განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3647-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორები - ვ-–-----------, გ-------------------
დაცვის მხარე
დამცველი - მ--------------–---–-
ბრალდებული - გ--------------------–--------, დაბადებული - 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ტექნიკური განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ--------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 18, 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (აფეთქების მომზადება, ესე იგი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის გადატანისა და განთავსების მომზადება მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
გ--------–-------ემ ქ. თბილისში, მ-------------------------, კორპუსი N-----------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში დაამზადა თორმეტი ცალი სწრაფად აალებადი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა - მინის ბოთლში მოთავსებული აალებადი სითხე, ნაჭრის ფითილით, 2019 წლის 20 ივნისიდან საქართველოს პ----–--------ან მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე გადატანის, განთავსებისა და მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.
მას შემდეგ, რაც გ--------–-------ემ შექმნა სწრაფად აალებადი ცეცხლგამჩენი მოწყობილობების საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის ტერიტორიაზე გადატანისა და განთავსების პირობები, რაც გამოიწვევდა მძიმე შედეგს, აღნიშნული მოწყობილობები 2019 წლის 21 ივნისს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, რითაც აღკვეთილი იქნა მძიმე დანაშაული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გ--------–-------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
მოწმე გ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ--------–-------ეს იცნობს. 2019 წლის 20 ივნისს უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც მოისმინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე „გ------–----.“ ვინაიდან, არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და მისთვის ცნობილი იყო, რომ გ------–---- იბრძოდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ, გაუჩნდა შინაგანი პროტესტის გრძნობა და გადაწყვიტა წასულიყო აქციაზე, რომელიც დაანონსებული იყო 19:00 საათზე. დაახლოებით 18:00 საათზე, მივიდა პარლამენთან, სადაც დაიწყო გამოსვლები და საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის გამოც გაიქცა თავისუფლების მოედნისკენ. სწორედ ამ დროს დაუკავშირდა მისი და, რომელმაც მიაკითხა ძველი სასტუმრო „--------- შენობასთან და წავიდნენ სახლში. გზად დაუკავშირდა გ--------–-------ე და მათ შორის გაიმართა შემდეგი შინაარისის საუბარი: „გ----------რ,“ „ხო გ------- გისმენ,“ „მე 10 მაქვს და მივდივარ აქციაზე.“ იფიქრა რომ აქციაზე უნდოდა წასვლა და ჰქონდა 10 ლარი, რის გამოც უთხრა რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და თავად არ აპირებდა წასვლას. აღნიშნულზე, გ--------–-------ემ უპასუხა, რომ თავად 6:00 საათზე წავიდოდა აქციაზე. მოწმის განმარტებითვე, იგი ადასტურებს მასსა და ბრალდებულს შორის შემთხვევის ღამეს გამართულ შემდეგი შინაარსის საუბარს: „ბიჭო, გ----------რ, მე ესე ხელცარიელი ბრძოლას ამათთან აზრი არ აქვს, კისელს გავაკეთებ ეხლა მე“, „ჩავაწყობ და წავიღებ“, თუმცა არ იცის გ--------–-------ე რაზე საუბრობდა. გ------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მისი ტელეფონის ნომერია - 5-----------, ხოლო მისი დის - 5------------. მათ შორის შემთხვევის ღამეს ნამდვილად გაიმართა შემდეგი შინაარსის სატელეფონო საუბარი: „თქვენ აპირებთ შესვლას და იქ დაბინავებას,“ რომელშიც სავარაუდოდ გულისხმობდა პარლამენტის შენობასთან დარჩენას.
მოწმის თ------–--------- (უდავო მტკიცებულება) ჩვენებით: ცხოვრობს ქ. თბილისი, მ------------------------------------–----------------------ში მეუღლე - გ--------–-------ესთან, შვილებთან - ი----------------------------–-------------- და შვილიშვილთან - გ--------–-------ესთან ერთად. მათ ოჯახს ეკუთვნის ბინაში შესასვლელთან მდებარე პატარა ეზო, რომლითაც მხოლოდ ისინი სარგებლობდნენ და ბინის ქვეშ მდებარე სარდაფი, სადაც იძინებს მისი მეუღლე - გ--------–-------ე. 2019 წლის 21 ივნისს, დილის საათებში, მათ ბინაში გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები მის მეუღლესთან ერთად. მათ გაჩხრიკეს ბინა, სარდაფი და ეზო, რა დროსაც ეზოდან ამოღებული იქნა რამდენიმე ბოთლი, რომელშიც ესხა რაღაც სითხე, სავარაუდოდ ასაფეთქებელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას მოწმე გ--------–-------ემ (უდავო მტკიცებულება), რომელმაც დაადასტურა, რომ 2019 წლის 21 ივნისს მათ საცხოვრებელ ბინაში პოლიციის თანამშრომლების გამოცხადების და ჩხრეკის ჩატარების ფაქტი. მოწმის განმარტებითვე, პოლიციელებმა ეზოდან, რომელიც მდებარეობს მათი ბინის შესასვლელთან და მარტო ისინი სარგებლობენ, ამოიღეს რამდენიმე ბოთლი რაღაც სითხე, რომლებზეც ამბობდნენ სავარაუდოდ ,,მოლოტოვის კოქტეილიაო“.
2019 წლის 21 ივნისის ბინის, ეზოს და სარდაფის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისი, მ--------------------------------------------ში მდებარე გ--------–-------ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ეზოში ჩასასვლელი კიბეების ქვეშიდან ამოღებული იქნა 12 (თორმეტი) ცალი მინის ბოთლი მასში არსებული სპეციფიკური სუნის მქონე სითხით. აღნიშნული ბოთლებიდან სამი ცალი არის 0,330 ლიტრი ტევადობის, ხოლო დანარჩენი 9 (ცხრა) ბოთლი არის 0,5 ტევადობის. აღნიშნულ ბოთლებს თავზე ჰქონდა მცირე ზომის მატერიები და მოთავსებული იყო 1 (ერთ) ცალ ტომარაში. ეზოში პირველი აივნის ქვეშ არსებული ხის სათავსოს ზემოდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის მცირე ზომის ცარიელი პოლიეთილენის ბიდონი, ხოლო სათავსოდან ამოღებულ იქნა გამჭირვალე პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის მუქი ფერის სითხე. სარდაფში ჩასასვლელიდან ხელმარცხნივ თაროდან ამოღებული იქნა 7 (შვიდი) ბოთლის თავსახური და მატერია. ეზოში მეორე აივნის ქვეშიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის ბიდონი, რომელშიც მოთავსებული იყო სპეციალური სუნის მქონე სითხე. სარდაფიდან ამოღებული იქნა 6 (ექვსი) ცალი მობილური ტელეფონი, კერძოდ: „ნოკია“ იმეი კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებული „მ-----------“ ქსელში ჩართული სიმ ბარათი; „T-------“-ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------- სიმ ბარათის გარეშე; „სონი ერიქსონის“ მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------, სიმ ბარათის გარეშე; წითელი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი „ბ--–----ს“ ფირმის სიმ ბარათით და იმეი კოდებით: 3-------------- – 3--------------; შავი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 3-------------- - 3-------------- სიმ ბარათის გარეშე და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებული იყო „ჯ------–--“ ქსელში ჩართული სიმ ბარათი.
2019 წლის 21 ივნისის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისი, ბ--------–---–-- ქუჩა N-----------ში მდებარე გ------------ს საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული მისაღებ ოთახში მოთავსებული მაგიდიდან ამოღებულ იქნა ,,HUAWEI“-ს ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით: 8-------------- – 8--------------, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი სიმ ბარათი ნომრებით: 5----------- და 5-----------. გ------------ს განმარტებით, აღნიშნული ტელეფონის გააქტიურების კოდია 1---.
2019 წლის 22 ივნისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი საკვლევი ობიექტები ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო აუდიოგრამაში, კერძოდ, „r----------------, 2-------------------]“ მოსაუბრე მამაკაცების ხმები იდენტურია ხმის ნიმუშებში მოსაუბრე გ--------–-------ისა და გ------------ს ხმების. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის დანართით დგინდება, რომ საუბარი მიმდინარეობს გ--------–-------ესა და გ------------ს შორის. კერძოდ; „გ------ „ბატონო.“ „ბიჭო გ----------რ მე. ესე ხელცარიელი ბრძოლას ამათთან აზრი არა აქ კისელს გავაკეთებ ეხლა მე.“ „ხო.“ „არა მყავს მანქანა რო არა მყავს სახლში.“ „ხო კაი.“ „აბა ... რო იჩხუბეს და რავიცი .. ურთიერთობა მინდა ... რო არ მქონდეს საჩალიჩო ....მანდა ხარ შენა სადმე გნახავ რავიცი ...“ „გ--- ახა დღეს აზრი არა აქვს ტყვილა არ წახვიდე ჯობია.“ „მაშინ ხვალ დილისთვინ გამოვიდე.“ „ხო.“ „ექვსაათზე გამოვალ მაშინ ადრე.“ „უ კაი მაშინ როგორც გინდა მარა.“ „შენ სადა ხარ კაროჩე.“ „მე სახლში ვარ წამოსული უკვე ახლა წამოვედი.“ „აა ხო, მეთქი ხო, არაფერი მოგივიდა მეთქი მაგი მაინტერესებდა.“ „არა არა არა.“ „კაი მიდი მე ზაპროსტო გამოვედი .... გამოვედი კაი, კარქი ხო, დილით წამოვალ ერთი ექვს საათზე და დამირეკე ან დაგირეკავ.“ „კაი.“ „კაი აბა კარგად.“
2019 წლის 22 ივნისის ქიმიური და პიროტექნიკური ექსპერტიზის N----------------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მინის ბოთლებში არსებული სითხე წარმოადგენს ადვილად აალებად ნავთობპროდუქტს, კერძოდ - ბენზინს. ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება სახეშეცვლილი ბენზინის კვალი. ბოთლის თავსახურებზე და ქაღალდის კონვერტში მოთავსებული ნაჭრის ფრაგმენტებზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. პოლიმერული მასალის ბოთლში არსებული ბლანტი სითხე წარმოადგენს ზეთოვან ნავთობპროდუქტს. მოთეთრო ფერის ბიდონში არსებული სითხის დანაშრევი წარმოადგენს სახეშეცვლილ ბენზინისა და დიზელის ნარევს. მოლურჯო ფერის ბიდონში არსებული სითხე წარმოადგენს ნავთობპროდუქტების: ბენზინისა და დიზელის ნარევს. გამოსაკვლევი ობიექტები - მინის ბოთლები (მათში მოთავსებული სითხით) და ქსოვილის ნაჭრები ერთობლიობაში წარმოადგენს სწრაფად აალებად, ცეცხლგამჩენ მოწყობილობას.
2019 წლის 25 ივნისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისი, რ---------–-- გამზირის N---- მიმდებარე ტერიტორია. კერძოდ, რ---------–----------------სა და N--ს შორის არსებული კორპუსის შესასვლელი ეზოს მომიჯნავედ განთავსებულ მშენებარე მრგვალი სვეტებიანი მრავალსართულიანი შენობის ტერიტორია, რომლის მახლობლად განლაგებულია ხის მესერი, ხოლო მოპირდაპირედ დამონტაჟებულია ვიდეო სამეთვალყურეო კამერა. აღნიშნული მშენებარე შენობის პირველი-ორი სვეტის მახლობლად ნიადაგის ზედაპირიდან ამოღებული იქნა გამჭირვალე შუშის ბოთლი, რომელზეც იკითხება ამოტვიფრული წარწერა ლათინური ასოებით ,,-------“ ასევე, ბოთლის თავზე დატანილია ეტიკეტი სხვადასხვა წარწერით, რომელშიც მოთავსებულია ღია ფერის სითხე, ხოლო თავსახურად გამოყენებულია მოყვითალო ფერის ნაჭერი და წინა მხრიდან მოთავსებული აქვს მცირე ზომის ხის ნაჭრები. ხის მესერზე პირველი ორი სვეტის მახლობლად ჩამოკიდებულია სამი ცარიელი და ერთი ნახევრად სავსე პლასტმასის ბიდონი, რომელზეც აღენიშნება სპეციფიური სუნი.
2019 წლის 27 ივნისის ქიმიური და პიროტექნიკური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ პოლიმერული მასალის მოწითალო ფერის სახურავიან კონტეინერში მოთავსებული მოყვითალო ფერის ნაჭერზე, აღინიშნება ეთილის სპირტის კვალი. მინის ქილაში არსებული სითხე, წარმოადგენს ეთილის სპირტის შემცველ სითხეს. მინის ბოთლში წარწერით „ჰერცოგი“, აღინიშნება ეთილის სპირტის კვალი. პოლიმერული მასალის სამივე ბიდონში აღინიშნება სახეშეცვლილი დიზელის კვალი და პოლიმერული მასალის ბიდონში არსებული სითხე წარმოადგენს სახეშეცვლილი დიზელისა და ეთილის სპირტის შემცველ სითხეს.
2019 წლის 8 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ შპს ,,თ---–----------“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ჯ------------------ნ გამოთხოვილ იქნა სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერი 2019 წლის 22 ივნისს 20:52 საათიდან 23:02 საათამდე დროის შუალედში.
2019 წლის 28 ივნისის კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტის N--------- (უდავო მტკიცებულება) დასკვნით დადგინდა, რომ წარდგენილი „Huawey” ფირმის „------------------” მოდელის მობილური ტელეფონიდან ამოღებული იქნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ზარები, კონტაქტები, ვიდეო, აუდიო და დოკუმენტის ტიპის ფაილები; ამოღებული და დასურათებული იქნა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება „Whatsapp”_ის საშუალებით განხორციელებული მიმოწერა და დასურათდა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით „Facebook Messenger“ და „Viber“ განხორციელებული მიმოწერა. სიმ ბარათიდან, საიდენტიფიკაციო I---- ნომრით 8------------------ ამოღებული იქნა კონტაქტები, ხოლო სიმ ბარათიდან, საიდენტიფიკაციო I---- ნომრით 8------------------ კონტაქტები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
2019 წლის 27 აგვისტოს ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერები, კერძოდ: „r----------------, 2---------, 1-------); r----------------, 2---------, 2-------]; r---------------3, 1---------, 2-------]; r----------------, 2---------, 2--------; r------------- 2---------, 1-------]“ ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი აუდიო ჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიო ჩანაწერებში კერძოდ: r----------------, 2---------, 1-------]; r----------------, 2---------, 2-------]; r---------------3, 1---------, 2-------]; r----------------, 2---------, 2-------); r-----------4, 2---------, 1-------] მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე გ------------ს ხმის. აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაზე დართული დანართი N1-ით დადგინდა, რომ საუბარი მიმდინარეობს გ------------ს და მეორე პირს შორის. „კი, კაცო, კი, ჯერ აქ პ----–--------ან ვართ, აქა და ჩამოვალთ მერე“. „ნუ რავი, მა., მაქსიმუმ ერთ ნახევარი საათი ორმოცი წუთი რა.“ „პ----–--------ან ხო, დღეს მაგარი ომი იქნება, ყველა მოემზადეთ.“
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდებულმა გ--------–-------ემ თავი არ სცნო დამნაშავად წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ საწვავი სჭირდებოდა მოპედისთვის და თორმეტივე ბოთლს გაუკეთა ნაჭერი, რადგან კატებს არ დაექციათ, ხოლო ბენზინი და დიზელის საწვავი შემთხვევით აერია ერთმანეთში, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ გ--------–-------ესთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------–-------ემ ჩაიდინა აფეთქების მომზადება, ესე იგი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის გადატანისა და განთავსების მომზადება მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან გ--------–-------ე თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, ასევე შეაფასა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და გ--------–-------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით დანაშაულის მომზადება დანაშაულის ჩასადენად პირობების განზრახ შექმნაა. დანაშაულის მომზადება დანაშაულის ჩასადენად იარაღის ან საშუალების გამონახვა ან მომარჯვება ან დანაშაულის ჩასადენად პირობების სხვაგვარი შექმნაა. დანაშაულის ჩასადენად იარაღის ან საშუალების გამონახვაში ამ იარაღის დამზადება ან ყიდვა იგულისხმება. დანაშაულის ჩასადენად იარაღის ან საშუალების მომზადება მისი ისეთ მდგომარეობაში მოყვანაა, რომლის დროსაც დანაშაულის ობიექტური მხარის განხორციელება უკვე შესაძლებელია და დანაშაულის მომზადება შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირ განზრახვაში გამოიხატოს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 229-ე მუხლით დასჯადია აფეთქების მომზადება. დანაშაულის იარაღი ან საშუალებაა: ასაფეთქებელი მოწყობილობა, ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობა ან ნივთიერება, მაგ: დეტონატორი, ტროტილი, სწრაფად აალებადი ცეცხლგამჩენი მოწყობილობა - მინის ბოთლში მოთავსებული აალებადი სითხე, ნაჭრის ფითილით და სხვა. ქმედებაა - ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებათა გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება. სპეციალური მიზანია - სხვისი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზანი. ამ ჩამოთვლილ ქმედებათაგან დანაშაულის საგნის გამზადება, გადატანა ან განთავსება უნდა ჩაითვალოს კონკრეტულად გამიზნულ დანაშაულთა მოსამზადებელ სტადიად, ხოლო ისეთი ქმედება, როგორიცაა გასროლა, აფეთქება ან სხვა ქმედება, იგი არის უკვე ამ გამიზნულ დანაშაულთა მცდელობის სტადია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით, საიდანაც ერთ-ერთი ქმედების ჩადენა (შედეგის გარეშე) საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის, თუკი იგი ჩადენილი იყო ამ ნორმაში მითითებული მიზნიდან ერთ-ერთის არსებობისას, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ და უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ გ--------–-------ემ ჩაიდინა აფეთქების მომზადება, ესე იგი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის გადატანისა და განთავსების მომზადება მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--------–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილი ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებებად და ამით ხელი შეეწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება, ასაკი და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- 10 ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- 13 ცალი შუშის ბოთლი, მათზე არსებული ნაჭრებით, ერთი ცალი ტომარა, პოლიეთილენის ბოთლი, პოლიეთილენის თავსახურები და ნაჭერი, 6 ცალი ბიდონი, რომელთაგან ერთ-ერთში მოთავსებულია სითხე და ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–-, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- გ--------–-------ის ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–-, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- გ------------ს მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- გ--------–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 6 ცალი მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18, 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
2. გ--------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.
3. ნივთმტკიცება:
- 10 ცალი დისკი, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- 13 ცალი შუშის ბოთლი, მათზე არსებული ნაჭრებით, ერთი ცალი ტომარა, პოლიეთილენის ბოთლი, პოლიეთილენის თავსახურები და ნაჭერი, 6 ცალი ბიდონი, რომელთაგან ერთ-ერთში მოთავსებულია სითხე და ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–-, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- გ--------–-------ის ნერწყვის და ხელის კვლების ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–-, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- გ------------ს მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- გ--------–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 6 ცალი მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი