გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.09.2019
საქმის ნომერი
140210019003023500
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
02.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210019003023500

საქმე №2/766-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - ტ-----------–--–ი (მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

მოპასუხე - ნ----------–-–---–ი(მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი - ტ-------------ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 07.12.2018 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი №181489923.

 

მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის მითითებით 2018 წლის 21 ივნისს ტ-----------–--–სა და ნ----------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოპასუხეს ტ-----------–--–ისათვის თანხა უნდა გადაეცა ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ნ----------–-–---–ი გადასცემდა ტ-----------–--–ს სესხის თანხას 27 000 ლარს, მაგრამ ტ-----------–--–ისათვის ეს თანხა ნ----------–-–---–ს არ გადაუცია, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 27 000 ლარის მისთვის გადაცემის დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, ტ-----------–--–ს ნ----------–-–---–ისათვის თანხა არ აქვს დასაბრუნებელი, თუმცა 07.12.2018 წელს ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ გაცემული №181489923 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომლის თანახმად კრედიტორი არის ნ----------–-–---–ი, ხოლო მოვალე - ტ-----------–--–ი, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ტ-----------–--–ს ნ----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 31 824.72 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 27 000 ლარი, 5 თვის სარგებელი - 4 698 ლარი, ხოლო სააღსრულებო ხარჯები - 126.72 ლარი.

 

2. მოპასუხის შესაგებელი.

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის 21 ივნისს ტ-----------–--–მა მისგან ისესხა 27 000 ლარი ყოველთვიური 3,48% სარგებლით, რაზედაც ნოტარიუსის მიერ გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტ-----------–--–ის უძრავი ქონება მდებარე გ--------–-------------------, ს/კ: №6--0--0--06--0-----. ტ-----------–--–ს თანხა გადაეცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე. მოსარჩელეს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, თუმცა მას სარგებელი არ გადაუხდია გარდა ნახევარი თვისა, რის გამოც ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოება არ გამოვლენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 21 ივნისს ტ-----------–--–სა და ნ----------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 6 თვის ვადით, თვეში 3.48%-ის გადახდის პირობით, მოსარჩელემ მოპასუხისგან ისესხა 27 000 ლარი, ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ გამსესხებელმა მსესხებელს 27 000 ლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე (ხელშეკრულების მე-2 მუხლი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.2. როგორც სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღინიშნა სარგებელი იპოთეკარისთვის უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 21 რიცხვში ნაღდი ანგარიშსწორებით და ყოველი თანხის გადაცემაზე მხარეებს ურთიერთშორის უნდა გაეფორმებინათ მიღება-ჩაბარების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. 2018 წლის 21 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ტ-----------–--–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ--------–-------------------- საკადასტრო კოდით: №6--0--0--06--0--5---

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 21 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.2.4. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2019 წლის 18 თებერვალს მოვალეს, ტ-----------–--–ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 31824.72 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 18 თებერვლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ

3.2.5. მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა ნ----------–-–---–ის მიერ მისთვის 2018 წლის 21 ივნისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის მისთვის გადაცემის ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად, მოსარჩელეს სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაზე უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.3. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 21 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

6.7. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალე (მოსარჩელე) სადავოდ ხდის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული დავალიანების არსებობას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი ენდობოდა კრედოტორს, რომელმაც უთხრა, რომ სესხის თანხას გადასცემდა საჯარო რეესტში ხელშეკრულების დარეგისტრირების შემდეგ, თუმცა მას თანხა არ მიუღია, შესაბამისად, თანხის გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა და ვინაიდან მას სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია, აღნიშნული თანხის დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია.

 

აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102.1 მუხლებში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს მის მიერ სარჩელში მითითებულ სასარჩელო მოთხოვნა თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყაროს, ასევე თითოეულმა მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს გარემოებანი რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. შესაბამისდ, იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ კრედიტორმა მსესხებელს გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ეკისრება თავად კრედიტორს, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილია თავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მეორე მუხლში მითითებულია, რომ თავად მხარეთა განცხადებით გამსესხებელმა მსესხებელს 27 000 ლარი გადასცა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებამდე. აღნიშნული ჩანაწერს სასამართლო მიიჩნევს იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც საკმარისია კრედიტორის მხრიდან მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეებმა თავად აირჩიეს კანით გათვალისწინებული გარიგების რთული, სანოტარო ფორმა, რა დროსაც ნოტარიუსმა დაადგინა მხარეთა ნების გამოხატვის ნამდვილობა, რის შემდეგაც შეადგინა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წაუკითხა მხარეებს, განუმარტა მათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის სამართლებრივი შედეგები, მათ წაიკითხეს ხელშეკრულება და განაცხადეს, რომ იგი შეესაბამება მათ ნებას და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას (იხ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება).

 

რაც შეეხება მოსარჩემის განმარტებას მხარეებს შორის თანხის გადაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვალდებულებაზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ვალდებულება მხარეებმა ხელშეკრულების მე-3 მუხლში გაითვალისწინეს, რომელიც შეეხება სესხის წესსა და პირობებს და რომლითაც დარეგულირებულია მსესხებლის მხრიდან კრედიტორისათვის სარგებლის გადახდის წესი.

 

ამდენად, მხოლოდ მოსარჩელის, (მსესხებლის) ზეპირი განმარტება, რომ მას სესხის თანხა არ გადასცემია, სასამართლოსთვის სარწმუნო ვერ იქნება თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს თავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საკითხი მას შემდეგ, რაც მისი ქონება იპოთეკით დაიტვირთა, არ დაუყენებია მის მიერ მითითებული გარემოებებზე დაყრდნობით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების კანონიერებაზე მხარეები არ დავობენ, ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის საფუძველიც არ არსებობს.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

7.1. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინებით (საქმე № 12/25-19) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 07.12.2018 წელს გაცემული №181489923 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე №A19012028 სააღსრულებო წარმოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულება განახლდეს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძლაში შესვლის თანავე.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ტ-----------–--–ის მოთხოვნა ნ----------–-–---–ის მიმართ, ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 07.12.2018 წელს გაცემული №181489923 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 955 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინებით (საქმე № 12/25-19) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 07.12.2018 წელს გაცემული №181489923 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე №A19012028 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი