განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
330100119003180036
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4153-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ა----------–---–ის

ბრალდებულ _ პ---–- მ------–-–---–ის

ადვოკატ - ს---–--- ხ---–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ პ---–- გ-------- ძე მ------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–---------------–--–---------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ---–- მ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

პ---–- მ------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ-------–--–---------------–--–----------------ში, პ---–- მ------–-–---–მა არასრულწლოვან შვილს - 14 წლის თ----- მ------–-–---–ს დაარტყა ფეხი მარცხენა ფეხზე, ასევე, 2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, პ---–- მ------–-–---–მა არასრულწლოვან შვილს - თ----- მ------–-–---–ს ძლიერად დაარტყა ხელი მარცხენა მხარეს სახის არეში და მოუჭირა კისერზე. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად თ----- მ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. პ---–- მ------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა პ---–- მ------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ პ---–- მ------–-–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ პ---–- მ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობა არ ატარებდა მომეტებულად დაუნდობელ ხასიათს, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თითქმის უმიზეზოდ, მისივე განმარტებით, მხოლოდ იმის გამო, რომ შვილმა არ უთხრა, თუ სად აპირებდა წასვლას. ამასთან, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულს ასევე კონფლიქტური ურთიერთობა აქვს მეუღლესთანაც და არის აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ. შესაბამისად, ერთის მხრივ, ბრალდებულის აღიარება, ხოლო მეორეს მხრივ, არასრულწლოვანი დაზარალებულის შემრიგებლური პოზიცია (რაც დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებით) ვერ გახდება ბრალდებულის მიმართ პრიორიტეტულად მსუბუქი არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი, რამდენადაც ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისა და აღკვეთის ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში ბრალდებულის მხრიდან არსებობს დანაშაულის რეციდივის რისკი, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი საპატიმრო სასჯელით, ვინაიდან არასაპატიმრო სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ვერ მიიღწევა სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ პ---–- მ------–-–---–ი არის ნასამართლობის არმქონე და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი ღონისძიების გამოყენება სასჯელის სახით, იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამასთან, როგორც საქმის მასალებითა და სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის განმარტებით დგინდება, განსახილველი შემთხვევა არის ბრალდებულის მხრიდან არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა და წარსულში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ---–- მ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. პ---–- მ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აგვისტოდან.

3. მსჯავრდებულ პ---–- მ------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. პ---–- მ------–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. მ------ მ-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონის აპარატი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

- მ------ მ-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ქოთანი მასში ამოსული მცენარით (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე; მობილური ტელეფონის ამოღების დროს გადაღებული ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და მცენარეული მასის ამოღების დროს გადაღებული ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი