გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210019003022814
საქმე № 2/764-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ საძაგლიშვილი, თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ჯ--–---------–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–--------–--ე
მოპასუხე - დ----------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ე----------------–---–ი
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ, 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული №181423722 სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ: სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სარგებლის 4200 ლარის და სააღსრულებო ხარჯის გაცემის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, ძირითადი თანხის ნაწილში, საიდანაც 10000 ლარი არის რეალური ძირი, ხოლო 4000 ლარი სარგებელი, დარჩეს უცვლელი.
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მხარეებს შორის 2017 წლის 06 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ ისესხა 10000 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ-----–--------------------------------------. აღნიშნული ვალდებულების სრულად ვერ დაფარვის გამო მოპასუხე მხარესთან შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს მითითებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ფორმალურად გააფორმეს ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და 2018 წლის 16 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ თითქოს ისესხა 14000 ლარი, ერთი წლის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. რეალურად ნასესხები ჰქონდა მხოლოდ 10 000 ლარი, რასაც დაუმატეს ძველი ხელშეკრულებით გადასახდელი პროცენტის თანხები და ჯამურად გაფორმდა 14 000 ლარი. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქა----–----------------------------------------–----------------------). ამ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება მოსარჩელემ შეასრულა ნაწილობრივ სარგებლის ნაწილში, თუმცა სესხის დაფარვამდე მოპასუხემ ვადაზე ადრე მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი, რომელში მითითებული თანხები არ შეესაბამება რეალობას, რეალობა კი არის ის, რომ მას დავალიანების სახით გააჩნია ჯამურად 14 000 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის 10 000 ლარი, 4000 ლარი - სარგებელი.
მოსარჩელე მხარემ როგორც მოსამზადებელ, ისე მთავარ სხდომაზე არაერთხელ შეცვალა პოზიცია და საბოლოოდ მიუთითა, რომ მას გადასახდელი აქვს 12 000 ლარი.
გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას სესხი ჰქონდა აღებული ნ-----–-------ისგან 10 000 ლარი, რომელსაც უხდიდა სარგებელს, თუმცა იმის გამო, რომ ძირი თანხა ვერ დაფარა, დარეჯენ ტურაშვილთან გააფორმა ხელშეკრულება 10 000 ლარზე, რომლითაც გაისტუმრა ნ-----–-------ის ვალი (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმები).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. ამასთან, 2017 წლის 06 ოქტომბერს მხარეთა შორის მართლაც იყო გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდეგ დ----------------–---–მა და ჯ--–---------–---–მა 2018 წლის 16 იანვარს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც სესხის თანხის მოცულობა შეადგენდა 14 000 ლარს და რომელიც იყო სარგებლიანი.
მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ სარგებლის ნაწილში ცნო 2300 ლარი, თუმცა მიუთითა, რომ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით იგი არ აღიარებს მოსარჩელის მიერ სარგებლის გადახდის ფაქტს, იგი მხოლოდ თანხმობას აცხადებს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობის შემცირებაზე (იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმები).
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 06 ოქტომბერს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ ისესხა 10 000 ლარი, 06 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქა----–-------------------------------------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 06 ოქტომბრის №171180196 ხელშეკრულება
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. 2018 წლის 16 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ ისესხა 14 000 ლარი, 12 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ქ-----–---------------------------------------.
- 2018 წლის 16 იანვრის №180042914 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება
2.2.2. 2018 წლის 16 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 16 იანვრის №180042914 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
2.2.3. მოსარჩელის მიერ დაირღვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაიხადა სესხის ძირი და საგებელი სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა ახსნა - განმარტება
2.2.4. 2018 წლის 20 ნოემბერს ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრულია ძირი თანხა - 14 000 ლარი, 4200 ლარი - სარგებელი, ხარჯი - 126.72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი №181423722.
მხარეები სადავოდ მიიჩნევენ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ ვალდებულების ოდენობას, კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის ძირითადი თანხიდან, 14 000 ლარიდან 4000 ლარი არის სარგებელი, რომელიც გადახდილი აქვს, შესაბამისად საგებლის 4200 ლარის ნაწილში, საერთოდ ბათილია სააღსრულებო ფურცელი, თუმცა სარჩელში თავდაპირველად მხოლოდ სარგებლის განსაზღვრის ნაწილში დავობდა. რაც შეეხება მოპასუხეს, არ ეთანხმება მოსარჩელეს, თუმცა თანახმაა შემირდეს ვალდებულების მოცულობა სარგებლის ნაწილში 1900 ლარამდე.
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
3.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჯ--–---------–---–ის სარჩელი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 430-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
5.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 16 იანვარს მხარეთა შორის შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
5.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან მათ შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას და ამ ვალდებულების გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ასევე არ დავობენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი. მსესხებელი აპელირებს მისი მხრიდან სარგებლის ნაწილში ვალდებულების შესრულებაზე და ასევე ძირი თანხის უზუტობაზე.
5.6. აღნიშნულ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით, ხოლო ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, 1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილორივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.7. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს კრედიტორს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი. ამავდროულად, კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
5.8. სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი დოკუმენტი შესრულების თაობაზე უნდა შეიცავდეს მონაცემებს ვალის მოცულობისა და სახეობის შესახებ, მოვალის ან იმ პირის გვარსა და სახელს, რომელიც იხდის ვალს, შესრულების დროსა და ადგილს.
ამდენად, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 16 იანვარს სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ 12 თვის ვადით ისესხა 14 000 ლარი, თვეში 3% სარგებლის დარიცხვით. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სესხის ხელშეკრულების კანონიერება მხარეებს სარჩელით სადავო არ გაუხდიათ, თუმცა მოსარჩელე ჯ--–---------–---–მა (მსესხებელმა) საქმის განხილვისას ეჭვის ქვეშ დააყენა შესასრულებელი ვალდებულებიდან ძირი თანხის მოცულობა და მიუთითა, რომ 14 000 ლარში 4 000 ლარი სარგებელია, რომელიც წინასწარ გაითვალისწინეს ხელშეკრულების დადებისას და რომელიც მას გადახდილი აქვს, რის გათვალისწინაღარ უნდა იყოს განსაზღვრული.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ დასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.
5.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომ მოპასუხე მხარე (ამ შემთხვევაში კრედიტორი) თავადაა ვალდებული დაამტკიცოს რომ მსესხებელს (ბელა წვიმიტაძეს) თანხა არ გადაუხდია, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდის.
ამდენად, მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე ჯ--–---------–---–ი თვითონ იყო ვალდებული ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით იმდენად, რამდენადაც იგი ამტკიცებს, რომ იგი მოტყუვდა როდესაც სესხის ხელშეკრულებას აწერდა ხელს, მას რეალურად ფული ხელზე არ მიუღია, სესხის თანხით გადაიფარა ნ-----–-------ის ვალი 10 000 ლარი, დანარჩენი 4 000 ლარი კი სამომავლო პროცენტი ჩაწერეს, თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება გარდა ზეპირი განმარტებისა და მოწმის ჩვენებისა, რომელიც ცალკე აღებულიც ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ არაფერი ვთავათ იმ ფაქტზე, რომ მან დაადასტურა მხოლოდ ნ-----–-------ისათვის ვალის გადაფარვის ფაქტი, არ წარმოუდგენია, რაც არ არის საკმარისი მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების (თუნდაც ნაწილობრივ თანხის გადახდით) დასადასტურებლად. რაც შეეხება ხელშეკრულების დადებისას მისი შეცდომაში შეყვანის ფაქტს, სასამართლო ამ კუთხით არ იმსჯელებს, ვინაიდან მოსარჩელეს ამ კუთხით ხელშეკრულების ბათილობაზე სარჩელი არ წარმოუდგენია. გარდა ამისა სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასიოს თავად მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებაში მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, მან მიუთითა, რომ 2018 წლის 16 იანვარს დ----------------–---–თან გაფორმებული ხელშეკრულებით გადაიფარა ნ-----–-------ის ვალი 10 000 ლარი (როგორც ძირი თანხა, ისე სარგებელი) დანარჩენი 4000 ლარი კი არის მომავალი სარგებელი, რაც თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის მისივე განმარტებებთან, ვინაიდან 2018 წლის 16 იანვრის ხელშეკრულება დადებულია ერთი წლით და თუნდაც 10 000 ლარი ყოფილიყო სესხის თანხა 12 თვის სარგებელი მხოლოდ 3 600 ლარი იქნებოდა, გარდა ამისა, მოსარჩელეს დ----------------–---–თან 2018 წლის 16 იანვრამდე კიდევ ერთი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული - 2017 წლის 7 ოქტომბერს 10 000 ლარზე, რომელიც მისივე განმარტებით ვერ გადაიხადა და ამის გამო დაიდო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ჯ--–---------–---–მა კი გარდა იმისა, რომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მისი მხრიდან თანხის გადახდისა, ვერ მიუთითა კონკრეტული თანხა, თუნდაც მხოლოდ ზეპირად, რაც მან გადაუხადა დ----------------–---–ს, რაც კიდევ ერთხელ მის მიერ მიცემულ განმარტებებს არადამაჯერებლობას მატებს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორმა დ----------------–---–მა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მსესხებელს გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (გადაფარა მოსარჩელის სესხი, როგორც თავად მოსარჩელე მიუთითებს) სარგებლით, რის საფუძველზეც მსესხებელს ჯ--–---------–---–ს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით თანხის, როგორც სესხის ძირი თანხის, ისე მასზე დარიცხული სარგებლის სრულად დაბრუნების ვალდებულება.
რაც შეეხება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გამოწერას, დასტურდება, რომ მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, რაც ვერ შეძლო, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემდეგ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, პირველი ინსტანციით განიხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
6.3. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
6.4. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 4200 ლარია, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 63 ლარს, მოსარჩელეს კი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 130 ლარი, ე.ი. მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 67 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და ასევე 34.50 ლარი იმ თანხის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი (2300 ლარის ფარგლებში), ხოლო დანარჩენი 28.50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელშიც არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ჯ--–---------–---–ის სარჩელი მოპასუხე დ----------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ლ-----------–---–ის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №181423722), კერძოდ სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტში, ჯ--–---------–---–ისათვის დაკისრებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 10 თვის სარგებლის ნაწილში განისაზღვროს 1900 ლარით, ხოლო დანარჩენ ნაწილში ჯ--–---------–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. მოსარჩელე ჯ--–---------–---–ს (პ/ნ: 4----------) დაუბრუდეს მის მიერ 31/05/2019 წელს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო დავალება №0), სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 130 ლარიდან 101.50 ლარი, დანარჩენი 28.50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: გორი, ჯორბენაძის ქ. №30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი