განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003170548
განაჩენი
საქართველოსსახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე№1/302-19 16 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031210819005)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სალომე ქემაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მურმან ხვიბლიანი
ბრალდებული: ი-------– გ----------ი
მამის სახელი: ა----–---
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.მა-------–ი, სოფელი კირაჩ-მუღანლო
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე მა-------–ის რაიონის სოფელ კ---------------–--ში მდებარე, ა----–--- გ----------ის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-------– გ----------მა, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, მ--–---- ტ------ოვას, მოსთხოვა სახლიდან წასვლა, მათი საერთო შვილების თან წაყვანით გაღიზიანებულმა კი, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, მ------ გ----------ას თანდასწრებით, ჯერ გაშლილი ხელის თვის არეში ორჯერ დარტყმის, მარცხენა მკლავზე ძლიერად ხელის მოკიდების და ხელის კვრის გზით, ფიზიკურად იძალადა მ--–---- ტ------ოვაზე, ხოლო შემდეგ, საძინებელ ოთახში არსებულ ხის კარის ფრთას ჰკრა ხელი, რომელიც განზრახ მოარტყა სახის არეში კარებთან მდგომ მ------ გ----------ას. ი-------– გ----------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ--–---- ტ------ოვამ და მ------ გ----------ამ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
2018 წლის 18 იანვრის დაბადების მოწმობიდან ირკვევა რომ მ------ გ----------ა დაბადებულია: 2011 წლის 25 ივნისს. მშობლების გრაფაში დედა მითითებულია: მ--–---- ტ------ოვა, ხოლო გრაფაში მამა ი-------– გ----------ი. შესაბამისად, დგინდება რომ მ------ გ----------ა არის 18 წელს მიუღწეველი პირი.
საქმის მასალებით დადგენილია რომ ი-------– გ----------ი დაზარალებულ მ--–---- ტახმზოვასთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო მ------ გ----------ა არის მათი არასრულწლოვანი შვილი და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექპერტიზის N006713919 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით მ--–---- ტ------ოვას 22.08.19 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ და მარცხენა მხარის მიდამოში, ნაჭდევი გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულბით არ ეწინააღემდეგბა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექპერტიზის N006713519 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით მ------ გ----------ას 22.08. 19 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალ-ბუდის და მარცხენა ყვრიმალის მიდამოებში, რომლებიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების მ--–---- ტ------ოვას და მ------ გ----------ას გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ა---------------ს გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 21 აგვისტოს ოქმით დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 22 აგვისტოს ოქმით დათვალიერების შესახებ, შემაკავებელი ორდერის N019983 ოქმით, დგინდება რომ ი-------– გ----------მა მეუღლის მ--–---- ტ------ოვას მიმართ განახორციელა ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ასევე ი-------– გ----------მა განახორციელა ძალადობა არასრულწლოვანი შვილის მიმართ.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი-------– გ----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი-------– გ----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი-------– გ----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულების მ--–---- ტ------ოვას და მ------ გ----------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ა---------------ს გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 21 აგვისტოს ოქმი დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 22 აგვისტოს ოქმი დათვალიერების შესახებ, შემაკავებელი ორდერის N019983 ოქმი, სამედიცინო ექპერტიზის N006713519 და N006713919 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი-------– გ----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი-------– გ----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი-------– გ----------მა მ--–---- ტ------ოვას და მ------ გ----------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ი-------– გ----------ი შერიგებულია დაზარალებულებთან. იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ჩადენილი ქმედების ხასიათს, კერძოდ ქმედების არასისტემატიურ ხასიათს. იგი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ი-------– გ----------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი-------– გ----------ს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი-------– გ----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ი-------– გ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ი-------– გ----------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 22 აგვისტოდან 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი-------– გ----------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე