განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
330100119003134756
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3666-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26აგვისტო, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–- ქ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- გ--------- ძე ფ----–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------------- მ/რ-ნი, მ--- კვ. კორპ.#-- ბინა #----–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 23 მაისს საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოიცა #0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადეს გ------- ფ----–---–ს 1 თვით აეკრძალა მსხვერპლის - ყოფილი მეუღლის - ც------- შ------–---–ის იმ სახლთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი ცხოვრობს; აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

1.2.2019 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:10-00:15 საათებს შორის დროის პერიოდში, გ------- ფ----–---–ი აკრძალვის მიუხედავად მივიდა თ---–--–-- ყ-----–-- ქ.#9---–-, ც------- შ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ხოლო იმავე დღეს სოციალური ქსელის facebook’-ის მეშვეობით გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- ფ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ც------- შ------–---–ის და გ------- ფ----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, #0----- შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, დათვალიერების ოქმს, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- ფ----–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

3.3.საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 23 მაისს, გ------- ფ----–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ------- ფ----–---–მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ და ,,გ’’ პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულება და 2019 წლის 26 მაისს მივიდა ყოფილი მეუღლის ც------- შ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მოგვიანებით სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინება. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.5. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- ფ----–---–ის ბრალეულობა.

 

3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- ფ----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1.გ------- ფ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს: დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, გამოძიებასთან თანამშრომლობას. სასამართლოს მიერ ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ჩადენილი დანაშაულის შედარებით მცირედი მასშტაბი, მართალია, ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, თუმცა იგი არ მისულა მსხვერპლის სახლში დებოშის, აყალმაყალის მოსაწყობად, არ დაუმყარებია დაზარალებულთან უშუალო კონტაქტი, მხოლოდ კარის სახელურს შეეხო და როდესაც დარწმუნდა, რომ მსხვერპლი სახლში იმყოფებოდა დატოვა შემთხვევის ადგილი. გარდა ამისა, მოკლეტესტური შეტყობინებაც, რომლის მიწერითაც დაირღვა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები თავისი არსით არ იყო შეურაცხმყოფილი, საუბარი იყო ტექნიკურ საკითხზე მოძრავი ნივთის ავტომანქანის დაბრუნებაზე. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირი. დასახელებული ფაქტორები გადაწონის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ და ასახვას ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე.

 

5.3. დამნაშავე პირის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ- ფ----–---–ს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. სასამართლოს შეფასებით სასჯელის მიზნები მიღწევადია ჯარიმის დანიშვნით. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, აღნიშნულიდან გამომდინარე ჯარიმის ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ფ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. გაუქმდეს გ------- ფ----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

4. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა