გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.10.2019
საქმის ნომერი
140310019003061492
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003061492

საქმე № 3/156-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ხ----- ფ-----–---–-

 

მოპასუხე: დ----- ბ--------ი

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

პირგასამტეხლოს - 5 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი დ----- ბ--------ი (პირ. № 0----------) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში და მასთან გაფორმდა კონტრაქტი; კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო იგი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.

 

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიზეზით მისი ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდის ვალდებულება.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა "სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილებაში, რომლის თანახმად კონტრაქტის დარღვევის გამო დაკისრებული 28 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შემცირდა, და მე-4 კურსზე ყოფნის ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის განმარტებით, იგი 14 წლის ასაკიდან არის სამხედრო სამსახურში; სწავლობდა სამხედრო ლიცეუმში, რომლის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სამხედრო აკადემიაში; მე-4 კურსზე, სამხედრო აკადემიის დამთავრებისას ბატალიონის მეთაურმა საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების საშუალება არ მისცა, რათა დიპლომის გაცემა არ მომხდარიყო მასზე; დათხოვნაში წასვლისას, ხელის მოწერა დაავიწყდა და მაშინვე მიბრუნდა უკან; აუხსნა ხელმძღვანელობას, რომ ხელის მოწერა დაავიწყდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს და სამსახურიდან დაითხოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მას არ ჰქონდა არც ერთი დისციპლინური დარღვევა და გააჩნდა 100 ქულა; ხელმძღვანელობას მასთან ჰქონდა არაკორექტული, დაძაბული და უხეში საუბარი, რის შემდეგაც დააწერინეს, რაც მათ სურდათ; გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გაასაჩივრა, რადგან იქ სწავლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი დ----- ბ--------ი ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიენიჭა პირველადი წოდება "რიგითი" 2013 წლის 15 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის ბრძანება № 2568, 2013 წლის 15 სექტემბრის კონტრაქტი № 522.

 

3.2.2. კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება, შეწყდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც წარმოადგენს მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს;

 

3.2.3. იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.

 

მტკიცებულება: კონტრაქტი.

 

3.2.4. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანების თანახმად, დ----- ბ--------მა 2017 წლის 26 ივლისს, 19:50 საათიდან 20:35 საათამდე, დატოვა აკადემიის შენობა ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული დათხოვნაში წამსვლელ იუნკერთა სიაში და ამავე დროს მას ხელი არ მოუწერია დათხოვნის წიგნში, რის გამოც ამ ბრძანებით დადგინდა მისი სასწავლებლიდან გარიცხვა;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანება № MOD 5 17 00001002.

 

3.2.5. სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით დ----- ბ--------ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 11 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს ბრძანება № MOD 7 17 00001097.

 

3.2.6. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით დ----- ბ--------ი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან რეზერვში;

 

მტკიცებულება: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება № MOD 5 17 00002759.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს, თუმცა კონტრაქტით და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის № 729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა დ----- ბ--------მა მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით დადგენილია, რომ დ----- ბ--------მა 2017 წლის 26 ივლისს, 19:50 საათიდან 20:35 საათამდე, დატოვა აკადემიის შენობა, ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული დათხოვნაში წამსვლელ იუნკერთა სიაში და ამავე დროს მას ხელი არ მოუწერია დათხოვნის წიგნში, რის გამოც ამ ბრძანებით დადგინდა მისი სასწავლებლიდან გარიცხვა.

 

სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით დ----- ბ--------ს შეუწყდა იუნკერის სტატუსი, ამოირიცხა იუნკერთა სიიდან და მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2017 წლის 11 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით დ----- ბ--------ი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარმოუდგენია ამ აქტებში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და დ----- ბ--------თან გაფორმებული კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-4 სასწავლო წელს დისციპლინური გადაცდომის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურე მისი ბრალით გაირიცხა სასწავლებლიდან (მათ შორის, დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით).

 

კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” დაითხოვეს დისციპლინური დარღვევის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.2 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.

 

პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

 

იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი საქართველოს მთავრობის № 264 დადგენილებით შემცირდა მე-4 კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის გამო 5 000 ლარამდე, მაგრამ მოცემული თანხაც არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი, ხოლო საქართველოს მთავრობის № 264 დადგენილებით 5 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას;

 

28 000 ლარი თუ 5 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).

 

მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო ,,აკადემიის” სამხედრო მოსამსახურეს (იუნკერს), რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.

 

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.

 

როგორც აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში თუნდაც საქართველოს მთავრობის № 264 დადგენილებით ჯარიმის 5 000 ლარამდე შემცირება უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;

 

მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არაა, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. საქართველოს მთავრობის № 264 დადგენილებით კონტრაქტით გათვალისწინებული 28 000 ლარის შემცირება 5 000 ლარამდე არ გულისხმობს ამ თანხის მხარისათვის უპირობოდ დაკისრების ვალდებულებას და სასამართლოს ამ შემთხვევაშიც შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო; 3. მოპასუხე დათხოვნისას იყო მე-4 კურსის იუნკერი; 4. მისი დათხოვნა გამოწვეული იყო გარკვეული პერიოდით აკადემიის ტერიტორის დატოვებით; 5. იგი სამხედრო პროფესიას ეუფლებოდა 14 წლის ასაკიდან.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები;

 

კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

 

ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.

 

საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს 1 000 ლარით.

 

პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებულ სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესებსა და უფლებებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

მოცემულ შემთხვევაში, 1 000 ლარის 3%-ი 30 ლარია, 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე დ----- ბ--------ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისროს 1 000 (ერთი ათასი) ლარი.

 

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე დ----- ბ--------ზე პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 5 000 ლარიდან 4 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დ----- ბ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 100 (ასი) ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი