განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003041409
N1/139-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ფ-------- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ----- ც---–----;
ბრალდებული - ი----- ჩ--------, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ჭიათურა, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N--;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 19 აპრილს, ქ.ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლის სადარბაზოში, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, ამავე სახლში მცხოვრებმა ი----- ჩ--------მ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მისი მეზობლის - გ---–----- მ----–---ს მიმართ, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს, სახის არეში, რის გამოც, გ---–----- მ----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ---–----- მ----–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N---ში. 2019 წლის 19 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ი----- ჩ--------მ მას გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს სახის არეში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ტკივილი. გ.მ----–---ს განმარტებით, მას ი.ჩ--------სათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ურთიერთშელაპარაკების დროს, ი-----მ მას მოულოდნენად ჩაარტყა ხელი. აღნიშნული ფაქტი დაინახა როგორც ა---- წ--------–--, ასევე, მამამისმა - თ---------- მ----–---მაც.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---- წ--------–-- განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N---ში. 2019 წლის 19 აპრილს, იმყოფებოდა სახლში. გავიდა სიგარეტის მოსაწევად სადარბაზოში, რა დროსაც გაიგო ხმაური პირველ სართულიდან. როდესაც ჩავიდა ქვევით, დაინახა, რომ კამათობდნენ გ---–----- მ----–--- და ი----- ჩ--------. კამათის დროს, ი----- ჩ--------მ ხელი დაარტყა გ---–----- მ----–---ს სახის არეში. ჩაერია კონფლიქტში და გააშველა ისინი. მოწმის განმარტებით, კამათისას, გ---–----- მ----–---ს, ი----- ჩ--------სათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ი----- ჩ--------ს ახასიათებს კარგ პიროვნებად, მასთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------- მ----–---მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N---ში. 2019 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ხმაური და გავიდე სადარბაზოში. დაინახა, რომ იდგნენ ი-----, გ---–----- და ა----. როდესაც გარეთ გადიოდა, დაინახა, რომ ი----- ჩ--------მ ხელი დაარტყა გ---–----- მ----–---ს სახის არეში, ლოყაში, რა დროსაც გ---–-----მ დაიძახა სიტყვები "ვაიმე დედა". აღნიშნულ კონფლიქტში ჩაერია ა---- წ--------–- და გააშველა ისინი.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- ც-–--–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ი----- ჩ--------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ი.ჩ--------ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები, შეადგინა გირაოს გაფრთხილების ოქმი. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ა------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2019 წლის 19 აპრილს, ჭიათურის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაწყებული იქნა გამოძიება გ---–----- მ----–---ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე, გამოკითხა გ---–----- მ----–--- და ა---- წ--------–-, ასევე, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ი----- ჩ--------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N---ში. 2019 წლის 19 აპრილს, ურთიერთშელაპარაკებისას, განერვიულებულმა, თავი ვერ შეიკავა და გაარტყა ხელი სახის არეში გ---–----- მ----–---ს. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გერემოებით, რომ კამათისა და ურთიერთშელაპარაკების დროს, გ---–----- მ----–---მ და მამამისმა, მას, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწოდეს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და სხვა უწმაწური სიტყვები. ასევე, თავად გ---–----- მ----–---მაც მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაარტყა.
8. 2019 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩა N---ში და წარმოადგენს ოთხ სართულიან ლტოლვილთა საცხოვრებელ კორპუსს...... შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გ---–----- მ----–---, პირველი სართულის სადარბაზოში უჩვენებს ადგილს, სადაც 2019 წლის 19 აპრილს, მასზე იძალადა მეზობელმა ი----- ჩ--------მ. გ---–----- მ----–---ს მიერ ნაჩვენები ადგილი მდებარეობს სადარბაზოდან, საცხოვრებელი ბინებისკენ, მარცხენა მხარეს, ჩასასვლელი დერეფნის ე.წ. „კოლიდორის“ კიბეების თავში.
9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი, რომელიც მიღწეულია 14 წელს. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
10. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2019 წლის 19 აპრილს, ქ.ჭიათურაში, ი.ჭავჭავაძის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლის სადარბაზოში, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, ამავე სახლში მცხოვრებმა ი----- ჩ--------მ, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მისი მეზობლის - გ---–----- მ----–---ს მიმართ, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს, სახის არეში, რის გამოც, გ---–----- მ----–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- ჩ--------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
12. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ი----- ჩ--------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1–ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი----- ჩ--------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ი----- ჩ--------ს მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
16. ი----- ჩ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
18. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- ჩ--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი----- ჩ--------, არ არის ნასამართლევი, არის სოციალურად დაუცველი (იღებს შემწეობას), მარტოხელა დედა და ჰყავს 9 (ცხრა) წლის შვილი, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ი----- ჩ--------ს საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი----- ჩ--------ს მიმართ დანიშნული სასჯელით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ჩ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
ი----- ჩ--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე