განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
170100119003250178
დავის ტიპი
126 1
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/83-19

გამოძიების #0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ-------------–---------–---------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------------, პირადი ნომერი - 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, პენსიონერი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–--------------------–-----–-----.

 

ადვოკატი - მ--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

თარჯიმანი - ა-----–---------–---–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 1 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, წ--–---------------------–----–------ მიმდებარედ, გ---------------------- კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პ---------–---------- მუცლის არეში ფეხის ჩარტყმისა და თვალის არეში ხელის დარტყმის გზით ჯანმრთელობის მოუშლელად მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა გ---------------------, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ პ---------–---------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). როგორც „ცემა“, ისე “სხვაგვარი ძალადობა”, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ამგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, აღნიშნული არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას, ამასთან მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობასა და ფიზიკურ ტკივილს შორის. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #397აპ-14).

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს პ---------–---------- მიერ გ---------------------- მიმართ განხორციელებულ ცემას, კერძოდ: ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულ გ----------------------ა და მოწმეების - ე---------------------------------------------- გამოკითხვის ოქმები, ამოღებისა და დათვალიერების ოქმები, სამედიცინო ბარათი და სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა პ---------–---------- მის მიერ განხორციელებული ქმედებებით გ---------------------- მიმართ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა პ---------–---------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც პ---------–---------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. პ---------–---------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, არის პენსიონერი, 65 წლის. პ---------–--------- პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევით ან უამისოდ. იმავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებო შრომა არ დაენიშნება საპენსიო ასაკის პირს, ხოლო 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პ---------–--------- პენსიონერია, 65 წლის, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში ნასამართლევი არ არის და ასევე სახეზე არ არის დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო მეორე მხრივ, ადგილი ჰქონდა ხელით რამდენჯერმე დარტყმას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმის გამოყენება 2000 ლარის ოდენობით, სრულად პროპორციული და ადეკვატური იქნება პ---------–------------ მიმართებით. სასამართლო ვერ ხედავს თავისუფლების აღკვეთის ან შინაპატმრობის გამოყენების საჭიროებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ---------–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარი.

 

2. პ---------–---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 ლარი.

 

3. ნივთმტკიცებები: პ---------–----------ა და გ---------------------- ტანისამოსი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; მინის ნამსხვრევები იმავე ვადაში განადგურდეს, ხოლო ძალაყინი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი