განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
330100119003192436
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4326-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა

და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---- ც------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-–- რ-----ის ძე ნ------ე - დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–--–--------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 12 ივლისს, ლ-–- ნ------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტას“ მარკის ,,პრიუს“ მოდელის წითელი ფერის ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით V-------- ქ.თბილისი, ბუდაპეშტის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე შ------ ფ-------ი მიიყვანა და მგზავრობის საფასურად 100 ლარი მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და მხოლოდ 60 ლარი გადაუხადა. ლ-–- ნ------ემ 40 ლარის სანაცვლოდ, თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ შ------ ფ-------ს მისი კუთვნილი ,,სამსუნგის“ ფირმის ,,გალაქსის ს9“ მოდელის მობილური ტელეფონი ღირებული 1000 ლარად გამოართვა, რომელიც უკან აღარ დაუბრუნა. ლ-–- ნ------ე, მოქმედებდა რა თვითნებურად, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზარალებულ შ------ ფ-------ისათვის 1000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, ამოღებული ტელეფონი, აეროპორტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ჩანაწერი 1 ცალ დისკზე და სხვ.) ერთობლიობა ლ-–- ნ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითნებობა. თვითნებობა გულისხმობს ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია. თვითნებობისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. თავისად დაგულებული უფლება კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არ აქვს, ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. მაგალითად, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მოქმედებაა სხვისი ქონების ამოღება ვალში ჩასათვლელად.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-–- ნ------ემ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-–- ნ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ლ-–- ნ------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი, ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- ნ------ის მიმართ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-–- ნ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ-–- ნ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 1 (ერთი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

- მობილური ტელეფონი და შალითა, ტელეფონის გასაღები და 2 ცალი სიმბარათი (ინახება ქ------–-----–--------------------------------–-------------------–--აში) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნაჭყებია