გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/14157 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ი---------–-–---–-
მოსარჩელე თ----- გ-----
წარმომადგენელი ქ------- მ-–--–-–---–-
მოპასუხე გ------- მ-----–---–-
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე გ------- მ-----–---–-სათვის არასრულწლოვანი შვილის, კ--- მ-----–---–-ს (დაბადებული 200----–-–------------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 17 ივნისიდან) ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის დაკისრება.
მოსარჩელე თ----- გ-----ს და მოპასუხე გ------ მ-----–---–ს ქორწინების პერიოდში, 200--–-–------------------ს შეეძინათ შვილი კ--- მ-----–---–-. მხარეები დაძაბული ურთიერთობის გამო ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ისინი განქორწინდნენ 2014 წლის 20 იანვარს. არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–- ცხოვრობს დედასთან, თ----- გ-----სთან. მოპასუხე სათანადო მონაწილეობას არ იღებს არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში. იგი ვალდებულია სტაბილურად ეხმარებოდეს არასრულწლოვანს და ზრუნავდეს მასზე. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მას მეორე ქორწინებიდან ჰყავს ასევე არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება მეუღლე.
(სარჩელი, 2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელს კ--- მ-----–---–-ს (დაბადებული 200----–-–------------------ს) ალიმენტის სახით ყოველთვიურად თანხის დაკისრების შესახებ.
მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს. ამ ეტაპზე, მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა და მომავალშიც დაეხმარება არასრულწლოვან შვილს. მოპასუხე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
(შესაგებელი, 2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე თ----- გ----- და მოპასუხე გ------- მ-----–---–- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–- ცხოვროს მოსარჩელე თ----- გ-----სთან ერთად. ეს უკანასკნელი ქორწინებაშია სხვა პირთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა მეორე არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელის მეუღლე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი;
არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–- სწავლობს სკოლაში. იგი ასევე მონაწილეობას იღებს სპორტულ (ძიუდო) აქტივობაში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. აღნიშნულ თანხას იხდის მოსარჩელე მხარე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. იგი ბოლოს მუშაობდა 2013 წელს;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის 15 ივლისის მდგომარეობით, თ----- გ-----ს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 16 ივლისის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 43).
3.1.4. მოპასუხე გ------- მ-----–---–- იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს მისამართზე რ-----------–----------------------. მოპასუხე მხარეს მატერიალურად ეხმარებიან მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ რაიონში;
მოპასუხე მშობლების დახმარებით პერიოდულად ეხმარება არასრულწლოვან კ--- მ-----–---–ს. მან დაბადების დღეზე არასრულწლოვანს შეუძინა მობილური ტელეფონი, ასევე, სკოლის პერიოდისათვის მოპასუხემ არასრულწლოვან უყიდა ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 15 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ----- გ-----ს და გ------- მ-----–---–ს ქორწინების პერიოდში, 200--–-–------------------ს შეეძინათ შვილი კ--- მ-----–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 25 მაისს გაცემული ქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15).
3.2.2. თ----- გ----- და გ------- მ-----–---–- განქორწინდნენ 2014 წლის 20 იანვარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 21 იანვარს გაცემული განქორწინების მოწმობა N-----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 14).
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გ------- მ-----–---–ს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 16 ივლისის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 43).
სასამართლო სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესახებ. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რაც მოცემული ეტაპისათვის მოპასუხის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებას (თუნდაც პერიოდულად) დაადასტურებდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე თ----- გ-----მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი 200--–-–------------------ს დაბადებული კ--- მ-----–---–-. (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თ----- გ----- და მოპასუხე გ------- მ-----–---–- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მხარეები განქორწინდნენ 2014 წლის 20 დეკემბერს (3.1.1., 3.2.1). მხარეთა საერთო შვილი, არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–- ცხოვრობს დედასთან, თ----- გ-----სთან. ეს უკანასკნელი იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან. მოსარჩელეს მეორე ქორწინებაში შეეძინა არასრულწლოვანი შვილი. მოსარჩელის მეუღლე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. თ----- გ----- არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი. იგი ბოლოს მუშაობდა 2013 წელს (3.1.3). მოსარჩელეს მეუღლე ეხმარება მატერიალურად. როგორც მხარეთა განმარტებიდან ირკვევა, არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–- სწავლობს სკოლაში. იგი ასევე მონაწილეობას იღებს სპორტულ (ძიუდო) აქტივობაში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. აღნიშნულ თანხას იხდის მოსარჩელე.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ.
მოპასუხე გ------- მ-----–---–- იმყოფება ქორწინებაში სხვა პირთან. იგი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ქალაქ რუსთავში. მოპასუხე მხარეს მატერიალურად ეხმარებიან მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ რაიონში. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გ------- მ-----–---–ს 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება (3.2.3). სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოპასუხის დასაქმების თაობაზე, თუმცა არ აქვს წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც გ------- მ-----–---–-ს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა.
არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაქმებული არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მხარე. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შვილის რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. „ბავშვის უფლებების კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ ასახელებს კონკრეტულ თანხას, რომლის გადახდასაც შეძლებს ყოველთვიურად ალიმენტის სახით. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. დადგენილია, რომ მოპასუხე მშობლების დახმარებით პერიოდულად ეხმარება არასრულწლოვან კ--- მ-----–---–ს. მან დაბადების დღეზე არასრულწლოვანს შეუძინა მობილური ტელეფონი, ასევე, სკოლის პერიოდისათვის მოპასუხემ არასრულწლოვან უყიდა ტანისამოსი და სხვა საჭირო ნივთები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 15.10.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ორსულიანი ოჯახისათვის შეადგენს 2019 წლის ივნისის თვისათვის - 266.5 ლარს, ივლისის თვისათვის - 265.2 ლარს, აგვისტოს თვისათვის - 268.1 ლარს და სექტემბრის თვისათვის - 269.2 ლარს. იმავე პერიოდზე საშუალო მომხარებლისათვის საარსებო მინიმუმი ოდენობა მერყეობს - 165.2 ლარიდან 168.2 ლარამდე. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ის ფიზიკური შრომა და დატვირთვა, რაც აწევს იმ მშობელს, რომელთანაც აღსაზრდელად იმყოფება არასრულწლოვანი. როგორც უკვე აღინიშნა, ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს ორსულიანი ოჯახში ერთი პირისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საშუალოდ 135 ლარს), რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, საშუალოდ 25 ლარი (135+25=160 ლარი). მიღებული თანხა ასევე შეესაბამება საშუალო მომხარებლისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობასაც. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–-სათვის უნდა განისაზღვროს 160 (ას სამოცი) ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე თ----- გ----- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ თ----- გაბაძის (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე გ------- მ-----–---–-ს (პირადი №-----------) მიმართ:
დაეკისროს მოპასუხე გ------- მ-----–---–ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი კ--- მ-----–---–-ს (დაბადებული 200---–-–-----------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 17 ივნისიდან) ყოველთვიურად 160 (ას სამოცი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე გ------- მ-----–---–ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე