გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002981617
საქმე № 3/108-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე: შპს ,,ო-------–---------"
წარმომადგენლები: ა-–---------- ვ--–------–---–-, დ-------- მ----- და თ----- კ-------–---–-
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: თ----- თ-------
მოპასუხე: სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო"
წარმომადგენელი: თ----- გ--------–---, გ------- მ-–---–---–---–-
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): შპს ,,რ---–---------ი"
წარმომადგენელი: ზ------ წ----–------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ტენდერის შეწყვეტილად გამოცხადების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 მარტის № NATI90004795 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.
1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მიცემის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 2019 წლის 29 მარტის № 1717 განკარგულების ბათილად ცნობა.
სარჩელის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ვებგვერდზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ,,ო-------–---------"-მა (საიდენტ. კოდი 4--------).
იმ მოტივით, რომ ტექნიკური დავალებისა და ხელშეკრულების რიგი პუნქტებისა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ ეს პირობები გასაჩივრდა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას დაევალა ელექტრონული ტენდერის პირობების გადასინჯვა და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
მიუხედავად ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ საერთოდ შეწყვიტა ტენდერი, იმავე დღეს მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად და ეს თანხმობაც ასევე უსაფუძვლოდ გაიცა; შედეგად, გორის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,რ---–---------თან" (საიდენტ. კოდი 4--------), რომელსაც არ გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილთან მიმართებაში აკრედიტაცია.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხეებმა და მესამე პირმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ, მიუხედავად სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებისა (რაც სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ არის შესასრულებლად სავალდებულო), გორის მუნიციპალიტეტის მერიას სრული უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა მის მიერ გამოცხადებული ტენდერი და სახელმწიფო შესყიდვა ეწარმოებინა გამარტივებული წესით, ხოლო სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" თანხმობა გაეცა ამ შესყიდვაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 5 მარტს დამტკიცდა სატენდერო დოკუმენტაცია 2019-2020 წლებში გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის, ასევე 2019-2020 წლებში დაწყებული და სამუშაოების დასრულებამდე მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) შესახებ;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 5 მარტის № 1 სხდომის ოქმი.
3.2.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა 2019 წლის 6 მარტს, რაშიც მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ,,ო-------–---------"-მა;
მტკიცებულება: შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ წარდგენილ № DETI90004795_01(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. შპს ,,ო-------–---------"-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს, სადავოდ გახადა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები (მე-8, მე-9, მე-12 მუხლების პუნქტები), მოითხოვა სატენდერო პირობებისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის დავალდებულება, ამ პირობების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი, შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ წარდგენილ № DETI90004795_01(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
3.2.4. შპს ,,ო-------–---------"-ის საჩივრის ერთი ნაწილი ეხებოდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დებულებას, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი ვალდებულია, მკაცრად აკონტროლოს და აწარმოოს ყოველდღიური ზედამხედველობა სამუშაოების განმახორციელებლი ორგანიზაციის მიერ გარემოზე ზემოქმედების გეგმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებასა და დაცვასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს გარემოსდაცვით საკითხებში სათანადო ცვლილებები, მოახდინოს დროულად პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა კონტრაქტორის მხრიდან არ მოხდეს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა.
შპს ,,ო-------–---------"-ის მითითებით, საქართველოში აკრედიტებული არც ერთი ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის სფერო მოცავს გარემოზე ზემოქმედების პროექტის ინსპექტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების დანაწესით მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელების კომპეტენცია არ აქვთ; ამასთანავე, ასეთი ცვლილებები გულისხმობს პროექტში ჩარევას, რაც ეწინააღმდეგება ინსპექტირების ორგანოებისათვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს;
მტკიცებულება: შპს ,,ო-------–---------"-ის ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" 2019 წლის 6 მაისის № GAC-04/441 მიმართვა.
3.2.5. შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ წარდგენილ № DETI90004795_01(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მისი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას დაევალა, 2019 წლის 5 მარტის № 1 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით;
მტკიცებულება: შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ წარდგენილ № DETI90004795_01(NAT) საჩივართან დაკავშირებით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
3.2.6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული № NATI90004795 ელექტრონული ტენდერი შეწყდა იმ მოტივით, რომ შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ წარდგენილი საჩივრის გამო (გასაჩივრება დასრულდა უარყოფითი შედეგით) მნიშვნელოვნად შეფერხდა სატენდერო პროცესი; არსებობდა რისკი იმისა, რომ შემჭიდროვებულ ვადაში ვერ იქნას მიღებული ტენდერის პროცედურების შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი შედეგები და შესაბამისად, საფრთხე შეექმნას მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას, რაც ზიანის მომტანი აღმოჩნდება საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 მარტის კომისიის № 2 სხდომის ოქმი.
3.2.7. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ იმავე დღეს მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" და აცნობა, რომ მერია გეგმავდა ელექტრონული ტენდერით გამოცხადებული სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვას, და ,,სააგენტოს" სთხოვა თანხმობა შესყიდვაზე საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 მარტის № 04/4/5468 მიმართვა.
3.2.8. სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 2019 წლის 29 მარტის განკარგულებით დაკმაყოფილდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნა და მიეცა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისათვის;
სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" თავმჯდომარის 2019 წლის 29 მარტის № 1717 განკარგულება.
3.2.9. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის განკარგულებით გორის მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა, 2019 წელს დაგეგმილი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 675 000 ლარის ფარგლებში, 2019-2020 წლების განმავლობაში განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის № 712 განკარგულება.
3.2.10. სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" თავმჯდომარის 2019 წლის 29 მარტის № 1717 და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის № 712 განკარგულებების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,რ---–---------ს" შორის 2019 წლის 4 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 40 ხელშეკრულება;
მტკიცებულება: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 40 ხელშეკრულება.
3.2.11. გორის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,რ---–---------ს" შორის 2019 წელს (კონკრეტული თარიღი უცნობია) გაფორმდა შეთანხმება № 1, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 40 ხელშეკრულებიდან ამოღებული იქნა მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი, რის შესახებაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 9 აგვისტოს აცნობა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს";
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,რ---–---------ს" შორის 2019 წელს (კონკრეტული თარიღი უცნობია) გაფორმებული შეთანხმება № 1, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 9 აგვისტოს № 04/4/14531 მიმართვა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სადავო აქტების გამოცემით კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ 2019 წლის 6 მარტს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რაშიც მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს ,,ო-------–---------"-მა.
შპს ,,ო-------–---------"-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა რა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს, სადავოდ გახადა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები (მე-8, მე-9, მე-12 მუხლების პუნქტები), მისი მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიას დაევალა, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით კი 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული № NATI90004795 ელექტრონული ტენდერი შეწყდა, იმავე დღეს მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" სთხოვა თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე, რაც დაკმაყოფილდა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცა თანხმობა, შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ო-------–---------"-საგან დავის საგანს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერის შეწყვეტისა და სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" მიერ თანხმობის გაცემის კანონიერება გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვა არის ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა სხვა და სხვა (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის) სახსრებით, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციაა ამ კანონით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული სადავო ელექტრონული ტენდერის შემსყიდველს წარმოადგენდა გორის მუნიციპალიტეტის მერია.
იმავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ1" ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
საქმის მასალების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული სადავო ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საფუძველი გახდა შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ ტენდერის პირობების გასაჩივრება, რის გამოც მნიშვნელოვნად შეფერხდა სატენდერო პროცესი; არსებობდა რისკი იმისა, რომ შემჭიდროვებულ ვადაში ვერ ყოფილიყო მიღებული ტენდერის პროცედურების შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი შედეგები და შესაბამისად, საფრთხე შექმნოდა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას, რაც ზიანის მომტანი აღმოჩნდებოდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება წარმოადგენდა სწორედ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ1" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მერიისგან დამოუკიდებელ და წინასწარ გაუთვალისწინებელ ობიექტური მიზეზს, რამაც განაპირობა მის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის აუცილებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ ზღუდავდა და არ უკრძალავდა მერიას, გამოეყენებინა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეეწყვიტა შესყიდვის პროცედურა, რამდენადაც ტენდერის განუსაზღვრელი ვადით ჩაუტარებლობით შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ზიანის მომტანი აღმოჩნდებოდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დებულებების გათვალისწინების ნაწილში მხოლოდ მაშინ შეიძლება, შესასრულებლად სავალდებულო ყოფილიყო გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, თუ იგი გააგრძელებდა 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული ტენდერის პროცესს და სახელმწიფო შესყიდვას ამ პროცესის შედეგად აწარმოებდა, რამდენადაც სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ კონკრეტულად ამ ტენდერსა და მის პირობებთან დაკავშირებით.
დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება მერიას ავალებდა, სახელმწიფო შესყიდვა განეხორციელებინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც, საბოლოო ჯამში, განხორციელდა კიდეც: მერიამ გამოიყენა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე შეწყვიტა ელექტრონული ტენდერი და სახელმწიფო შესყიდვა აწარმოა გამარტივებული წესით - სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით (თუმცა ამ ქმედებით უშუალოდ არ მომხდარა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება).
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 231 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების მიხედვით, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. ამ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.
ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა ის, რომ შპს ,,ო-------–---------"-მა, როგორც ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველმა, საჩივრით მიმართა დავების განხილვის საბჭოს და ეს გახდა ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის საბაბი, არამედ ის, რომ ტენდერის გაჭიანურებით, განუსაზღვრელი ვადით ჩაუტარებლობით შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ზიანის მომტანი აღმოჩნდებოდა საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა როგორც ფაქტობრივი (მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებისათვის საფრთხის შექმნა), ასევე ფორმალური (საკანონმდებლო) საფუძველი, შეეწყვიტა მის მიერ 2019 წლის 6 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი, რაშიც სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება ხელშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენდა.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.
იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ1" ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის მე-33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს".
დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 25 მარტს შეწყვიტა რა ელექტრონული ტენდერი, იმავე დღეს მიმართა სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" და სთხოვა თანხმობა შესყიდვაზე საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისათვის;
სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 2019 წლის 29 მარტის განკარგულებით დაკმაყოფილდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნა და მიეცა თანხმობა, შესყიდვების დასადგენად მიემართა საქართველოს მთავრობისათვის, ხოლო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის განკარგულებით გორის მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა, სახელმწიფო შესყიდვა 675 000 ლარის ფარგლებში, 2019-2020 წლების განმავლობაში განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ამდენად, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაცული იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-101 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც კანონიერია ელექტრონული ტენდერის შეწყვეტის აქტი, არ დასტურდება არც სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 2019 წლის 29 მარტის № 1717 განკარგულების უკანონობა.
აღსანიშნავია, რომ სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 2019 წლის 29 მარტის № 1717 განკარგულება მხოლოდ შუალედურ აქტს წარმოადგენს და გამარტივებულ შესყიდვაზე არსებითი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 2 აპრილის № 712 განკარგულებით, რაც გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის შეწყვეტილად გამოცხადებით და სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" მიერ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიცემით, შპს ,,ო-------–---------"-თან მიმართებაში კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა; შესაბამისად, არ არსებობს ამ აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
მხარეთა მიერ სარჩელსა და შესაგებლებში, თავიანთი პოზიციების მართებულების დასამტკიცებლად მოყვანილია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმები, თუმცა სასამართლო ცალკე ამ ნორმებზე აღარ მსჯელობს, ვინაიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სასამართლოს მიერ შეფასებული იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებზე მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა მოცემულ დავასთან მიმართებაში აღარ აქვს.
შპს ,,ო-------–---------"-ის სარჩელი ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ელექტრონულ ტენდერში იგი წარმოადგენდა შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ხოლო მას შემდეგ, რაც სადავო გახადა ტენდერის პირობების გარკვეული ნაწილი, ტენდერი საერთოდ შეწყდა, იგივე პირობებით კი გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება გაფორმდა სხვა კომპანიასთან - შპს ,,რ---–---------თან", რითაც, საბოლოო ჯამში, მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
ამავე დროს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან შემდგომში ამოღებული იქნა ის პუნქტი (მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი), რომლის პირობასაც (სხვა პირობებთან ერთად) სადავოდ ხდიდა იგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებებს დავის საგანთან მიმართებაში მნიშვნელობა ეკარგება და შეფასების მიცემას არ საჭიროებს, რადგან ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა (ასევე გამარტივებული წესით შესყიდვაზე სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" თანხმობის გაცემა) კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა, და შემდგომში განხორციელებული ქმედებები (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის ამოღება) შპს ,,ო-------–---------"-თან უშუალო შემხებლობაში აღარ არის.
სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" თანხმობის კანონიერებას ადასტურებს გამარტივებულ შესყიდვაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 აპრილის № 712 არსებითი და საბოლოო განკარგულებაც, რაც კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.
ამდენად, საბოლოო ჯამში, სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმავე კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი.
იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს ,,ო-------–---------"-ის სარჩელი ტენდერის შეწყვეტილად გამოცხადების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 მარტის № NATI90004795 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
1.2. შპს ,,ო-------–---------"-ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მიცემის თაობაზე სსიპ ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს" 2019 წლის 29 მარტის № 1717 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ო-------–---------"-ის მიერ 2019 წლის 24 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1556100226, რეფერენსი 2605351402) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი