გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
330210019003063802
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/15083-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31.10.2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე

 

მოსარჩელე - შპს „ს--- კ-------– გ-----ი“

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

 

მოპასუხე - ლ----------ი, შპს “ი----------------–--„წარმომადგენელი - ლ----------–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ----------ს და შპს „ი----------------–--ს“ მოსარჩელე შპს „ს--- კ-------– გ-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 12739,17 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4734,37 აშშ დოლარი და სარგებელი - 8004,8 აშშ დოლარი;

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

შპს „ს--- კ-------– გ-----სა“ და ლ----------ს შორის 2012 წლის 10 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 65000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, რაც მსესხებელს უნდა დაეფარა 4 ეტაპად. მოპასუხის ინიციატივით აღნიშნული ვადა დამატებით 3 თვით გაგრძელდა.

 

ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და ერიცხებოდა წლიური 28 პროცენტი, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირველი 7 დღის ვადაგადაცილებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%.

 

2012 წლის 10 ივლისს შპს „ს--- კ-------– გ-----სა“ და შპს „ი----------------–--ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა შპს „ი----------------–--მ“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ლ----------ის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებაზე.

 

მსესხებელმა სამთვიან ვადაში ვერ შეძლო დავალიანების დაფარვა, ეტაპობრივად იხდიდა თანხებს, საიდანაც იფარებოდა სესხის ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი და გადასახდელი დარჩა 12739,17 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წარდგენილი შესაგებლებით მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ჰქონდათ შესრულებული. გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმული იყო, კერძოდ: სესხის ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 11 ოქტომბერს ამოიწურა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა 2012 წლის 12 ოქტომბრიდან დაიწყო და ამოიწურა 2015 წლის 12 ოქტომბერს. შპს „ს--- კ-------– გ-----მა“ 2019 წლის 3 მაისს გაფრთხილების წერილით მიმართა მსესხებელს, რა დროსაც წერილის პასუხად მას ეცნობა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო. თავად სარჩელი მოსარჩელემ 2019 წლის 12 ივნისს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ აღძრა.

 

სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეების წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ ხელშეკრულების მორიგი სამი თვის ვადის გათვალისწინებითაც ხანდაზმულობის ვადა გასულია, ვინაიდან ხელშეკრულება 2013 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დენა 2013 წლის 11 იანვრიდან დაიწყო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 10 ივლისს შპს „ს--- კ-------– გ-----სა“ და ლ----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, სადაც სესხის ოდენობა განისაზღვრა 65000 აშშ დოლარით (ეკვივალენტი ლარებში). სესხზე რიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენდა წლიურ 28%-ს, ხოლო თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადის 7 დღით გადაცილების მომენტიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,05%.

 

სესხის ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მსესხებელი სრულად ან/და ნაწილობრივ არ/ვერ დააბრუნებს სესხს და თუ გამსესხებელი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სესხის დარჩენილ (დაუბრუნებელ) ნაწილზე გაგრძელდება ყოველწლიური სარგებლის დარიცხვა წლიური 28%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.07.2012 წლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სესხის და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სამი თვის მანძილზე, ოთხ ეტაპად:

 

ა) პირველ ეტაპზე, 2012 წლის 10 აგვისტომდე 1517 აშშ დოლარი;

ბ) მე-2 ეტაპზე, 2012 წლის 10 სექტემბრამდე - 1517 აშშ დოლარი;

გ) მე-3 ეტაპზე, 2012 წლის 10 ოქტომბრამდე - 1517 აშშ დოლარი და

დ) მე-4 ეტაპზე, 2012 წლის 11 ოქტომბრისთვის - 65000 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის ინიციატივით სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებას მორიგი სამი თვით და ხელშეკრულება გაგრძელდა დამატებით 3 თვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 10.07.2012 წლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ი-----------------–---“ წერილობითი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 10 ივლისს შპს „ს--- კ-------– გ-----სა“ და შპს „ი-----------------–---“ შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით თავდებმა იკისრა ვალდებულება, ლ----------ის მიერ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებაზე.

 

თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით - 75000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებში) ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.07.2012 წლის თავდებობის ხელშეკრულება;

- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

3.1.4. მსესხებელი ეტაპობრივად ახდენდა გადახდას და ბოლო გადახდა 2013 წლის 10 მაისს განახორციელა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შენატანი თანხების შესახებ ინფორმაცია.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 10 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ლ----------ს ჯეროვნად არ შეუსრულებია და მისი დავალიანება შპს „ს--- კ-------– გ-----ის“ მიმართ შეადგენს ჯამში 12739,17 აშშ დოლარს.

 

აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი ანგარიშიდან, დეტალური ინფორმაცია გადახდების შესახებ და ცნობა დავალიანების შესახებ. ამ მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მსესხებელი გადახდებს ახორციელებდა როგორც ხელშეკრულების სამ თვიან ვადაში, ასევე ამ ვადის დამატებით 3 თვით გაგრძელების დროსა და მის შემდგომაც მსესხებელი ახდენდა თანხის გადახდას. ჯამში მის მიერ გადახდილია 68769,84 აშშ დოლარი, საიდანაც 60265,63 აშშ დოლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 8504,21 აშშ დოლარით - პროცენტი.

 

მხარეებს შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისთვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

აღნიშნული პირობის გათვალისწინებით კრედიტორის მიერ გაგრძელდა ვადაგადაცილებული დროისთვის პროცენტის დარიცხვა და 2019 წლის 22 მაისის დროისთვის დავალიანება შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა 4734,37 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტი - 8004,8 აშშ დოლარი.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით მოპასუხეებს არსებითი შედავება არ განუხორციელებიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- შენატანი თანხების შესახებ ინფორმაცია;

- ამონაწერი ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ს--- კ-------– გ-----ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

შპს „ს--- კ-------– გ-----სა“ და ლ----------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის შესრულების ვალდებულებაც უზრუნველყოფილი იქნა შპს „ი----------------–--სთან“ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით. ფულადი ვალდებულება მოპასუხეებს ჯეროვნად არ შეუსრულებიათ და დავალიანება ჯამში 12739,17 აშშ დოლარს შეადგენს.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულო ბის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებული მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა თავიანთი პოზიცია დააფუძნეს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობას, განმარტეს, რომ სესხის ხელშეკრულების დამატებით 3 თვის ვადით გაგრძელების გათვალისწინებით, თანხა ლ----------ს 2013 წლის 10 იანვრის ჩათვლით უნდა დაებრუნებინა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა 2013 წლის 11 იანვრიდან უნდა დაიწყოს, ვინაიდან შენატანი თანხების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ ბოლო გადახდა მსესხებელმა 2013 წლის 10 მაისს განახორციელა. ამდენად, ვადის ათვლაც, სწორედ აღნიშნული თარიღით უნდა მოხდეს. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა გადის 2016 წელს. სარჩელი კი შპს „ს--- კ-------– გ-----ის“ მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, 2019 წელს.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით მიუთითოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღაირებს მოთხოვნის არსებობას. ხოლო 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადაიხადა 1063 ლარი. დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1062,41 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 0,59 ლარი. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, დარჩენილი 1062,41 ლარი არ ექვემდებარება ანაზღაურებას და უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ს--- კ-------– გ-----ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1063 ლარიდან - 1062,41 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. მოსარჩელე შპს „ს--- კ-------– გ-----ი“-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 24/05/2019 წელს N060 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 1063 ლარიდან - 0,59 თეთრი, როგორც ზედმეტად გადახდილი (გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“, მიმღები: სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე