განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/857-19 (№041110819004)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ---- ზ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ლ------ ქ--------
მამის სახელი: მ-----–-
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–---------------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, ნ----–---–-------------
მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, დ-------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ადვოკატი: ე-----–- ჭ--–---–-
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქუთაისში დ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ------ ქ--------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ხ-----–----, კერძოდ: ხელები მოუჭირა მკლავებზე, ხელი დაარტყა მკლავებისა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მ------ ხ-----–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
ლ------ ქ--------- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა მისი აღიარებისა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების მ------ ხ-----–----, ს--- ხ------------, მ------ რ--------, მ------ ხ-----–----, თ----- ნ---------–---–--, გ------- ქ--------- გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ------ ქ--------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ------ ქ--------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი დანაშაულის კატეგორია (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), ბრალდებულის ასაკი - გასათვალისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ------ ქ--------- შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------ ქ--------ს უნდა განესაზღვროს - ჯარიმა.
ჯარიმის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ასევე მის პოზიციას და გამომდინარე აქედან, ლ------ ქ--------- მიმართ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით არის, როგორც ადეკვატური და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რაც, ერთი მხრივ, დამაფიქრებელი იქნება მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვითა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის ზემოაღნიშნული ოდენობით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ------ ქ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ლ------ ქ--------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ლ------ ქ--------- მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია მ------ რ-------- მიერ წარდგენილი ვიდეოჩანაწერი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური