გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-79-2019
(130310019003154168)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მ-----– ბ---–--ე
მოპასუხე - ი---- ა------–---–ი
დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობას).
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილებისათვის ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრები ა---- ა------–---–ი და ს-------- ა------–---–ი დასაქმდნენ და მათ სახელზე დაფიქსირდა გარკვეული შემოსავალი. მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში.
მოპასუხის ოჯახს ზედმეტად დაერიცხა 2018 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის შემწეობის თანხა 150-150 ლარი, სულ - 300 ლარი, რაც მას უკან არ დაუბრუნებია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სოციალური დახმარება (საარსებო შემწეობა) ი---- ა------–---–ის სამსულიან ოჯახს დაენიშნა 2015 წლის სექტემბრიდან, სარეიტინგო ქულით 33160. ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით თვეში 150 ლარის ოდენობით. უკანასკნელი დეკლარაცია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შევსებულია 2015 წლის 30 აგვისტოს. დეკლარაციის C3 გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ ოჯახს მითითებული აქვს 0 ლარი (ს.ფ. 15-21).
3.2. 2018 წლის 1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ი---- ა------–---–ის ოჯახის წევრმა ა---- ა------–---–მა მიიღო შემოსავალი 2373,69 ლარის, ხოლო ს-------- ა------–---–მა - 118,8 ლარის ოდენობით (იხ. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 ოქტომბრის წერილი). ამდენად, მოცემულ პერიოდში სრული დარიცხული შემოსავალი შეადგენს 2492,49 ლარს, ხოლო ხელზე აღებული შემოსავალი 1994 ლარს.
3.3. მოპასუხეს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის (მისი ოჯახის წევრების ანგარიშზე ხელფასის ჩარიცხვის) შესახებ არ უცნობებია სააგენტოსათვის (მხარის განმარტება, იხ. სარჩელი, ასევე, სხდომის ოქმი).
3.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების 2018 წლის 10 დეკემბრის და 2019 წლის 13 თებერვლის წერილებით ი---- ა------–---–ს ეცნობა, რომ აქვთ ზედმეტად აღებული სოციალური დახმარება 300 ლარის ოდენობით და მოსთხოვა თანხის დაბრუნება ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე (ს.ფ. 12-14).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“; „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი-მეოთხე პუნქტების თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა; საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
6.2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე. ამ ნორმებიდან გამომდინარე ი---- ა------–---–ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა იყო 33160 და შედგებოდა 3 სრულწლოვანი წევრისაგან, იღებდა სოციალურ დახმარებას თვეში 150 ლარის ოდენობით.
6.3. ამავე დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. მოცემული მუხლის მე-3 პუნქტიდან (2019 წლის 18 იანვრის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) გამომდინარე, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.
6.4. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის „ბ“ ქვეუნქტის შესაბამისად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6.5. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური დახმარების მიღების შესახებ განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. დადგენილია, რომ ი---- ა------–---–ის ოჯახმა მისი წევრების მიერ მუშაობის დაწყებისა და შემოსავლის მიღების შესახებ არ აცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენილ ვადაში, რის გამოც ზედმეტად ჩაერიცხათ 2018 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვის სოციალური დახმარება 300 ლარი.
6.6. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (2019 წლის 31 იანვრის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის - შემოსავლების გაზრდა/გაჩენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებულ ხელზე არსებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ ბოლო ოთხ თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და ოჯახის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში - „ხელფასი (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 150 ლარზე. დადგენილია რომ მოცემულ შემთხვევაში სხვაობა აღემატებოდა 150 ლარს, რადგან ოჯახს დეკლარაციის C3 (ხელფასი) გრაფაში მითითებული აქვს 0 ლარი. 3 სულიანი ოჯახის შემთხვევაში, 1994 ლარი 4 თვის მანძილზე ერთ წევრზე გამოდის საშუალოდ 166,16 ლარი.
6.7. „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-181 მუხლის თანახმად, თუ ოჯახს ზედმეტად დაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხის უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში, ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით შემოსავლის გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება განხორციელდება ამ გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვიდან ოჯახისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის ოდენობით. ი---- ა------–---–ის ოჯახმა შემოსავალი მიიღო 2018 წლის ივნის-სექტემბერში, ამიტომ 2018 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თანხა 300 ლარი ითვლება ზედმეტად ჩარიცხულად.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
6.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ზემოაღნიშნული თანხა, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.
6.10. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ი---- ა------–---–მა უნდა დააბრუნოს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხა 300 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ი---- ა------–---–ს (პ/ნ 43001029998) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) დაბრუნება 300 (სამასი) ლარის ოდენობით შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302003460;
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ხაშური, კოსტავას ქ. №15).
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი