განაჩენი

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
330100119002969440
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1858-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-–---------–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე---–----–-----ი (პ/№-----------), დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მ-----------------------–-------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-------------------------------------------–---------------------------.

 

ადვოკატი - ზ---------------ე;

 

თარჯიმანი - მ----------–----ე;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტი (გამართლდა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ე---–----–-----მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისში, მ----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისა და გაღიზიანების საფუძველზე, ე---–----–-----მა დანის გამოყენებით ბ------------–---–ს მარცხენა იღლიის არეში, ხოლო ნ----------------–---–ს მარცხენა მხრის, მუცლისა და მარცხენა თეძოს მიდამოებში მიაყენა განზრახ მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ე---–----–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ე---–----–-----ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დაზარალებულმა ნ----------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს დაახლოებით 13:00 საათიდან ის და მისი მეგობრები იყვნენ მისი სახლის ეზოში და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ამის შემდეგ მას უნდა ენახა მეგობარი ვ-------------------ე და ასულიყვნენ მასთან სახლში. 20:30 საათისთვის შეხვდნენ ერთმანეთს „მ---------–---თან“. ისინი კ--------------თან, გაჩერებასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში უნდა ჩასულიყვნენ და წასულიყვნენ ხ--–---ის ქუჩის მხარეს. ავტობუსის გაჩერებასთან მას მოუვიდა კონფლიქტი მისთვის რამდენიმე უცნობ პიროვნებასთან, თუმცა დეტალები არ ახსოვს, რადგან ნასვამი იყო. მათ ფიზიკურად იჩხუბეს, მაგრამ ჩხუბის მიზეზი არ ახსოვს. რაღაც მომენტში მიხვდა, რომ დაჭრილი იყო და თავის შეყვარებულს ვ----------ს უთხრა გაეჩერებინა ტაქსი. უცბად დაინახა, რომ თავისი მეგობარი ბ------------–---–იც იქ იყო. ტაქსის უთხრეს, რომ რ-------–------ საავადმყოფოსთან წაეყვანა. ტაქსში ჯდომისას გაიგო, რომ ბ------------–---–იც დაჭრილი იყო მკლავში, ხოლო ვინ დაჭრა, არ იცის. მას რ-------–------ საავადმყოფოში აღმოუჩინეს დახმარება. დაზიანებები ჰქონდა მკლავში, მუცელში და ზურგში. ჩხუბი დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 

3.2. დაზარალებულ ბ------------–---–ის 2019 წლის 27 იანვრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ,,2019 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ვიმყოფებოდი მარტო, ქ. თბილისში, მ. კ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელით გადავედი გზის მოპირდაპირე მხარეს, მ--------------------თან. როდესაც ამოვდიოდი მიწისქვეშა გადასასვლელიდან, დავინახე ჩემი მეგობარი ნ----------------–---–ი და ჩვენი საერთო მეგობარი გოგონა ვ------------ე. ნ-------თან იყვნენ ორი ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთს ტანთ ეცვა მუქი ფერის ტანისამოსი და ჰქონდა წვერები, თავზე ეფარა მუქი ფერის ქუდი, მეორე მამაკაცსაც ტანთ ეცვა მუქი ფერის ტანისამოსი და საუბრობდა გატეხილი ქართულით, ემჩნეოდა, რომ არაქართველი იქნებოდა. ნ-------ი იდგა ჩემთვის ზ/მითითებულ ორ პირთან ერთად, რომლებიც ნ-------ს ებლატავებოდნენ და მე ჩავერიე მათ საუბარში სიტუაციის გარკვევის მიზნით, თუმცა ხსენებულმა პირებმა გვითხრეს, რომ გავწეულიყავით გვერდით და ისე გვესაუბრა. ჩვენ ოთხივე - მე, ნ-------ი და ხსენებული ორი პირიც გავემართეთ მ-----------------ის მიმართულებით. როდესაც გავცდით ავტობუსების გაჩერებას დაახლოებით 10-15 მეტრში გავჩერდით და დავიწყეთ საუბარი, რა დროსაც საუბარი გადაიზარდა ფიზიკურ ძიძგილაობაში და ამ დროს ჩემდა მოულოდნელად წვერებიანი მამაკაცი დაეცა ასფალტზე, ხოლო მისმა თანმხლებმა ჩემი და ნ-------ის მისამართით რამოდენიმეჯერ მოიქნია მარჯვენა ხელი და მის მიერ მოქნეული ხელი მომხვდა მარცხენა ხელის მკლავის ქვეშ იღლიაში და ხელის დარტყმისას განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, წამომივიდა სისხლი და მივხვდი, რომ დაჭრილი ვიყავი. ასევე ნ-------ს სდიოდა მარცხენა ხელის მიდამოდან სისხლი და ნ-------იც იძახდა დავიჭერიო. ჩვენ შევშინდით და გამოვიქეცით, ჩავსხედით ტაქსში და მივედით რ-------–------ საავადმყოფოში და ვინაიდან არ მსურდა ბევრი კითხვები ექიმებისგან, განვუცხადე, რომ წავიქეცით. აღნიშნული იმიტომ ვთქვი, რომ დროულად მოექციათ ჩვენთვის ყურადღება და არ დაეწყოთ იმის გარკვევა, რა ვითარებაში მივიღეთ დაზიანებები. ჩამიტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, ოპერაცია და ამჟამად მჭირდება შესაბამისი მკურნალობა. ხსენებულ ორ მამაკაცს მე არ ვიცნობ და მათი ვინაობა არ ვიცი. მარცხენა მკლავის ქვეშ ძლიერი ფიზიკური ტკივილი როდესაც განვიცადე, იმ მომენტში ხსენებული წვერებიანი მამაკაცი ეგდო ტროტუარზე უგონო მდგომარეობაში, ხოლო მაგ დროს ფიზიკურ დაპირისპირებაში ვიყავი არაქართულ ენაზე მოსაუბრე პირთან (ტომი I, 13-17).

 

3.3. მოწმე ვ-------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20:00-21:00 საათების პერიოდში, კ---------------ზე მდებარე ,,მ---------–---ის“ შენობასთან შეხვდა თავის შეყვარებულს ნ----------------–---–ს. იქვე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, ნ----------------–---–ს მოუვიდა შელაპარაკება ორ უცხო ბიჭთან. თვითონ ამ დროს თავის დას ელაპარაკებოდა ტელეფონზე. კამათი რა მიზეზით დაიწყო, არ იცის. შემდეგ ისინი ზემოთ ქუჩაზე ავიდნენ, მ-------–-–---–--------------------------სკენ, თვითონ დარჩა, რადგან სახლში წასვლას აპირებდა. ამ დროს ბნელოდა და კარგად არ ჩანდა მოჩხუბართა სახეები. უცებ შეამჩნია ხალხმრავლობა, დაინტერესდა თუ რა ხდებოდა. როდესაც დაიწყო მათკენ სიარული, უცებ გაუჩინარდნენ. ბ------------–---–ი როდის შეუერთდა მოჩხუბრებს, ვერ შეამჩნია. თვითონ მხოლოდ ხელების ჟესტიკულაციებს შეესწრო. ნ----------------–---–თან ერთ-ერთი ბიჭი ახლოს იყო, რომელიც მისგან ზურგით იდგა და მუქი ფერის ქურთუკი ეცვა. მას გამორჩეული ჩაცმულობა არ ჰქონია. იგი სახეებს ვერ ხედავდა. ამ დროს ბორდიულთან იდგნენ, როდესაც ნ----------------–---–ი გაიწია, ჩაიკეცა და იძახდა მტკივაო. იქ უკვე აღარ იყო ის ბიჭი, ვისთანაც შელაპარაკება მოუვიდა ნ-------ს. მას ხელჩართული ჩხუბი არ დაუნახავს, ყველაფერი წამებში მოხდა. მის წინა მხარეს კამათობდა ნ----------------–---–ი და ერთი ბიჭი, ხოლო მის უკანა მხარეს, - ბ------------–---–ი და ერთი ბიჭი. ამ კონფლიქტს სხვა პირიც შეუერთდა თუ არა არ იცის, რადგან ხალხი ირეოდა. შემდეგ დაინახა, რომ ერთი ბიჭი იწვა ძირს, რომელსაც ორი ბიჭი აყენებდა. წამომყენებელი ბიჭები, იყვნენ თუ არა კონფლიქტის მონაწილეები, არ იცის. წაქცეულ ბიჭს ბ------------–---–ი ადგა თავზე. არ იცის, წაქცეულ ბიჭს რა დაზიანება ჰქონდა მიღებული. ამის გარდა არაფერი დაუნახავს. მას ნ----------------–---–ის დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს და არ იცის ვინ დაჭრა. ბ------------–---–იც რომ დაჭრილი იყო, არ იცოდა, რადგან არც მისი დაჭრის მომენტი დაუნახავს. ბ----ს დაჭრის შესახებ ტაქსში ჯდომისას გაიგო, რადგან ისიც იძახდა, რომ დაჭრილი იყო. ისინი სამივენი ტაქსით საავადმყოფოში მივიდნენ. ამის შემდეგ ისინი პოლიციამ წაიყვანა და გამოკითხა.

 

3.4. მოწმე ც-–---------–-----მა სასამართლოს მოახსენა, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში იმყოფებოდა ტელევიზიის შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ავტობუსების გაჩერებასთან და ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც გაიგონა ხმამაღალი საუბარი მიწისქვეშა გადასასვლელთან. იქ დაინახა, რომ დაახლოებით 5 ახალგაზრდა ადამიანი კამათობდა. მას მათთვის არ მიუქცევია ყურადღება. ცოტა ხანში ისინი დაიძრნენ გაჩერების მიმართულებით. მას რომ გაუსწორდნენ, გაიგო ფრაზა, ,,ეს ასე ვერ დარჩებაო“. მათთან ერთად იყო ასევე ახალგაზრდა გოგო. ისინი დაახლოებით 10 მეტრში გაჩერდნენ, გზის პირას, ხესთან. ცოტა ხანში ისინი ხელით შეეხნენ ერთმანეთს და გამძაფრდა სიტუაცია. ოთხი ბიჭი ჩხუბობდა ერთმანეთში. ვინ ვის ეჩხუბებოდა და ურტყამდა, ვერ არჩევდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ფიზიკურად ზორბა, მაღალი და სხვებთან შედარებით უფროსი. მან ჩხუბისას ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი აიყვანა და ძირს დაანარცხა, რომელმაც გონება დაკარგა. ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც იყო ბრალდებული ე---–----–-----ი, მივარდა დავარდნილს და ეუბნებოდა, გონს მოდიო. შემდეგ ვიღაცამ ახსენა სიტყვა ,,დაჭრა“, მაგრამ რა კონტექსტში თქვა, არ იცის. მოწმემ დარეკა 112-ში და უთხრა უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შესახებ, მაგრამ ბიჭთან ახლოს ვერ მივიდა. შემდეგ სხვებიც მივიდნენ დასახმარებლად. ამასობაში წაქცეული ბიჭი გონზე მოვიდა, ხოლო ფიზიკურად დიდი ბიჭი, გაიქცა. ამ დროს სამი ბიჭი იყვნენ, ერთი ძირს დაგდებული, მეორე - ე---–----–-----ი და კიდევ მესამე ბიჭი, რომელიც არ იცის, როდის მივიდა იქ. ისინი მეტროს მიმართულებით წავიდნენ. იგი გადაუდგა მათ წინ და უთხრა, რომ არსად წასულიყვნენ, რადგან სასწრაფოში ჰქონდა დარეკილი. ე---–----–-----მა მას თავაზიანად უპასუხა, რომ ვერ მოიცდიდნენ, რადგან სასწრაფო დახმარებას პოლიციაც მოყვებოდა, რაც არ სურდათ. ამის შემდეგ ისინი ჩავიდნენ მეტროში. სასწრაფო დახმარება რომ მივიდა, ბიჭები იქ აღარ დახვდნენ. მოგვიანებით იგი დაიბარეს სამართალდამცავ ორგანოებში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც შეიტყო დაჭრის შესახებ, რაც ძალიან გაუკვირდა, რადგან თვითონ არ დაუნახავს ვინმეს დაჭრა, ვერც წარმოიდგენდა, რომ იქ შეიძლება ვინმე დაჭრილიყო და არც რაიმე იარაღი უნახავს. გამოძიების ეტაპზე მან ამოიცნო ე---–----–-----ი.

 

3.5. მოწმე ლ----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი რამდენიმე წელია ე---–----–-----ს იცნობს. შემთხვევის დღეს იგი იმყოფებოდა სამსახურში ხ--–---ის ქუჩაზე, სადაც თანამშრომელთან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი. დალევის შემდეგ სად წავიდა და ვის შეხვდა არ ახსოვს. მან სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ მიიღო ტვინის შერყევა, თუმცა როგორ და რა ვითარებაში, არ ახსოვს. არც ის ახსოვს თუ როგორ მივიდა სახლში. იგი სახლიდან წაიყვანა პოლიციამ, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. ასევე არ ახსოვს, იმ დღეს ე---–----–-----ი ნახა თუ არა.

 

3.6. მოწმე თ-------–---–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 25 იანვარს, საღამოს დაახლოებით 09:00 საათზე იმყოფებოდა კ------------------------ში, ავტობუსების გაჩერებაზე, რა დროსაც მიწისქვეშა გადასასვლელთან ატყდა ჩოჩქოლი, ოთხი ბიჭი და ერთი გოგო ხმამაღლა საუბრობდნენ და კამათობდნენ. მათ ზევით გზისკენ გადაინაცვლეს, სადაც განახლდა კამათი, ამ კამათისას, ერთმა ბიჭმა მეორე ძირს დააგდო. მათ ხალხი მიცვივდა გასაშველებლად. ზოგი 112-ში რეკავდა. დაგდებულ ბიჭთან ორი ბიჭი მივიდა წამოსაყენებლად. ამ დროს თვითონ ავტობუსში ჩაჯდა და წავიდა. ჩხუბის მონაწილეთა სახეები არ დაუმახსოვრებია. 2 საათის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, რათა განეცხადებინა მომხდარი ფაქტის შესახებ. დაჭრის შესახებ მას არაფერი გაუგია.

 

3.7. მოწმე ლ-–--–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 25 იანვარს, საღამოს 09:00 საათზე, იმყოფებოდა კ------------------ზე, ტელევიზიის წინ მდებარე გაჩერებასთან, რა დროსაც დაინახა, რომ იქვე მისთვის უცნობი ორი ბიჭი კამათობდა ერთმანეთთან, მათთან ასევე იყო ორი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც აშველებდნენ მოჩხუბრებს. იგი მივიდა და აშველებდა მათ, თუმცა ცოტა ხანში შეეშვა. ისინი გვერდით ქუჩაზე გავიდნენ, დაახლოებით 30 მეტრში. ცოტა ხანში დაიყვირა, - ,,ვაიმე ჩხუბობენო“. იგი ისევ მივიდა მათთან და დაინახა, რომ ერთ-ერთი ბიჭი ძირს უგონოდ ეგდო. სამი ბიჭი ხელებს იქნევდა. ჩხუბი წამების განმავლობაში გაგრძელდა. როდესაც მათთან მივიდა, ჩხუბი დასრულებული იყო. ორი ბიჭი ამბობდა, რომ მათ დანა დაარტყეს. მათგან ერთ-ერთი მაღალი და მსუქანი იყო, მეორე შედარებით გამხდარი. მან სასწრაფო დახმარების გამოძახება შესთავაზა მათ, თუმცა უარი უთხრეს და გაიქცნენ. მას სისხლი და დანა არ დაუნახავს. შემდეგ ძირს დაგდებულთან მივიდა, რომელსაც მეგობარი ეხმარებოდა წამოდგომაში. მან იკითხა დაჭრილი იყო თუ არა, რაზეც ერთ-ერთმა უპასუხა, რომ არ იცოდა. იგი დაეხმარა წამოყენებასა და მეტრომდე მისვლაში. გზაში, როდესაც ბიჭი გონზე მოვიდა, თავის მეგობარს ჰკითხა, რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ ჩხუბისას მას თავში ჩაარტყეს, თვითონ კი ისინი დაჭრა. მოწმე ჩაეკითხა, - ,,შენ დაჭერიო?“, რაზეც მან უპასუხა, ,,ვერ ხედავ, კაცს თავი გაუხლიჩესო?!“ მოწმემ მას ჰკითხა, როგორ მიემართა მისთვის, რაზეც უპასუხა, რომ ე---–- ერქვა. მეტროსკენ რომ მიდიოდნენ, გზაში ისინი პოლიციელებმა გააჩერეს და ჰკითხეს, მათ ხომ არ მოუვიდათ ჩხუბი, რაზეც უთხრეს, რომ მათ ჩხუბი არ მოსვლიათ. დაბნევის გამო მოატყუეს პოლიცია. ამის შემდეგ ჩხუბის მონაწილეები წავიდნენ გაურკვეველი მიმართულებით, ხოლო თვითონ წავიდა ,,დელისზე“. ორი დღის შემდეგ, მან გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ე---–----–-----ი.

 

3.8. მოწმე გ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ყ---–----------–------–--------–---------------–------ი საავადმყოფოს ქირურგი. მოცემულ საქმეზე მას ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულებთან, როგორც პაციენტებთან. როგორც ახსოვს, ერთ დაზარალებულს აღენიშნებოდა იღლიის არტერიის დაზიანება, ხოლო მეორეს - მხრის არტერიისა და ნერვების დაზიანება. მან დაზარალებულებს გაუწია ქირურგიული დახმარება. სამედიცინო დოკუმენტაცია მის მიერ არის შედგენილი. მათი ჭრილობები იყო ბასრად გაჭრილი, კერძოდ, ჭრილობის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, სტრუქტურები და ასევე არხი იყო. მას არ უსაუბრია დაზარალებულებთან.

 

3.9. მოწმეებმა გ-------------მ, თ-----------–-–---–მა, გ----------------–---–მა, დ--------------–---–მა, ა-–-----------------–---–მა, ლ-----------–---–მა, ე-----------------–-–---–მა, ნ------------–-–---–მა, ლ--------–----ამ, გ-----------–--------–---–მა, თ-----------–---–მა, ლ-------–--–---–მა, კ----------------მ და გ--------------მ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

3.10. 2019 წლის 22 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ შ-----------------------–----------–------–--------–------------------------- კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №--- და ,,ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“-ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. ბ------------–---–ი 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 2 თებერვლის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: მარცხენა იღლიის ნაკვეთი ჭრილობა იღლიის არტერიის, ნერვების და კუნთების დაზიანებით. დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ჭრილობის მორფოლოგიური სურათის ურთიერთსაწინააღმდეგო აღწერილობის გამო დაზიანების მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია (ტომი II, ს.ფ. 62-64).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი კ--------------–-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.11. 2019 წლის 13 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ა-------------–----------–------–--------–----------------------------–-----“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №----ის და ,,ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“-ის ქსეროასლების ჩანაწერებს მიხედვით მოქ. ნ----------------–---–ი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2019 წლის 25-იანვრიდან 1 თებერვლის პერიოდში, დიაგნოზით: მარცხენა მხრის ნაკვეთი ჭრილობა მრავლობითი სისხლძარღვების, ნერვებიის და კუნთების დაზიანებით, მუცლის სწორი კუნთის ნაკვეთი ჭრილობა, დაჭიმული ჰემატომა მარცხენა ეპიგასტრალური არტერიის დაზიანებით, მარცხენა თეძოს, ზურგის და პარავერტებრული მიდამოს ნაკვეთი ჭრილობები. მარცხენა მხრის მიდამოში არსებული ჭრილობა-მხრის არტერიის, სხივის ნერვის და კუნთების დაზიანებით მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს, მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერების გამო. დანარჩენი ჭრილობები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტომი III, ს.ფ. 154-157).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.12. 2019 წლის 26 აგვისტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ე---–----–-----ის ტანსაცმელზე დაზარალებულების ბ------------–---–ისა და ნ----------------–---–ის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა (იხ.№--------- დასკვნა).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-------------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.13. 2019 წლის 26 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ე---–----–-----მა გამოძიებას მიუთითა კ--------------- №69-თან, სადაც მას და მის მეგობარ ლ----------–---–ს ჩხუბი მოუვიდა მისთვის უცნობ ორ ახალგაზრდა მამაკაცთან, რომლებსაც დანით მიაყენა დაზიანებები. მანვე მიუთითა ის სკვერი, სადაც შემთხვევის შემდეგ გადააგდო აღნიშნული დანა (ტომი I, ს.ფ 119-124).

 

3.14. 2019 წლის 27 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ლ-–--–----ემ ამოიცნო ე---–----–-----ი, რომელიც მისივე განმარტებით, ნახა 2019 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში, მ. კ-----------------------თან და მიეხმარა მეგობრის მიყვანაში მეტროსადგურ ,,პ---–------------თან“ (ტომი I, ს.ფ. 145-149).

 

3.15. 2019 წლის 27 იანვრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ც-–---------–-----მა ამოიცნო ე---–----–-----ი, რომელიც მან ნახა 2019 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში, მ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და იგი იყო კონფლიქტის მონაწილე, რომელმაც მას სთხოვა, რომ არ გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება, რადგან მათ მოჰყვებოდა პოლიცია და ვერ დაელოდებოდა (ტომი I, ს.ფ. 155-159).

 

3.16. ბრალდებულმა ე---–----–-----მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.17. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ე---–----–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ე---–----–-----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. კერძოდ:

 

3.19. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ე---–----–-----ის მიერ სხეულის მძიმე დაზიანების განხორციელების ფაქტზე. მართალია, დაზარალებული ნ----------------–---–ი და მოწმეები ვ-------------------ე, ც-–---------–-----ი, თ-------–---–----ე და ლ-–--–----ე ადასტურებენ 2019 წლის 25 აპრილის კონფლიქტის ფაქტს, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ მიუთითებს, რომ დაზარალებულები ე---–----–-----მა დაჭრა. კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე ლ----------–---–ი, რომელმაც კონფლიქტისას ტვინის შერყევა მიიღო, კონფლიქტსაც ვერ იხსენებს და მითუმეტეს, ვერ ადასტურებს დაზარალებულთა დაჭრის შემთხვევას.

 

3.20. რაც შეეხება დაზარალებულ ბ------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ეს ოქმი ვერ იქნება განხილული პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან მართალია დაზარალებული აფიქსირებს, რომ ფიზიკური კონფლიქტისას ის და ნ----------------–---–ი კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ დაჭრა, თუმცა არ ადასტურებს, რომ აღნიშნული პირი ნამდვილად ე---–----–-----ი იყო. ამდენად, შინაარსობრივად, აღნიშნული ოქმი არის ნაკლოვანი და კატეგორიულობას მოკლებული. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტში ოთხი პირი მონაწილეობდა, ხოლო გამოძიების ეტაპზე ბ------------–---–ს არ ამოუცვნია ბრალდებული, რის გამოც არ არის გამორიცხული ეჭვი, რომ დაზარალებულები შესაძლოა სხვა პირს დაეჭრა. გარდა ამისა, დაზარალებული ბ------------–---–ი სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულა ზეპირი ფორმით, მხარეთა მიერ პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის გზით, რის გამოც აღნიშნული ჩვენება (გამოძიების ეტაპზე შედგენილი გამოკითხვის ოქმი) საფუძვლად ვერ დაედება ე---–----–-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. რაც უფრო მნიშვნელოვანია მოწმის ჩვენება პირის მსჯავრდებისათვის, მით უფრო აუცილებელია მისი გამოკვლევა მხარეთა შორის შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და ზეპირობის პრინციპების საფუძველზე.

 

3.21. ც-–---------–-----ისა და ლ-–--–----ის მიერ ბრალდებულ ე---–----–-----ის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს სასამართლო ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებებად ვერ შეაფასებს, რადგან ხსენებულმა მოწმეებმა ე---–----–-----ი ამოიცნეს არა როგორც რაიმე დანაშაულის სუბიექტი, არამედ ლ-–--–----ის შემთხვევაში, - იგი ე---–----–-----ს მიეხმარა მეგობრის მიყვანაში მეტროსადგურ ,,პ---–------------თან“, ხოლო ც-–---------–-----ის შემთხვევაში, - ე---–----–-----მა, როგორც კონფლიქტის მონაწილემ, მას სთხოვა, რომ არ გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება, რადგან მათ მოჰყვებოდა პოლიცია.

 

3.22. ქირურგ გ--------------ის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება დაზარალებულთა სხეულის დაზიანებათა ფაქტი და სიმძიმე, თუმცა როგორც აღინიშნა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირშია ბრალდებულის ქმედებასთან.

 

3.24. ასევე აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე---–----–-----ის ტანსაცმელზე ბ------------–---–ისა და ნ----------------–---–ის გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა.

 

3.23. ამდენად, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არასაკმარისია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის - (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ჩადენაში ე---–----–-----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ე---–----–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალიწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ე---–----–-----ის მიერ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განხორციელების ფაქტზე.

 

4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ე---–----–-----მა ჩაიდინა ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

 

4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ე---–----–-----ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.10. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.11. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.12. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ე---–----–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე---–----–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ე---–----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ე---–----–-----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

1) ბ------------–---–ის და ნ----------------–---–ის ტანსაცმელი და პირადი ნივთები, ლ----------–---–ისგან ამოღებული ქურთუკი, ე---–----–-----ის ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმელი და ქუდი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

2) ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ცხრა ცალი მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები სტერილურ-ბიოლოგიურ ჩხირებზე და საკონტროლო ანაწმენდები, ე---–----–-----ის ხელის კვლების და ნერწყვის ნიმუშები, ნ----------------–---–ისა და ბ------------–---–ის სისხლის ნიმუშები, ლ----------–---–ის სისხლის ნიმუში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

3) ფოტომასალები 3 ცალ დისკად, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე