განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
330100119002988186
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2079-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქ------- გ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------ გ--- ძე ნ--------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------, მცხოვრები: თ---–---- დ---–---- ქუჩა #--

 

ადვოკატი - მ------ კ---------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდება:

 

1.1. 2019 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, ვ.დ---–---- ქუჩა #---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ------ ნ--------ემ ყელის არეში ხელის მოჭერით და ამავე ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობის დროს, სახის არეში ხელის დარტყმით, განახორციელა ძალადობა ყოფილი მეუღლის, მ----------ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, თბილისში, ვ.დ---–---- ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ------ ნ--------ე, ყოფილ მეუღლეს მ----------ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2019 წლის 3 აპრილს, ბ------ ნ--------ემ, ყოფილ მეუღლეს მ----------ეს კისრის და სახის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად მ----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

3.1.2019 წლის 3 აპრილს, 06:45 საათზე, თბილისში, ვ-------- დ---–---- ქუჩა #---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზარალებულის მ----------ის მითითებით, ოჯახური ძალადობის ბრალდებით, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბ------ ნ--------ე.

 

3.2.დამკავებელი პირის გამომძიებლის გ------- თ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, თანამშრომლებთან თ----- ხ----------ესთან და ზ----- წ----–---ესთან ერთად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გადაადგილდებოდა დ---–---- ქუჩაზე. ქუჩის 5---ომერთან, მოწმის თვალთახედვის არეში გაჩერდა კერძო ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა ქალბატონი, რომელსაც გადმოყვა ახალგაზრდა მამაკაცი. ქალბატონი იყო აღელვებული და აცხადებდა, რომ თანმხლებმა პირმა, რომელიც იყო მისი ყოფილი მეუღლე, იგი სცემა. დასახელებულ პირებთან კომუნიკაციით გაირკვა, რომ ქალბატონი რომელიც დახმარებას ითხოვდა იყო მ----------ე, ხოლო მოძალადე - ბ------ ნ--------ე. მოწმის ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ მ----------ეს სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და მოსდიოდა სისხლი. მოწმის ჩვენებით, თავის მხრივ ბ------ ნ--------ესაც შუბლის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრი.

 

3.3.მოწმეების ზ----- წ----–---ის და თ----- ხ----------ის ჩვენებებით დადგინდა, 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, უფროს გამომძიებელ გ------- თ------–---–თან ერთად გადაადგილდებოდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე. დ---–---- ქუჩა #---თან გაჩერდა ტაქსი, საიდანაც გადმოვიდა გოგონა, რომელიც იყო განერვიულებული და სისხლიანი. მას მალევე გადმოყვა ბიჭიც. ქალბატონი ყვიროდა „დაიჭირეთ არ გაუშვათო“ და მიუთითებდა ტაქსიდან გადმოსულ მამაკაცზე. ქალბატონი რომელმაც დახმარება ითხოვა აღმოჩნდა მ----------ე, ხოლო მის მიერ მითითებული მამაკაცი ბ------ ნ--------ე. მოწმეების ჩვენებებით, დაზარალებული მ----------ე იყო ძლიერ აღელვებული, აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი, ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ხოლო ყელზე ეტყობოდა ნათითურები. მოწმეთა ჩვენებით, თავის მხრივ ბ------ ნ--------ესაც შუბლის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრი.

 

3.4. კერძო ტაქსის მძღოლის ვ-–-------- კ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 3 აპრილს, დილის საათებში, დ---–---- ქუჩაზე მანქანაში ჩაუსხდნენ მგზავრები ახალგაზრდა ქალბატონი და მამაკაცი. წყვილს ეტყობოდა, რომ ტაქსში ჩასხდომამდე იყვნენ ნაჩხუბრები, ტაქსშიც გააგრძელეს კამათი. მოწმე მართავდა საჭეს, ვერ ხედავდა უკან რა ხდებოდა, თუმცა ესმოდა კამათის და ჩხუბის ხმა, გოგონა ტიროდა, ჩხუბის დროს ვ-–-------- კ------–---–მა გაიგონა გოგონას შეყვირება „ვაიმე სისხლიო“. მგზავრებმა იქვე გააჩერეს ტაქსი და გადავიდნენ მანქანიდან, ქუჩაში გამოჩნდა პოლიციაც.

 

3.5.გამომძიებელ თ----- ბ----ს ჩვენებით, 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, პოლიციის თანამშრომლების: ზ----- წ----–---ის, თ----- ხ----------ისა და გ------- თ------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულ იქნა ბ------ ნ--------ე. მოწმემ მყისიერად გამოკითხა დაზარალებული მ----------ე. დაზარალებულმა გამოკითხვისას დაადასტურა მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ბ------ ნ--------ემ მუშტი ჩაარტყა ტუჩისა და სახის არეში, ასევე ყელზე მოუჭირა ხელი. გამომძიებლის მიერ როგორც დაზარალებულს, ასევე მოძალადეს დაენიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რადგან ბ------ ნ--------ეს შუბლზე აღენიშნებოდა ნაკაწრი.

 

3.6.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა:

 

ა) 03.04.2019 წელს, მოქალაქე მ----------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ზედა ტუჩის წითელ ყაეთანზე უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, კისრის მიდამოში მარჯვნივ სისხლნაჟღენთის და ყვრიმალის მიდამოში მარჯვნივ ნაჭდევის სახით.

 

ბ) დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

გ) მარჯვნივ ყვრიმალის მიდამოში არსებული ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა.

 

დ) ხანდაზმულობით დანარჩენი დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ე) შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, ყოფილმა მეუღლემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მიიღო სხეულის დაზიანება.

 

დ) პირადი შემოწმების მონაცემები: კისრის წინა მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X1,0სმ. ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ წითელ ყაეთანზე აღენიშნება ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,4X0,2 სმ, ჭრილობის სანათური ალაგ დაფარული მოწითალო ფერის შემხმარი სისხლით (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/2).

 

3.7.დაზარალებულმა მ----------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.8.ბრალდებულმა ბ------ ნ--------ემ შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 3 აპრილს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ----------ეს.

 

3.9. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, აღნიშნულის საპირწონედ ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე გამოიკვლია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დასტურდება ფიზიკური ძალადობის შედეგად მხვერპლის სხეულზე დაზიანების მიყენების ფაქტი, სამედიცინო ექსპერტიზის აღწერილობითი ნაწილი, რომელიც გადმოსცემს შესამოწმებელი პირის მ----------ის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, - დასტურდება, 2019 წლის 3 აპრილს, გამთენიისას, დაზარალებულს ყოფილმა მეუღლემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც მიიღო სხეულის დაზიანება. გარდა აღნიშნულისა, ტაქსის მძღოლმა ვ-–-------- კ------–---–მა, რომელმაც დ---–---- ქუჩაზე ჩაისვა დაზარალებული და ბრალდებული, ზეპირ ჩვენებაში განაცხადა, რომ წყვილი მანქანაში კამათობდნენ, გოგონა ტიროდა, ამ უკანასკნელმა კამათის პროცესში იყვირა ,,სისხლი“, პოლიციის თანამშრომლებმა ზ----- წ----–---ემ, თ----- ხ----------ემ და გ------- თ------–---–მა გოგონას სახეზე ტუჩის არეში დააფიქსირეს ძალადობის კვალი - სისხლი, ასევე ნათითურები ყელის მიდამოში, გარდა ამისა, თავად მოძალადემ აღიარა ძალადობის ფაქტი.

 

3.10. სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ 2019 წლის 3 აპრილს, ბ------ ნ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ----------ეს. რაც შეეხება ფიზიკური ტკივილის კომპონენტს, ძალადობამ რომელმაც სხეულზე კვალის სახით დატოვა ჭრილობა (ტუჩზე) და სისხლნაჟღენთი (კისერზე) ობიექტური ტესტის საფუძველზე ჰქმნის ტკივილის დადასტურების ფაქტობრივ საფუძველს.

 

3.11. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

მუქარა

 

3.12. პოლიციელების თ----- ხ----------ის, გ------- თ------–---–ის და ზ----- წ----–---ის ჩვენებებით, ტაქსიდან გადმოსულმა მ----------ემ მათ განუცხადა, რომ ფიზიკურ ძალადობასთან ერთად ბ------ ნ--------ე, ტაქსში, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მ----------ე იყო შეშინებული და ტიროდა.

 

3.13. გამომძიებელ თ----- ბ----ს ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე, დაზარალებულმა მ----------ემ განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის პარალელურად ბ------ ნ--------ე, ტაქსში, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.

 

3.14. დაზარალებულმა მ----------ემ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის ბ------ ნ--------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.15.ტაქსის მძღოლი ვ-–-------- კ------–---–ი, რომელიც საქმის მასალების მიხედვით უნდა ყოფილიყო მუქარის პოტენციური მოწმე, ზეპირ ჩვენებაში გამორიცხავს მუქარის ფაქტს.

 

3.16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულების ან/და მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ დადგინდა მუქარის მატერიალური ფაქტი, ერთადერთი მოწმე რომელიც შესაძლო მუქარის დროს იმყოფებოდა დაზარალებულის მიერ ირიბ მოწმეებთან - პოლიციელებთან დასახელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ტაქსში, გამორიცხავს მუქარის ფაქტს. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის და ირიბი მოწმეებისთვის პირველი წყაროდან მიწოდებული ინფორმაცია გონივრულ ეჭვს არ უნდა ბადებდეს ინფორმაციის ნამდვილობაში. მოწმეების - თ----- ხ----------ის, გ------- თ------–---–ის და ზ----- წ----–---ის ზეპირი ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე ერთი მხრივ წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებას და მეორე მხრივ დაზარალებულის მხრიდან მათთვის მიწოდებული ინფორმაცია მუქარასთან დაკავშირებით გამორიცხა ტაქსის მძღოლმა, რომელიც სავარაუდო მუქარის პროცესში დაზარალებულთან ერთად გადაადგილდებოდა.

 

3.17. მუქარის ეპიზოდში ფაქტების უტყუარად დასადგენად, მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ------ ნ--------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3.18. ბრალდების მხარის პოზიციის ანალიზი:

 

3.18.1. პროკურორის პოზიცია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია მუქარის ეპიზოდში დანაშაულის დასადასტურებლად, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. განსხვავებით ძალადობის ეპიზოდისა, რომელიც დამტკიცდა სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, შესამოწმებელი პირის მ----------ის ინფორმაციით, რომელიც ამ უკანასკნელმა ექსპერტიზის პროცესში მიაწოდა ექსპერტს და გაამჟღავნა დაზიანების წარმოშობის მექანიზმი და მოახდინა მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე ტაქსის მძღოლის ვ-–-------- კ------–---–ის ჩვენებით, მოწმე პოლიციელების ჩვენებებით რომლებმაც უშუალოდ შენიშნეს მსხვერპლის სხეულზე ძალადობით გამოწვეული დაზიანებები და თავად ბრალდებულის მხრიდან ამ ნაწილში დანაშაულის აღიარებით, იგივე სტანდარტით ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ბ------ ნ--------ის მხრიდან მუქარის ჩადენა. მუქარის ეპიზოდში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხოლოდ ირიბი მოწმეების - პოლიციელთა ჩვენებები, თუმცა მოწმეთა ამ ჩვენებებში გაჟღერებული ინფორმაცია მუქარასთან მიმართებაში თავის მხრივ გამორიცხა მოწმე ტაქსის მძღოლმა ვ-–-------- კ------–---–მა და ბრალდებულმა ბ------ ნ--------ემ. როგორც ტაქსის მძღოლმა ასევე ბრალდებულმა არ დაადასტურეს ტაქსში მუქარის ფაქტი. პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს მუქარის ფაქტი და ყველა ის კომპონენტი რაც აუცილებელია მუქარის ობიექტური შემადგენლობისთვის.

 

3.18.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მუქარა არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ვინაიდან მათი გამოკვლევის შედეგად ერთი მხრივ პირველ წყაროდან ვერ დადგინდა თუ რაში გამოიხატა მუქარა, ასევე ვერ დადგინდა დაზარალებულს ჰქონდა თუ არა მუქარის რეალურად აღქმის სუბიექტური და ობიექტური საფუძვლები, შესაბამისად გაჩნდა გონივრული ეჭვი ამ ეპიზოდში ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები მუქარის ნაწილში ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ბ------ ნ--------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო რაც შეეხება ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს, გამოკვეული მტკიცებულებებით და ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამტკიცდა, რომ ბ------ ნ--------ემ 2019 წლის 3 აპრილს, ყოფილ მეუღლეს მ----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ბ------ ნ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ოჯახური ძალადობის აღიარება.

 

5.2. ბ------ ნ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოებაც, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - ბ------ ნ--------ესაც მარცხენა წინამხრის, მარჯვენა მხრის და შუბლის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 3 აპრილს და როგორც ბრალდებული აცხადებს, მიღებულია შემთხვევის დროს ორმხრივი ძალადობის პროცესში. ბრალდებულის ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ უტყუარად დადასტურებული ფაქტი, ეს იყო მსხვერპლის მხრიდან თავდაცვა თუ შერეული ბრალი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

6.3. სასამართლო ბ------ ნ--------ის წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე (რეციდივი) მიზანშეწონილად მიიჩნევს ზომიერად მკაცრი, მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ამავე დროს სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამნაშავე პირის იზოლაციის გარეშე - პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზენები, თუკი მოძალადეს დამატებით დაეკისრება განსაზღვრული ვალდებულებების: ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. რაც შეეხება პირობითი მსჯავრის განსაზღვრის სამართლებრივ საკითხს, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ბ------ ნ--------ემ აღიარა ოჯახში ძალადობა, წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის (წინა განაჩენით დაკისრებული სასჯელი ჯარიმა გადახდილია 2019-07-02), სხვა ნასამართლობა გაქარწყლებულია. სასამართლო პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და ასევე საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პროპორციულად მიიჩნევს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ჩათვლას პირობით მსჯავრად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6.4. სასამართლოს შეფასებით, დანიშნულმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ბ------ ნ--------ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე მომავალშიც არ გაგრძელდეს მსხვერპლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------ ნ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ბ------ ნ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით ბ------ ნ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 3 აპრილიდან - 2019 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

4. ბ------ ნ--------ეს როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალოს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა