განაჩენი

სისხლის სამართლის 07.10.2019
საქმის ნომერი
330100119003188016
თარიღი
07.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4269-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – თ-------- ტ----–--ის

ბრალდებულ _ რ----- ა-----------ის

ადვოკატ - თ----- ბ------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ რ----- რ------ს ძე ა-----------ის, დაბადებულის 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–-------------–-----------------------–------------------, ბინა #---ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ა-----------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისთვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ა-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------–--–--------–--–-----------------------------------------------------ზე, “ფ------“ ფირმის ავტომობილში, რ----- ა-----------მა, არასრულწლოვანი შვილის - ე-–--- ა-----------ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა----------------ს, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ----- ა-----------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო საქმეზე შეკრებილ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, №------ შემაკავებელ ორდერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ა-----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლომ უდავოდ ცნობილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, საკმარისობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ რ----- ა-----------ის მიერ მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ა----------------ს მიმართ მართლაც ჩადენილია ოჯახში ძალადობა (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით), თუმცა არასწორია ბრალდების მხარის მიერ ამ ქმედების სამართლებრივი შეფასება და მისი დაკვალიფიცირება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა „არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, რამდენადაც ე-–--- ა-----------ი არის მოძალადის - რ----- ა-----------ის პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილი, რომლისთვისაც მსხვერპლი - ა---------------- ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ოჯახის წევრს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ჩამოთვლილ სხვა პირებს შორის ოჯახის წევრებად ითვლებიან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი“, ანუ არასრულწლოვანი უნდა იყოს მსხვერპლის ოჯახის წევრი და არა მოძალადის ოჯახის წევრი. მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სუბიექტი (რ----- ა-----------ი) და მსხვერპლი (ა----------------) ერთმანეთისათვის წარმოადგენენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს (რის გამოც ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად), ხოლო ე-–--- ა-----------ი არის ბრალდებულის ოჯახის წევრი (შვილი), რომელიც მას შეძენილი ჰყავს პირველი ქორწინების შედეგად და არა ა----------------სგან. ამდენად, ე-–--- ა-----------ი არ არის ა----------------ს ბიოლოგიური შვილი, თუმცა დგება საკითხი, ხომ არ არის ე-–--- ა-----------ი ა----------------ს გერი, ნაშვილები ან მინდობით აღსაზრდელი, რაზეც უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე-–--- ა-----------ი იზრდება ბებიასთან და მას ა----------------სთან არავითარი კავშირი არ აქვს. იგი იმ მომენტში აღმოჩნდა მამის მანქანაში, რა დროსაც შეესწრო მამის მხრიდან ა----------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს და არა კვალიფიკაციისას, რამდენადაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახში ძალადობა „არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ“ მაშინ იქნება სახეზე, როცა არასრულწლოვანი იქნება მსხვერპლის ოჯახის წევრი და არა მოძალადის ოჯახის წევრი.

კანონმდებელმა აღნიშნული დამამძიმებელი გარემოებით მომეტებულად დაიცვა იმ არასრულწლოვნების ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომლებიც შეესწრებიან მათი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და ამის შედეგად განიცდიან განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ სტრესს. ზოგადად, არასრულწლოვანი ნებისმიერი ძალადობის ხილვით განიცდის გარკვეულ სტრესს (რის გამოც იგი სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას), თუმცა, როცა არასრულწლოვანი შემსწრე ხდება მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, იგი უფრო მეტი ხარისხის უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში წარმოადგენს არა სასჯელის, არამედ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას.

ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესწრებით, რომელთანაც არასრულწლოვანს აქვს ახლო ემოციური კავშირი და განიცდის მასთან პოზიტიურ მიჯაჭვულობას, განსაკუთრებული ზიანი ადგება არასრულწლოვანს და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ოჯახში ძალადობის შემსწრე ამავე ოჯახის წევრი ბავშვის არაპირდაპირ მსხვერპლად მიჩნევით კანონმდებელი ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მდგომარეობას, განსხვავებით ოჯახის არაწევრი არასრულწლოვნისაგან, სწორედ ამით არის განპირობებული კანონმდებლის პოზიცია, დაამძიმოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს, ხოლო ოჯახის არაწევრი პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენას სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილი - „არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით“). ეს უკანასკნელი ნორმა იცავს ნებისმიერი არასრულწლოვნის ფსიქიკურ ჯანმრთელობას დანაშაულებრივი ფაქტის შესწრებით გამოწვეული უარყოფითი გავლენისაგან, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ მისი თანდასწრებით განხორციელებულ ძალადობასთან მიმართებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული შემთხვევა არ წარმოშობს ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამძიმების საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით და აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრისას.

ე-–--- ა-----------ისა და ა----------------ს ურთიერთდამოკიდებულების გარკვევისას სასამართლო მხედველობაში იღებს მათი თანაცხოვრების ფაქტს, ურთიერთობის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას, არასრულწლოვნის ასაკს, მის რეაქციას ძალადობის ფაქტის ხილვისას და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რაც დგინდება მხარეთა განმარტებებითა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის განმარტებით ირკვევა, რომ მის არასრულწლოვან შვილს - ე-–--- ა-----------სა და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა----------------ს ერთად არასდროს უცხოვრიათ. თანაცხოვრების ფაქტი არ დგინდება ასევე არც დაზარალებულის და არც ოთხი წლის ე-–--- ა-----------ის გამოკითხვის ოქმით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ა---------------- ფაქტის შემსწრე პირების ჩამოთვლისას ე-–--- ა-----------ს მოიხსენიებს, როგორც „მისი (რ----- ა-----------ის) 5 წლის შვილს“ (და არა როგორც მის „გერს“), ხოლო თავის მხრივ, ე-–--- ა-----------ი ა----------------ს უწოდებს - მამის, რ----- ა-----------ის „შეყვარებულს“. აღნიშნულით დგინდება სწორედ ის ფაქტი, რომ არცერთი მათგანი ერთმანეთს არ აღიქვამს ოჯახის წევრად. მათ დროის ხანმოკლე პერიოდის განმავლობაშიც კი არ უცხოვრიათ ერთად, რაც მათ შორის წარმოშობდა ოჯახის წევრობის განცდასა და მშობლისა და შვილისათვის (გერისათვის) დამახასითებელ კავშირს, რაც 4 წლის ე-–--- ა-----------ს გაუჩენდა მის მიმართ იმგვარ ემოციურ დამოკიდებულებას, რომლის გამოც ა----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობისას იგი განიცდიდა მომეტებული ხასიათის ფსიქოლოგიურ სტრესს. აღნიშნულს ადასტურებს არასრულწლოვნის რეაქცია ძალადობის ხილვისას, კერძოდ, მას ისეთივე რეაქცია ჰქონდა, როგორიც დანაშაულის თვითმხილველ დანარჩენ ორ არასრულწლოვანს (გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრნენ რ----- ა-----------ის არასრულწლოვანი ძმისშვილები - 6 წლის ა--------- და 5 წლის ლ---- ა-----------ები), ხოლო როგორც პრაქტიკა მოწმობს, არასრულწლოვნები და მითუმეტეს, მცირეწლოვანი ბავშვები, დედის ან ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ემოციურად საკმაოდ მტკივნეულად განიცდიან, რაც გამოიხატება ტირილით ან უარყოფითი ემოციის გამომხატველი სხვა ფორმით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ე-–--- ა-----------ის მხრიდან არ გამოვლენილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ა-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ რ----- ა-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში რ----- ა-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ა----------------ს მიმართ ძალადობის განხორციელება სამი არასრულწლოვანი ბავშვის - 6 წლის ა---------, 5 წლის ლ---- და 4 წლის ე-–--- ა-----------ების თანდასწრებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სავალდებულოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრისას, ასეთ დროს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთი წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით განსაზღვრული სანქციის ქვედა ზღვარს.

სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და მის ინტენსივობას. მოცემულ შემთხვევაში რ----- ა-----------ის მხრიდან ა----------------ს მიმართ ძალადობა გამოიხატა ხელის ერთხელ დარტყმაში და ადგილი არ ჰქონია ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობას, რაც ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების აუცილებლობასა და საზოგადოებისაგან მისი იზოლირების საჭიროებას გამოიწვევდა. ამასთან, როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დგინდება, მას რ----- ა-----------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო რ----- ა-----------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იგი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ (გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა) და მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად, რის გამოც სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა პირობითი მსჯავრის პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასჯელის სახით მისი დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აპირებს მუშაობა განაგრძოს სასტუმროში (სადაც დაკავებამდე მუშაობდა) და მიღებული შემოსავლით არჩინოს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო აღნიშნული სასჯელის დანიშვნით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც უარყოფითად აისახება როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ----- ა-----------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, რომლის ვადაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით, შეადგენს 1 (ერთ) წელსა და 6 (ექვს) თვეს, ხოლო ბრალდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულების მხედველობაში მიღებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას, რათა მან განაგრძოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-270-ე, 272-274-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----- ა-----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე და რ----- ა-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ რ----- ა-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 13 აგვისტოდან - 2019 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ რ----- ა-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. რ----- ა-----------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი