გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210119002890255
№2/157-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
19.11.2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე ვ------ ქ---------,წარმომადგენელი ბ------- ვ-----–---–-
მოპასუხე ა-–---- ქ---------,წარმომადგენელი მ--- ჩ-------
დავის საგანი: ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ვ------ ქ--------- ცნობილი იქნას თანამესაკუთრედ უძრავი ქონების, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, გ--------–-ს ქ. N-, საკადასტრო კოდი: 4-----------.
2. მხარეთა პოზიცია.
2.1. მოსარჩელე მხარის მოსაზრება:
ვ------ ქ--------- 1983 წლის 03 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ 5 შვილი. ერთად ცხოვრების პერიოდში ხობში, გ--------–-ს ქ. N--ში, ააშენეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი 5555 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი 4----------- და ეწეოდნენ ერთობლივ მეურნეობას. ბოლო რამდენიმე წელი მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 2017 წლის 04 ივლისს, სადავო საცხოვრებელი სახლი საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად. ამჟამად ისინი განქორწინებულნი არიან და მოპასუხემ შეირთო მეუღლე. ურთიერთობა ყოფილ მეუღლეებს შორის დაძაბულია, მოპასუხემ შეიძლება გაასხვისოს ერთად ცხოვრების პერიოდში აშენებული საცხოვრებელი სახლი.
2.2. მოპასუხე მხარის მოსაზრება:
მოსარჩელე ვ------ ქ---------ს ბოლო 10 წელი მოპასუხესთან არ უცხოვრია და ცოლქმრული ურთიერთობა არ ჰქონიათ. სახლი მისი გაკეთებულია. ის მუშაობდა, წლებია ბანკიდან იღებდა სესხებს და აღებული თანხებს ოჯახს ახმარდა. ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი მის მიერ არის შეძენილი სესხებითა და განვადებებით. ვ------ ქ---------ს ბოლო 10 წელი არ უცხოვრია ამ სახლში, ის წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა შვილიშვილებთან ერთად და მხოლოდ მათზე ზრუნავდა, საოჯახო მეურნეობის შექმნაში არასოდეს იღებდა მონაწილეობას. მას გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია, ეხვეწებოდა ვ------ ქ---------ს მიექცია მისთვის ყურადღება და მოევლო, რაც მან არ გააკეთა და არანაირი ყურადღება არ მიაქცია, ტელეფონითაც არ მოუკითხავს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დაქორწინდნენ ა-–---- ი----ს ძე ქ--------- და ვ------ ვ--–-----ს ასული ყ--–----- 1983 წლის 03 სექტემბერს, რეგისტრაცია განხორციელდა ხობის მმაჩის განყოფილებაში.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. უძრავი ქონების შეფასების თაობაზე, დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა N04/03, ხობის მუნიციპალიტეტი, გ--------–-ს ქ. N-, საკადასტრო კოდი: 4-----------., საბაზრო ღირებულება შეფასების დღისათვის (04.03.2019წ) შეადგენს 67 000 ლარს.
3.2.2. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომელიც მომზადებულია 27.02.2019წ, საკადასტრო კოდი: 4-----------., ხობი, გ--------–-ს ქ. N-, დაზუსტებული ფართობი 5555 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა: N----- მესაკუთრეა ა-–---- ქ---------, პ/ნ 5----------, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით მითითებულია - შემოსავლების წერილი N21-02-1/87181, დამოწმების თარიღი: 14.06.2017, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
3.2.3. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ნაკვეთის ფართობი: 5555 კვ.მ., ხობი, გ--------–-ს ქ. N-, შედგენილია - 25.02.2017წ.
3.2.4. სს ,,ს------–---- კ----------–-- ე-----’’ ხ----ს ჰოსპიტალის ფორმა N IV-100/ა ცნობით (31.03.2019წ), ა. ქ---------ს დიაგნოზია: გულის ჰიპერტენზიული ავადმყოფობა გულის შეგუბებითი უკმარისობით (111.9); გულის ქრონიკული უკმარისობა, გადატანილი ძვ. ინფარქტი (1.25, 125.1); მოციმციმე არითმია 1.48; წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, ადენოკარცინომა IV სტადია, მრავლობითი ლიმფური კვანძების მეორადი დაზიანება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვ------ ქ--------- ცნობილი უნდა იქნას თანამესაკუთრედ უძრავი ქონების, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, გ--------–-ს ქ. N-, საკადასტრო კოდი: 4-----------.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
დადგენილია, რომ ა-–---- ი----ს ძე ქ--------- და ვ------ ვ--–-----ს ასული ყ--–----- დაქორწინდნენ 1983 წლის 03 სექტემბერს, რეგისტრაცია განხორციელდა ხობის მმაჩის განყოფილებაში, ერთად თანაცხოვრებით შეეძინათ ხუთი შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია ხუთი შვილის მოვლაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 1163-ე მუხლით თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
საქორწინო ხელშეკრულება მეუღლეთა შორის დადებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში დეკლარირებულ პირთა თანასწორობის ფუძემდებლურ პრინციპს (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, აწესრიგებს კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
მეუღლეთა თანასწორობის საკითხს ეხება 1152-ე მუხლი, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. სკ-ის 1153-ე მუხლში მოცემულია დისკრიმინაციის აკრძალვა, კერძოდ, დაუშვებელია პირის დისკრიმინაცია როგორც დაქორწინებისას, ისე შემდგომ საოჯახო ურთიერთობებში. კოდექსით დადგენილია მშობელთა თანასწორუფლებიანობა.
სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც ამ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპს ეფუძნება.
მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ვერ უარყვნენ ის გარემოება, რომ ვ------ და ა-–---- ქ----------- 1983 წლიდან იყვნენ მეუღლეები, ჰყავთ საერთო 5 შვილი, რომლებიც იზრდებოდნენ ქ. ხობში, გ--------–-ს ქ. N--ში, სადაც ცხოვრობდნენ ა. ქ---------ს ბებია და ბაბუა.
განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს მოწმეებმა ბებიას და ბაბუას სახლის აგებულების შესახებ, ანუ ის, რომ სახლი იყო ორსართულიანი - ამას არ უარყოფენ, სხვაობაა პირველი სართულის აშენების მასალაში (ზოგი აღნიშნავას ქვას, ზოგი ,,ბერკეტს’’) და მეორე სართულის (ზოგი აღნიშნავს, რომ იყო ,,ბერკეტის’’, ზოგი ხის) მასალაში. ა. ქ---------ს შვილის ნ.ქ---------ს გადმოცემით, ის იყო დაახლოებით მე-2 კლასში, რომ მშობლებმა დაანგრიეს ძველი (ბებია, ბაბუის) სახლი და ააშენეს ახალი, ხოლო სხვა განსხვავებული განმარტებებია, რომ ძველ სახლზე მოხდა მიშენება ყველა მხრიდან და გამოვიდა ახალი სახლი.
სხვაობაა სახლის მშენებლობის სახსრებთან დაკავშირებით, მოსარჩელეს მიერ დასახელებული მოწმეების განმარტებით, სახლი აშენდა მოსარჩელეს დის მოსკოვიდან გამოგზავნილი ფულადი სახსრებით, რადგან ა. ქ--------- არსად მუშაობდა და თავისი სახსრები არ გააჩნდა, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეებით, ისინი თავდებად უდგებოდნენ ა. ქ---------ს სესხის გამოტანისას. ა. ქ---------ს გადმოცემით, ბანკის სესხებით მიაშენა სახლი ძველ სახლს, გაარემონტა და შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები, მეუღლე და მისი ნათესავები არ დახმარებიან.
მეუღლეებს შორის მდგომარების დაძაბვას მოწმე ნ--- ქ--------- (ვ------ და ა-–----ს საერთო ქალიშვილი) უკავშირებს მამის მხრიდან ძალადობას მეუღლეზე და შვილებზე, რამაც აუტანელი გახადა ერთობლივი ცხოვრება. მისი განმარტებით ახალი სახლი აშენდა დაახლოებით 1991 წელს, ბებია და ბაბუას სახლი დაანგრიეს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ------ და ა-–---- ქ----------- დაქორწინდნენ 1983 წელს, მათ შეეძინათ 5 შვილი, დედა უვლიდა შვილებს, ისინი ცხოვრობდნენ ერთად ქ. ხობში, გ--------–-ს ქ. N--ში, განქორწინება განხორციელდა 2019 წელს და მანამდე ვ------ ქ---------მ მოიპოვა მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანასაკუთრების უფლება.
7. საპროცესო ხარჯები.
ვ------ ქ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ--- ქ---------ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1005 ლარის ოდენობით.
მოპასუხე ა-–---- ქ--------- უნდა განთავისუფლდეს სახ. ბაჟის გადახდისაგან მისი მძიმე ავადმყოფობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ------ ქ---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ვ------ ქ--------- ცნობილი იქნას თანამესაკუთრედ უძრავი ქონების, მდებარე: ხობის მუნიციპალიტეტი, გ--------–-ს ქ. N-, საკადასტრო კოდი: 4-----------.
3. ვ------ ქ---------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ--- ქ---------ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი1005 ლარის ოდენობით (სახ.ბაჟის გადახდის თარიღი: 11.03.2019 წელი, გადამხდელი ბანკი: სს ,,თ----- ბ----’’, საგადასახადო დავალება N0, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300423150, ბანკის კოდი: TBGBGE22.
4. მოპასუხე ა-–---- ქ--------- სახ. ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლდეს.
5. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე