გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003221002
საქმე № 3/244-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შემაკავებელი ორდერის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ
9 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: გ------- მ-----–---–ი
წარმომადგენელი: ტ---- რ-------
მოპასუხე: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველო
წარმომადგენელი: ზ----- ლ------
მესამე პირი: ლ--–- ჯ--–----ე
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 4 ოქტომბრის № 020571 შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
სარჩელის თანახმად, გ------- მ-----–---–ი (პირ. № 5----------) 1996 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ლ--–- ჯ--–----ესთან (პირ. № 3----------); ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი; ერთმანეთთან შეუთავსებლობის გამო 2019 წელს შეწყდა მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება.
ლ--–- ჯ--–----ემ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გამოაცემინა 2018 წელს ჯერ შემაკავებელი, ხოლო შემდეგ - დამცავი ორდერი. 2019 წელს თანსაცმლის წამოსაღებად მივიდა საცხოვრებელ სახლში, რის საფუძველზეც მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2019 წლის 27 სექტემბერს; მისთვის 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ, ლ--–- ჯ--–----ის სურვილით, საქართველოს შსს გორის რაიონულ სამმართველოს მის მიმართ გამოუცია შემაკავებელი ორდერი, რაც არის უსაფუძვლო, რადგან გათავისუფლების დღიდან მასთან რაიმე სახის კონტაქტი და კომუნიკაცია არ ჰქონია; ლ--–- ჯ--–----ე შეგნებულად ქმნის პირობებს იმისათვის, რომ გ------- მ-----–---–ის მიმართ მუდმივად არსებობდეს შეზღუდვები შემაკავებელი თუ დამცავი ორდერების სახით, რათა შემთხვევის შედეგად მოხდეს ამ პირობების დარღვევა, და კვლავ მოთავსდეს პენიტენციურ დაწესებულებაში.
შემაკავებელი ორდერი გამოიცა ისე, რომ არ არსებობდა მისი გამოცემის რაიმე საფუძველი: გ------- მ-----–---–ს არათუ განუხორციელებია ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც ეს ორდერშია აღნიშნული, არამედ საერთოდ არ ჰქონია რაიმე სახის შეხება და კონტაქტი ლ--–- ჯ--–----ესთან.
ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ ლ--–- ჯ--–----ეს დარჩეს მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება; ამ ქმედებებით უსაფუძვლოდ იზღუდება მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს განმარტებით, პენიტენციური დაწესებულებიდან მათთვის ცნობილი გახდა, რომ გ------- მ-----–---–ი თავისუფლდებოდა დაწესებულებიდან ვადაზე 1 დღით ადრე, რის შესახებაც შეატყობინეს მსხვერპლს ლ--–- ჯ--–----ეს. მან მიმართა პოლიციას განცხადებით, გამოცემული ყოფილიყო შემაკავებელი ორდერი, რადგან გ------- მ-----–---–ი სასჯელს იხდიდა მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, და ჰქონდა შიში, რომ არ მისულიყო ლ--–- ჯ--–----ესთან და სისრულეში მოეყვანა მუქარა.
პოლიციამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გ------- მ-----–---–ს ერთხელ უკვე დარღვეული ჰქონდა დამცავი ორდერის პირობები; ამასთან, იგი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ--–- ჯ--–----ეს (რისთვისაც იხდიდა სასჯელს), და პოლიციამ მიიჩნია, რომ ლ--–- ჯ--–----ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საჭირო იყო გადაუდებელი ღონისძიების მიღება შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
ლ--–- ჯ--–----ის განმარტებით, გ------- მ-----–---–თან თანაცხოვრებისას იყო მუდმივ შიშში; ხშირად იყო ნასვამი, ეჭვიანობის ნიადაგზე ემუქრებოდა დანით. მას შემდეგ, რაც გამოვიდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან, სოციალურ ქსელში მოახდინა მეგობრობის შეთავაზება, თუმცა ლ--–- ჯ--–----ემ დადასტურება არ მოახდინა. ლ--–- ჯ--–----ის მეგობარს სოციალურ ქსელში გაუგზავნა ბილწი სიტყვების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ასევე აუგად მოიხსენია ლ--–- ჯ--–----ეც. მეზობლებისგან გადმოცემით მისთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც დატოვა პენიტენციური დაწესებულება, ლ--–- ჯ--–----ის სამსახურში ყოფნის პერიოდში გ------- მ-----–---–ი რამდენჯერმე იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს; თავის დროზე, განქორწინება და ქონებრივი დავა თვით გ------- მ-----–---–მა წამოიწყო. ამის გამო, არის მუდმივ შიშსა და სტრესში, რომ არ მოხდეს მასზე ძალადობა. ასევე აპირებს დამცავი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართოს სასამართლოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2018 წლის 12 სექტემბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი ლ--–- ჯ--–----ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რომლითაც გ------- მ-----–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ლ--–- ჯ--–----ე ცხოვრობს, აგრეთვე, მასთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ლ--–- ჯ--–----ე იმყოფება, და აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
მტკიცებულება: საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს 2018 წლის 12 სექტემბრის № 001605 შემაკავებელი ორდერი.
3.2.2. 2019 წლის 29 მარტს დაიწყო გამოძიება და გ------- მ-----–---–ი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და 111 - 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), განხორციელებული ლ--–- ჯ--–----ის მიმართ. ამ ფაქტზე გ------- მ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და 2019 წლის 30 მაისს მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მტკიცებულება: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ 2019 წლის 31 მარტის განჩინება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის № 286814/25 მიმართვა.
3.2.3. გ------- მ-----–---–ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 1 დღით ადრე - 2019 წლის 27 სექტემბერს;
მტკიცებულება: სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 26 სექტემბრის № 286814/25 მიმართვა, 2019 წლის 27 სექტემბრის № 0726606 ცნობა.
3.2.4. საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 4 ოქტომბერს გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ------- მ-----–---–ს აეკრძალა ლ--–- ჯ--–----ესთან, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება; აგრეთვე, აეკრძალა მათთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი № 020571.
3.2.5. შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო ლ--–- ჯ--–----ის განცხადება, რომ გ------- მ-----–---–ი სასჯელს იხდიდა მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, და ჰქონდა შიში, რომ არ მისულიყო ლ--–- ჯ--–----ესთან, სისრულეში მოეყვანა მუქარა, და ითხოვა დახმარება;
მტკიცებულება: შემაკავებელი ორდერი, შემაკავებელი ორდერის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ლ--–- ჯ--–----ის მიმართ განხორციელდა ძალადობა გ------- მ-----–---–ის მხრიდან, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა, იგი კვლავ გახდეს თუნდაც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, და შემაკავებელი ორდერით მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი მომავალში ამგვარი ძალადობის მოხდენის რისკი.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, ყოფილი მეუღლე.
დადგენილია და სადავო არაა, რომ ლ--–- ჯ--–----ე და გ------- მ-----–---–ი იყვნენ რეგისტრირებული მეუღლეები და დღეის მდგომარეობით არიან განქორწინებულნი; ისინი ცხოვრობდნენ ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-----–---ის კოტეჯში.
იმავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
მითითებული ნორმის შინაარსის ანალიზით, ნათელია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიყენება ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის.
მოსარჩელე შემაკავებელი ორდერის გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, მისი მხრიდან ლ--–- ჯ--–----ის მიმართ არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის, არამედ რაიმე სახის კონტაქტისა და კომუნიკაციის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ლ--–- ჯ--–----ის განმარტებაზე, რომ მას შემდეგ, რაც გ------- მ-----–---–ი გამოვიდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან, სოციალურ ქსელში მოახდინა მეგობრობის შეთავაზება. ლ--–- ჯ--–----ის მეგობარს სოციალურ ქსელში გაუგზავნა ბილწი სიტყვების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ასევე აუგად მოიხსენია ლ--–- ჯ--–----ეც. მეზობლებისგან გადმოცემით მისთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც დატოვა პენიტენციური დაწესებულება, ლ--–- ჯ--–----ის სამსახურში ყოფნის პერიოდში გ------- მ-----–---–ი რამდენჯერმე იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს.
სასამართლო არ მსჯელობს, ამ ფაქტებს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი, და განმარტავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები (2018 წლის შემაკავებელი ორდერი, დამცავი ორდერის პირობების დარღვევისა და დანით მუქარის განხორციელების გამო გ------- მ-----–---–ის მსჯავრდება) აჩენს ლ--–- ჯ--–----ის მიმართ კვლავ ფსიქოლოგიური ძალადობის მოლოდინის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს;
მითითებული კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირი დაცული უნდა იქნეს ნებისმიერი სახის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, რომლის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება შემაკავებელი ორდერის გამოცემაა იმ პირის მიმართ, ვისზეც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახორციელებს ამ სახის ძალადობას მსხვერპლის მიმართ.
შემაკავებელი ორდერის გაცემის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, დაადგინოს, საქმის მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ქმნიდა თუ არა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა მსხვერპლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები და სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული ფაქტები და ინფორმაცია, იძლევა იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ შემაკავებელი ორდერი გაცემულია მხარეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვის, მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასების საფუძველზე.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
ამ კანონის მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში მნიშვნელოვანია, დადგინდეს ორდერის გამოცემის გარდაუვალი საჭიროება, რა ტიპის ძალადობის აღკვეთასაც უნდა ემსახურებოდეს იგი.
ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ერთ-ერთ წინაპირობას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ორდერის გამოცემა ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებშიც; ამგვარი ძალადობით გამოწვეული განცდების სიმძაფრე არ ჩამოუვარდება ფიზიკური ძალადობით მიყენებულ ტკივილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში, ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.
ამასთანავე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ, როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მათ ოჯახში წლები იყო რთული და დაძაბული ვითარება; გ------- მ-----–---–ის მიმართ რამოდენიმეჯერ განხორციელდა შემზღუდავი ღონისძიებები (გამოიცა შემაკავებელი და დამცავი ორდერები).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები იძლევა იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს, რომ შესაძლოა, კვლავ მოხდეს ლ--–- ჯ--–----ეზე ფსიქოლოგიური ძალადობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა გ------- მ-----–---–ის სარჩელი, რამდენადაც სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა ის დამატებითი მტკიცებულებები და მითითებული ვერ იქნა იმ გარემოებებზე, რაც გააბათილებდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველს; შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-4, მე-19 და 2114 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გ------- მ-----–---–ის სარჩელი საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიმართ 2019 წლის 4 ოქტომბრის № 020571 შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში გადაეცეთ მხარეებს.
გადაწყვეტილება შეიძლება, ერთჯერადად გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. № 30) მისი ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი