გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3039800-2/370-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - ნ-----–---------–-------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------------–---–ი
მოპასუხე - ა----–--------------
წარმომადგენელი - ი--------------–---–-
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2--- წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1---------).
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელეს მოპასუხისაგან 2--- წლის იანვარი-მარტი-აპრილის პერიოდში ჯამში ნასესხები აქვს 5000 აშშ დოლარი.
მოპასუხისათვის 2--- წლის ნოემბრის ბოლომდე ნაწილ-ნაწილ გადახდილი აქვს 6300 აშშ დოლარი, რომელსაც იგი უკანონოდ მიიჩნევდა სესხის პროცენტად.
მოპასუხე ა----–--------------მ მუქარის, შანტაჟის, შეურაცხყოფის და იძულების ფონზე 2--- წლის 13 ნოემბერს გააფრომებინა მოსარჩელეს სანოტარო აქტი ვალის აღიარების შესახებ, იმ ვალის რომელზეც მეტი უკვე გადახდილი ჰქონდა.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ა----–--------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სანოტარო აქტი შედგენილია კანონის სრული დაცვით, თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ყოველგვარი იძულებისა და შანტაჟის გარეშე. ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელეს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ-----–---------–-------–-–---–მა მოპასუხე ა----–--------------საგან ისესხი 5000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-სარჩელი(იხ.სფ.5).
- შესაგებელი(იხ.სფ.32).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.სას.სხ.ოქმის Cd. დისკი).
3.1.2. 2--- წლის 13 ნოემბერს ნ-----–---------–-------–-–---–ს და ა----–--------------ს შორის გაფრომდა ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტი, რომლითაც ნ-----–---------–-------–-–---–მა აღიარა, რომ აქვს ა----–--------------ს ვალი 1---0 ლარის ოდნეობით. აღნიშნული გარიგება დამოწმდა სანოტარო წესით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-18.11.2---წ. ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტი (იხ.სფ. 18).
3.1.3. 2019 წლის 6 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით მიმართა ნ-----–---------–-------–-–---–ს და მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 05.02.2019წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ნ-----–---------–-------–-–---–ს ა----–--------------ს სასარგბელოდ დაეკისრა 13858 ლარის გადახდა. ნ-----–---------–-------–-–---–ს მიეცა წიანდადება ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში გადაიხადოს დაკისრებული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.02.2019წ. წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს/ფ 19-25);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ნ-----–---------–-------–-–---–ის მიერ ა----–--------------ს მიმართ არსებული სასესხო დავალიანება შესრულებულია.
სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
მოსარჩელე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ მას ფულადი ვალდებულება შესრულებული აქვს. კრედიტორი კი, უარყოფს მისგან რაიმე თანხის მიღებას. განსახილველ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება. სესხის დაბრუნების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმეები. მოწმე მ------------–-–---–მა განმარტა, რომ გამოიტანა სესხი და გადასცა მოსარჩელეს, რათა მას ვალი უნდა გადაეხადა ა----–--------------სათვის. თანხის გადაცემის ფაქტს იგი არ შესწრებია. მოწმე თ-------------მ განმარტა, რომ სესხად აიღო 2000 ლარი, რომელიც გადასცა ნ-----–---------–-------–-–---–ს, რათა მას ა----–--------------სათვის გადაეხადა ვალი. თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია. მოწმე ი---------------ს განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს ვალი ჰქონდა აღებული მოპასუხისაგან. მოსარჩელემ მას გადასცა 1980 ლარი, რომელიც მისცა ა----–--------------ს. ხოლო მოწმე ნ-----------–---–-ა განმარტა, რომ მოსარჩელის დავალებით ა----–--------------ს გადასცა 250 აშშ დოლარი. მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელეს ასესხა თანხა, რათა დაეფარა მოპასუხის ვალი. თანხის გადაცემის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ისინი თანხის დაბრუნების ფაქტის დასადასტურებლად ვერ გამოდგება, კერძოდ მოწმე მ------------–-–---–ი და თ------------- განმარტავენ, რომ მოსარჩელისათვის სესხად აიღეს გარკვეული თანხა, რათა მას ა----–--------------სათვის დაებრუნებინა ვალი, თუმცა უშუალოდ თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტს არ შესწრებიან. მოწმე ი--------------ე და ნ-----------–---–ი განმარტავენ, რომ ა----–--------------ს მოსარჩელის დავალებით გადასცეს გარკვეული ოდენობის თანხა, თუმცა გადაცემის მომენტში არ ყოფილა დაფიქსირებული კონრეტულად რა თანხას აძლევდნენ მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თანხის დაბრუნების შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასატურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, საკმარის მტკიცებულებად ვერ შეფასდება. სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მოწმეთა ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდა სადავო ფაქტს. სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ამდენად, ნასესხები ფულადი თანხის გამსესეხებლისათვის დაბრუნების ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ზემოხსენებული პირისთვის მხოლოდ თანხის ხელიდან ხელში გადაცემაზე მითითება არ ქმნის სადავო ფაქტობრივი გარემოების დადსტურების საფუძველს.
ამდენად, მოსარჩელეს სასესხო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სესხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოწმეთა ჩვენებები, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებით დაუშვებელია სესხის დაბრუნების, ანუ ვალდებულების შესრულების, ფაქტობრივი გარემოების დადგენა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა (სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015).
ამდენად, სადავო ფაქტის დასადასტურებლად შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მოპასუხის მიმართ სესხის ძირითადი თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
3.2.2. სასმართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, 2--- წლის 13 ნოემბერს ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტის გაფორმების დროს ნ-----–---------–-------–-–---–ის მიერ ნების გამოვლენისას იძულებას ჰქონდა ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქმეში წარმოდგენილია 2--- წლის 13 ნოემბრის ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტი, რომელიც დადებულია მოსარჩელე ნ-----–---------–-------–-–---–ს და მოპასუხე ა----–--------------ს შორის, რომლითაც ნ-----–---------–-------–-–---–ი აღიარებს, რომ ნამდვილად აქვს ა----–--------------ს ვალი 1---0 ლარი.
მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მსესხებლის (მოსარჩელის) ნების ნაკლის გამო აღნიშნული გარიგება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მოპასუხე ახდენდა მასზე ზეწოლას, ემუქრებოდა და იძლებული იყო დაედო სადავო გარიგება. ფაქტის დასადასტურებლად, რომ ნ-----–---------–-------–-–---–ი იმყოფებოდა ზეწოლის ქვეშ და მის მიერ ნების გამოვლენისას ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან იძულებას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც განმარტეს, რომ ნ-----–---------–-------–-–---–ი 2--- წლის დეკემბრის თვეში იმყოფებოდა უჩვეულო მდგომარეობაში, ჩაიკეტა და თავის თავს არ გავდა. უცნაურად იქცეოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–---------–-------–-–---–ის მიერ ნების გამოვლენისას იძულებას ჰქონდა ადგილი. სასამართლომ განმარტავს: ის გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც მოწმეება განმარტეს ,,იქცეოდა უცნაურად’’ და ,,თავის თავს არ გავდა’’, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარიგების დადების მომენტში მას არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა. საქმეზე მოწმის სახით ასევე დაკითხული იქნა ნოტარიური, რომელმაც განმარტა, რომ გარიგების დადები დროს უჩვეულო არაფერი შეუმჩნევია, მხარეებმა გამოხატეს თავიანთი ნება. მოსარჩელე უთითებს, რომ ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების დადების დროისათვის ვალდებულება სრულად ჰქონდა შესრულებული, თუმცა მოპასუხე მას ემუქრებოდა, რის გამოც იძულებული იყო დაედო სადავო გარიგება. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუკი მსესხებელს (მოსარჩელე) ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, რატომ დადებდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას შესრულებული ვალდებულების აღიარებისათვის, და მით უფრო რატომ გააკეთებდა აღნიშნულს იძულებით.
მართლია რთულია პირდაპირი მტკიცებულების წარდგენა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, გარემოებათა ერთობლიობა უნდა ბადებდეს სასამართლოსათვის გონივრულ ეჭვს, რომ ნების თავისუფლების პირობებში პირი ამ შინაარსის შეთანხმებას არ გააფორმებდა, ამასთანავე, კონტრაჰენტი - ნ-----–---------–-------–-–---–ი, რომელიც ამტკიცებს, რომ მის მიმართ განხორციელდა იძულება კონკრეტულად უნდა გადმოსცემდეს ფატებს, თუ რა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდა ადგილი მისი ან მისი ახლობლის მიმართ, რატომ იყო ეს ქმედება რეალური ხასიათის და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება არ მოიპოვება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნ-----–---------–-------–-–---–ის ნების გამოვლენის დროს იძულებას ჰქოდნა ადგილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–---------–-------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 85-ე, 429-ე, 623-ე, 624-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება.
ამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა რომ ნ-----–---------–-------–-–---–ს და ა----–--------------ს შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.
მსესხებლის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოსარჩელეს). ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვადლებულება, არამედ იმას, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად. იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგებნას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად ალბათობით დაადასტურებენ სადავო ფაქტს (მაგალითად უშუალოდ კრედიტორის წეილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა.) ამდენად, სასესხო ვალდებლებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (სსკ-ის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალუ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. [სუსგ Nას-872-830-2013 17/10/2014წ.].
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
განსახილველი დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ყურადღება გამახვილებულია იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ზეპირი სესხის ხელშეკრულებას, ასევე, ამ რისკებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.
როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია გამსესხებელს, ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი - მოსარჩელეს (მსესხებელს). ამ ნორმაში,ზუსტად ამ მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგანში შემავალი სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებული ფაქტების დადასტურების თავისებურებაზეა გამახვილებული ყურადღება.
განსახილველი დანაწესი (სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება) ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.
ამდენად, სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე, უფლება-ვალდებულებები (და არა მხოლოდ გამსესხებლის უფლება) მათ შორის, სესხის შესრულების ვალდებულება, არ შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით თუ ის ზეპირი ფორმითაა დადებული.
განსახილველი ნორმის მიზანია სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ ნორმით მოცემული მიზნის შეზღუდვა, მხოლოდ კრედიტორის უფლების დადგენის ნაწილში არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სასესხო ურთიერთობის მონაწილეებს, რაც დაუშვებელია მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, დათქმა, რომლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვრცელდება, ასევე სასესხო ვალდებულების შესრულების ინსტიტუტზეც.
ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე, მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს.), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (სუსგ №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რაც არასაკმარისი მტკიცებულებაა მოსარჩელის მიეე მითიტებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად.
სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრვი მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს , რომ მის პიროვენბას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
იძულებით დადებული გარიგება წარმოადგენს საცილო გარიგებას. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ გარიგება დადებულია მხოლოდ იძულების წყალობით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფლაი ნების აშკარა მოდრეკას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ (2.03.2017წ. Nას-664-635-2016 გადაწყვეტილება) განმარტა: ,,იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა: ,,სამოქალაქო კოდექსის 85-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს. (სუსგ Nას-89-83-2015, 23.10.2015წ.)
სასამართლო განმარტავს, რომ იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობით ან მუქარით. ძალადობა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ იძლებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, გამოავლინოს სხვისი ნების შესატყვისი ნება. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე, რომელიც აფიქრებინეს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 13 ნოემბერს ნ-----–---------–-------–-–---–ს და ა----–--------------ს შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ სანოტარო აქტი, რომლითაც ნ-----–---------–-------–-–---–მა აღიარა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ ის, რომ აქვს ა----–--------------ს ვალი 1---0 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარიგება დამოწმდა სანოტარო წესით. მოსარჩელე ნ-----–---------–-------–-–---–ი ითხოვს სადავო გარიგების ბათილად ცნობას და უთითებს, რომ მოპასუხე მასზე ახორციელებდა მუქარას, რის გამოც იძულებული იყო დაედო გარიგება, თუმცა მოსარჩელეს არ მიუთიებია ისეთ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ გარიგება დაიდო იძულების და მუქარის საფუძველზე და რომ მისი გარეგნულად გამოვლენილი ნება არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება არც მუქარის და არც იძულების ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი, განმაპირობებელი ფაქტორია სსკ-ის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-----–---------–-------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული NAA19012929 სააღსრულებო წარმოების და უძრავი ქონების რეალიზაციის შეჩერების თაობაზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია