განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2019
საქმის ნომერი
330100119003094791
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/3203-19

№0-----------

27 სექტემბერი,2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ--–------------------ დაბადებული 1----–-–-------------, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--------------------------–-----------–-.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 08:55 საათზე, ქ. თბილისი, კ----------------–--–--------–-----------------ა, რომელიც მართავდა ავტომობილ „რ---------–-------“, სახელმწიფო ნომრით I------ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა. დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაეჯახა კ--------------ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „მ-–----–ს“, სახელმწიფო ნომრით B--------. ეს უკანასკნელი თავის მხრივ გადავიდა სავალი გზის საპირისპირო მხარეს და დაეჯახა ა-–----------------------ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „ი-----ს“ სახელმწიფო ნომრით I--------. მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ა-–---------------------მა, კ-------------მა და მისმა მგზავრმა - ა-–-----------–---–-----მა მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო რ----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1 სასამართლოს დასკვნა ნ--–----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ--–----------------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და თანდართულ სქემას, დაზარალებულების: ა-–----------------------ს, კ--------------ს, ა-–-----------–---–-----ის და რ----------------ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, მოწმე ნ---------–--------–---–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს.

 

2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ნ--–----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებას შორის.

 

3.2. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ--–----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნ--–----------------მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნა და რ----------------ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ა-–---------------------ს, კ-------------ს და ა-–-----------–---–-----ს კი - სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ნ--–----------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება, ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ--–----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ--–----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით. (2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

 

5.5 სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ--–----------------ი არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულებს, გარდა რ----------------ისა პრეტენზია არ გააჩნიათ, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5.6. მოცემულ შემთხვევაში ნ--–----------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ--–----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ნ--–----------------ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში. აქვე სასამართლო უთითებს, რომ ნ--–----------------ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

 

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

5.8. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ნ--–----------------ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი ძირითადი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--–----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით (2019 წლის პირველ აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ნ--–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ ნ--–----------------ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ავტომანქანა „რ---------–-----ა“, სახელმწიფო ნომრით I------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი