გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
080210619003068884
კატეგორია
დავის ტიპი
ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210619003068884

#2/1603-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.2019 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

განმცხადებელი - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი- თ----------------ე;

მოთხოვნის არსი - ქონების უპატრონოდ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უპატრონოდ იქნეს ცნობილი და სახელმწიფოს გადაეცეს საკუთრებაში შემდეგი ქონება: უაქციზო საქონელი 79 კოლოფი თამბაქო „ARMADA” და 7 კოლოფი თამბაქო “M1”..

 

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლების მერ 2018 წლის 11 მაისს ქ. ზუგდიდში, რ---------–-----------ში (ბაზრის ტერიტორია) აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონელი 79 კოლოფი თამბაქო „ARMADA” და 7 კოლოფი თამბაქო “M1”, როგორც გაირკვა აღნიშნული საქონელი იყო მიტოვებული, რადგან მეპატრონე არ გამოუჩნდა. იქედან გამომდინარე, რომ ვერ მოხერხდა ზემოთხსენებული თამბაქოს პროდუქციის მესაკუთრის განსაზღვრა, ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შემდგომში სახდელის დაკისრება. შესაბამისად ვერ მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნის სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190.2. მუხლის თანახმად, მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს. სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ„ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონება არის, მათ შორის- სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო ქონება.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის #125 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის და პირობების მესამე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა„ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებაა- საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ საქართველოს კანონით სახელმწოფო საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გდაცემული) ქონება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაბრუნებული ქონება.

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხსენებულ ფაქტზე შედგენილ იქნა საქონლის ამოღების ოქმი, ხოლო უაქციზო თამბაქოს საქონელი დროებით განთავსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–---------).

2. ფაქტობრივი გარემოებები

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1.1. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლების მერ 2018 წლის 11 მაისს ქ. ზუგდიდში, რ---------–-----------ში (ბაზრის ტერიტორია) აღმოჩენილ იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო საქონელი 79 კოლოფი თამბაქო „ARMADA” და 7 კოლოფი თამბაქო “M1”, საქონელი იყო მიტოვებული.

აღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა საქონლის ამოღების ოქმი, ხოლო უაქციზო თამბაქოს საქონელი დროებით განთავსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–---------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქონლის ამოღების ოქმი;

-განმცხადებლის განმარტება;

2.1.2 განმცხადებელმა წარმოადგინა ქონების ჩამონათვალი, რომელიც ცნობილი უნდა იქნეს უპატრონოდ მათი განმასხვავებელი ნიშნებისა და მტკიცებულებების მითითებით, რომლითაც დგინდება მესაკუთრეთა მხრიდან ამ ქონების მიტოვების ფაქტი:

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ გაანალიზა დადგენილი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ შემოსავლების სამსახურის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე, 341-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 339-ე მუხლის თანახმად, ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას, რომელიც უნდა შეიცავდეს: იმ სასამართლოს დასახელებას, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ქონების უპატრონოდ გამოცხადების შესახებ; განმცხადებლის ვინაობას; იმ ქონების აღწერას, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს; მოთხოვნას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ქონებაზე, რომელიც უპატრონოდ უნდა გამოცხადდეს, რათა მათ განაცხადონ სასამართლოში თავიანთი უფლებების შესახებ 3 თვის განმავლობაში დღიდან პუბლიკაციისა.

 

5.2. სასამართლომ 2019 წლის 02 ივლისს მიიღო განჩინება ინფორმაციის გაზეთში გამოქვეყნების შესახებ. აღნიშნული განჩინების თანახმად, გაზეთ 'ახალი თაობა'-ს 2019 წლის 01 აგვისტოს №180 (8134) ნომერში გამოქვეყნდა პუბლიკაცია ქონების შესახებ და დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ პრეტენზიის არსებობისას თავიანთი უფლებების შესახებ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის განმავლობაში უნდა განეცხადებინათ ქუთასის საქალაქო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, კ-------------------).;

 

5.3. მითითებულ ვადაში ქონებაზე პრეტენზია არავის განუცხადებია;

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 190-ე მუხლის თანახმად, თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს;

 

5.5. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ქონება თავდაპირველი მესაკუთრის მიერ მიტოვებულია საკუთრების უფლების შენარჩუნების განზრახვის გარეშე და დღესდღეობით მის მოვლას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

5.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო ცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას;

 

5.7. სასამართლო საქმეზე შეკრებილ ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და განმცხადებლის მიერ ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განცხადებაში მითითებულ ქონებათა მფლობელობას ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

5.8. ამდენად სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, განმცხადებელი სს შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 249-ე, 257-ე, 310-ე, 311-ე, 337-341-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. ცნობილი იქნეს უპატრონო ქონებად და საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფოს უაქციზო საქონელი 79 კოლოფი თამბაქო „ARMADA” და 7 კოლოფი თამბაქო “M1”.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე