განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1250-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ - ლ---- გ-------–--ის
ბრალდებულ _ ლ-–- თ-----–---–ის
ადვოკატ - მ---–---- ჩ-----–---ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ლ-–- ზ----- ძე თ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.------–--–-----–------------------------------------------------------–ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- თ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ლ-–- თ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ-------–--–-----–---------------------------–---------------------------–ში მდებარე ბინაში, ლ-–- თ-----–---–მა შელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს - მ------ ნ----–---–ს თმებში მოქაჩა, მხარში მოკიდა ხელი და შეანჯღრია, რითაც მ------ ნ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ლ-–- თ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ლ-–- თ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, №------ შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულსა დაზარალებულს შორის მსგავსი ხასიათის ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი, რაც დგინდება როგორც ბრალდებულის განმარტებით, აგრეთვე, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით. ამასთან, ძალადობა არ გამოხატულა მრავალჯერად დარტყმაში და არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, რაც ბრალდებულის მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებდა და აუცილებელს გახდიდა მის იზოლირებას. დანაშაულის რეციდივის ალბათობის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ ეტაპზე ბრალდებული და დაზარალებული ცხოვრობენ ცალ-ცალკე, აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც მინიმუმამდე ამცირებს მათ შორის კონფლიქტისა და შესაბამისად, ბრალდებულის ძალადობრივი ქცევის განმეორების რისკს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ლ-–- თ-----–---–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საჭიროდ არ მიაჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ლ-–- თ-----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი სათანადო ქცევის უზრუნველყოფა შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც. სასჯელის სახის განსაზღვრისას კი სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა, რამდენადაც მას არ აქვს ჯანმრთელობის რაიმე ისეთი პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლიდა აღნიშნული სასჯელის მოხდაში და მისი განმარტებით, აქვს მუშაობის იმგვარი გრაფიკი, რაც შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეასრულოს ანაზღაურებად სამუშაოსთან შეთავსებით. აღნიშნული სასჯელის დანიშვნით კი სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა და სასჯელის მიზნების მიღწევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- თ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.
2. მსჯავრდებულ ლ-–- თ-----–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლ-–- თ-----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. სარკის ნამტვრევები (ინახება საქართველოს შსს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------------------–---–ი), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი