გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310118002459592
საქმე № 3/133-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: შპს ,,გ--------ი”
წარმომადგენლები: გ--- ს------, კ--- ბ------–---–-, ი-----–- კ----–---
მოპასუხე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო”
წარმომადგენლები: რ----- ა------, გ------- ვ--–-–---–-, დ-------- მ-----–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,გ--------ის" მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის № 04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების № 2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტის ბათილად ცნობა;
1.2. შპს ,,გ--------ის" მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის № 04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების № 2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტის ბათილად ცნობა;
1.3. შპს ,,გ--------ის" მიერ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის № 04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების № 2018/30/03/02 აქტის 8.1. პუნქტის ბათილად ცნობა;
1.4. შპს ,,გ--------ისათვის" 1 580 079,02 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2019 წლის 19 აპრილის № 04/21365 გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის 1 561 635, 85 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2013 წელს შპს ,,გ--------ს” (საიდენტ. კოდი 4--------) სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ცენტრალიზებული წესით გადაეცა ს----------------------------–---ს" კონტიგენტი. მოპასუხე კი უსაფუძვლოდ ედავება, რომ შპს ,,გ--------ი" ვალდებული იყო, გეგმიური ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლეთა რეგისტრაცია განეხორციელებინა მხოლოდ მოსარგებლის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია ხორციელდება სპეციალური ელექტრონული პორტალით, სადაც პირის იურიდიული მისამართი უკვე აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით; სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი იწერება ოპერატორის მიერ თვით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ქალაქში (ან დაბაში) მაცხოვრებელი პირი მიეთითება ძირითად კონტიგენტში, ხოლო სოფლად მაცხოვრებელი - დამატებით კონტიგენტში; ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებულ პირებზე სახელმწიფო დაფინანსება 0,86 ლარით მეტია. შპს ,,გ--------ში" ბენეფიციარები დარეგისტრირდნენ ძირითად და დამატებით კონტიგენტში სწორედ ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით. შესაბამისად, მოპასუხე უსაფუძვლოდ ედავება, რომ შპს ,,გ--------ის" მიერ არასწორად მოხდა ბენეფიციართა რეგისტრაცია ძირითად კონტიგენტში.
ამის გამო მოპასუხე უსაფუძვლოდ ითხოვს კაპიტაციის პრინციპით გაცემული თანხების უკან დაბრუნებას.
გარდა ამისა, მოპასუხე თავის მოთხოვნებს აფუძნებს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" დირექტორის ისეთ ბრძანებებზე, რაც არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტს და მხოლოდ შიდა მოხმარების მნიშვნელობა აქვს.
შპს ,,გ--------ის" საქმიანობა შეამოწმა სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ" და რაიმე დარღვევა არ აღმოჩნდა; მოპასუხეს არ აქვს იგივე საქმიანობის განმეორებით შემოწმების უფლება.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" არ ჰქონდა უფლება, შეემოწმებინა 5 წლიანი პერიოდი, რადგან 5 წლიანი შემოწმების ვადა განისაზღვრა მხოლოდ 2015 წლის 26 ოქტომბრიდან, მანამდე კი განსაზღვრული იყო 3 წელი, რაც, თავის მხრივ, დაწესდა 2015 წლის 23 თებერვალს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო" მოქმედებდა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და მოსარჩელის მიერ მოყვანილი გარემოებები ვერ გამოიწვევს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას. მართალია, შპს ,,გ--------ს" ცენტრალიზებული წესით გადაეცა ს----------------------------–---ს" კონტიგენტი, მაგრამ მას შესაბამისი დაფინანსებაც მიეცა. კომპანია ვალდებული იყო, 2014 წლის 1 იანვრამდე გაერკვია, ამ ბენეფიციართაგან ვის სურდა მათი მომსახურების მიღება, მიეღო შესაბამისი თანხმობები, და ამის შემდეგ წარედგინა მოთხოვნა რაც მას არ გაუკეთებია.
კომპანიისაგან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბენეფიციარებმა მიუთითეს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად სოფელი, თუმცა შპს ,,გ--------მა" ისინი მაინც დაარეგისტრირა ძირითად კონტიგენტად, როგორც ქალაქად მაცხოვრებელი, და შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიიღო 0,86 ლარით მეტი თითოეულ ბენეფიციარზე.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" ბრძანებები წარმოადგენს ნორმატიულ აქტს, რაც გამოქვეყნდა კიდეც შესაბამის ვებგვერდზე და მიმწოდებლებისათვის ცნობილი იყო მათი შინაარსი.
შპს ,,გ--------ის" საქმიანობა შეამოწმა სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ" სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით, ხოლო სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ" შემოწმება ჩაატარა სულ სხვა საკითხზე.
მართალია, 5 წლიანი შემოწმების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 26 ოქტომბრიდან, თუმცა ეს ცვლილება გაგებული უნდა იქნეს იმდაგვარად, რომ შემოწმების მანამდე არსებული 3 წლიანი ვადა გაიზარდა 5 წლამდე, და აქედან გამომდინარე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" სრული უფლება ჰქონდა, შეემოწმებინა 5 წლიანი პერიოდი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ შემოწმებული იქნა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად შპს ,,გ--------ში" რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდში. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 16 იანვარს და დამთავრდა 2018 წლის 30 მარტს;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 5. პუნქტი (ტომი 1, ს. ფ. 27), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. შემოწმებისას შპს ,,გ--------მა" 80 186 შემთხვევაში ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები, რის გამოც ჩაითვალა, რომ შპს ,,გ--------ის" მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 1 525 045,43 ლარი;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტი (ტომი 1, ს. ფ. 28-29), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. შემოწმებით დადგინდა, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული არიან სოფლად მცხოვრები პაციენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში, რის გამოც შპს ,,გ--------ს" თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული აქვს 0,86 ლარით მეტი, სულ 36 590,42 ლარი.
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტი (ტომი 1, ს. ფ. 29-30), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.4. ამ (და აგრეთვე სხვა) დარღვევების გამო სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" № 2018/30/03/02 სადავო აქტით შპს ,,გ--------ს" სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაეკისრა 4 614 711,36 ლარი, საიდანაც 1 580 079,02 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს ,,გ--------ისთვის" ანაზღაურებული თანხაა, ხოლო 3 034 832,34 ლარი - ორმაგი ფინანსური ჯარიმა;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 8. და 8.1. პუნქტები (ტომი 1, ს. ფ. 32), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.5. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის № 536 დადგენილებით „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის ამავე კომპონენტის ფარგლებში კონტროლისა და რევიზიის შედეგად საჯარიმო (მათ შორის, სადავო) სანქციების ამავე დადგენილების № 1 დანართის 191 მუხლით განსაზღვრულ გადახდის ადმინისტრირების ღონისძიებებზე გამოცხადდა მორატორიუმი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა, 2019 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი დაწესებულებების მიმართ პროგრამის ზედამხედველობის შედეგად საჯარიმო სანქციების დაკისრებისა და მათი ადმინისტრირების განმსაზღვრელი პირობების ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე;
მტკიცებულება: „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის № 536 დადგენილება.
3.2.6. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის № 66 დადგენილებით გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლდნენ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების № 1 დანართის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ან რევიზიის შედეგად დაკისრებული/დასაკისრებელი საჯარიმო სანქციების გადახდისაგან 2019 წლის 1 თებერვლამდე პერიოდზე და განესაზღვრათ პროგრამულად ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება;
მტკიცებულება: ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების დამატებითი ღონისძიებების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის № 66 დადგენილება.
3.2.7. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 19 აპრილის № 04/21365 გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის № 66 დადგენილების საფუძველზე, ძალადაკარგულად ჩაითვალა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტით გათვალისწინებული ფინანსური (საჯარიმო) სანქციები, გარდა ანაზღაურებული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებისა, ხოლო 1 580 079,02 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელ ვალდებულებად;
მტკიცებულება: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 19 აპრილის № 04/21365 გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტების სადავო პუნქტები და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა, რამდენადაც მოპასუხის მიერ შემოწმებული იქნა შპს ,,გ--------ის" ისეთი შემთხვევებიც, რაზეც მოქმედებდა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, და ამ პერიოდის შემოწმების უფლებამოსილება მას აღარ გააჩნდა. ამავე დროს, არ არის გარკვეული, თანხმობის ფორმების არარსებობაში შპს ,,გ--------ის" ბრალეულობა ს----------------------------–---სგან" გადაცემულ ბენეფიციარებზე.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება”, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით, იმ ბენეფიციარების ბაზა, რომლებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის № 218 დადგენილების საფუძველზე) და ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ბავშვების, საპენსიო ასაკის მოსახლეობის, სტუდენტების, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმპ ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის № 165 დადგენილების საფუძველზე), გადაეცა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში” ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს.
,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებით) პრეამბულის მე-21 მუხლის მიხედვით (ამოქმედდა 2013 წლის 10 მაისიდან), ამ პროგრამებით განსაზღვრული მოსარგებლეების მოცვა განხორციელდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილიყო მათთვის სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი მიწოდება და დაფინანსება.
დადგენილია და მხარეთა შორისაც დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ს----------------------------–---ს" ბენეფიციარების ბაზა გადაეცა შპს ,,გ--------ს" 2013 წელს.
მხარეთა შორის დავას იწვევს ის გარემოება, იყო თუ არა ვალდებული შპს ,,გ--------ი" მათთვის გადაცემული ბენეფიციარების რეგისტრაცია განეხორციელებინა მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე (ანუ შეევსო თანხმობის ფორმები).
შპს ,,გ--------ის" მითითებით, ს----------------------------–---ს" ბენეფიციარების ბაზა (35 970 ბენეფიციარი) თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ცენტრალიზებულად ელექტრონული ფორმით გადაეცა შპს ,,გ--------ს" 2013 წლის 31 მაისს;
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" განმარტებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-21 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობასთან შეთახმებით, სპეციალურ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურებისა და დაფინანსების უწყვეტობის პრინციპით, 2013 წლის 31 მაისიდან განხორციელდა სადაზღვევო პროგრამებიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრირება. შემდგომ კი მიუთითა, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა აღრიცხვის ბაზები გააქტიურდა ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მოდულზე (,,საყოველთაო ჯანდაცვა") 2013 წლის 12 ივნისიდან, ბენეფიციართა გადანაწილება განხორციელდა ს----------------------------–---ს’’ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და მათი პორტირება შესაძლებელი გახდა 2013 წლის 1 ივლისიდან. მანამდე ამის შესაძლებლობა არ ყოფილა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, დაუდგენელია, ზუსტად რომელ დღეს მოხდა ს----------------------------–---ს’’ ბენეფიციართა ბაზის შპს ,,გ--------ისათვის" გადაცემა და რეგისტრაცია.
შპს ,,გ--------ის" მითითებით, 2014 წლის 1 იანვარს ღამის 3 საათზე ,,სააგენტოს" მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა ს----------------------------–---ს’’ 24 012 ბენეფიციარს, ხოლო 2 საათის შემდეგ, 5 საათზე, ,,სააგენტოს" მიერ ხელახლა დარეგისტრირდა 18 647 ბენეფიციარი.
ეს ქმედებები განხორციელდა თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ყოველგვარი თანხმობის ფორმების გარეშე, ცენტრალიზებულად.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,გ--------ის" დარღვევად ჩაითვალა 2013 წლის მარტის თვიდან თანხმობის გარეშე ბენეფიციარების რეგისტრაცია.
იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ ს----------------------------–---ს" ბენეფიციარების ბაზა ელექტრონული ფორმით შპს ,,გ--------ს" გადაეცა 2013 წლის 31 მაისს, გაუგებარია, ს----------------------------–---ს" ბენეფიციარებზე როგორ უნდა მოეხდინა შპს ,,გ--------ს" თანხმობის ფორმების შევსება 2013 წლის მარტში, აპრილსა და მაისში, ხოლო თუკი დადასტურდება, რომ ეს ბაზა შპს ,,გ--------ს" გადაეცა 2013 წლის 1 ივლისიდან, მაშინ როგორ უნდა მოეხდინა შპს ,,გ--------ს" თანხმობის ფორმების შევსება მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში.
საქმის მასალებით არ ირკვევა, 2013 წლის მარტის თვიდან თანხმობის გარეშე ბენეფიციარების რეგისტრაცია დარღვევად ჩაითვალა მხოლოდ ს----------------------------–---ს" ბენეფიციარებზე, თუ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების ამოქმედების (2013 წლის 28 თებერვალი) მომენტიდან შპს ,,გ--------ში" სხვა პირებზე განხორციელებული რეგისტრაციები.
სადავო აქტის მიხედვით, შპს ,,გ--------მა" 80 186 შემთხვევაში ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები; შპს ,,გ--------ის" მითითებით, მას ს----------------------------–---დან" გადაეცა 35 970 ბენეფიციარი;, ხოლო 2014 წლის 1 იანვარს, ღამის 3 საათზე, ,,სააგენტოს" მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა ს----------------------------–---ს’’ 24 012 ბენეფიციარს, ხოლო 2 საათის შემდეგ, 5 საათზე, ,,სააგენტოს" მიერ ხელახლა დარეგისტრირდა 18 647 ბენეფიციარი, და ეს ქმედებები განხორციელდა თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ყოველგვარი თანხმობის ფორმების გარეშე, ცენტრალიზებულად.
თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 19 აპრილის № 04/21365 გადაწყვეტილების მიხედვით, 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეთა თანხმობის ფორმების არარსებობის შემთხვევები ძირითადად ეხება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებიდან (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 დეკემბრის № 218 და 2012 წლის 7 მაისის № 165 დადგენილებები) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ინტეგრირებულ ბენეფიციარებს, თუმცა კონკრეტიკა არც ამ აქტშია გაკეთებული.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" განმარტებით, შპს ,,გ--------ს" 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა გაერკვია, ს----------------------------–---ს" ბენეფიციარებიდან, ვინ გამოთქვამდა თანხმობას, მომსახურება მიეღოთ შპს ,,გ--------ში", შეევსოთ თანხმობის ფორმა, და იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს იტყოდნენ, სახელმწიფოსაგან აღარ უნდა მოეთხოვა კომპანიას დაფინანსება ამ პირებზე.
ამ დებულების მართებულად მიჩნევის შემთხვევაშიც, გაუგებარია, 2013 წლის მარტიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე ს----------------------------–---ს" ბენეფიციარების თანხმობის ფორმების არარსებობის გამო შპს ,,გ--------ის" დამრღვევად მიჩნევა.
თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მითითებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებებით, 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 დეკემბრის № 218 და 2012 წლის 7 მაისის № 165 დადგენილებებით განსაზღვრული ბენეფიციარების მიმართ ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების იგივე ზოგადი და დამატებითი პირობები, რაც გათვალისწინებული იყო ამ პროგრამის მოსარგებლეებისათვის (იხ. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება).
მითითებული ზოგადი და დამატებითი პირობების ამოქმედება მოხდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის № 396 და № 398 დადგენილებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის, ანუ 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ს----------------------------–---ს" ბენეფიციარები შპს ,,გ--------ში" უკვე რეგისტრირებულნი არიან; შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" პოზიცია, რომ შპს ,,გ--------ს" 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა გაერკვია, ს----------------------------–---ს" ბენეფიციარებიდან, ვინ გამოთქვამდა თანხმობას, მომსახურება მიეღოთ შპს ,,გ--------ში", შეევსოთ თანხმობის ფორმა.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ შპს ,,გ--------ის" მითითებით, 2014 წლის 1 იანვარს ღამის 3 საათზე ,,სააგენტოს" მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა ს----------------------------–---ს’’ 24 012 ბენეფიციარს, ხოლო 2 საათის შემდეგ, 5 საათზე, ,,სააგენტოს" მიერ ხელახლა დარეგისტრირდა 18 647 ბენეფიციარი, და ეს ქმედებები განხორციელდა თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ყოველგვარი თანხმობის ფორმების გარეშე, ცენტრალიზებულად.
ასეთ ვითარებაში, მოპასუხის პოზიცია, რომ ს----------------------------–---დან’’ ინტეგრირებული ბენეფიციარების შემთხვევაშიც 2014 წლის იანვრიდან კომპანიას (მიმწოდებელს) უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების 23-ე მუხლით, საფუძველს მოკლებულია.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის მიმწოდებელთან.
აღსანიშნავია, რომ ამ რედაქციით ეს პუნქტი ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის № 396 დადგენილებით შეტანილი ცვლილების შედეგად, და ბუნებრივია, 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იმ საკითხის გარკვევა, ინტეგრირებული ბენეფიციარებიდან ვინ გამოთქვამდა თანხმობას, და შემდგომ თანხმობის ფორმების შევსება შეუძლებელი იყო.
სასამართლო ზემოთ მითითებულ გარემოებებს მიმოიხილავს ს----------------------------–---ს" ბენეფიციარების რეგისტრაციასთან მიმართებაში, თუმცა შპს ,,გ--------ი", საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების დანართი № 1-ის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვალდებული იყო, სათანადო წესით დაერეგისტრირებინა სხვა მოსარგებლეები.
მითითებული პუნქტის მიხედვით, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2013 წლის 26 თებერვლის № 04-69/ო ბრძანებით დამტკიცდა 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმა და ამ კომპონენტით სარგებლობისათვის შესაბამის მიმწოდებელთან რეგისტრაციის მიზნით მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების წესი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის № 01-19/ნ ბრძანებით დამტკიცდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმა და მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
მოცემულ შემთხვევაში, უცნობია, რატომ იყო შპს ,,გ--------ი" ვალდებული, მოეხდინა თანხმობის ფორმების შევსება ს----------------------------–---სგან" თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ინტეგრირებულ ბენეფიციარებზე, და ისიც 2014 წლის 1 იანვრამდე (ან თუნდაც მის შემდეგ).
როგორც აღინიშნა, შპს ,,გ--------ი" ვალდებული იყო, სათანადო წესით დაერეგისტრირებინა სხვა მოსარგებლეები.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მითითებით 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეთა თანხმობის ფორმების არარსებობის შემთხვევები ძირითადად ეხება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებიდან (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 9 დეკემბრის № 218 და 2012 წლის 7 მაისის № 165 დადგენილებები) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ინტეგრირებულ ბენეფიციარებს, და მასში მითითება, არიან თუ არა რეგისტრირებულნი სხვა პირებიც კანონის მოთხოვნების დარღვევით, გაკეთებული არ არის.
აქედან გამომდინარე, დაუდგენელია, 80 186 შემთხვევიდან რამდენია ს----------------------------–---ს" კონტიგენტი და რამდენი უშუალოდ შპს ,,გ--------ის" მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევით რეგისტრირებული პირი.
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული არიან სოფლად მცხოვრები პაციენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში, რის გამოც შპს ,,გ--------ს" თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული აქვს 0,86 ლარით მეტი, სულ 36 590,42 ლარი.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2013 წლის 12 აპრილის № 04-185/ო ბრძანებით დამტკიცდა 2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ამსახველი, ,,სააგენტოში" წარსადგენი ელექტრონული ანგარიშგების ფორმა, რომლის მიხედვითაც ძირითად კონტიგენტში უნდა ჩაიწეროს ის მოსარგებლეები, რომლებიც ცხოვრობენ შესაბამის ქალაქში (ან დაბაში), ხოლო დამატებით კონტიგენტში - სოფლად მცხოვრები პირები.
შპს ,,გ--------ის" მითითებით, სამედიცინო დაწესებულებაში პირის მოსარგებლედ რეგისტრაცია ხორციელდება სპეციალური ელექტრონული პორტალით, სადაც პირის იურიდიული მისამართი უკვე აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით; სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი იწერება ოპერატორის მიერ თვით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რამაც გამოიწვია განსხვავებული მონაცემების არსებობა.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოდან" წარმოდგენილი მასალებით გაირკვა და მოსარჩელის მხრიდან სადავოც არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მოსარგებლეებს თანხმობის ფორმებზე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვთ სოფელი, თუმცა შპს ,,გ--------ს" ,,სააგენტოსთვის" მიწოდებულ ინფორმაციაში ამ პირებზე აღნიშნული აქვს, როგორც ქალაქად მაცხოვრებლები.
ამ ფაქტის უდავოდ მიჩნევის გამო მასალები დაუბრუნდა მოპასუხე მხარეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ შპს ,,გ--------ს" არასწორად ჰქონდა რეგისტრირებული მოსარგებლეები ძირითად კონტიგენტში, ნაცვლად დამატებით კონტიგენტში რეგისტრაციისა.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ,,აღმოჩენილ დარღვევებზე" სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" უფლებამოსილება და ხანდაზმულობის ვადის გავრცელება.
შპს ,,გ--------ის" მითითებით, ,,სააგენტოს" არ ჰქონდა უფლება, 2013 წლის 28 თებერვლიდან (პროგრამის ამოქმედების დღე) 2015 წლის 23 თებერვლამდე პერიოდზე შეესწავლა თანხმობის ფორმების შევსების კანონიერება, რადგან სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებაში მხოლოდ 2015 წლის 23 თებერვალს შესული ცვლილებების შემდეგ მიენიჭა ეს უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ეს პოზიცია გაზიარებული ვერ იქნება, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი), ხოლო მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
აქედან გამომდინარე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს", როგორც პროგრამის განმახორციელებელს, 2013 წლის 21 თებერვლიდან ჰქონდა ზედამხედველობის უფლება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის № 79 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილებაში და მე-151 მუხლის მე-2 ნაწილით დადგინდა შემოწმების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა: კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარულ წელს.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის № 552 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-151 მუხლის მე-2 ნაწილში და კონტროლის განხორციელების ვადად განისაზღვრა შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარული წელი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 3 წლიანიც და 5 წლიანი ვადაც უკავშირდება შემთხვევის დასრულების მომენტს, ანუ თითოეული შემთხვევის შემოწმების ვადა უნდა აითვალოს ამ შემთხვევის დასრულების მომენტიდან.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 - მე-6 პუქტების თანახმად, პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება.
შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს სხვა და სხვა ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მათ შორის პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია, რაზე ზედამხედველობის ეტაპებსაც ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი (ანუ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო").
დადგენილია, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ შპს ,,გ--------ში" შემოწმებული იქნა ბენეფიციართა მოსარგებლეებად რეგისტრაციის შემთხვევების კანონიერება (რეგისტრაცია მოხდა თუ არა თანხმობის ფორმების გარეშე და ძირითად თუ დამატებით კონტიგენტად რეგისტრაცია).
აქედან გამომდინარე, დადგენილების მიხედვით, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული სადავო რეგისტრაციის შემთხვევის დასრულებიდან 3 (5) კალენდარულ წელს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კონკრეტული სადავო რეგისტრაცია (ანუ შემთხვევა) დასრულდა, მაგალითად, 2013 წლის 5 აპრილს, ამ რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2016 წლის 5 აპრილს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის არსებობისას, ხოლო 5 წლიანი ვადისას - 2018 წლის 5 აპრილს.
სასამართლო საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-151 მუხლით განსაზღვრულ 3 და 5 წლიან ვადებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 5 წლიანი ვადა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევების მიმართ, რომლებიც დასრულდა ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ანუ 2015 წლის 28 ოქტომბრიდან დასრულებულ შემთხვევებზე (ეს ცვლილება სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა 2015 წლის 27 ოქტომბერს).
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ შემოწმებული იქნა შპს ,,გ--------ში" რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსებისა და ძირითად თუ დამატებით კონტიგენტად რეგისტრაციის მდგომარეობა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 22 მაისამდე პერიოდზე. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 16 იანვარს და დამთავრდა 2018 წლის 30 მარტს.
საქმის მასალებით არ ირკვევა, კანონმდებლობის დარღვევით რეგისტრირებულად ჩათვლილი რომელი შემთხვევა რა დროს დასრულდა, და შესაბამისად, შეუძლებელია იმის შემოწმება, რომელ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს 3 წლიანი და რომელზე 5 წლიანი ვადა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" არც ერთ შემთხვევაზე ხანდაზმულობის რაიმე ვადა გავრცელებული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაზე 5 წლიანი ვადა იქნა გამოყენებული.
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით; ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 და 2015 წლის 26 ოქტომბრის № 79 დადგენილებები არ შეიცავს დათქმას, ახალი რედაქციის ნორმისათვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის № ბს-698-691 (კ-16) განჩინების თანახმად, კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 ოქტომბრის № ბს-57-52 (კ-13) განჩინების მიხედვითაც, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული; კანონს არ შეიძლება, მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს უკუძალა არ მიუნიჭებია, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობაზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა.
მოცემულ შემთხვევაში, 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა მოქმედებდა 2015 წლის 26 ოქტომბრის ცვლილებამდე არსებულ და უკვე დასრულებულ შემთხვევებზე; შესაბამისად, ამ შემთხვევების შემდეგ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დაწესებული 5 წლიანი ვადა ძველ დასრულებულ შემთხვევებზე ვეღარ გავრცელდება.
აქედან გამომდინარე, როგორც აღინიშნა, 5 წლიანი ვადა გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევების მიმართ, რომლებიც დასრულდა ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ანუ 2015 წლის 28 ოქტომბრიდან დასრულებულ შემთხვევებზე.
შპს ,,გ--------თან" მიმართებაში, იმ სადავო შემთხვევებზე, რომლებიც დასრულდა 2013-2014 წლებში, პასუხისმგებლობა შეიძლებოდა, დაკისრებოდა შესაბამისად 2016-2017 წლების ჩათვლით.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ" შემოწმება დაიწყო 2018 წლის 16 იანვარს და დამთავრდა 2018 წლის 30 მარტს; შპს ,,გ--------ს" კი პასუხისმგებლობა განესაზღვრა 2013-2014 წლების ,,დარღვევებზეც".
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დავის ცალსახა და საბოლოო გადაწყვეტა; შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და ამ გარემოებების ხელახლა გამოკვლევა-შეფასება უნდა დაევალოს აქტების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
გასაჩივრებული აქტებით არ დგინდება: შპს ,,გ--------ს" თანხმობის ფორმები არ ჰქონდა შევსებული მხოლოდ ს----------------------------–---ს" ბენეფიციარებზე თუ კიდევ სხვა პირებზე; ს----------------------------–---ს" იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ" თვითონ უშუალოდ გადასცა მოსარჩელეს, ბრალეულია თუ არა შპს ,,გ--------ი" თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე.
ეს საკითხი აქტუალური და მნიშვნელოვანია მით უფრო, თუკი ფაქტს, რომ 2014 წლის 1 იანვარს, ღამის 3 საათზე, ,,სააგენტოს" მიერ რეგისტრაცია გაუუქმდა ს----------------------------–---ს’’ 24 012 ბენეფიციარს, ხოლო 2 საათის შემდეგ, 5 საათზე, ,,სააგენტოს" მიერ ხელახლა დარეგისტრირდა 18 647 ბენეფიციარი (და ეს ქმედებები განხორციელდა თვით სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ ყოველგვარი თანხმობის ფორმების გარეშე, ცენტრალიზებულად), რეალურად ჰქონდა ადგილი, რაზეც მიუთითა შპს ,,გ--------მა".
ყურადღება უნდა მიექცეს იმ საკითხსაც, იმ ბენეფიციარებმა, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, თავისი მოქმედებით, თავისი ნებით ხომ არ გამოხატეს ეს ნება შპს ,,გ--------ში" მკურნალობითა და სამედიცინო მომსახურების მიღებით.
ამ საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა მოხდეს შეფასება, ამ პირებზე თანხმობის ფორმების არარსებობა რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შპს ,,გ--------ის" ბრალეულობა თანხმობის ფორმების არარსებობაში, ამ ,,დარღვევებთან" მიმართებაში უნდა მოხდეს შეფასების მიცემა შემთხვევის დასრულებიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-151 მუხლის მე-2 ნაწილში კონტროლის განხორციელების ხანდაზმულობის ვადად 3 და 5 კალენდარული წლების გამოყენებაზე, ზემოთ აღნიშნული პრინციპის დაცვით.
ასევე უნდა შეფასდეს საქმის გარემოებები ხანდაზმულობის 3 და 5 კალენდარული წლების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებზე, რომლებიც ეხება მოსარგებლეთა ძირითად კონტიგენტში არასწორად რეგისტრაციასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
იმავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდის ქვითარი.
მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სრულად უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯი, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით შეჩერდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის - შპს ,,გ--------ის" მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის 2017 წლის 10 ივლისის № 04/45028 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების № 2018/30/03/02 - აქტის მოქმედება ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
იმის გამო, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ეს აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, უზრუნველყოფის ეს ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,გ--------ის” სარჩელი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.1. პუნქტი;
1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 7.2. პუნქტი;
1.3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის 8.1. პუნქტი ამავე აქტის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებაში (ანუ 1 561 635, 85 ლარის დაკისრების ნაწილში);
1.4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,გ--------ისათვის" 1 580 079,02 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” 2019 წლის 19 აპრილის № 04/21365 გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი 1 561 635, 85 ლარის ნაწილში.
2. დაევალოს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”, საქმის შემდეგი გარემოებების გამოკვლევა:
ა) შპს ,,გ--------ს" თანხმობის ფორმები შეუვსებელი ჰქონდა მხოლოდ ს----------------------------–---ს" ბენეფიციარებზე თუ კიდევ სხვა პირებზე;
ბ) ს----------------------------–---ს" იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტომ" თვითონ უშუალოდ გადასცა მოსარჩელეს, ბრალეულია თუ არა შპს ,,გ--------ი" თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე და გააჩნდა თუ არა თანხმობის ფორმების შევსების ვალდებულება ამ პირებზე;
გ) იმ ბენეფიციარებმა, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, თავისი მოქმედებით გამოხატეს თუ არა ეს ნება შპს ,,გ--------ში" მკურნალობითა და სამედიცინო მომსახურების მიღებით, და შეფასდეს, ამ პირებზე თანხმობის ფორმების არარსებობა რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის;
დ) იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება შპს ,,გ--------ის" ბრალეულობა თანხმობის ფორმების არარსებობაში, ამ ,,დარღვევებთან" მიმართებაში მოხდეს შეფასების მიცემა შემთხვევის დასრულებიდან საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების მე-151 მუხლის მე-2 ნაწილში კონტროლის განხორციელების ხანდაზმულობის 3 და 5 კალენდარული წლების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული პრინციპის დაცვით;
ე) ასეთივე შეფასება მოხდეს ხანდაზმულობის 3 და 5 კალენდარული წლების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევებზე, რომლებიც ეხება მოსარგებლეთა ძირითად კონტიგენტში არასწორად რეგისტრაციას.
3. შპს ,,გ--------ის" სარჩელი მითითებული აქტების სრულად ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
4. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შპს ,,გ--------ის” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდეს 100 (ასი) ლარი.
5. შპს ,,გ--------ის” მიერ 2018 წლის 17 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 427, რეფერენსი 6620776175) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განჩინებით გამოყენებული ღონიძიება, რომლითაც შეჩერდა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს" 2018 წლის 30 მარტის № 2018/30/03/02 აქტის მოქმედება, დარჩეს უცვლელი ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
7. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი