გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.09.2019
საქმის ნომერი
140310018002369594
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002369594,№ 140310019003060098

საქმე № 3/65-18, № 3/155-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: ნ---- შ--–-–---–ი

წარმომადგენელი: ნ---- მ------–---–-

 

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–-

 

მესამე პირი: მ--–---- პ-----ე

წარმომადგენელი: რ----- გ-----–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის შეთანხმების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 18 ოქტომბრის № 711-ს ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 ოქტომბრის № 735-ს ბრძანებისა და 2017 წლის 18 ოქტომბრის № 67 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.

 

1.3. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 მარტის № 1974 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, გორში, ს----–---–ის ქ. № 33-ში მდებარეობს ნ---- შ--–-–---–ის (პირ. № 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - სახლი და მიწის ნაკვეთი; 1990-1992 წლებში მიმდინარეობდა მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომლის პარალელურადაც შენდებოდა სახლი მის მოსაზღვრედ, გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

 

მისი სახლის მშენებლობა დასრულდა 1993 წელს, ხოლო მოსაზღვრე სახლისა შეჩერდა 2012 წლამდე - ამოყვანილ იქნა მხოლოდ საძირკველი საძირკვლის ბლოკით.

 

ამ პერიოდის განმავლობაში ნალექი ჩადიოდა მის საძირკველში და აზიანებდა მას.

 

გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მშენებარე საძირკვლით, შეიძინა შპს ,,დ--------"-მა, რომლის სახელზეც გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაიცა მშენებლობის ნებართვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტად გადაკეთების თაობაზე, რაც არ ითვალისწინებდა წყალსარინ სისტემას; მშენებლობის დროს არსებული საძირკვლის ბლოკი მას არ შეუცვლია, მხოლოდ ნ---- შ--–-–---–ის კუთვნილი სახლის მომიჯნავედ განლაგებული საძირკვლის ბლოკი ამოიღო, ჩაასხა ბეტონის რიგელი, რაც მიადგა ნ---- შ--–-–---–ის საყრდენ კედელს და ასე გააგრძელა მშენებლობა; საძირკვლის ბლოკის ამოღების შემდეგ სახლსა და მშენებარე ობიექტს შორის აღარ არსებობდა დაშორება, და რადგან არ იყო მოწყობილი წყალსარინი, ამან გამოიწვია თოვლისა და წვიმის შედინება სახლში, დაზიანდა სახლის კედლები; ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია შეპირდა, რომ მოხდებოდა პროექტის რეკონსტრუქცია, რაც არ შესრულდა.

 

შემდგომში მშენებლობა კვლავ შეჩერდა და განახლდა 2017 წელს, ამჯერად ახალი მესაკუთრის - მ--–---- პ-----ის (პირ. № 5----------) სახელზე; მასზე მშენებლობის ნებართვა გაიცა იმგვარდ, რომ, ერთსართულიანი შენობის ნაცვლად, უნდა მომხდარიყო დამატებით ორი სართულისა და მანსარდის დაშენება.

 

აღნიშნული მშენებლობის ნებართვა გაიცა ნ---- შ--–-–---–ის თანხმობის გარეშე; მშენებლობის პროექტს თან არ ერთვოდა გეოდეზიური, სეისმოლოგიური და სხვა ექსპერტიზის დასკვნები.

 

ამ მშენებლობის გამო მას სახლში ნალექი შეუვიდა ამჯერად სახურავიდან და დაზიანდა როგორც ჭერი, ასევე სახურავი, ჭერზე განთავსებულ ნათურებში ჩავიდა წყალი.

 

მშენებლობის ნებართვების გაცემისას არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების საკითხები, წყალსარინი სისტემა; მშენებარე ობიექტის კედელი შესულია ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში შემავალ სივრცეში; ამავე დროს, არ მომხდარა სახლისა და მშენებარე ობიექტის საძირკვლების მდგრადობის შემოწმება, რის გამოც დაიწია სახლის საძირკველმა, იბზარება კედლები.

 

მომიჯნავე ნაკვეთებზე მიმდინარე მშენებლობის უარყოფითი გავლენა მშენებლობის დაწყებამდე საექსპერტო შეფასებით განსაზღვრული და დადგენილი არ ყოფილა; მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა; მშენებლობის დამკვეთს არ უცდია მსგავსი კვლევის ჩატარებით გამოთქმული ეჭვების და ვარაუდების გამორიცხვა, რაც პირდაპირ ლახავს მოსარჩელის ინტერესს და ზრდის მისთვის მიყენებული ზიანის საფრთხეს.

 

მოპასუხემ ასევე უკანონოდ მიიღო ექსპლუატაციაში სადავო ობიექტი, რომელიც აშენდა ისედაც უკანონო პროექტის დარღვევით.

 

გასაჩივრებული აქტების გამოცემა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და მესამე პირმა - მ--–---- პ-----ემ სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტებით და ნაწარმოები მშენებლობით მოსარჩელეს რაიმე სახის ზიანი არ ადგება; მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის მომიჯნავე მეზობლის თანხმობა კანონმდებლობით არ მოითხოვება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მშენებლობადამთავრებული სასტუმროს დოკუმენტაციის პროექტი არ შეესაბამება მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ პირობებს; ექსპლუატაციაში მიღებამდე მ--–---- პ-----ემ წარადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსპექტირების სერთიფიკატი, საგამოცდო ლაბორატორიის დასკვნა ,,დამიწების კონტურისა და წრედების პარამენტრბის თაობაზე", დასკვნა შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ და განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები. მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა საბოლოო შემოწმება შენობა-ნაგებობის დათვალიერებით და დადგენილი იქნა მშენებლობის დოკუმენტებთან შესაბამისობა

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გორში, ს----–---–ის ქ. № 33-ში მდებარე უძრავი ქონება - 400 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 263,40 მ2 შენობა-ნაგებობა (საცხოვრებელი სახლი) ირიცხება ნ---- შ--–-–---–ის სახელზე № 6--4--0--0-- საკადასტრო კოდით;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 102).

 

3.2.2. მის მოსაზღვრედ, გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე უძრავი ქონება - 825 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი № 6--4--0--2-- საკადასტრო კოდით ირიცხება მ--–---- პ-----ის სახელზე (წინა კოდები 6--4--0--2-- და 6--4--0--0--);

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 2, ს. ფ. 87).

 

3.2.3. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის ბრძანებით შეთანხმებული იქნა შპს ,,დ--------"-ის საკუთრებაში არსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტად გადაკეთება) არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტი იმავე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 6--4--0--0--), რაც შემდგომში მ--–---- პ-----ის საკუთრება გახდა;

 

მტკიცებულება: მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტად გადაკეთების პროექტი (ტომი 2, ს. ფ. 59-63), გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ნოემბრის № 1-568 ბრძანება (ტომი 2, ს. ფ. 71).

 

3.2.4. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის № 1-772 ბრძანების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ 2012 წლის 7 ნოემბერს შპს ,,დ--------"-ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა № 69 მითითებული ობიექტის ასაშენებლად, რომლის მოქმედების ვადაც გაგრძელდა 2013 წლის 7 სექტემბრამდე;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 19 ოქტომბრის № 1-772 ბრძანება (ტომი 2, ს. ფ. 81), გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 2012 წლის 7 ნოემბრის № 69 მშენებლობის ნებართვა და ვადის გაგრძელება (ტომი 2, ს. ფ. 74-78).

 

3.2.5. ინდ. მეწარმე ნ--–- ჩ----ის მიერ 2015 წლის 25 მაისს გაცემული იქნა დასკვნა ქ. გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე შპს ,,დ--------"-ის მშენებარე ერთსართულიანი შენობის კონსტრუქციული მდგრადობისა და დამატებით ორი სართულისა და მანსარდის დაშენების შესაძლებლობის შესახებ;

 

მტკიცებულება: დასკვნა (ტომი 2, ს. ფ. 68-70).

 

3.2.6. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 9 ივლისის ბრძანებით შეთანხმებული იქნა შპს ,,დ--------"-ის საკუთრებაში არსებული მშენებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტად გადაკეთება) არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტი იმავე მიწის ნაკვეთზე;

 

მტკიცებულება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 9 ივლისის № 1-395 ბრძანება (ტომი 2, ს. ფ. 80).

 

3.2.7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კვლავ გაიცა (გაგრძელდა) მშენებლობის ნებართვა მითითებული ობიექტის ასაშენებლად, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2016 წლის 9 მაისამდე;

 

მტკიცებულება: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის 2015 წლის 9 ივლისის № 33 მშენებლობის ნებართვა (ტომი 2, ს. ფ. 79).

 

3.2.8. დ--------------–------------------------------------–---ის მიერ 2015 წლის 26 ივნისს გაცემული იქნა დასკვნა, რომლის თანახმადაც გორში, ს----–---–ის ქ. № 33-ში მდებარე, ნ---- ს----–---–ის კუთვნილი შენობის (საკადასტრო კოდი 6--4--0--0--) მზიდი კედელი დაზიანებულია მომიჯნავე მშენებარე საცხოვრებელი სახლიდან ჩანადენი ნალექების (წვიმა, თოვლი) შედეგად, კედელზე შეიმჩნევა ორმხრივი ბზარები. აღნიშნული დაზიანებები მოითხოვს აღდგენას. დაზიანებიდან გამომდინარე, ზარალი სავარაუდოდ შეადგენს 302 ლარს;

 

მტკიცებულება: დ--------------–------------------------------------–---ის 2015 წლის 26 ივნისის № 2/0029 დასკვნა (ტომი 2, ს. ფ. 237-240).

 

3.2.9. საპროექტო ორგანიზაცია შპს ,,ო-–-----ს" მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული იქნა № 12/01 საექსპერტო დასკვნა ქ. გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე მ--–---- პ-----ის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში მდებარე სასტუმროს მშენებლობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შესახებ;

 

მტკიცებულება: საექსპერტო დასკვნა (ტომი 2, ს. ფ. 64-67).

 

3.2.10. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 18 ოქტომბრის № 711-ს ბრძანებით მოხდა მ--–---- პ-----ის სასტუმროს მშენებლობის არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის კორექტირებული პროექტის შეთანხმება მერიასთან, ხოლო 2017 წლის 20 ოქტომბრის № 735-ს ბრძანებით მასზე გაიცა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა № 67;

 

მტკიცებულება: კორექტირებული პროექტი (ტომი 2, ს. ფ. 21-58), გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 18 ოქტომბრის № 711-ს და 2017 წლის 20 ოქტომბრის № 735-ს ბრძანებები (ტომი 2, ს. ფ. 84-85), მშენებლობის ნებართვა № 67 (ტომი 2, ს. ფ. 72-73).

 

3.2.11. მშენებლობის ნებართვაში ნებართვის გაცემის საფუძვლად შეცდომით მითითებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 ოქტომბრის № 735-ს ბრძანების, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი - 18 ოქტომბერი;

 

მტკიცებულება: მშენებლობის ნებართვა № 67 (ტომი 2, ს. ფ. 72).

 

3.2.12. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნ---- შ--–-–---–ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მ--–---- პ-----ის მიერ განხორციელებული მშენებლობის გამო ზიანდება მისი ქონება; 2015 წლის 26 ოქტომბერს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში” დანიშნულია ტექნოლოგიური-მასალათმცოდნეობითი ექსპერტიზა და 2018 წლის 30 იანვარს - კომპლექსური სამშენებლო-ტექნიკური, საინჟინრო და საქონელმცოდნეობითი ექპსერტიზა, რომელთა დასკვნები ჯერ მიღებული არ არის. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება;

 

მტკიცებულება: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 14 მარტის № 599914 მიმართვა (ტომი 2, ს. ფ. 104).

 

3.2.13. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს”. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა დავის საგანთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, თუმცა იმის გამო, რომ შუამდგომლობის ავტორმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, საქმე შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა სასამართლოს;

 

მტკიცებულება: გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინება (ტომი 2, ს. ფ. 187-192), სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” 2019 წლის 21 მარტის № 5001766419 მომართვა (ტომი 2, ს. ფ. 199-200).

 

3.2.14. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 18 მარტს გაცემული იქნა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ დასკვნა, რომლითაც სამსახურმა დამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა და რეკომენდაცია გაუწია მ--–---- პ-----ეს გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობადამთავრებული სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებაზე;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 18 მარტის № 77 დასკვნა (ტომი 3, ს. ფ. 20-21).

 

3.2.15. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 25 მარტს გაიცა ბრძანება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ;

 

მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 მარტის № 1974-ს ბრძანება (ტომი 3, ს. ფ. 19).

 

3.2.16. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,დ--"-ს 2019 წლის 19 ივნისის № 03-06-A007 დასკვნის თანახმად, გამოკვლევა ჩაუტარდა გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე სასტუმროს შენობას; შენობა განეკუთვნება III კლასის შენობა-ნაგებობას; ექსპერტიზის დამკვეთის - ნ---- შ--–-–---–ის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არასაკმარისია მშენებლობის პროექტირებისათვის, კერძოდ არ არის წარდგენილი არსებული შენობის კონსტრუქციული ანგარიში; ამის გამო, იმ საკითხის გარკვევა, მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამება თუ არა ამჟამად უკვე აშენებული შენობა, შეუძლებელია; ამავე მიზეზით, მ--–---- პ-----ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის პირობების ზუსტად დაცვის შემთხვევაში ექმნება თუ არა საფრთხე ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და მთლიანობას, დადგენა შეუძლებელია - ამისათვის აუცილებელია დეტალური კვლევა არსებული შენობების გეოლოგიური და კონსტრუქციული თვალსაზრისით. ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს დღეისათვის დეფორმაციები არ აღენიშნება; საცხოვრებელი სახლის სასტუმროს მომიჯნავედ არსებულ კედელზე შეინიშნება ნესტის კვალი, კერძოდ: სარდაფის სართულზე განშრევებულია ბეტონის ნალესის ფენა და საცხოვრებელ ფართში, მომიჯნავე კედელზე ნესტისაგან გამოწვეული ლაქები. კედლების დანესტიანება გამოწვეული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ სასტუმროს შენობის სახურავიდან ატმოსფერული ნალექების შედეგად დაგროვებული წყალი გადადის ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის სახურავზე, საიდანაც წყალი ხვდება სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლის ერთმანეთის მომიჯნავე კედლებზე და მათ შორის არსებულ სიცარიელეში, რაც იწვევს ორივე შენობის ერთმანეთის მომიჯნავე კედლების დანესტიანებას, რამაც მომავალში ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს ან შენობების საძირკვლების დეფორმაციებიც.

 

სასტუმროს შენობის სახურავიდან და ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის სახურავზე ატმოსფერული ნალექების მომიჯნავე კედლებს შორის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, მოეწყოს ატმოსფერული ნალექების გადამყვანი (წყალსარინელი).

 

მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას ნ---- შ--–-–---–ის, როგორც მომიჯნავედ არსებული შენობის მესაკუთრის თანხმობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუმცა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო ახალი მშენებლობის (რეკონსტრუქციის) ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლზე ზემოქმედების შეფასება.

 

ნ---- შ--–-–---–ის მიერ ექსპერტისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის არასაკმარისია, ხოლო იმ საკითხის გარკვევა, მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის ამ შინაარსით (შეთანხმებული პროექტით) გაცემისას დაირღვა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნები ნ---- შ--–-–---–თან მიმართებაში, არ შედის ინჟინერ-ექსპერტების კომპეტენციაში.

 

მტკიცებულება: შპს ,,დ--"-ს 2019 წლის 19 ივნისის № 03-06-A007 დასკვნა (ტომი 2, ს. ფ. 264-281).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით არსებითად დაირღვა ნ---- შ--–-–---–ის უფლებები და შეილახა მისი ინტერესები, დადგენილი და დადასტურებული არ არის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კანონი - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კანონის - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა, უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსება და თავისუფალი მიმოქცევა, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით, რისკის ანალიზსა და შეფასებაზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და ინსპექტირების ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა, სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით (აგრეთვე სხვა მიზნები).

 

სასამართლო განმაარტავს, რომ მშენებლობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ აქტის კანონიერების შემოწმებისას, პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, იზღუდება თუ არა ამ აქტით დავის აღმძვრელი პირის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესი.

 

ეს ინტერესი შესაძლოა, იყოს როგორც ინდივიდუალური (მაგ., მშენებლობით ზიანი ადგება კონკრეტულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს), ასევე საზოგადოებრივი (მაგ., პარკში, სკვერში, მოედანზე ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში მშენებლობის წარმოება).

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ---- შ--–-–---–ის სარჩელი ეფუძნება მისი ინდივიდუალური უფლებისა და ინტერესის შეზღუდვას, და შესაბამისად, გასაჩივრებული აქტების კანონიერება უნდა შემოწმდეს სწორედ ამ ფარგლებში: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს თუ არა მის უფლებას, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

ნ---- შ--–-–---–ი სადავოდ გამხდარ აქტებს უკანონოდ მიიჩნევს იმის გამო, რომ გორში, ს----–---–ის ქ. № 35-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მშენებარე საძირკვლით, შეიძინა შპს ,,დ--------"-მა, რომლის სახელზეც გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაიცა მშენებლობის ნებართვა მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტად გადაკეთების თაობაზე, რაც არ ითვალისწინებდა წყალსარინ სისტემას; მშენებლობის დროს არსებული საძირკვლის ბლოკი მას არ შეუცვლია, მხოლოდ ნ---- შ--–-–---–ის კუთვნილი სახლის მომიჯნავედ განლაგებული საძირკვლის ბლოკი ამოიღო, ჩაასხა ბეტონის რიგელი, რაც მიადგა ნ---- შ--–-–---–ის საყრდენ კედელს და ასე გააგრძელა მშენებლობა; საძირკვლის ბლოკის ამოღების შემდეგ სახლსა და მშენებარე ობიექტს შორის აღარ არსებობდა დაშორება, და რადგან არ იყო მოწყობილი წყალსარინი, ამან გამოიწვია თოვლისა და წვიმის შედინება სახლში, დაზიანდა სახლის კედლები; ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია შეპირდა, რომ მოხდებოდა პროექტის რეკონსტრუქცია, რაც არ შესრულდა.

 

შემდგომში, ნ---- შ--–-–---–ის თანხმობის გარეშე, მშენებლობის ნებართვა გაიცა იმგვარდ, რომ, ერთსართულიანი შენობის ნაცვლად, უნდა მომხდარიყო დამატებით ორი სართულისა და მანსარდის დაშენება; მშენებლობის პროექტს თან არ ერთვოდა გეოდეზიური, სეისმოლოგიური და სხვა ექსპერტიზის დასკვნები.

 

ამ მშენებლობის გამო მას სახლში ნალექი შეუვიდა ამჯერად სახურავიდან და დაზიანდა როგორც ჭერი, ასევე სახურავი, ჭერზე განთავსებულ ნათურებში ჩავიდა წყალი.

 

მშენებლობის ნებართვების გაცემისას არ იყო გათვალისწინებული უსაფრთხოების საკითხები, წყალსარინი სისტემა; მშენებარე ობიექტის კედელი შესულია ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში შემავალ სივრცეში; ამავე დროს, არ მომხდარა სახლისა და მშენებარე ობიექტის საძირკვლების მდგრადობის შემოწმება, რის გამოც დაიწია სახლის საძირკველმა, იბზარება კედლები.

 

მომიჯნავე ნაკვეთებზე მიმდინარე მშენებლობის უარყოფითი გავლენა მშენებლობის დაწყებამდე საექსპერტო შეფასებით განსაზღვრული და დადგენილი არ ყოფილა; მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა, რაც პირდაპირ ლახავს მოსარჩელის ინტერესს და ზრდის მისთვის მიყენებული ზიანის საფრთხეს.

 

როგორც აღინიშნა, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ დავის საგანთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა, კერძოდ: ა) რომელი კლასის ნაგებობას განეკუთვნება გორში, ს----–---–ის ქ. №35-ში მდებარე, № 6--4--0--2-- საკადასტრო კოდით მ--–---- პ-----ის სახელზე რიცხულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა (სასტუმრო); ბ) ამ კლასის და ამჟამად უკვე არსებული ამ შენობა-ნაგებობისათვის რამდენად მდგრადია მის საფუძვლად არსებული საძირკველი; გ) შეესაბამება თუ არა მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ პირობებს ამჟამად უკვე არსებული (აშენებული) შენობა; თუ არ შეესაბამება, მიეთითოს შეუსაბამობ(ებ)ის შინაარსი და ხარისხი; დ) მ--–---- პ-----ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის პირობების ზუსტად დაცვის შემთხვევაში ექმნება თუ არა საფრთხე ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და მთლიანობას; დადებით შემთხვევაში მიეთითოს რა სახის და ხარისხის საფრთხე ექმნება მას; ე) იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამება მ--–---- პ-----ის მიერ უკვე ნაწარმოები მშენებლობა, ამ შეუსაბამობ(ებ)ით ექმნება თუ არა საფრთხე ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და მთლიანობას; დადებით შემთხვევაში უნდა მითითებულიყო, რა სახის და ხარისხის საფრთხე ექმნება მას; ვ) იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ პირობებს არ შეესაბამება მ--–---- პ-----ის მიერ უკვე ნაწარმოები მშენებლობა, ამ შეუსაბამობ(ებ)ით მიადგა თუ არა ზიანი მომიჯნავედ მდებარე ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში № 6--4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უკვე არსებულ შენობა-ნაგებობას; ზ) დეფორმირებული ან დაზიანებულია თუ არა მ--–---- პ-----ის შენობის მომიჯნავედ არსებული, ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში № 6--4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახლი; დადებით შემთხვევაში უნდა მითითებულიყო, დაზიანებისა თუ დეფორმაციის ადგილები და ხარისხი; თ) ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში № 6--4--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახლის დაზიანებისა თუ დეფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, უნდა დადგენილიყო, იყო თუ არა ეს შედეგი გამოწვეული მის მომიჯნავედ მდებარე № 6--4--0--2-- საკადასტრო კოდით მ--–---- პ-----ის სახელზე რიცხული შენობა-ნაგებობის (სასტუმროს) მშენებლობით; ი) მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას საჭირო იყო თუ არა ნ---- შ--–-–---–ის, როგორც მომიჯნავედ არსებული შენობის მესაკუთრის, თანხმობა; კ) მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის ამ შინაარსით (შეთანხმებული პროექტით) გაცემისას დაირღვა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნები ნ---- შ--–-–---–თან მიმართებაში; დადებით შემთხვევაში უნდა მითითებულიყო დარღვევის სახე და შინაარსი.

 

მიუხედავად ამისა, შუამდგომლობის ავტორმა - ნ---- შ--–-–---–მა უარი განაცხადა ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და საქმე შეუსრულებელი სახით დაუბრუნდა სასამართლოს.

 

აქედან გამომდინარე, ფაქტი, რომ სადავო მშენებლობა (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას, დადასტურებული ვერ იქნა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებების, მშენებლობის ნებართვისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ აქტების ბათილად ცნობა შედეგად იწვევს ამ შენობა-ნაგებობის დემონტაჟს, თუ არ მოხდა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” განსაზღვრული სხვა ღონისძიებების მიღება.

 

ამდენად, დასახელებული აქტები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ბათილად გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონის ისეთ მოთხოვნებს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა ისეთი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ანუ მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი ექსპლუატაციაში მიღება არ მოხდებოდა (თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებისა).

 

თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,დ--"-ს 2019 წლის 19 ივნისის № 03-06-A007 დასკვნის თანახმად, სასტუმროს შენობა განეკუთვნება III კლასის შენობა-ნაგებობას; იმ საკითხის გარკვევა, მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამება თუ არა ამჟამად უკვე აშენებული შენობა, შეუძლებელია; მ--–---- პ-----ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვის პირობების ზუსტად დაცვის შემთხვევაში ექმნება თუ არა საფრთხე ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და მთლიანობას, დადგენა შეუძლებელია.

 

ამ დასკვნის მიხედვით, ნ---- შ--–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს დღეისათვის დეფორმაციები არ აღენიშნება; სარჩელის მიხედვით კი, მოსარჩელის სახლის კედლები დაბზარულია.

 

მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას ნ---- შ--–-–---–ის, როგორც მომიჯნავედ არსებული შენობის მესაკუთრის თანხმობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა; ნ---- შ--–-–---–ის მითითებით კი, სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აუცილებელი იყო მისი თანხმობა.

 

დასკვნით არ ირკვევა, მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის ამ შინაარსით (შეთანხმებული პროექტით) გაცემისას დაირღვა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნები ნ---- შ--–-–---–თან მიმართებაში მაშინ, როდესაც სარჩელის ძირითადი შინაარსი აგებულია სწორედ ამ კრიტერიუმზე.

 

შპს ,,დ--"-ს 2019 წლის 19 ივნისის № 03-06-A007 დასკვნა შეიცავს სასტუმროს მშენებლობით ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ გარემოებებს, კერძოდ: საცხოვრებელი სახლის სასტუმროს მომიჯნავედ არსებულ კედელზე შეინიშნება ნესტის კვალი, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმ გარემოებით, რომ სასტუმროს შენობის სახურავიდან ატმოსფერული ნალექების შედეგად დაგროვებული წყალი გადადის ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის სახურავზე, საიდანაც წყალი ხვდება სასტუმროსა და საცხოვრებელი სახლის ერთმანეთის მომიჯნავე კედლებზე და მათ შორის არსებულ სიცარიელეში, რაც იწვევს ორივე შენობის ერთმანეთის მომიჯნავე კედლების დანესტიანებას, რამაც მომავალში ასევე შესაძლოა, გამოიწვიოს ან შენობების საძირკვლების დეფორმაციებიც.

 

აღსანიშნავია, რომ დასკვნის ეს ნაწილი სავარაუდო ფორმითაა აღწერილი და არ შეიცავს იმპერატიულ შინაარსს.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დასკვნის ეს ნაწილი არ ადასტურებს სადავო აქტების უკანონობას და არ ქმნის მშენებლობის ნებართვისა თუ ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის რაიმე საფუძველს, რამდენადაც თვით დასკვნაშივეა აღნიშნული, რომ სასტუმროს შენობის სახურავიდან და ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის სახურავზე ატმოსფერული ნალექების მომიჯნავე კედლებს შორის ჩადინების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, მოეწყოს ატმოსფერული ნალექების გადამყვანი (წყალსარინელი).

 

ანალოგიური გარემოებებია აღნიშნული დ--------------–------------------------------------–---ის 2015 წლის 26 ივნისის დასკვნაშიც.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ წყალსარინელის უქონლობა სადავო აქტების შედეგია და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” წყალსარინელი პროექტით გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, ეს ხარვეზი (დადასტურების შემთხვევაში) ვერ გახდება სადავო აქტების ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველი; მისი გამოსწორება შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის გზით (თუ ამის აუცილებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებულია), ან სამეზობლო დავის პირობებში (როგორც ეს თვით დასკვნაშია მითითებული).

 

ამავე დასკვნის მიხედვით, მ--–---- პ-----ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას ნ---- შ--–-–---–ის, როგორც მომიჯნავედ არსებული შენობის მესაკუთრის თანხმობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუმცა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო ახალი მშენებლობის (რეკონსტრუქციის) ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლზე ზემოქმედების შეფასება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნ---- შ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლზე ზემოქმედების შეფასების უქონლობამ მხოლოდ მაშინ შეიძლება, სადავო აქტების ბათილად ცნობა გამოიწვიოს, თუ დადგინდება, რომ ამ შეფასების უქონლობით არსებითად დაირღვა ნ---- შ--–-–---–ის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები;

 

ეს ფაქტი კი არც ერთი წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება.

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-15 მუხლის ,,ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია;

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის მიხედვით კი, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 82-ე პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო არ ამოწმებს, სრულად იქნა დაცული თუ უხეშად დაირღვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რადგან ამ გარემოებების გამოკვლევა-შეფასებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა მნიშვნელობა, თუ დადგინდებოდა, რომ სადავო მშენებლობა არსებით ზეგავლენას ახდენდა ნ---- შ--–-–---–ის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებული ინტერესებზე და უხეშად არღვევდა ამ უფლებებს.

 

საბოლოო ჯამში, ფაქტი, რომ გასაჩივრებული აქტებით და სადავო მშენებლობით დაირღვა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” განსაზღვრული ისეთი მოთხოვნები, რითაც პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ შეიზღუდა მისი უფლება, ან ნ---- შ--–-–---–თან მიმართებაში სახეზე იყო ისეთი გარემოება, რაც თავის დროზე გამორცხავდა სადავო აქტების გამოცემის კანონიერებას და რომელი დარღვევის ხარისხიც გამოიწვევდა ამ აქტების ბათილად ცნობას, დადასტურებული არ არის.

 

აქედან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმავე კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 (ორმოცდაათი) ლარი (ტომი 1, ს. ფ. 95) და 100 (ასი) ლარი (ტომი 3, ს. ფ. 17).

 

იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ საქმეზე შეადგენს 100 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო 100 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ნ---- შ--–-–---–ის სარჩელი არქიტექტურულ-კონსტრუქციული დოკუმენტის პროექტის შეთანხმების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 18 ოქტომბრის № 711-ს ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

1.2. ნ---- შ--–-–---–ის სარჩელი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 20 ოქტომბრის № 735-ს ბრძანებისა და 2017 წლის 18 ოქტომბრის № 67 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

1.3. ნ---- შ--–-–---–ის სარჩელი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 მარტის № 1974 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ---- შ--–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 14 მარტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1, რეფერენსი 6396281338).

 

3. ლ---- ბ--------ის მიერ ნ---- შ--–-–---–ის საქმეზე 2019 წლის 21 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 8091486855) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი