განაჩენი

სისხლის სამართლის 17.09.2019
საქმის ნომერი
080100119002992438
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/396-19 (N 069130319002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ნ---- ზ---------ე

მამის სახელი: ბ-–---

დაბადების თარიღი: 2-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული-საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ოზურგეთი, სოფ. ნ---------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებული ო-–--- ს-----ე

მამის სახელი: რ---------

დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: წყალტუბო, სოფ. გ-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 13 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში მდებარე სახლში, ნ---- ზ---------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა ყოფილ მეუღლეზე - ო-–-- ს-----ეზე (სახეში გაარტყა ხელი). დაზარალებულემა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 19 აპრილს, ღამის საათებში, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში მდებარე სახლში, ო-–-- ს-----ემ იძალადა მეუღლეზე - ნ---- ზ---------ეზე (სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ხ------- უ----–--ის ჩვენებით - ნ---- ზ---------ე მისი შვილია, რომელიც დაახლოებით 9 წლის უკან დაქორწინდა ო-–-- ზ---------ეზე. 2018 წლის 20 აპრილს დაურეკა მისმა შვილმა - ნ---- ზ---------ემ და უთხრა, რომ მეუღლემ ო-–-- ს-----ემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა შვილების გამო არ მიმართა პოლიციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ხ------- უ----–--ის განმარტებით, მისი შვილის - ნ---- ზ---------ის მიმართ ო-–--- ს-----ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ხშირად შესწრებია, თუმცა ფიზიკური შეურაცხოფის ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა.

 

მოწმე ვ------- ა------ის ჩვენებით - 2008 წლიდან მუშაობს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. ოზურგეთის რაიონული განყოფილებიდან წყალტუბოს რაიონის გ-------ს პოლიციის განყოფილებაში ქვემდებარეობით გადმოიგზავნა სისხლის სამართლის საქმე ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელებული იყო ო-–--- ს-----ის მიერ მისი მეუღლის მიმართ. მოცემულ საქმეზე დამატებით იქნა მიღებული შეტყობინება 2019 წლის 13 მარტს ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ო-–-- ს-----ე და ნ---- ზ---------ე. ნ---- ზ---------ემ მიუთითა მაგიდაზე არსებულ დანაზე და განმარტა, რომ განახორციელა მეუღლის მიმართ ძალადობა, ასევე, ო-–-- ს-----ემაც განახორციელა ძალადობა მის მიმართ. შედგა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებულ იქნა ნივთები: დანა, დაზიანებული მობილური ტელეფონი და ნაჯახი, რომლებიც დაილუქა ადგილზე. ასევე, გამოკითხა სხვა მოწმეები.

 

ბრალდებულ ნ---- ზ---------ის ჩვენებით - ბრალდებული ო-–--- ს-----ე არის მისი ყოფილი მეუღლე. 2018 წლის 19 აპრილს მასთან ერთად იმყოფებოდა ნათესავის ნათლობაში, სადაც ო-–-- ს-----ემ დალია ალკოჰოლური სასმელი. უკან დაბრუნებისას, ო-–-- ს-----ე ეჭვიანობის ნიადაგზე გახდა აგრესიული და სახლში მისვლისას, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში, მიაყენა მას შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. ნ---- ზ---------ის განმარტებით, 2019 წლის 13 მარტს იმყოფებოდა ქ. თბილისში სამუშაოდ, როდესაც დაურეკა მას ყოფილმა მეუღლემ ო-–-- ს-----ემ და უთხრა, რომ ბავშვი იყო ავად და მიჰყავდა ექიმთან, რაზეც უპასუხა, რომ ბავშვი მარტო არ წაეყვანა, რადგან სამგზავრო ფულს იშოვიდა და ჩამოვიდოდა მეორე დღისთვის. ნ---- ზ---------ის განმარტებით, ო-–-- ს-----ემ უთხრა, რომ ,,არ ჩამოხვიდე თორემ დაგჩეხავო“. მიუხედავად აღნიშნულისა, ექიმთან ვიზიტის შემდეგ მივიდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ო-–-- ს-----ეს უთხრა, რომ აპირებდა ბავშვის წაყვანას, რაზეც იკამათეს. ო-–-- ს-----ემ ბავშვს გამოსტაცა ხელიდან ტანსაცემელი და ხმამაღლა უთხრა, რომ არსად არ მიდიოდა, რის გამოც ბავშვმა დაიწყო ტირილი. ნ---- ზ---------ის განმარტებით, აღნიშნულზე გაღიზიანდა და დანით მიაყენა დაზიანება ო-–-- ს-----ეს და ხელი დაარტყა სახეში, რის შემდეგაც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

ბრალდებულ ო-–-- ს-----ის ჩვენებით - განქორწინებამდე, მეუღლესთან - ნ---- ზ---------ესთან ერთად ცხოვრობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად კამათობდნენ, თუმცა მის მიერ ნ---- ზ---------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არასდროს ჰქონია ადგილი. 2019 წლის 13 მარტს დაურეკა მის ყოფილ მეუღლეს ნ---- ზამთრაძეს და უთხრა, რომ ბავშვი იყო ავად და მიჰყავდა ექიმთან, რაზეც ნ---- ზ---------ემ უპასუხა, რომ ბავშვი მარტო არ წაეყვანა, რადგან ფულს იშოვიდა და ჩამოვიდოდა თბილისიდან. მეორე დღეს, ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში მდებარე სახლში, სადაც ნ---- ზ---------ემ უთხრა, რომ აპირებდა ბავშვის წაყვანას, რაზეც იკამათეს. ნ---- ზ---------ემ აიღო დანა და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შემდეგაც ნ---- ზ---------ემ თვითონვე დარეკა პოლიციაში.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში მითითებულია, რომ შეტყობინების ინიციატორის ნ---- ზ---------ის განმარტების თანახმად, 2019 წლის 13 მარტს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში, ო-–--- ს-----ის ოჯახში განხორციელდა ძალადობა მის მიმართ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში, ო-–-- ს-----ის საცხოვრებელ სახლში არსებულ მისაღებ ოთახში, სადაც შესასვლელია ხის ერთფრთიანი კარის საშუალებით. ოთახში იატაკზე მოგებულია მეტლახი. კედლები თეთრად არის შეღებილი, ხოლო ჭერზე აკრულია კრემისფერი პლასტიკატი. ოთახს მარცხენა მხარეს აქვს ორი ხის ფანჯარა. ოთახის მარჯვენა მხარეს კედელთან დგას დიდი ზომის სავარძელი ე.წ. "დივანი". მის შემდეგ ხის მცირე ზომის კარადა. კარის საპირისპირო მხარეს კედელში არის ხის ორფრთიანი კარები, რომელიც დახურულ მდგომარეობაშია. კარების მარცხნივ ხის მცირე ზომის კარადაზე დგას შავი ფერის ტელევიზორი. ოთახის მარცხენა მხარეს ფანჯარასთან მიდგმულია საშუალო ზომის ხის მაგიდა, რომელზეც ჭრელი გადასაფარებელია გადაფარებული. მაგიდასთან დგას ორი ლითონის სკამი. მაგიდაზე დალაგებულია ერთი ცალი მინის ჭიქა, ერთი ცალი რვეული, ერთი ცალი ხისტარიანი ნაჯახი, ერთი ცალი ლურჯტარიანი სამზარეულო დანა და ერთი ცალი მოშავო ფერის "აიფონი"-ს მარკის გატეხილი ტელეფონის აპარატი. ნ---- ზ---------ისა და ო-–--- ს-----ის მითითებით ისინი მაგიდაზე დაწყობილი დანისა და ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მობილური ტელეფონი იატაკზე დარტყმით დააზიანა ნ---- ზ---------ემ. ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ ამოღებულ იქნა შესაბამისი წესით ხისტარიანი ნაჯახი, რაც დაილუქა FCI457632 პაკეტში, ამოღებულ იქნა ლურჯტარიანი დანა, რაც დაილუქა FCD1306047 პაკეტში. ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონის მოშავო ფერის "აიფონი"-ს მარკის აპარატი დაზიანებულ მდგომარეობაში, რაც დაილუქა FCD763092 პაკეტში. ო-–--- ს-----ემ განმარტა, რომ როდესაც მისი მეუღლე დანით ემუქრებოდა მან თავდაცვის მიზნით იქვე ოთახში დადებული ნაჯახი აიღო და მაღლა ასწია, რა დროსაც ნაჯახის წვერი ჭერის პლასტიკატში შეერჭო. მან მიუთითა ჭერში დაახლოებით სამი სანტიმეტრი სიგრძის ჭრილზე პლასტიკატში. აღნიშნულით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი თვითმხილველ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება ნ---- ზ---------ის მიერ ო-–-- ს-----ისთვის და ასევე, ო-–-- ი-----ის მიერ ნ---- ზ---------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ზ---------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ხოლო ო-–-- ს-----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ---- ზ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს ჩადენილ ქმედებას.

4.2. ო-–-- ს-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.

4.3. ნ---- ზ---------ის და ო-–-- ს-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ი-ს 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:

 

1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

 

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნ---- ზ---------ე და ო-–-- ს-----ე არ არიან ნასამართლევი პირები და ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, ჰყავთ ორი არასრუწლოვანი შვილი, ნ---- ზ---------ე აღიარებს ჩადენილ ქმედებას, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ზ---------ის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით, ხოლო ო-–-- ს-----ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ---- ზ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

ო-–--- ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ---- ზ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ო-–--- ს-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

ნ---- ზ---------ის და ო-–--- ს-----ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა და ცული, რომელიც ინახება გამოძიების მწარმოებელ ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი