გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-931-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: სალომე არევაძე
მოსარჩელე - შპს "ლ------------ი"
მოსარჩელის წარმომადგენელი - გ-------------------ა
მოპასუხე - სს"რ-------------–--------------–ი"
მოპასუხის წარმომადგენელი- მ------------ა
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს"რ-------------–--------------–"-ს შპს"ლ------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 32 227 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე სს "რ-------------–--------------–"-ს შპს"ლ------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 967 ლარის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ სს"რ-------------–--------------–"-ს და შპს"ლ------------ი"-ს შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოხდა სს"რ-------------–--------------–ი"-ს მიერ 66287 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურის შეძენა, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა თანხის ნაწილი 34060 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილ დავალიანებას 32 227 ლარს იგი ნებაყოფლობით არ იხდის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1.მოპასუხე სს"რ-------------–--------------–"-ს შპს"ლ------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 32 227 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე სს "რ-------------–--------------–"-ს შპს"ლ------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 967 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს"რ-------------–--------------–ი"-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ხელშეკრულება სამედიცინო აპარატურის ნასყიდობის შესახებ, რომლის თანახმად შპს ,,ლ------------ი''-მ იკისრა ვალდებულება თანხის სანაცვლოდ მოპასუხისათვის მიეწოდებინა შეთანხმებული პროდუქცია, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის არსებობდა 2014-2015 წლებში, რომელიც ორივე მხარის მიერ შესრულდა, მას შემდეგ შპს ,,ლ------------ი''-ს მოპასუხესთან არანაირი შეთანხმება არ ჰქონია, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ამასთან, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის დასაბუთებული მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, საქმეში წარმოდგენილი ზედნადებები ეხება 2014-2015 წლებში არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქონლის მიწოდებას, შესაბამისად, შპს ,,ლ------------ი''-ს მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 16 იანვარს შპს ,,ლ------------ი''-ს და სს ,,რ-------------–--------------–''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ლ------------ი''-მ 38157.5 ლარის სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება სს ,,რ-------------–--------------–ისათვის'' 30 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სამედიცინო აპარატურა, კერძოდ, ლაპარასკოპია- OLYMPUS. ოლიმპუსის ლაპარასკოპიული სისტემა მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 21 მაისს, ხოლო 2014 წლის 20 იანვარს სს ,,რ------------–--------------–ი''-ს მიერ შპს ,,ლ------------ი''-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 19078.80 ლარი.
მტკიცებულება: 16.01.2014 წლის ხელშეკრულება # 1601/2014
(ს.ფ. 62-65), მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 66), სასაქონლო ზედნადები # ელ-0107570702 (ს.ფ. 67), ქვითრი (ს.ფ. 68)
3.1.2. 2014 წლის 30 აპრილს შპს ,,ლ------------ი''-ს და სს ,,რ-------------–--------------–''-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ლ------------ი''-მ 9617.9 ლარის სანაცვლოდ იკისრა ვალდებულება სს ,,რ-------------–--------------–ისათვის'' 5-10 სამუშაო დღის ვადაში მიეწოდებინა სამედიცინო აპარატურა, კერძოდ, TV მონიტორი, ირიგატორი, სამედიცინო იარაღები, აღნიშნული მოძრავი ნივთები სს ,,რ-------------–--------------–''-ს ჩაბარდა 2014 წლის 24 მაისს.
მტკიცებულება: 30.04.2014 წლის ხელშეკრულება (ს.ფ. 69-72), სასაქონლო ზედნადები # ელ-0112714797 (ს.ფ. 75-76), მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 77)
3.1.3. 2015 წლის 09 იანვარს სს ,,რ-------------–--------------–ი''-ს მიერ შპს ,,ლ------------ი''-ს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 3375 ლარი, 2015 წლის 17 თებერვალს 2000 ლარი, ხოლო 2015 წლის 18 ნოემბერს 2843 ლარი.
მტკიცებულება: ქვითრები (ს.ფ. 21-23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასაქონლო ზედნადებში # ელ-0241063108 მითითებული საქონელი სს ,,რ-------------–--------------–ის'' მიერ უარყოფილია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად შედგა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, სასაქონლო ზედნადები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათის თანხის დაკისრებას, სს ,,რ-------------–--------------–ის'' მიერ უარყოფილია, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ლ------------ი''-ს სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 316-ე, 317-ე, 369-ე, 477-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს რა მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს სასაქონლო ზედნადებზე #ელ-0241063108, რომლის თანახმად შპს ,,ლ------------ი ''-მ სს ,,რ-------------–--------------–''-ს გაუგზავნა 66287 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა.
მოპასუხემ სადავო გახადა, როგორც ხელშეკრულების დადების, ისე საქონლის მიღების ფაქტი (მოთხოვნის გამომრიცხავი შედავება). ამ გარემოებათა შეფასებით შეიძლება განვსაზღვროთ მტკიცების საგანი და მასში შემავალი სადავო გარემოებათა წრე. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის კონტექსტში, შემძენის საპასუხო შესრულების (ვალდებულების) წარმოშობის წინაპირობა ხელშეკრულების საგნის/მასზე ნამდვილი უფლების გადაცემაა, რაც მოცემულ შემთხვევაში, შედავებულია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამყიდველის მხრიდან მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი არ წარმოადგენს უძრავ ნივთს და სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნებისაგან განსხვავებით, მის თაობაზე დადებული გარიგება ფორმათავისუფალია, ამასთან, არც საქმის მასალებითაა დადასტურებული მხარეთა შეთანხმება გარიგების წერილობითი ფორმის თაობაზე (სკ-ის 68-ე მუხლი), რაც იმ დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მტკიცება დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცებით, მხარეებს შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად შპს ,,ლ------------ი''-მ მოპასუხეს მიაწოდა 66287 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა თანხის ნაწილი 34060 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება- 32227 ლარი, სს ,,რ-------------–--------------–ი''-ს მიერ არ ანაზღაურებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს ვალდებულების არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება ვალდებულების შესრულების ფაქტის ან იმ გარემოებათა არსებობის მტკიცება, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 2014-2015 წლებში, რომლის თანახმად შპს ,,ლ------------ი'' გარკვეული თანხის სანაცვლოდ სს ,,რ-------------–--------------–''-ს აწვდიდა სამედიცინო აპარატურას, მხარეებს აღნიშნული ურთიერთობა სადაოდ არ გაუხდიათ, თუმცა მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აღნიშნულ ხელშეკრულებებზე აყრდნობს და აცხადებს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის ადრეც არსებობდა საქმიანი ურთიერთობა (რაც დასტურდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებით), აღნიშნული ადასტურებს და ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეები კვლავ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და განმარტავს, რომ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები ნამდვილად ადასტურებს მხარეებს შორის 2014-2015 წლებში სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მოცემული დავის გადასაწყვეტად, ამასთან, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვალდებულების არსებობის ფაქტს, სწორედ საქმეში წარმოდგენილი 2014-2015 წლის ხელშეკრულებები არის იმის დასტური, რომ მხარეები წერილობითი ფორმით აფორმებდნენ ხელშეკრულებებს, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტებს, შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება 66287 ლარის პროდუქციას და მხარეები არიან მეწარმე სუბიექტები, მათ გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ყველა ის რისკი რაც შეიძლება მოყვეს ზეპირი ხელშეკრულების დადებას, მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს წერილობითი ფორმის უპირატესობას ზეპირ ფორმასთან მიმართებით, მაგრამ პრაქტიკის შესაბამისად, მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, შესაბამისად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ზეპირი ხელშეკრულება, მოსარჩელე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მხარეთა შორის არსებული ვალდებულების ფაქტი, ამასთან, მხარემ ვერ განმარტა კონკრეტულად რომელი ტიპის აპარატურას გადაცემა მოხდა მოპასუხე მხარისათვის, ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ამონაწერზე, რომლის თანახმად სასაქონლო ზედნადები #021063108 სს ,,რ-------------–--------------–ის'' მიერ უარყოფილია, შესაბამისად, მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა სასაქონლო ზედნადებში მითითებული სამედიცინო აპარატურის მიღებაზე, რაც ცხადყოფს, რომ სს ,,რ-------------–--------------–მა'' უარი განაცხადა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე შპს ,,ლ------------''-თან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 967 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ლ------------ა''-ს სარჩელი მოპასუხე სს ,,რ-------------–--------------–ი''-ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი