განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
330100119003120403
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე #-/3520-19

გამოძიების #------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმ------- სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ვ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ----------ე------- ძე ღ----–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 1------------რს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ----- სოფელი ო----, ვა–----–----–-- პ------–--–--------, #- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ---------–----, მ------------------------ი, კორპუსი #---, ბინა #----–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ)

 

ადვოკატი - გ------- ლ--–--–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ. თ---–---- ჰ----–----- დასახლება, კორპუსი #-, ბინა #4--–-, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------- ღ----–---–მა შვილიშვილს ს--–---- ღ----–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში, ხოლო შემდეგ თავისი მარჯვენა ხელი გაარტყა მარცხენა ლოყაში, რა დროსაც ს--–---- ღ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

2.1. 2019 წლის 20 ივნისს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების ინიციატორი იყო ს--–---- ღ----–---–ი, რომელიც აცხადებდა, რომ ბაბუა, რომელიც არის ონკო პაციენტი, ძალადობს ფიზიკურად და მორალურად შეტყობინების ინიციატორზე.

 

2.2. 2019 წლის 22 ივნისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი მ------- ღ----–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერის ოქმში - ინციდენტის ფაბულაში მითითებულია, რომ მ------- ღ----–---–მა 2019 წლის 20 ივნისს ს--–---- ღ----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.3. დაზარალებულმა ს--–---- ღ----–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - პაპის, მ------- ღ----–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.4. მოწმე ლ--–-------------–--ლმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის მ------- ღ----–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.5. გამომძიებელ ი-----–- ჯ------ის ჩვენებით, 2019 წლის 20 ივნისს, რადიოსადგურ ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა შეტყობინების ინიციატორი ს--–---- ღ----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პაპამ მ------- ღ----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი ჩაარტყა ფეხში და ხელი გაარტყა სახეში.

 

2.6. ს--–---- ღ----–---–მა გამოძიების ეტაპზე უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.

 

2.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ერთადერთი ირიბი მოწმის - გამომძიებლის ი-----–- ჯ------ის ჩვენების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.

 

2.8. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - პაპის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ოჯახის სხვა წევრმა, ლ--–-------------–--ლმა ასევე ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. მოწმე ი-----–- ჯ------ის ზეპირი ჩვენება მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს ირიბ ინფორმაციას. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერის ოქმს და შეტყობინებას, აღნიშნული მტკიცებულებები მართალია ადასტურებენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა პირდაპირი მოწმის ჩვენების ან/და ექსპერტიზის დასკვნის ან სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად. სასამართლო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების როლს ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობასათან ბრძოლის პროცესში, სასამართლო სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოძალადის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მ------- ღ----–---–ის ბრალეულობაში.

 

3.2. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------- ღ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------- ღ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს მ------- ღ----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

3. გამართლებულ პირს მ------- ღ----–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა