განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-761-19
(№012240819003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ----–---------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.რუსთავი, ფ--–--–---–-------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი,მ--–---–---–---------------–--–-----------;
ადვოკატი: მაკა რევია,თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლი 14 სექტემბრის განაჩენით მ----–---------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის სურაია ისაევას ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მ----–---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;
მ----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლი 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
2019 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ.რუსთავში, პ----–---–---–---------------–--–-------ში არსებული სახლის ეზოში მ----–---------მა მეუღლეს ე-–------------ს დანის ტარი დაარტყა ცხვირსა და შუბლის მიდამოში, რის შემდეგაც ე-–------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით მარცხენა წარბის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობის სახით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს დასკვნა, მ----–---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ე-–------------ს, დ----------------ის, ა----------ის, ს-----------ას, ლ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს და მათგან მიღებულ ინფორმაციას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და დათვალიერების შედეგად ამოღებულ დანას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები, გარდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულის და ექსპერტ მ--------–----------ის ჩვენებისა. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
დაზარალებულმა ე-–------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული 21 წელია მისი მეუღლეა და შვილთან ერთად ცხოვრობენ მულის სახლში. შემთხვევის დღეს საჭმელი მოამზადა, ქმარს მიუთითა რომ თეფში დაედო, ამაზე გაბრაზდა და თეფში ცხვირში ჩაარტყა. ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ და ხშირად ჩხუბობენ. როდესაც მეუღლე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, თავადაც იგივენაირად პასუხობს. დარტყმის შედეგად სისხლი წამოუვიდა, დასახმარებლად მეზობელთან წავიდა.
2019 წლის 20 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: „ შპს კლინიკა რუსთავის N100, რეგისტრაციის N------ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით ე-–------------ს 24-26.08.19წ. აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა წარბის მიდამოში, სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალ-ბუდის, ორივე მხრისა და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოში. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთხვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაჟეჟილი ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, სისხლნაჟღენთები-მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი მ--------–----------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა. ამასთან დამატებით განმარტა, რომ დასკვნა წარმოადგენს, როგორც სამედიცინო დოკუმენტების, ასევე პირადი გასინჯვის მონაცემებს. მისი განმარტებით, დაზიანება რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მოშლას 6 დღეზე მეტი ხნით 21 დღემდე, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. სამედიცინო დოკუმენტაციით ჭრილობა ახალი მიყენებული იყო.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირმა სხვა ადამიანის ზემოქმედებით მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულ მ----–---------ის საქართველოს სსკ-ის 111120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ----–---------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, აქვს მკვეთრად გამოხატული სმენის პრობლემა, რომელიც ართულებს მასთან კომუნიკაციას, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანია ასევე სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რამაც არ უნდა დატოვოს უსამართლობის განცდა დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირის უფლების დარღვევა - ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის უფლება განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----–---------ს უნდა განესაზღვროს სსკ-ს 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული თავისუფლების აღკვეთა, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე ითვალისწინებს მ.ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობას (აქვს სმენის პრობლემა), არ იმხილება სხვა რაიმე კანონდარღვევისთვის, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი. ასევე, სავალდებულო სწავლების კურსის გავლის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ძალადობრივ ქცევაზე დამოკიდებულება.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
მ----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. მ----–---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 24 აგისტოდან 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.
3. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. მ----–---------ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რომლის უზრუნველყოფა დაევალოს პრობაციის ბიუროს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე