გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2019
საქმის ნომერი
010310018002657964
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-522/-2018(010310018002657964)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

27.11.2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე - რ---–---------------

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - ჯ---------–----–---

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის №MIA91801760155 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, რ---–--------------------------------) სახელზე არსებული ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობის ю N326705 ახალი მართვის მოწმობით შეცვლის თაობაზე.

 

დავის მოკლე შინაარსი: რ---–--------------- დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს. 1988 წელს დაამთავრა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვას საშუალო სკოლა, სადაც სწავლება იყო სპეციფიური, კერძოდ, ჩვეულებრივ სასწავლო პროგრამის პარალელურად მიმდინარეობდა მოსწავლეთათვის შრომითი და პროფესიული განათლების მიღება. 1988 წელს, სკოლის დამთავრებასთან ერთად, რ---–---------------მ ჩააბარა არა მარტო სასკოლო გამოცდები, არამედ, ტრაქტორისტ-მემანქანეთა მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები, შესაბამისად გადაეცა ატესტატი და ტრაქტორისტ-მემანქანის მართვის მოწმობა ю N326705. 2018 წლის 21 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მომსახურების სააგენტოს ბათუმის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა არსებული მართვის მოწმობის ახლით შეცვლა, თუმცა 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ბათუმის მომსახურების ცენტრში ю N326705 მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა. №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილება რ---–---------------მ გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის №MIA91801760155 გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს. (იხ. შესაგებელი)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. რ---–--------------- დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს. 1988 წელს დაამთავრა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვას საშუალო სკოლა და მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი A N067909.საშუალო განათლების ატესტატის A N067909 თანახმად, რ---–------------------------------- 1988 წელს დაამთავრა აჭარის ასსრ ქობულეთის რაიონის ლეღვას საშუალო სკოლის სრული კურსი, კარგი ყოფაქცევით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იხ. საშუალო განათლების ატესტატი A N067909;

 

3.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემული საარქივო ცნობის NAA2018008503-03, ქობულეთის არქივში დაცული ქობულეთის რაიონის ლეღვას საშუალო სკოლის დოკუმენტებში, 1988 წლის ბრძანების წიგნებსა და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმებში, ტრაქტორის მართვის მოწმობების მიღებაზე გამოცდების ჩაბარებისა და გაცემის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იხ. საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის საარქივო ცნობა NAA2018008503-03

 

3.3. 2018 წლის 21 მაისს, რ---–---------------მ განცხადებით N1187949 მიმართა მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა ю N326705 მართვის მოწმობის შეცვლა. მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილებით, რ---–---------------ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ ბათუმის მომსახურების ცენტრში არსებული მართვის მოწმობის გაცემის რეესტრის თანახმად, ю N326705 მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იხ. მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილება;

 

3.4. 2018 წლის 28 ივნისს, რ---–---------------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის №MIA91801760155 გადაწყვეტილებით, რ---–---------------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- იხ. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის №MIA91801760155 გადაწყვეტილება.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. ასევე სახეზე არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №598.

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ამავე სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 და 2018 წლის 23 ივლისის №MIA91801760155 გადაწყვეტილებები, არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან,6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით №598 დამტკიცდა „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობები“.

 

აღნიშნული წესი არეგულირებს არეგულირებს საქართველოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესსა და პირობებს.

 

ბრძანების 47-ე მუხლი ითვალისწინებს მართვის მოწმობის შეცვლასთან დაკავშირებულ კითხებს, კერძოდ, 1.მართვის მოწმობის შეცვლის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მართვის მოწმობის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის საფუძველზე ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის გაცემა;

გ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა;

დ)მართვის მოწმობის გამოყენებისთვის უვარგისობა (გაცვეთა, დაზიანება);

ე)მართვის მოწმობაში ასახული რომელიმე მონაცემის შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;

ვ)მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლა ან უზუსტობის გამოსწორება;

ზ)მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შეუსაბამობა;

თ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებები.

2. მართვის მოწმობის შესაცვლელად პირმა საგამოცდო სამსახურში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) შესაცვლელი მართვის მოწმობა;

დ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

3.მართვის მოწმობაში აღნიშნული მონაცემების ან/და მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების შეცვლის საფუძვლის წარმოშობის ან მათში უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, ახალი მართვის მოწმობის შეცვლის თაობაზე განცხადებას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ასევე უნდა დაერთოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. 4.იმ შემთხვევაში თუ, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიცავს მომსახურების გაწევისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციას, სააგენტოს უფლება აქვს გამოსაკვლევი გარემოების დაზუსტების მიზნით, მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. 5.შეცვლილ მართვის მოწმობში, მონაცემები აღინიშნება შესაცვლელი მართვის მოწმობის თაობაზე მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრში ასახული სარეგისტრაციო ჩანაწერების, წარმოდგენილი დიკუმენტებისა და მართვის მოწმობის შეცვლის საფუძვლის შესაბამისად.

 

6.მართვის მოწმობის შეცვლა ახალი მოწმობით არ განხორციელდება თუ:

ა) მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრიით არ დასტურდება შესაცვლელი მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი;

ბ) დაინტერესებულ პირს მოთხოვნის მომენტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს მართვის უფლება;

გ) დაინტერესებულმა პირმა ვერ უზრუნველყო მომსახურების გაწევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა;

დ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

7. საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ 2012 წლის 1 აგვისტომდე გაცემული ძველი ნიმუშის მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობით შეცვლისას, პირზე მინიჭებული კატეგორიები შეიცვლება ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად.

8.შეცვლილი მართვის მოწმობა კარგავს იურიდიულ ძალას და ექვემდებარება დადგენილი წესით განადგურებას.

 

6.4. დადგენილია, რომ რ---–--------------- 1988 წელს დაამთავრა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვას საშუალო სკოლა და მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი A N067909, რომლის თანახმად, რ---–------------------------------- 1988 წელს დაამთავრა აჭარის ასსრ ქობულეთის რაიონის ლეღვას საშუალო სკოლის სრული კურსი კარგი ყოფაქცევით. 2018 წლის 21 მაისს, რ---–---------------მ განცხადებით N1187949 მიმართა მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა ю N326705 მართვის მოწმობის შეცვლა. მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილებით, რ---–---------------ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. №MIA 5 18 01293123 გადაწყვეტილების თანხმად, ბათუმის მომსახურების ცენტრში არსებული მართვის მოწმობის გაცემის რეესტრში, ю N326705 მართვის მოწმობის გაცემის ფაქტი არ დასტურდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რ---–---------------მ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

 

2018 წლის 29 ივნისს, რ---–---------------ს ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მომსახურების სააგენტოში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: 2018 წლის 21 მაისს, რ---–---------------მ განცხადებით მიმართა მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრს და მოითხოვა ტრაქტორის მართვის მოწმობის შეცვლა. განცხადებაში რ------------ აღნიშნავდა, რომ მან 1988 წელს აიღო ტრაქტორის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა N326705. განცხადებას ერთვოდა მძღოლის მოწმობა ю N326705 და მასზე თანდართული გაფრთხილების N692954 ტალონის ასლები. ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 01 ივნისის №MIA 5 18 01293123 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რ------------ს უარი ეთქვა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის შეცვლაზე. ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისად: 1988 წლის 25 ივნისს, რ---–---------------ს სახელზე გაცემული A N067909 საშუალო განათლების ატესტატის მიხედვით, მან 1988 წელს დაამთავრა აჭარის ასსრ ქობულეთს რაიონის ლეღვას საშუალო სკოლის სრული კურსი. რ--------------- 2018 წლის 25 ივნისის განცხადების თანახმად, 1968-2000 წლებში იგი მუშაობდა სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ქობულეთის რაიონული ინსპექტორის უფროსის თანამდებობაზე, აგრეთვე იღებდა გამოცდებს ტრაქტორისტ-მემანქანეთა მართვის მოწმობის გაცემაზე 1,2, და მე-3 კლასების მიხედვით. დ-------------ს 2018 წლის 25 ივნისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი მუშაობდა სოფელ ლეღვას საშუალო სკოლაში 1983 წლიდან 1984 წლამდე სამხედრო მასწავლებლად და ადასტურებს, რომ რ---–---------------ს ასწავლიდა 1986 წლიდან 1988 წლამდე, ხოლო ამ პერიოდში ნამდვილად ისწავლებოდა პროფესიული გაკვეთილები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ქობულეთის არქივის მიერ 2018 წლის 28 მარტს გაცემული საარქივო ცნობის NAA2018008503-03 შესაბამისად, ქობულეთის არქივში დაცული ქობულეთის რაიონის ლეღვას საშუალო სკოლის დოკუმენტებში, 1988 წლის ბრძანების წიგნებსა და პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმებში, ტრაქტორის მართვის მოწმობების მიღებაზე გამოცდების ჩაბარებისა და გაცემის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რის გამოც საარქივო სამმართველო მოკლებულია შესაძლებლობას დაადასტუროს რ------------- სახელზე 1988 წელს ტრაქტორის მართვის მოწმობის მიღების ფაქტი. მომსახურების სააგენტოს მონაცემთა

ბაზის თანახმად, რ---–---------------ს სახელზე ю N326705 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის №MIA91801760155 გადაწყვეტილებით, რ---–---------------ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა ძალაში დარჩა მომსახურების სააგენტოს დასავლეთ-რეგიონალური მომსახურების ცენტრების მართვის დეპარტამენტის ბათუმის მომსახურების ცენტრის 2018 წლის 1 ივნისის №MIA 5 18 01293123 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება).

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის (მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრი) თანახმად, რ---–---------------ს სახელზე ю N326705 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ფაქტი არ დასტურდება, რაც „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესის და პირობების“ შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანების №598 შესაბამისად, იმპერატიულად გამორიცხავს მართვის მოწმობის შეცვლას ახალი მართვის მოწმობით. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლო დამატებით მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე (ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-119-118(კ-16), რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე N3ბ/664-15), სადაც განმარტებულია, რომ ,,მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, რომ გადაწყვიტოს მხოლოდ მის კომპეტენციას დაქვემდებარებული საკითხები მხოლოდ იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილი არის ამ ადმინისტრაციული ორგანოსთვის კანონით ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მომსახურების სააგენტო არ არის უფლებამოსილი გადაწყვეტილება დააფუძნოს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც კანონის შესაბამისად, მოსაწესრიგებელი საკითხის არარელევანტურია. მართვის მოწმობის შეცვლის მიზნებისთვის საკითხს იმის შესახებ, გააჩნია თუ არა პირს მართვის უფლება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო - მომსახურების სააგენტო არკვევს და ადგენს მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრზე დაყრდნობით და თუ მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრით არ დასტურდება პირზე მართვის უფლების მინიჭების ფაქტი, იგულისხმება, რომ პირს მართვის უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ პირმა მოითხოვოს არარსებული უფლების დამადასტურებელი საბუთის შეცვლა“.

 

მოსარჩელე მიუთითებს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობზე და მიიჩნევს, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-601 მუხლის შესაბამისად, ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქტის გამოცემის დროს, სრულად იქნა დაცული მათი მომზადებისა და გამოცემის წესი, ამასთანავე მასში დაფიქსირებულია გადაწყვეტილება, რომლის გამოცემისთვისაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დადგენილი წესით იქნა გამოკვლეული და მოძიებული საქმისთვის მნიშვლობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილებაც შესაბამისად, დაფუძნებულია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ და შესწავლილ გარემოებებზე, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების, ასევე, „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების“ შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს ბრძანებით №598 დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას ან გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია 1.3. მოთხოვნაც, მოპასუხისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი.

 

9. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55.2-ე, 257-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.რ---–---------------ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე: Mკობა გოცირიძე