გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
330210019002959031
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/8810-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ლ--–-----------

წარმომადგენელი - გ-------–-----------

მოპასუხე - შპს ,,ა--------’’

წარმომადგენელი - შ---------------

დავის საგანი - ქმედების განხორციელების აკრძალვა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხემ შეწყვიტოს მოსარჩელის თანხმობის გარეშე მისი გამოსახულების - ფოტოსურათის, აგრეთვე სახელისა და გვარის გამოყენება, რაც გამოიხატება ინტერნეტ პორტალ -------------- - ზე ბანერის გამოქვეყნებით სახელწოდებით - ,,გი--------------’’;

 

1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის - 30 000 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

ლ--–----------- (შემდგომში მოსარჩელე) წარმოადგენს ერთ-ერთი რაიონის საჯარო სკოლის პედაგოგს და ამასთანავე არის, 2018 წლის 01 ივლისის მდგომარეობით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის და.

 

2018 წლის 01 ივლისს, სტუდია მონიტორმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც შეეხება სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს. ფილმში გამოთქმულია ვარაუდი, რომ აღნიშნულ პროცესში ფიგურირებს - ლ--–----------- - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის და. საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა სტატიები, მათ შორის ინტერნეტ პორტალ -------------- - ის (შემდგომში მოპასუხე) მთავარ გვერდზე გამოქვეყნდა ბანერი მოსარჩელის და მისი დის ფოტოგამოსახულებითა და სახელწოდებით - „გი--------------’’. საიტიდან ნებისმიერი სტატიის გაზიარებისას, გაზიარების ბმულზე ჩანდა არა გაზიარებული სტატიის ფოტოსურათი, არამედ ბანერი მოსარჩელის და მისი დის გამოსახულებით.

 

სარჩელში ასევე მითითებულია, რომ გრიფირების საქმესთან მოსარჩელის შემხებლობასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მასალები გადაუგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. მომზადდა დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებული ბანერის - მოსარჩელის გამოსახულებისა და სახელისა და გვარის ქვეშ განთავსებულია ასევე დღეების მთვლელი, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გამოქვეყნებამდე დროის ათვლას.

 

მოსარჩელის განმარტებით, ბანერზე გამოსახული მისი ფოტოსურათი გამოყენებულია მისი თანხმობის გარეშე. მოპასუხემ კი უარი განაცხადა მოთხოვნის საფუძველზე ბანერის ნებაყოფლობით აღებაზე. მოპასუხის მიერ მოსარჩელის გამოსახულების, აგრეთვე სახელისა და გვარის უნებართვოდ გამოყენებით, მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი და ამ ქმედებამ მის ფსიქიკაში გამოიწვია ძლიერი სულიერი, ზნეობრივი ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ განცდას კი უკიდურესად ამძაფრებს გამოსახულების ბანერის შინაარსობრივი მხარე და კონტექსტი, ვინაიდან ინტერნეტ პორტალის მომხმარებელთა აღქმაში გამოსახულების მეშვეობით, მოსარჩელის დაკავშირება ხდება ერთის მხრივ, სახელმწიფო დონის კრიმინალთან, ხოლო მეორეს მხრივ, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ მოსარჩელეს შეეძლო გავლენა მოეხდინა სახელმწიფო ორგანოებზე მისი სტატუსიდან გამომდინარე.

 

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ ბანერზე გამოყენებული სურათი 2010 წლიდან წარმოადგენს მისი პროფილის სურათს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’’. ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხის ინტერნეტ პორტალის ვიზიტორთა რაოდენობა თვეში საშუალოდ შეადგენს 437 120 ვიზიტორს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განაცხადა რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, მის კუთვნილ საგანამანათლებლო პორტალზე, ისევე როგორც სხვადასხვა მედია საშუალებებში გაშუქდა აღნიშნული საკითხი.

 

ამასთან, ბანერზე განთავსებული ინფორმაცია სათაურით ,,გი--------------’’ არ შეიცავს რაიმე სახის მტკიცებას მოსარჩელის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის შესახებ, რითაც შეიძლება შეილახოს მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. შესაბამისად, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ბანერი ემსახურებოდა აუდიტორიის ინფორმირებას ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სახელმძღვანელოების გრიფირება - თემა, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ფაქტი კი არის ის რომ არსებობდა ამგვარი საქმე. ამასთან, მოსარჩელემ ბანერის არსებობის შესახებ შეიტყო 2018 წლის აგვისტოში, შესაბამისად, გასულია ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ხანდაზმულობის ვადა.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემასთან მიმართებით წარმოადგენს საჯარო პირს და ფოტოსურათი და მისი სურათის გამოყენება არ საჭიროებდა შესაბამისი ნებართვის მიღებას. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდანაც ნათელია, რომ სხვა მედია საშუალებებსაც ქონდათ გამოქვეყნებული ინფორმაცია მის შესახებ.

 

მოპასუხის განმარტებით, საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მოსარჩელისთვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, ისევე როგორც არ არსებობს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე არის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი. www.edu.aris.ge -ზე მოსარჩელის ფოტოსურათის განთავსების დროისათვის, მოსარჩელეს დას ეკავა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტება;

- პრესაში გავრცელებული განცხადებები (ს.ფ. 21-49, ტ.1; გვ.23-66, ტ.2)

 

3.1.2 -------------- არის საგანმანათლებლო პორტალი, რომლის მიზანია განათლების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან და დაინტერესო მოვლენებზე საზოგადეობის ინფორმირება. ---------------ზე გავრცელებული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ.66, ტ.2);

- ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2018 წლის 31 ივლისს ---------------ზე განათავსდა ბანერი მოსარჩელის და მისი დის (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე) გამოსახულებით. ბანერის განთავსებას წინ უძღვოდა სტატია სათაურით ,,გი--------------’’ - მ----–---------------–------------------------–---------------------------!

 

2018 წლის 31 ივლისს -------------- -ზე განთავსებული სტატიიდან ირკვევა შემდეგი: „... განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო „საინფორმაციო ტექნოლოგიების“ სახემლძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს. ამის მიზეზი კი გამომცემლობა „დ-------სს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელშიც მინისტრის მოადგილე, ლ------------ს დის მხრიდან ისტ-ის სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზეა საუბარი. საკითხზე „სტუდია მონიტორმა“ იმუშავა და ფილმი მოამზადა. ჟურნალისტიკური გამოძიებისას მოპოვებული მასალების თანახმად, ლ--–-----------, სავარაუდოდ, გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობდა და ამასთან, სავარაუდოდ იყო „დ-------ს“ გამომცემლობის მიერ მომზადებული ერთ-ერთი სახელმძღვანელოს რეცენზენტიც...“

 

სტატია სრულდება შემდეგზე მითითებით ... შეეწირება თუ არა პროცესის გაჭიანურებას, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრად დანიშვნამდე ამ საქმის შესრულებაზე პასუხისმგებელი რომელიმე პირი, ამას დრო გვიჩვენებს. E--.ARIS.GE კი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გამოქვეყნებამდე დროის ათვლას იწყებს.

 

შედეგად, ---------------ზე გაჩნდა მოსარჩელისა და მისი დის ფოტოსურათი და დროის მთვლელი, რომელიც მიზნად ისახავდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთვის სადავო საკითხის გასარკვევად მასალების გადაცემიდან, მის მიერ დასკვნის მომზადებამდე დროის ათვლას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 23, ტ.2);

- ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2019 წლის 05 აგვიტოს ---------------ზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - ,,გი-------------- - დ---------–------------–----?“.

 

სტატიაში განხილულია ამ საკითხთან დაკავშირებული სიახლეები, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ ,,...განათლების სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ლ--–-----------ს გრიფირების პროცესში შესაძლო ჩართულობაზე პასუხი გასცა - ჩართულობა არ დადასტურდა...“

 

„... ჩვენ E--.ARIS.GE-ს საიტიდან, დღეიდან, ახლა უკვე აზრს მოკლებულ ბანერს ამოვიღებთ - ზუსტად 396 დღეა გასული (2018 წლის 3 ივლისიდან - 2019 წლის 3 აგვისტომდე) იმის შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო საზოგადოებას გი--------------ში გარკვევას დაპირდა...“

 

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ---------------დან ბანერი მოსარჩელის გამოსახულებით აღებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია (ს.ფ.245-246, ტ.2);

- ახსნა-განმარტება;

-

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ---------------ზე გამოქვეყნებულ ბანერზე განთავსებული მოსარჩელის ფოტოსურათი აღებულია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’’ მოსარჩელის პირადი ანგარიშის - ე.წ. ,,პროფაილი’’-დან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაბეჭდი (ს.ფ.63, ტ.2);

- ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის ფოტო პირველად ---------------ზე იქნა განთავსებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაბეჭდი MONITORI-ს ვებგვერდიდან (ს.ფ. 26. ტ.2);

- ამონაბეჭდი ლიბერალი-ს ვებგვერდიდან (ს.ფ. 34 – 40 ტ.2);

- ამონაბეჭდი pivelirnews-ს ვებგვერდიდან (ს.ფ. 41. ტ.2).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი; საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაზე, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან მისი გამოსახულების (ფოტოსურათის) აგრეთვე სახელის და გვარის გამოყენების შეწყვეტას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სამართლებრივი შეფასების ნაწილში განმარტოს, რომ ინიცირებული დავის სამართლებრივი საფუძველი არ არის ,,სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების შესახებ სპეციალური დათქმები, რომლიდან გამომდინარე სპეციალური ხანდაზმულობის ვადაზეც განახორციელა მოპასუხემ შედავება. შესაბამისად, წარმოდგენილი არ არის დიფამაციური სარჩელი. დავა არ გამომდინარეობს ასევე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი დელიქტური ვალდებულებების შესაბამისი ნორმიდან (მაგ: 993-ე მუხლი). ვიანიდან მოსარჩელე არ მიუთითებს არც აღნიშნულ ნორმათა და არც ცილისწამებისათვის (იქნება ეს კერძო თუ საჯარო პირი) დადგენილ სპეციალურ შემადგენლობასა და აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებზე. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სახელის ტარების უფლება მოიცავს ორ ძირითად ასპექტს: ა) პირისათვის სახელის ტარების უფლების შეცილების და ბ) სხვის მიერ სახელის უნებართვოდ ტარებისა და სარგებლობისათვის მოქმედების შეწყვეტას ან მასზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. თითოეულ შემთხვევაში პირს უნდა ელახებოდეს კანონით გათვალისწინებული უფლებები (შეად. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, 18-ე მუხლის კომენტარი, გვ. 117).

 

თავის მხრივ, სახელი და გვარი - ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებაა, მისი პიროვნულობის განმსაზღვრელია. სახელით და გვარით იმკვიდრებს პირი თავის ადგილს საზოგადოებაში. პირის სახელზე და გვარზე, როგორც მაიდენტიფიცირებელ მონაცემზე მითითებით ყალიბდება ასოციაცია კონკრეტულ ადამიანთან, მისი შეფასება და აღიარება, მისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. სწორედ ადამიანის სახელით და გვარით ხდება პირის დაკავშირება კონკრეტულ მოვლენასთან, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი ანდა უარყოფითი. ამიტომაც, პირის სახელის და გვარის უნებართვო გამოყენებად ვერ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როცა გარკვეულ მოვლენასთან პირის კავშირის წარმოსაჩენად გამოიყენება მისი სახელი და გვარი, როგორც ძირითადი მაინდენტიფიცირებელი საშუალება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი გარემოებები თავისთავად არ ქმნის მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელის უნებართვოდ გამოყენების ფაქტობრივ შემადგენლობას. უდავოა, რომ მოპასუხე წარმოადგენს მედია საშუალებას - განათლების თემის გამშუქებელ საინფორმაციო პორტალს, შესაბამისად, სტატიის ან და სხვა ფორმით ინფორმაციის გავრცელებისას მოსარჩელის სახელის და გვარის გამოყენება ან/და სათაურში სახელის და გვარის მითითება არ გულისხმობს ამ უფლების შეზღუდვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის შინაარსით.

 

სასამართლოს შეფასებით მოცემულ საქმეში არსებითად სადავო შეიძლება იყოს მხოლოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელის ფოტოსურათის უნებართვოდ გამოყენების საკითხი და აქედან გამომდინარე ფოტოსურათით სარგებლობის შეწყვეტა.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზი გაუსვას იმ გარემოებას, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის ფარგლებში განხორციელებული სასამართლოს არაერთი შეკითხვისა, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის მიმართული მოპასუხის საარქივო მასალებიდან მოსარჩელის გამოსახულებით არსებული ინფორმაციის ამოშლაზე. მოსარჩელემ უფლების დაცვის განხორციელება დაუკავშირა სასარჩელო მოთხოვნის იმგვარ ფორმულირებას, რომ იგი მიმდინარე დროისთვისაც ითხოვს მოპასუხისგან მისი ფოტოსურათის გამოყენების შეწყვეტას.

ამასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ---------------ზე დავის გადაწყვეტის მომენტისათვის მოსარჩელის სურათი განთავსებული არ არის (იხ. 3.1.4 ფაქტობრივი გარემოება).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე, იხ. Hornsby v. Greece, §40), ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ფოტოსურათის გამოყენების შეწყვეტასთან მიმართებით არსებული რეალობის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში, არარელევანტურია და არ შეესაბამება იმ მოცემულობას, რომ ამგვარი სახით ფორმულირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ობიექტური სტანდარტით განჭვრეტადად აღსრულებადი იყოს. აღნიშული კი გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლო კვლავ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება წარსულ პერიოდზე მოპასუხის ქმედებაზე რეაგირება, ვინაიდან ფორმულირება - ,,შეწყვიტოს გამოყენება’’ თავისთავად გრამატიკული განმარტების მეთოდითაც მოიაზრებს მიმდინარე და სამომავლო პერიოდისათვის ფოტოსურათის გამოყენების შეწყვეტას. აღნიშნული ქმედება კი, ფაქტორბივად, უკვე შეწყვეტილია.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოცემული საქმის ფარგლებში შეაფასოს მოსარჩელის ფოტოსურათის გამოყენების ფაქტიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 18-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ) გამოქვეყნებულია მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისთვის მიიღო საზღაური.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთარი გამოსახულების ფოტოსურათზე, კინოფილმში, ვიდეოფილმსა და ა.შ გასაჯაროვების თაობაზე პირის თანხმობა, მისი გამოვლენილი ნებით უნდა დასტურდებოდეს. აღბეჭდილმა პირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სახით მოხდება გამოსახულების გამოქვეყნება. თავის მხრივ, გამოქვეყნება, უპირველეს ყოვლისა გამოსახულების გასაჯაროვებას გულისხმობს. იგი შეიძლება გასაჯაროვდეს როგორც პირთა კონკრეტულ წრეში, ასევე, საჯარო სივრცეში, მაგალითად, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში გამოსახულება ვრცელდება პირთა ზუსტად განსაზღვრული წრისათვის (შეად. ს. ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, წიგნი I, 18-ე მუხლის კომენტარი, გვ. 131).

 

განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო, რომ ---------------ზე გამოქვეყნებული მოსარჩელის ფოტოსურათი იმავე პერიოდში განთავსებული იყო სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში’’ მოსარჩელის პირადი ანგარიშის - ე.წ. ,,პროფაილზე“.

 

სასამართლო იზიარებს საკასაცო პალატის განმარტებას, რომლის თანახმადაც „სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური, ცხოვრებისეული კავშირი. თითოეული სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან (ე.წ. „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისთვის ან ყველა მომხმარებლისთვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისთვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა და ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ. სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს“ (იხ. სუსგ №ას-1559-1462-2012, 9 იანვარი, 2014 წელი).

 

სასამართლო აღნიშნული განმარტების მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელი წარმოადგენს საჯარო სივრცეს, რომელშიც ნებისმიერი ინფორმაციის თუ ფოტოსურათის გავრცელება/გამოქვეყნებით ის მართლზომიერად ხელმისაწვდომი ხდება მესამე პირებისათვის, ინფორმაციის გავრცელების პირველწყაროს - ფოტოს გამომქვეყნებლის, ინფორმაციის გამავრცელებლის სურვილით. შესაბამისად, ფოტოს/ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსებისას პირს უნდა ჰქონდეს ობიექტურად გააზრებული, თუ რამდენად ფართო აუდიტორიისთვის ხდის თავის პირად ინფორმაციაზე წვდომას შესაძლებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფოტოსურათი რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნა ---------------ზე განთავსებული იყო ლ--–-----------ს ფეისბუქ გევრდის მთავარ სურათად (ე.წ. პროფაილის სურათი) და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში ფოტოს უნებართვოდ გამოყენების რისკი იმატებს და ამ რისკის ტარების ტვირთი მოსარჩელეზე გადადის.

 

თუმცა, ეს განმარტება ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ ზოგადად სოციალური ქსელიდან ფიზიკური პირის სურათის გამოყენება უპირობოდ გამართლებულია. კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტია საჯარო სივრციდან მოპოვებული ფოტოსურათის შემდგომში გამოყენების მიზანი და მისი გამოყენების მიზანშეწონილობა. ცალსახად შეურაცხმყოფელ კონტექსტში სურათის გამოყენება ყოველთვის გამართლებული ვერ იქნება, თუნდაც ის მოპოვებული იყოს მართლზომიერად.

 

სადავო შემთხვევაში მოსარჩელის ფოტოსურათი www.edu.aris.ge -ზე განთავსდა კონკრეტული საკითხის გაშუქების ჭრილში, რომლის მიმართ უდავოდ და სავსებით ლეგიტიმურად არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ფოტოსურათის გამოყენებით ფაქტობრივად მოხდა პირის (მოსარჩელის) ვიზუალიზაცია, ანუ საზოგადოების დისკუსიად ქცეულ საკითხში გაჟღერებული პირის (მოსარჩელის) სახელის და გვარის გამოსახულებითი აღქმის გასაჯაროება. ამიტომაც სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მიერ თავის ე.წ. „ფეისბუქ პროფაილზე“ საჯაროდ და ყველასთვის ხელმისაწვდომად განთავსებული სურათის მედია საშუალების მიერ გამოყენება საზოგადოების ინფორმირების მიზნით ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის სურათის უნებართვო სარგებლობად.

 

გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე არ დავობს ფოტოსურათის გამოყენების კონტექსტზე (სადავოდ არ ხდის მოპასუხის მიერ გავრცელებული რომელიმე განცხადების შინაარსს). სადავოა მხოლოდ ფაქტი - ბანერზე მისი ფოტოსურათის გამოქვეყნების შესახებ. აღნიშნულთან მიმართებით კი, სასამართლოს მოსაზრებით, უპირატესია მოპასუხე მედიის საზოგადოების ინფორმირების ვალდებულების სრულყოფილი რეალიზება, რომელიც გამომდინარეობდა გავრცელებული თემისადმი (ჩართული იყო თუ არა სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მოსარჩელე, როგორც მინისტრის მოადგილის და) გამოხატული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებით, რაც თავის მხრივ, პრესის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს.

 

ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქმეზე Dalban v. Romania, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ: „მართალია, პრესამ არ უნდა გადალახოს განსაზღვრული მიჯნები, რაც დადგენილია სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად, მაგრამ მან უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და გაავრცელოს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ნებისმიერ საინტერესო საკითხზე.“

 

მხედველობაშია მისაღების ისიც, რომ გამოქვეყნებული ფოტოსურათი მიმართული იყო არა მოსარჩელის რომელიმე არაქონებრივი უფლების ხელყოფისაკენ, არამედ მიზნად ისახავდა თვალსაჩინოდ იმ დროის წარმოჩენას რა დროც დასჭირდებოდა სახელმწიფო უწყებას ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. მართალია, უტრირებულად, თუმცა დროის მთვლელი მიზნად ისახავდა მხოლოდ საკითხის სიმწვავისა და აქტუალურობის წარმოჩენას. ამ მოცემულობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე მოსარჩელის გამოსახულებით ფოტოს გამოქვეყნებით უხეშად არ ჩარეულა მოსარჩელის პირად სივრცეში, შესაბამისად არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, მით უფრო იმ ფარგლებს, რომელიც მას როგორც მედიასაშუალებას გააჩნია. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არც ის დასტურდება, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელის ფოტო პირველად ---------------ზე იქნა განთავსებული.

 

მედია საშუალების გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს ევროპული სასამართლოს პრაქტიკას საქმეზე ,,პოლანკო ტორესი და მოვილა პოლანკო ესპანეთის წინააღმდეგ’’. საქმის გარემოებებზე მსჯელობის შედეგად ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა მედიის საშუალებების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და კეთილსინდისიერების ფაქტს. სასამართლომ შეადარა ორი უფლება ერთი მხრივ ჟურნალისტის უფლება, განახორციელოს თავისი საქმიანობა და მეორე მხრივ, პირის უფლება, დაცული იყოს მისი რეპუტაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტის უფლებამ, განახორციელოს თავისი საქმიანობა, გადაწონა სხვა პირის უფლება დაცული ყოფილიყო მისი რეპუტაცია, რადგან გავრცელებული ინფორმაცია არ იქნა მიჩნეული როგორც შეურაცხმყოფელი ან აშკარად დაუსაბუთებელი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის არ დარღვეულა მომჩივნის მიმართ (იხ. საქმე N 34147/06, 21 სექტემბერი, 2010 წელი).

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის იმგვარ შემადგენლობას, რომ სარჩელის დაკმაყოფილება ობიექტურად ვარგისი საფუძვლები გააჩნდეს. რის გამოც არ არსებობს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ მოსარჩელის უფლებების ბრალეული ხელყოფის ფაქტი, რაც გამორიცხავს ამ სამართლებრივი ნორმის საფუძვლით მორალური ზიანის მისთვის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანისთვის კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი, რაც პირველ რიგში გულისხმობს კომპენსაციის მიზნის გათვალისწინებას. დამზიანებლის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებულ სულიერ ტკივილს პირდაპირი ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია, ამიტომაც გადამწყვეტია ამ კომპენსაციის მიზანი, რაც თავის მხრივ კამათის საგანს წარმოადგენს. თუმცა, თავდაპირველად განსასაზღვრია გვაქვს თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობანი სახეზე, რათა შემდგომ განისაზღვროს ზიანის ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 413-ე (I) მუხლის მიხედვით მორალური ზიანის ანაზღაურებას ორი წინაპირობა აქვს. ეს არის - I. პირისათვის მორალური ზიანის მიყენება და II. შესაბამისი კანონისმიერი დანაწესი, რომელიც ამ ტიპის ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში ამგვარ სპეციალურ კანონისმიერ დანაწესად შეგვიძლია მივუთითოთ საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს მორალური ზიანის გადახდევინებას ორ კონკრეტულ შემთხვევაში - I. ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საიდუმლოების გამხელისათვის; II. ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ცილისწამებისათვის.

 

სასამართლოს შეფასებით, მოცემულ დავაში გამოირიცხება, როგორც ცილისწამების ისე საიდუმლოების გამხელის ფაქტი და შესაბამისად შემადგენლობა. გარდა ამისა, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხეს დღეისათვის შეწყვეტილი აქვს ფოტოსურათით სარგებლობა და ბანერი აღებულია ინტერნეტ პორტალიდან. ვინაიდან დავის საგანია რეალურად აღარ არსებობს, ჯაჭვურად ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ მოცემულობას ვერ ვიღებთ. ამის საშუალებას არ იძლევა არც არსებული რეალობა და არც სპეციალური კანონისმიერი დანაწესი, რაც გამორიცხავს მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

6.3. განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხემ სადავო გახადა ხანდაზმულობის ვადა, ამასთან, მან ხანდაზმულობის ვადა დაუკავშირა სპეციალური - ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ 100 დღიანი ვადას. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არ გამომდინარეობს ამ კანონიდან, შესაბამისად მითითება ამ ვადაზე ასევე არარელევანტურია. კანონმდებელი ხანდაზმულობის 100 დღიან ვადას ავრცელებს მხოლოდ ცილისწამებისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობისას, რაც ამ მდგომარეობით სახეზე არ გვაქვს. შესაბამისად, სასამართლოს ვრცლად აღარ შეხებია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობის საკითხს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–-----------ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა--------’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია