გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
240210017002039033
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ დაკავშირებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017002039033 ( 2/604-2017წ )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.09.2019 წელი ქ. სენაკი

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - გ---–ი კ-----ა

მოპასუხე - ბ-----ი გ----------

წარმომადგენელი - რ----ნ მ-----–-ა

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ბ-----ი გ----------სათვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მისივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და რკინის ნაკეთობებისაგან გათავისუფლების დავალება, ასევე ამ ნივთების მომავალში განთავსების აკრძალვის დავალება;

 

1.2. მოპასუხე ბ-----ი გ----------სათვის მორალური ზიანის-3000 ლარის გადახდის დაკისრება;

 

მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

თავის დასთან, მ-----ა კ-----ასთან ერთად, ცხოვრობს ქ. ს----ში, მ–--------ს ქN52-ში, ხოლო მათ მეზობლად, მ–--------ს ქN56-ში, ცხოვრობს მოპასუხე ბ-----ი გ---------- თავის ოჯახთან ერთად. მათ საცხოვრებელ სახლებს შორის, მ–--------ს ქN54-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, 2013 წელს შეიძინა ბ-----ი გ----------მ, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია მისი მეუღლის ი---ა დ------–--ს სახელზე. ბ-----ი გ----------ს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული აქვს სატვირთო მანქანები და ტრაქტორები, რომლის შეკეთებასაც ახორციელებს იმავე ნაკვეთზე, საიდანაც მათ საცხოვრებელ სახლში შემოდის ხმაური, მანქანების გამონაბოლქვი, ასევე იმავე ნაკვეთზე განთავსებული აქვს ჯართი, სადაც მკბენარები, მღრღნელები და ქვეწარმავლები ბუდობენ, რის გამოც გაუსაძლისია იქ ცხოვრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ის და მისი და არიან პენსიონრები, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე არ ერიდება მის მიმართ დამამცირებელ და ღირსების შემლახავ მოქმედებას, ცდილობს მეზობლების და საზოგადოების თანდასწრებით შელახოს მისი ღირსება და პატივი, რითაც ადგება მორალური ზიანი (სარჩელი; სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო. დაადასტურა მისსა და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლებს შორის მიწის ნაკვეთის მის მიერ შეძენისა და ამ ნაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების განთავსების ფაქტი. კერძოდ, აღნიშნა, რომ ყავს ორი ტრაქტორი და ტვირთმზიდი ავტომანქანა (ევაკუატორი), რომლებსაც აქირავებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ასევე, არის ავტომანქანების ხელოსანი და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მათ შეკეთებას, თუმცა მისი საქმიანობა არ სცილდება კანონით დადგენილ ზემოქმედების დასაშვებ ნორმას და არ ხელყოფს მოსარჩელის უფლებას. ამასთან, არასოდეს შეულახავს მოსარჩელის ღირსება, პირიქით, თვითონ აყენებს შეურაცხყოფას, თუმცა იმის გამო, რომ პატივს სცემს მის ასაკს და მდგომარეობას, არ მიუმართავს სასამართლოსთვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გ---–ი კ-----ა, ცხოვრობს ქ. ს----ში, მ–--------ს ქN52-ში, თავის დასთან, 1955 წელს დაბადებულ მ-----ა კ-----ასთან ერთად, ხოლო მათ მეზობლად,მ–--------ს ქN56-ში, ცხოვრობს მოპასუხე ბ-----ი გ---------- თავის ოჯახთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა

-მხარეთა განმარტებებს;

 

3.1.2.ბ-----ი გ----------მ 2013 წელს შეიძინა მისი და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლებს შორის, მ–--------ს ქN54-ში, მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია მისი მეუღლის ი---ა დ------–--ს სახელზე. აღნიშნული წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის დაზუსტებული ფართობია 403.00კვ/მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. ბ-----ი გ---------- ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, გააჩნია სატრანსპორტო საშუალებები, კერძოდ, ტრაქტორები, ასევე, ტვირთმზიდი ავტომანქანა (ევაკუატორი),რომლებსაც აქირავებს შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. ასევე, არის ხელოსანი და საჭიროების შემთხვევაში, ახდენს მათ შეკეთებას.

 

3.1.4. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ბ-----ი გ----------ს განთავსებული აქვს

მისი და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლებს შორის მდებარე, მისსავე კუთვნილ, მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ, მ–--------ს ქN54-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.სასამართლომ ადგილზე დათვალიერებით დაადგინდა შემდეგი: სადავო ნაკვეთი, მდებარეობს ს----ი-ლ----–--ის საავტომობილო, ცენტრალურ გზაზე, ქ. ს----ში, მ–--------ს ქ.N54-ში. აღნიშნულ ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს თავის პენსიონერ დასთან, მ-----ა კ-----ასთან ერთად, ხოლო დასავლეთით-მოპასუხის ბ-----ი გ----------ს საცხოვრებელი სახლი, სადაც ის ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად. სადავო მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია და მოსარჩელისა და მოპასუხის საცხოვრებელი სახლებისგან გამოყოფილია თუნუქის, დაახლოებით 1,3-1,5 მეტრი სიმაღლის ღობით. მოსარჩელისა და მოპასუხის საცხოვრებელი სახლების, ასევე, სადავო ნაკვეთის ღობეებიდან ცენტრალურ, საავტომობილო გზამდე, მანძილი დაახლოებით 5 მეტრია. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი ორსართულიანია, საცხოვრებლად გამოიყენება მხოლოდ მეორე სართული, სადაც ასვლა შესაძლებელია გარეთა კიბის მეშვეობით. კიბის ბოლოს არის ღია აივანი, რომელიც სრულად გადაყურებს სადავო ნაკვეთს. სადავო ნაკვეთის ღობესა და მოსარჩელის სახლს შორის მანძილი დაახლოებით 2.5-3 მეტრია. სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა -ნაგებობა განთავსებული არ არის. ნაკვეთის შესასვლელი ჭიშკრიდან, ხელმარჯვნივ, ბ-----ი გ----------ს საცხოვრებელი სახლის მხარეს, განთავსებულია რკინის, ღია ტიპის კონსტრუქცია, რომელიც გადახურულია თუნუქის ფირფიტისგან დამზადებული სახურავით. აღნიშნული კონსტრუქცია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ღობისგან დაახლოებით 1.5-2 მეტრის მანძილზეა განთავსებული, ხოლო მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ღობისგან-დაახლოებით 6-6.5 მეტრის მანძილზე. კონსტრუქცია სავარაუდოდ, გამოიყენება ავტომანქანის სახელოსნოდ და მისი წინა მხარე ფაქტობრივად არ არის დაცილებული ჭიშკრის ღობიდან. კონსტრუქციის უკან, ბ-----ი გ----------ს საცხოვრებელი სახლის გამყოფი ღობის გაყოლებაზე, ზედ ღობეზე, მიწყობილია სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის ტრაქტორების სათადარიგო ნაწილები, ასევე, დიდი ზომის კასრები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ბ-----ი გ----------ს საცხოვრებელი სახლის გამყოფი ღობის მხარეს, ასევე, იდგა ტვირთმზიდი ავტომანქანა (ევაკუატორი) ტვირთის გარეშე (ადგილზე დათვალიერების ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2; 170-ე, 115-ე; 174-175-ე, 411-413-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია რა, თავისი საკუთრების უფლება დარღვეულად და ამ უფლების რეალიზაციის მიზნით მომართა სასამართლოს. მოცემული დავა სრულად ექცევა სამოქალაქო სამართლით რეგ---–ირებული საკუთრების უფლების ფარგლებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებული დაცვის ობიექტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

იმავე კოდექსის 172.2. მუხლის თანახმად, თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

 

მითითებული ზოგადი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ მესაკუთრე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ ქონებაზე კანონით გათვალისწინებული უფლებები - საკუთრებით თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ, კანონისმიერი ან სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში. მართალია, აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, მაგრამ მას გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება საკუთრების შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის, სარგებლობის უფლების მოსპობას. ამ მხრივ ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე (AFFAIRESPORRONG ET LONNROTH c.SUEDE), რომლის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი საკუთრების უფლების არსი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის დავა შეეხება მომიჯნავე, მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებას, შესაბამისად, მართებულია სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. იგივე მუხლი, ასევე, ადგენს სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას, რომლის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

 

აღნიშნული ნორმა სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება და მიმართულია ურთიერთპატივისცემისაკენ, რაც თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175.1 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა (175.2 მ). თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს(175.3.)

 

მითითებული ნორმა საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფს მის უფლებას. ასევე ეხება ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. იმავე მუხლით, ასევე დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

 

მოსარჩელე გ---–ი კ-----ა უთითებს მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე არსებით ზემოქმედებაზე, რაც ხელს უშლის თავისი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში, კერძოდ, უთითებს მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ხმაურზე, გამონაბოლქვზე, რაც არსებითად ხელყოფს მისი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობის უფლებას.

 

სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სასამართლოს უპირველესი ამოცანაა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა, რაც დავის მონაწილე მხარეთა უფლებების თანაზომიერად დაცვას ნიშნავს.

 

შესაბამისად, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის დაცვით, მოსარჩელე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ისეთი, არსებითი ხასიათის ზემოქმედების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რაც დაუშვებლად ხელყოფს მისი, როგორც მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრის კანონიერ ინტერესებს, ასევე, მეზობელი ნაკვეთიდან წამოსული გამონაბოლქვი აღემატება დადგენილ სტანდარტს და განსაკუთრებულ ზიანს აყენებს მას, თუმცა მოსარჩელეს, გარდა მისი განმარტებისა, ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მხარის განმარტება, თუ ის არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი, ნივთიერი მტკიცებულებებით, ექსპერტთა დასკვნებით) ვერ მიიჩნევა უტყუარად და ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების პრინციპს.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (მაგ ექსპერტიზის დასკვნა), რომ მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება (ხმაური, გამონაბოლქვი) აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, საკუთრების დაუშვებელ, აშკარა ხელყოფად შეეფასებინა განსახილველი დავა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოსა და ანთროპოგენური ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001 წლის N297/ნ ბრძანებით, დამტკიცდა „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები“. აღნიშნული ბრძანებით დადგინდა ფიზიკური ფაქტორების, მათ შორის ხმაურის, ზემოქმედების დასაშვები და მაქსიმალური დონეები, ასევე,სანიტარული წესები და ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ და უსაფრთხო გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში და რომელთა დაცვაც სავალდებულოა ყველასათვის საკუთრებრივი ფორმის მიუხედავად.

 

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადგენდა, რომ მოპასუხის ნაკვეთიდან მომავალი ზემოქმედება აღემატება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001 წლის N297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმები“-თ დადგენილ ზემოქმედების დასაშვებ ნორმას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმე მ-----ა კ-----ა (მოსარჩელის და), რომელმაც მიუთითა მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებაზე, თუმცა მისი ჩვენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ, სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან მითითებული ნორმის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო, სამართლებრივად ვარგისი, უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება (ხმაური, გამონაბოლქვი) აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადგილზე დათვალიერებისას დადგენილ გარემოებებს, რომლის მიხედვით, მართალია, მოპასუხეს მოსარჩელის მეზობლად მდებარე ნაკვეთზე აქვს ღია ტიპის ავტომანქანის სახელოსნო, თუმცა იგი განთავსებულია მოპასუხისვე საცხოვრებელი სახლის მხარეს, ღობისგან დაახლოებით 2 მეტრის მანძილზე, რაც მოსარჩელისა და ამ ნაკვეთის გამყოფი ღობისგან დაახლოებით 6,5 მეტრითაა დაშორებული. მოპასუხეს ავტომანქანის ნაწილებიც მიწყობილი აქვს სადავო ნაკვეთსა და მისი საცხოვრებელი სახლის გამყოფ ღობეზე. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ამ ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება უფრო მეტად მოპასუხის საცხოვრებელი სახლის მხარესაა, სადაც იგი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ვიდრე მოსარჩელის მხარეს. ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ზემოქმედება მოცემულ ადგილას არ შეიძლება აღემატებოდეს ჩვეულებრივად დასაშვებ ნორმას, ვინაიდან სამივე უძრავი ქონება, მოსარჩელისა და მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონებები მდებარეობს ს----ი-ლ----–--ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც ავტომანქანების მოძრაობა და შესაბამისად, გამონაბოლქვი, ასევე ხმაური, ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთ შემთხვევაში, მეზობელი ნაკვეთიდან მომავალი იმგვარივე ზემოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის უძრავ ნივთზე დაუშვებელი ზემოქმედების განხორციელებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. მესაკუთრის მიერ უფლებების ბოროტად გამოყენება არა მხოლოდ კანონმდებლობითაა დაუშვებელი, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა, ისევე როგორც მეზობლების მოვალეობაა ურთიერთპატივისცემა, სამეზობლო სივრცეში არსებული საკუთრების მოვლა-დაცვა და მოსალოდნელ ზემოქმედებათა თმენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უდავოდ პატივსადებია თითოეული ადამიანის უფლება, იცხოვროს მისი ჯანმრთელობისათვის წყნარ, ღირსეულ და მშვიდ გარემოში, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია სამეზობლო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომელიც მესაკუთრეს თმენის ვალდებულებას უწესებს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში, სასამართლოს ვერ წარუდგინა სათანადო, სამართლებრივად ვარგისი, უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედება (ხმაური, გამონაბოლქვი) აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. თუმცა სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ხელყოფის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაშიც, თუ ხელყოფა არსებითია, მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი კომპენსაცია უნდა ყოფილიყო, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა ემყარება მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე სწორედ ისეთი სახის ზემოქმედებას, რაც აღემატება კონკრეტულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.

 

მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით, სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის რეალიზაცია, ვერ დაასაბუთა თავის მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის- მოპასუხე ბ-----ი გ----------სათვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მისივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და რკინის ნაკეთობებისაგან გათავისუფლების დავალებისა და ამ ნივთების მომავალში განთავსების აკრძალვის დავალების, დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2.მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, მოპასუხე ბ-----ი გ----------სათვის მორალური ზიანის -3000 ლარის გადახდის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობაში, ზიანი წარმოადგენს ინტერესის ხელყოფას. ინტერესის ხელყოფის შემთხვევაში კი ხელმყოფი ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ქმედებით მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი, მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე მეზობლების თანდასწრებით უწოდებს შეურაცხადს, ეპყრობა დამამცირებლად, რაც ლახავს მის პატივსა და ღირსებას. მოპასუხის ამგვარი ქმედებით მას შეერყა ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს ანაზღაურებას არაქონებრივი ზიანისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი ზუსტად განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი განვრცობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.

ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ანაზღაურება, სხეულის დაზიანება და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ხშირ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს. ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს და იყოს მისი თანმდევი შედეგი (მაგ. უშედეგო მკურნალობა,ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსს თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს) თუმცა ასეთ დროს სავალდებულოა დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. (იხ.სუსგ.Nას 979) ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.

 

შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მოპასუხის ქმედებით დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების ან/და მისთვის ვნების მიყენების ფაქტობრივი გარემოება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხე ბ-----ი გ---------- მოსარჩელეს მეზობლების თანდასწრებით აყენებს შეურაცხყოფას, ექცევა დამამცირებლად, აწევს თავდ მოსარჩელეს, შესაბამისად, მოსარჩელეა ვალდებული სასამართლოს წარმოუდგინოს მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებს მის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა, რაც დავის მონაწილე მხარეთა უფლებების თანაზომიერად დაცვას ნიშნავს. სასამართლოს ეკრძალება რომელიმე მხარის სასარგებლოდ რაიმე სახის მტკიცებულების მოპოვება/ გამოკვლევა (სს კოდექსის 102-103 მ). სასამართლო გამოიკვლევს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აფასებს მათ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რის შედეგად გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის თუ არარსებობის შესახებ (სს კოდექსის 105 მ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის განმარტებაც მტკიცებულებაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დაეთანხმება მეორე მხარეც. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მხარის განმარტება, თუ ის არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება (მათ შორის თვითმხილველი მეზობელი), რაც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის შეურაცხყოფის მიყენების ან სხვაგვარი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს, ამასთან, მოპასუხემ უარყო მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის ზემოქმედების ფაქტი, პირიქით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ (წარმომადგენელმა) განმარტა, რომ პატივს სცემს მოსარჩელის ასაკს, მის ჯანმრთელობას, რის გამოც მუდმივად ცდილობს თავი აარიდოს და არ გააღიზიანოს (სხდომის ოქმი)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა.

 

მოსარჩელის მიერ, მართალია, წარმოდგენილია ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა-100/ა), რომლის მიხედვით, იგი დაავადებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით (კიბო)- მე-2 სტადია, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ეს დაავადება ან მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის რაიმე სახით ვნების მიყენება გამოწვეულია მოპასუხის ნეგატიური ზემოქმედების შედეგად, საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ შერყეული ჯანმრთელობა, თუ მასთან ან მის წარმოშობასთან რაიმე სახით მოპასუხის ქმედების მიზეზობრივი კავშირი და შესაბამისად, მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, არ არსებობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან ეს უფლება პირდაპირ დაკავშირებულია მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადგენასთან.

 

ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გ---–ი კ-----ას სარჩელი მოპასუხის ბ-----ი გ----------ს მიმართ ხელშეშლის აკრძალვისა და მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე.

 

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია