განაჩენი

სისხლის სამართლის 02.09.2019
საქმის ნომერი
330100119003143364
თარიღი
02.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3760-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ნ-------- ჭ-----ის

ბრალდებულ _ ე----- გ-------ის

ადვოკატ - ნ--- ჯ-----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ე----- მ----------ის ძე გ-------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----------–-----------–----------------------–ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე----- გ-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ე----- გ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 21 ივლისს, ქ------–--–-------------------–-----------------------ში, ე----- გ-------მა ურთიერთშელაპარაკების დროს, მეუღლეს – ფ------– გ-------ას, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ფ------– გ-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ე----- გ-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ე----- გ-------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია საჯარო ადგილას და გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, ხოლო მეორეს მხრივ მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მეუღლეებს შორის მსგავსი ხასიათის ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი (ქორწინებაში იმყოფებიან 40 წელი), რაც დგინდება როგორც ბრალდებულის განმარტებით, აგრეთვე, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით. აღნიშნული კონფლიქტი კი, ბრალდებულის განმარტებით, განაპირობა წინა დღეებში ოჯახის წევრის - ძმის გარდაცვალებით გამოწვეულმა სტრესმა, რის გამოც ადვილად გაღიზიანდა მეუღლესთან შელაპარაკების დროს. ამ ეტაპზე ბრალდებული და დაზარალებული არიან შერიგებულები და როგორც საქმეში არსებული სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით ირკვევა, ამ უკანასკნელს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ე----- გ-------ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საჭიროდ არ მიაჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ე----- გ-------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დღეის მდგომარეობით აღარ ითვლება ნასამართლევად, შეურიგდა დაზარალებულს და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ამასთან, ჰყავს ორი შვილი და არასრულწლოვანი შვილიშვილები, რომელთაც უწევს მატერიალურ დახმარებას (დასაქმებულია მძღოლის პოზიციაზე), სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რამდენადაც პირობითი მსჯავრის დანიშვნით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში (მისი თქმით, საქმიანობიდან გამომდინარე პერიოდულად უწევს საზღვარგარეთ გასვლა), ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებას შეძლებს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაო გრაფიკთან შეთავსებით. აღნიშნული სასჯელის დანიშვნით კი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა, რათა მან განაგრძოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე----- გ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2019 წლის 21 ივლისიდან - 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ე----- გ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით.

2. მსჯავრდებულ ე----- გ-------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ე----- გ-------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

3. გაუქმდეს ე----- გ-------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი