განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2060-19 (№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------- ჩ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ-------- მ--------ას ძე ო---------ი - დაბადებული 1--- წლის 19------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-------------–---------------------------–------------ში
ადვოკატი - კ------- ჩ-------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები
თარჯიმანი - ვ-----–- მ-----------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
შ-------- ო---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ,,კოდეინის“ (ფუძე) 1.66 გრამის ოდენობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინის“ (ფუძე) 2.365 გრამის ოდენობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,თებაინი“ 1.074 გრამის ოდენობით, რასაც 2019 წლის 4 აპრილს უკანონოდ, ორ პაკეტად დაფასოებულს ინახავდა პირადად - ქ.თბილისი, გ---–-------------ში მდებარე სასტუმრო ,,-----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (ბრალდებულ გამოკითხვის ოქმი, მისი პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნა, მოწმეების გამოკითხვის ოქმები და სხვ.) ერთობლიობა შ-------- ო---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ-------- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. შ-------- ო---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება.
3.2. შ-------- ო---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებების სახეობას, აგრეთვე ბრალდებულის ასაკსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება შ-------- ო---------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, შ-------- ო---------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდებულ შ-------- ო---------ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ, განჩინებით თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას - მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ალ.გეჯაძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 2019 წლის 21 ივნისის დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, არსებული დაავადებების (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი) ხასიათის, მათი თანაარსებობის და მოსალოდნელი გართულებების მხედველობაში მიღებით, ბრალდებული შ-------- ო---------ი ქრონიკული და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია, სრული განკურნების პერსპექტივის გარეშე. ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, ჩასატარებელი ხანგრძლივი სამკურნალო ღონისძიებების და დიაგნოსტიკური კვლევების გათვალისწინებით, იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) ნეგატიურად იმოქმედებს შ-------- ო---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. მოწმის ჩვენების თანახმად, ტერმინი „პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი“ განსხვავდება ტერმინ „მძიმე ავადმყოფისაგან“ და მიუთითებს შესაძლო გართულებების შედეგად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების პოტენციურ საფრთხეზე.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, N8-ე პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ გაცემული 2019 წლის 27 სექტემბრის ცნობის თანახმად, ბრალდებულ შ-------- ო---------ის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პოსტოპერაციული ჭრილობა შეხორცებულია, სისხლში გლუკოზის დონე მკურნალობის ფონზე - ნორმის ფარგლებშია. პაციენტი იმყოფება პირველადი ჯანდაცვის გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ, ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა, რომლის განხორციელება შესაძლებელია N8-ე საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.
იმის გათვალისწინებით, რომ შ-------- ო---------ი პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია და მისი ამბულატორიული მკურნალობა შესაძლებელია N8-ე საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შ-------- ო---------ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ-------- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ-------- ო---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აპრილიდან.
შ-------- ო---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
შ-------- ო---------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და შ.ო---------ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შ.ო---------ის პირადი ნივთები: გასაღებები და ბრელოკი, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ფულადი თანხა და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია