გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
# 3-----------------
საქმე №2-3---19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გარდაბანი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე
მოსარჩელე - გ---–------ ა-–-----------ი
მოპასუხე - ნ-----–- ვ--–---ა
თარჯიმანი - ორხან რამაზანოვი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაეკისროს მოპასუხე - ნ-----–- ვ--–---ას (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის - 06.09.2006 წელს დაბადებული გ------- ა-–-----------ის (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე.
სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე - გ---–------ ა-–-----------მა მოპასუხე - ნ-----–- ვ--–---ა ცოლად მოიყვანა 2005 წელს, ხოლო ქორწინების რეგისტრაცია მოხდა 2006 წლის 22 ნოემბერს, რაც ორივესთვის მეორე ქორწინება იყო. მოსარჩელეს პირველი მეუღლე გარდაცვლილი ყავს. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - გ------- ა-–-----------ი, დაბადებული 06.09.2006 წელს. ორი წილსა და ექვსი თვის წინ, მოპასუხე სახლიდან წავიდა იმ მიზეზით, რომ სოფელში მისი მამა - კ--------– ვ--–---ი ავად იყო და მოვლა სჭირდებოდა, ასევე უნდა დაემუშავებინა მიწის ნაკვეთი, თუმცა მის მერე სახლში არ დაბრუნებულა. თავდაპირველად, როდესაც ტელეფონზე ურეკავდა მოსარჩელე მოპასუხეს, პასუხობდა, შემდეგ ტელეფონს პასუხობდა მოპასუხის მამა, ბოლო პერიოდში მოსარჩელის ზარებს აღარ პასუხობს ნ-----–- ვ--–---ა. მოსარჩელემ შვილი ჩაუყვანა სანახავად დედას, რადგან ბავშვს ენატრებოდა, მაგრამ დედამ უკან მალევე დააბრუნა. მოსარჩელე არის პენსიონერი და ასაკიანი ადამიანია, მხარეების შვილს სჭირდება ჩაცმა, კვება, მოდის სკოლის პერიოდი და სჭირდება სასკოლო ნივთებიც, მაგრამ ამ ყველაფერზე დედა არ ზრუნავს. რადგან მშობლები თანაბრად არიან ვალდებულები არჩინონ მათი არასრულწლოვანი შვილები და იზრუნონ მათი კეთილდღეობისათვის, ხოლო ბავშვის დედა, მოპასუხე თავს არიდებს ნებაყოფლობით მშობლის უფლება-მოვალეობის სათანადო შესრულებას, მოსარჩელის მოთხოვნაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხეს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა შესაგებლით, რომ მოსარჩელესთან იცხოვრა 12 წელი, ჰყავთ ერთი საერთო შვილი, რომლის მიტოვება მას მეუღლემ აიძულა მისი აუტანელი ხასიათის გამო, შვილს მასთან არ უშვებს და განაწყობს მის მიმართ უარყოფითად. იგი დედაა და უნდა მისი შვილი მასთან იყოს, მაგრამ მოსარჩელე ამის საშუალებას არ აძლევს. იგი ავად არის, ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია ალერგიის გამო. მედიკამენტების შეძენაში მოპასუხეს ფინანსურად ეხმარება მამა და 20 წლის ასაკის შვილი, რომლებთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ექნება საშუალება, მოპასუხე მაშინ დაეხმარება შვილს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არასრულწლოვანი გ------- ა-–-----------ი დაიბადა 2006 წლის 06 სექტემბერს, მისი მშობლები არიან: დედა - ნ-----–- ვ--–---ა და მამა - გ---–------ ა-–-----------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 19).
3.1.2. მოსარჩელე - გ---–------ ა-–-----------ის და მოპასუხე - ნ-----–- ვ--–---ას შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 22 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18).
3.1.3. არასრულწლოვანი გ------- ა-–-----------ი ბოლო 2 წელი და 6 თვეა ცხოვრობს მამასთან - გ---–------ ა-–-----------თან, ხოლო დედა ამ ხნის მანძილზე წავიდა ქმრის ოჯახიდან მშობლების ოჯახში საცხოვრებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).
3.1.4. მოპასუხე ნ-----–- ვ--–---ა დაავადებულია შემდეგი დიაგნოზით: სხვა სახის დაზუსტებული ჰიპოთირეოზი, რკინადეფიციტური ანემია დაუზუსტებელი, თირკმლის კენჭები, ურტიკარია დაუზუსტებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა # IV – 100/ა.
3.1.5. მოპასუხე ნ-----–- ვ--–---ა არ არის დასაქმებული და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, ის ცხოვრობს მამასთან და სრულწლოვან შვილთან ერთად სოფელ აღთაკლიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები;
,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. ალიმენტის ოდენობის დადგენისას, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები: გ---–------ ა-–-----------ი და ნ-----–- ვ--–---ა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან ბოლო 2 წელი და 6 თვეა, მათ ჰყავთ 13 წლის ასაკის შვილი - გ------- ა-–-----------ი, რომელიც ცხოვრობს მამასთან და იმყოფება მხოლოდ მის რჩენა-კმაყოფაზე. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია და ცხოვრობს სრულწლოვან შვილთან და მამასთან ერთად სოფელ აღთაკლიაში, ასევე დადგენილია, რომ ის არ იღებს მონაწილეობას 13 წლის ასაკის შვილის გ------- ა-–-----------ის რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მას ფინანსურად.
ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე, თუმცა არა 200 ლარის, არამედ 100 ლარის ოდენობით, რადგან მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო. მშობლისგან 100 ლარი არის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვის განვითარებისათვის და აღზრდისათვის, განსაკუთრებით იმ ასაკში, რა ასაკშიც იმყოფება განსახილველ შემთხვევაში გ------- ა-–-----------ი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მოპასუხის ალერგიული ფონი და რკინადეფიციტური ანემია არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ მშობელი გათავისუფლდეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდისაგან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 100 (ასი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად, გ---–------ ა-–-----------ი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა, განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. იმავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
შესაბამისად, მოპასუხე ნ-----–- ვ--–---ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–------ ა-–-----------ის სარჩელი ნ-----–- ვ--–---ას მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე - ნ-----–- ვ--–---ას დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 06.09.2006 წელს დაბადებული გ------- ა-–-----------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 23.08.2019 წლიდან, ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე;
3. მოპასუხე - ნ-----–- ვ--–---ას დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის სახით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი #7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა #6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი