განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
010100119003256844
დავის ტიპი
240 1
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003256844

საქმე #1-1083/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ თ------------–--ის

ბრალდებულის - მ--–----- ჩ-------ის

ადვოკატის - მ-----------------ის

თარჯიმნის - ი-----------ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171290719009 საქმე :

 

ბრალდებული: მ--–----- ჩ-------

მამის სახელი: მ---------

დაბადებული: 1--------- წელი

მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: თ--------------------–----------------–-----------–----------–-----------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------–-----–--–---–-----------------------------–-----–---------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი - სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ქ. ბათუმში, დ. აღმაშენებლის ქუჩა N2ა-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშოებს აწარმოებდა შპს „გ------------“. აღნიშნულ საცხოვრებელ კოსპუსში მიმდინარეობდა, მათ შორის ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც არ იყო დასრულებული და ლიფტი არ იყო გაშვებული ექსპლუატაციაში. 2019 წლის 29 ივლისს, დღის საათებში, შპს „გ------------ს“ ხელმძღვანელმა, მ--–----- ჩ-------მა არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება, შრომის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ უზრუნველყო აღიშნული ლიფტით არ ესარგებლა მოსახლეობას და მეთორმეტე სართულიდან პირველის სართულის მიმართულებით ლიფტით მგზავრობისას, მეხუთე სართულის სიმაღლიდან მოულოდნელად მოწყდა ლიფტი, დაიწყო სწრაფი დაღმასვლა და საბოლოოდ გაჩერდა პირველი სართულის ქვედა ნაწილში, სარდაფში. სიმაღლიდან ვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა მიდამოებში დაზიანებები მიიღეს იმ დროს ლიფტში მყოფმა: მ--------------მა, ბ--------------მა, ე------------მა, ნ-----------–----ემ და ს---–--------------–---–მა. მათ შორის ე------------მა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მარცხენა წვივის ძვლების ქვედა მესამედის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობის სახით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2. ბრალდებულმა მ--–----- ჩ-------მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--–----- ჩ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულ ე------------ის ჩვენება, მოწმეების - რ----–----------ის, მ--------------ის, ბ----------------ის, თ--------------–ის, ნ-----------–----ის და ს---–--------------–---–ის ჩვენებები; 2019 წლის 29 ივლისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; შპს "გრან სითის" შრომის უსაფრთხოების ჟურნალი და მისი დათვალიერების ოქმი; შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების თაობაზე შპს „გ------------ს“ დირექტორის ბრძანება; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების ჟურნალიდან; უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი; მშენებლობის სანებართვო მოწმობა; 2018 წლის 11 ოქტომბრის ხელშეკრულება ლიფტის მოწოდებასა და მონტაჟზე; ტექნიკური უსაფრთხეობის დაცვის ჟურნალი; მ--------------ის, ბ--------------ის, ნ-----------–----ის და ს---–--------------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 13 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N005871719; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 10 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006340519 დასკვნა, რომლის თანახმად, სს „ევექსის ჰოსპიტალები“ - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის N8515/19-ის სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე ე------------ი ზემოაღნიშნულ კლინიკაში მიყვანილია 2019 წლის 29 ივლისს, 11:15 საათზე და დაესვა დიაგნოზი - მარცხენა წვივის ძვლების ქვედა მესამედის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს;

 

6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ--–----- ჩ-------ის ბრალდების დადასტურება.

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--–----- ჩ-------მა, ჩაიდინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია - დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

19. მ--–----- ჩ-------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

20. მ--–----- ჩ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, ზიანის ანაზღაურება დაზარალებულებისთვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

23. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

25. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

26. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

27. სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიაობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

28. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–----- ჩ-------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე -თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებელი დანაშაული, არ არის ნასამართლევი - საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

29. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ--–----- ჩ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული მ--–----- ჩ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ--–----- ჩ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუდეს მის შემტანს, მ--–----- ჩ-------ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი