიშნულების შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის თანახმად შეისწავლა კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღნიშნული საკითხი და დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, ხოლო კომისია, კანონის შესაბამისად, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ორ შემთხვევაში აღიარებს პირის საკუთრებად თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში მდებარე 1852 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ნ------- ნ---------–---–ის მართლზომიერ მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწას და არც რაიმე შენობა-ნაგებობა არ არის განთავსებული მასზე

 

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, საჯარო რეესტრის 2018 წლის 6 დეკემბერს მომზადებული სიტუაციური ნახაზი.

 

3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2019 წლის 31 იანვრის მიმართვით გადაუგზავნა ნ------- ნ---------–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 იანვრის მიმართვა № 36192.

 

3.2.3. კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ნ------- ნ---------–---–ს 2019 წლის 22 აპრილის № 205 აქტით უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ ნ------- ნ---------–---–ის მიერ წარმოდგენილ, აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე არ არის განთავსებული საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.

 

მტკიცებულება: 2019 წლის 22 აპრილის განკარგულება.

 

3.2.4. საჯარო რეესტრის 2019 წლის 28 იანვრის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, სააგენტოში არსებული კასპის რაიონის ა---–---–--ის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის 1990 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ფართობს. დღეს არსებული მდგომარეობით, მიწის ნაკვეთის დანიშნულების და კატეგორიის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში დაცული არ არის.

 

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 28 იანვრის სამსახურებრივი ბარათი № 41805/17.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოდგენს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და არც საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა არ არის განთავსებული; კანონმდებლობით კი მხოლოდ ამ ორ შემთხვევაშია შესაძლებელი პირის საკუთრებად თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარება.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწისა.

 

დასახელებული ნორმის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა მხოლოდ 2 შემთხვევაში შეიძლება, გადაეცეს საკუთრებაში დაინტერესებულ პირს: 1. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე) უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2. თვითნებურად დაკავებული მიწა (2007 წლამდე) განთავსებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ამავე დროს ამ მიწის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ მიწის ფართობი, რომლის საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს ნ------- ნ---------–---–ი, არ ემიჯნება მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს.

 

ნ------- ნ---------–---–მა წარადგინა განაცხადი საჯარო რეესტრში და მოითხოვა ამ ნაკვეთიდან სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ნაკვეთისა და საერთო სარგებლობის გზის შემდეგ მდებარე მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა მისი მოთხოვნა საჯარო რეესტრის მიერ არ დაკმაყოფილდა.

 

ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, იმ მიწასა, რაზე მართლზომიერი მფლობელობის პრეტენზიასაც აცხადებს ნ------- ნ---------–---–ი, და თვითნებურად დაკავებულ მიწას შორის არსებობს სხვა პირის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი ნაკვეთი და საერთო სარგებლობის გზა (იხ. 2018 წლის 6 დეკემბრის სიტუაციური ნახაზი - ორთოფოტო); შესაბამისად, მიწის ფართობი, რომლის საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს ნ------- ნ---------–---–ი, არ ემიჯნება მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს, მასზე არც საცხოვრებელი სახლია (აშენებული ან დანგრეული) განთავსებული და არც არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა აშენებული არათუ 2007 წლამდე, არამედ დღეის მდგომარეობითაც კი.

 

თვით ნ------- ნ---------–---–ის განმარტებით, სადავო მიწა წარმოადგენდა მისი წინაპრების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს, თუმცა უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს არც მომიჯნავე მიწის ნაკვეთს და არც შენობა ნაგებობა არ არის მასზე აღმართული, მოპასუხის მიერ გამოცემული აქტი არის კანონიერი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ საქმის გამოკვლევა მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

 

ის ფაქტი, რომ კომისია არ გასულა ადგილზე და დათვალიერება უწარმოებია, ეს გარემოება ვერ გახდება სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაშიც იგივე შედეგი იქნებოდა მიღებული, რაც ამ აქტით დადგა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას კანონმდებლობის მოთხოვნების იმგვარი სახის დარღვევას, რაც გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, ადგილი არ ჰქონია.

 

აქედან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნ------- ნ---------–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ 2019 წლის 22 აპრილის № 205 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

1.2. ნ------- ნ---------–---–ის სარჩელი კასპის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოხდება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში 1852 მ2 ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნ------- ნ---------–---–ის საკუთრებაში აღიარება, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ------- ნ---------–---–ი გათავისუფლებულია სახელნწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი