განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე N1/1159-19
გამოძიების N0-----------
13 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–-------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული ბ------–---–------ (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ. თბილისი, ზ--------------–--------ში;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 თებერვალს, ქ. თბილისში, დ--------------–---–-----------------ის მიმდებარედ, ზ------ მიმართულებით ფეხით გადაადგილებისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ------–---–-----მა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - თ--------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმაში სწვდა, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე თმით ათრია და ხელ-ფეხი ურტყა. ბ------–---–------ს ძალადობრივ ქმედებათა შედეგად, თ--------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა თ--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შემთხვევამდე დაახლოებით ორი თვის მანძილზე. 2019 წლის 10 თებერვალს მეუღლესთან და მაზლთან, ნ---------–---–-----თან ერთად იყო სტუმრად, სადაც ბ------–---–-----მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და მთვრალს ჩაეძინა. რადგან მაზლს სახლში წასვლა აგვიანდებოდა, მეუღლე გააღვიძა, რის გამოც ამ უკანასკნელმა ლანძღვა-გინება დაუწყო. ვინაიდან იყო გვიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა, ის, ბ------ და ნ---------–---–-----ი გ-------–---–-- გამზირს ზ------ მიმართულებით ფეხით გაუყვნენ. გზაში ბ------ კვლავ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ნ---------–---–-----ი ბ-----ს ამშვიდებდა. როცა ნ--------- მათ ჩამორჩა, ბ-----ს სთხოვა, ნ--------ს გაჰყოლოდნენ, რადგან სახლამდე შორი მანძილი ჰქონდათ გასავლელი და სამგზავროდ თანხაც არ ჰქონდათ. ამის გაგონებაზე ბ------ უფრო აგრესიული გახდა, ჯერ ტყავის ქურთუკი მოუქნია და დაარტყა, რომელიც ხელში ეჭირა, შემდეგ კი თმაში სწვდა, ძირს დააგდო, მუშტების დარტყმა დაუწყო და რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე ტროტუარზე თმით ათრია. როცა მოახერხა და ბ-----ს ხელიდან გაუსხლტა, გზის მეორე მხარეს გადაირბინა, რა დროსაც ბ------ ბენზინგასამართ სადგურთან დაეწია და კვლავ ხელები ურტყა. ბ------–---–------ს ძალადობრივმა ქმედებებმა ფიზიკური ტკივილი მიაყენა. ამ დროს მასთან უცნობი გოგონა მივიდა და დახმარება შესთავაზა, მანვე დარეკა საპატრულო პოლიციაში. ზემოაღნიშნული გოგონას გარდა, ხსენებულ ინციდენტს მისი თანმხლები ახალგაზრდა მამაკაციც შეესწრო, რომელიც, მათი გაშველების მიზნით, ბ-----თან მივიდა. ადგილზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს ბ------–---–------, თავად კი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, რადგან მიღებული დარტყმების გამო მუცლის ტკივილს და თავბრუსხვევას უჩიოდა.
მოწმე ე-–------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, ღამის საათებში, მეგობარ ზ-------------თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-------–---–-- გამზირზე არსებულ სკვერში, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო გოგონას ყვირილმა, რომელიც შველას ითხოვდა. ხმის მიმართულებით რომ გაიხედეს, სკვერის გვერდით დაინახეს ბრალდებული, რომელსაც თმებში ჰქონდა ჩავლებული ხელი წაქცეული გოგონასთვის და მიათრევდა. გარკვეულ მანძილზე გოგონას თრევის შემდეგ, მამაკაცმა წაქცეულს ფეხი გადააბიჯა, თავზე დაადგა და ხელებითა და ფეხებით სცემა. გოგონამ ფეხზე წამოდგომა მოახერხა და ბენზინგასამართი სადგურისაკენ გაიქცა. მამაკაცი მას გაეკიდა, უყვიროდა, აგინებდა და ურტყამდა. ვინაიდან მამაკაცი თავს არ ანებებდა გოგონას, მოწმემ ჯერ საპატრულო პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა, შემდეგ კი მეგობართან ერთად უცნობებთან მივიდა, რა დროსაც მამაკაცმა თავი დაანება გოგონას და მათთან თავის მართლება დაიწყო. გოგონა ტიროდა, სახეზე სიწითლე ეტყობოდა, თმა - გაწეწილი, ტანსაცმელი კი, ძირს თრევის შედეგად, დასვრილი ჰქონდა. მომხდარის შესახებ ჯერ ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უამბეს, მოგვიანებით კი პოლიციის განყოფილებაში მისცეს ჩვენება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ-------------მ, რომელმაც დაკითხვისას, ფაქტობრივად, დაადასტურა ე-–------------–---–ის ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე.
მოწმეებმა: ი------–------მ და გ----------------მ, შსს ს----------–-------–-–-------------------------------–---------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდნენ სამსახურში და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში, გ-------–---–-- გ-------------თან მიმდინარე ძალადობის ფაქტის შესახებ. მისვლისას ადგილზე დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ------–---–------ და შეშინებული და ატირებული თ--------------–--ე. თ--------------–--ემ განაცხადა, რომ მეუღლემ, ბ------–---–-----მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თმით ათრია, წაქცეული ხელებითა და ფეხებით სცემა და რომ არა გამვლელების, უცნობი გოგონას და ბიჭის ჩარევა, ძალადობა უფრო სავალალო შედეგით დასრულდებოდა. დაზარალებულს გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, სახე - აწითლებული, თმა - აჩეჩილი, ტანსაცმელი კი დასვრილი ჰქონდა. ადგილზევე მოხდა გამოძიების ინიციატორ გოგონასთან და მის თანმხლებ ბიჭთან გასაუბრება, მათ დაადასტურეს ბ------–---–------ს მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, რომელსაც თავად შეესწრნენ. ბ------–---–------ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თ--------------–--ისთვის დახმარების გასაწევად კი გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოწმე მ------------------მ, სსიპ ქ. თ---–--------–---------------–------------------–-------------------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გამოძახების საფუძველზე, ქ. თბილისში, გ-------–---–-- გ----------თან გამოცხადებისას ადგილზე დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და თ--------------–--ე, რომელმაც განაცხადა, რომ რამდენიმე წუთის წინ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ათრია თმით. დაზარალებული უჩიოდა მუცლისა და თავის ტკივილს, რის გამოც მას ადგილზევე გაეწია შესაბამისი დახმარება, შემდეგ კი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, თ--------------–--ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე -ზემო მესამედში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 11.02.2019 წ.
ამავე დასკვნის თანახმად, შესამოწმებელი პირი ექსპერტის მიერ დაფიქსირებულ, ზემოაღნიშნულ დაზიანებას უკავშირებდა მეუღლის მიერ მისი ცემის ფაქტს.
ბრალდებულმა ბ------–---–-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და ითხოვა გამართლება.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ ბ------–---–-----მა 2019 წლის 11 თებერვალს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, თ--------------–--ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა; აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებული თ--------------–--ის, ისე მოწმეების - ე-–------------–---–ის, ზ-------------ს, ი------–-------, გ----------------ს და მ------------------ს ჩვენებებით. კერძოდ:
დაზარალებული თ--------------–--ე პირდაპირ ამხელს მეუღლეს, ბ------–---–-----ს მის მიმართ ძალადობაში, რაც, ძირითადში, თმით მის თრევასა და ცემაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე უტყუარად დასტურდება გარეშე პირების, მოწმეების - ე-–------------–---–ის და ზ-------------ს ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, ისინი უშუალოდ შეესწრნენ ინციდენტს და მისი სიმწვავიდან გამომდინარე, დაზარალებულის დასახმარებლად, საპატრულო პოლიციისთვის ფაქტის შეტყობინების გადაწყვეტილება მიიღეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული ბ------–---–------ს პოზიციას ზემოაღნიშნულ ჩვენებათა უტყუარობის შეფასებაში და თვლის, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც დაკითხულ პირთა გულწრფელობასა და სასამართლოსთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები თანმხვედრია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაზარალებული თ--------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დგინდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც ინციდენტიდან მეორე დღეს თ--------------–--ეს მარჯვენა მხარზე აღენიშნებოდა დაზიანება და იგი ხანდაზმულობით შეესაბამებოდა შემთხვევის თარიღს; ასევე, - შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის ჩვენებებით, რომლებიც ინციდენტის შესახებ დაზარალებულისა და შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტების გარდა, ასევე შეიცავს ინფორმაციას თ--------------–--ის მდგომარეობის (ფსიქო-ემოციური და ვიზუალური) შესახებ, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, ცალსახად მიუთითებდა მცირე ხნით ადრე მასზე განხორციელებულ ძალადობაზე.
სასამართლოსთვის ნიშანდობლივია ისიც, რომ ბრალდების ორი ძირითადი მოწმე - ე-–------------–---–ი და ზ------------- - ინციდენტის შემთხვევითი თვითმხილველები და დაზარალებულისა და ბრალდებულისათვის უცნობი პირები არიან, რაც თავისთავად ზრდის მათი, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობის ხარისხს, რადგან რაიმე მოტივს ბ------–---–------სათვის დაებრალებინათ დანაშაული, გამორიცხავს.
ამდენად, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ბ------–---–------ს მიერ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - თ--------------–--ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და შედეგად მისთვის ტკივილის მიყენების ფაქტები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა სრულად. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ბ------–---–------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბ------–---–------ს დამნაშავედ ცნობისა და სისხლისსამართლებრივი ღონისძიების სახით მისთვის სასჯელის დაწესების სამართლებრივი საფუძველი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ------–---–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებულ ბ------–---–------ს პიროვნება, მისი ნასამართლობა და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია), მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს კი სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებული, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილი აუცილებლობა, დანაშაულის რეციდივის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------–---–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ბ------–---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 11 თებერვლიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი