განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-320-19
(№012010419003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11.11.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე: ბრალდებული ს------–--–---–-–---–ი
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 15.11.1--- წ.
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, დ---------------------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად სცნო:
ს------–--–---–-–---–ი 2019 წლის 5 მარტიდან მთელი თვის განმავლობაში ყოფილ მეუღლეს ა-------------ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, აკითხავდა სამსახურში, სახლსა და უბანში, ეძახდა უწესო ქალს, ,,ბრუციანს" და აგინებდა, რის შედეგადაც ა------------- განცდიდა ტანჯვას.
2019 წლის 29 მარტს საღამოს საათებში, ქ. რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში არსებულ რესტორან ,,ქ--–------ში" ს------–--–---–-–---–მა მიაკითხა ყოფილ მეუღლეს ა-------------ს, რესტორანში მიიღო ალკოჰოლი, შემდეგ კი ა-------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა და უწოდა ,,ბრუციანი". ა------------- გავიდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაჰყვა ს------–--–---–-–---–ი და სახეზე დაარტყა ხელი, ა------------- გაიქცა, შევიდა რესტორნის სამზარეულოში, სადაც შეჰყვა ს------–--–---–-–---–ი და ზურგის არეში დაარტყა ხელი. ს------–--–---–-–---–ის ძალადობრივი ქმედებებით ა-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებული ა-------------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბრალდებული არის მისი ყოფილი მეუღლე. ჰყავთ ორი შვილი. ბრალდებული გასამართლებულია 2017 წ. მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რისთვისაც მოიხადა პირობითი სასჯელი. მუშაობს ბარმენად ქ. რუსთავში მდებარე რესტორან ,,ქ--–------ში“. 2019 წლის 29 მარტს, დაახლოებით 24 საათზე აღნიშნულ რესტორანში ემსახურებოდა კლიენტებს, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში შესულმა ს------–--–---–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მიმტანმა გამოიძახა დაცვა, რომელთა დახმარებითაც ბრალდებული გაიყვანეს რესტორნიდან. იმის გამო, რომ ს------–--–---–-–---–ი გარედან აგრძელებდა მის ლაძღვა-გინებას, გავიდა მის დასაწყნარებლად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაარტყა სახეში ხელი, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. მისივე განმარტებით, ამ ფაქტს არავის შესწრებია. ამის შემდეგ დაცვამ გააცილა რესტორნის ეზოდან, მაგრამ ს-----მა რესტორნის მეორე მხარეს სამზარეულოს შესასვლელიდან შეძლო სამზარეულოში შესვლა, სადაც კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზურგის არეში დაარტყა ხელი და კვლავ იწევდა მისკენ, მაგრამ დაცვამ არ მიუშვა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს რესტორან ,,ქ--–------ში“ მიმტანად. 2019 წლის 29 მარტს, ღამის საათებში, რესტორანში შევიდა ს------–--–---–-–---–ი, რა დროსაც გაიგო, რომ იყო ა-----ს ყოფილი მეუღლე. ს------–--–---–-–---–მა დალია ყავა და დატოვა რესტორანი. მოგვიანებით ეს უკანასკნელი ხელახლა შევიდა რესტორანში, უკვე არაფხიზელ მდგომარეობაში და ა-----ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდა ბრუციანს. იგი იძულებული გახდა დაცვა გამოეძახა, რომლებმაც ს------–--–---–-–---–ი გაიყვანეს რესტორნიდან. მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამზარეულოს მხრიდან კვლავ შესულა ს------–--–---–-–---–ი და დაურტყამს ა-----სთვის სახეში ხელი. მისივე განმარტებით, ეს გაიგო ნამტირალევი ა-----სგან. პირადად მას დარტყმის ფაქტი არ უნახავს. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ--------–--ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ა-----ს მეზობელი და მეგობარი, მის ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა. ა-----ს გადმოცემით იცის 2019 წლის 29 მარტის ღამეს ს------–--–---–-–---–ის მიერ ა-----ზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე, რომ ნასვამ ს----- წოწოწლაშვილს რესტორანში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის. თვითონ საკმაოდ ხშირად შესწრებია ბრალდებულის მხრიდან როგორც ა-----ს, ასევე ა-----ს დედის მიმართაც განხორციელებულ ძალადობას მისი შვილების თანდასწრებით. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული არასრულწლოვანი ს---------–--–---–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის შვილი. ცხოვრობს დასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად. მისი განმარტებით, დედა და მამა ჩხუბობდნენ, დედას ურტყავდა მამა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც გაშორდნენ ერთმანეთს. დედისგან იცის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამა მიუვარდა სამსახურში და მიაყენა შეურაცხყოფა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–--–---–-–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ბრალდებულის შვილი. მისი განმარტებით, მამა სულ ეჩხუბებოდა დედას, დანით და ქვითაც გაჰკიდებია, რის გამოც გაშორებულები არიან. 2019 წლის 29 მარტს დედა ტირილით მივიდა სახლში, ეტყობოდა რომ იყო ნაცემი. მისგან იცის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამა შეუვარდა სამსახურში და ხელი დაარტყა სახეში(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------–--–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის დაცვის სამსახური ,,ალგანის“ თანამშრომელი. რესტორანი ,,ქ--–------ი“ არის მათი სამსახურის დაცვის ობიექტი. 2019 წლის 29 მარტს მათ სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ რესტორანში იყო დაძაბული სიტუაცია. რესტორანში მივიდა მეწყვილესთან ერთად, სადაც ნახა, რომ მამაკაცი ქალს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იწევდა მისკენ, უნდოდა რომ ხელი დაერტყა, ქალი ტიროდა. მათ მამაკაცი, როგორც შემდეგ გაიგო მისი სახელი, ს------–--–---–-–---–ი გაიყვანეს გარეთ. მალევე შეიტყვეს, რომ ს------–--–---–-–---–ი კვლავ შესულა რესტორნის მეორე მხარეს არსებული სამზარეულოს კარიდან და დაურტყავს ბარმენი ა-------------სთვის. მათ ბრალდებულს დაატოვებინეს რესტორნის ტერიტორია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ს------–--–---–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ყოფილ მეუღლეს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი არ დაურტყავს.
დასკვნით სიტყვაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 29 მარტს რესტორან ,,ქ--–------ში“ ყოფილი მეუღლის ა-------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელს ხელი გაარტყა სახეში და ზურში.
2.8. 2019 წლის 21 აპრილის №002671919 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (ტ. 1, ს.ფ. 29-31) თანახმად: მოქალაქე ა-------------ს 02.04.19 წ. ობიექტური შემოწმებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამედიცინო ექსპერტმა ბესიკ მანჯგალაძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
გამოძიების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან - დაკავშირებით სასამართლო პროცესზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა ა-–-------------------ამ, გ------------------ემ, შ-------–-----ემ და ლ----------ამ რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. დანაშაული გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში. მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №1გ/79-17 განჩინებაში ნათქვამია, რომ ,,ოჯახური ძალადობა, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის ,,შიდა საქმედ’’, გასცდა ამ ვიწრო გაგებას და იგი, დღეის მდგომარეობით, მიჩნეულია ისეთ დანაშაულად, რომელიც საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას”.
5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის მიზნით, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნევს, რომ ს------–--–---–-–---–მა 2019 წლის 29 მარტს ყოფილ მეუღლეს ა-------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------–--–---–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და მის შესაბამისად განესაზღვროს სასჯელი
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ს------–--–---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------–--–---–-–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ს------–--–---–-–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------–--–---–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ს------–--–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს------–--–---–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით;
2. ს------–--–---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 01 აპრილიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი